გოგარენე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

გოგარენე (ლათ. Gogarene) სომხურად გუგარქი (სომხ. Գուգարք) — ისტორიული ქვემო ქართლის ბერძნული სახელწოდება. პირველად მოხსენიებული აქვს სტრაბონს როგორც იბერიის პროვინცია, რომელიც ძვ. წ. II საუკუნეში დიდი სომხეთის სამეფომ შეიერთა. სახელწოდება უნდა მოდიოდეს ქართველური ტომის — გუგარებისაგან. გოგარენეს, როგორც ადგილს კოლხებისა და აღმოსავლეთის იბერების შუაში, იხსენიებს სტეფანე ბიზანტიელი.[1] ძვ. წ. I საუკუნეში აქ შეიქმნა ქართლის საპიტიახშო. I–II საუკუნეებში გოგარენე იბერიის შემადგენლობაში იყო, მოგვიანებით ისევ სომხეთმა შეიერთა. საბოლოოდ კი IV საუკუნის II ნახევარში იბერიამ დაიბრუნა.

ტერიტორიულად გოგარენეს მოიცავდა მდინარეების ალგეთის, ქციისა და დებედის აუზებს. თუმცა ქართლის საპიტიახშოს ტერიტორია სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოცულობისა იყო. სომხური გეოგრაფიული თხზულების „აშხარჰაცუიცის“ (VII ს.) ცნობების მიხედვით, რომლებიც გაცილებით უფრო ძველ ვითარებას ასახავენ, გუგარქის საპიტიახშო მთლიანად მოიცავდა იბერიის სამეფოს სამხრეთ პროვინციებს კლარჯეთიდან ხუნანამდე. გოგარენე-გუგარქის ტერიტორია გაფართოების ამსახველ ფაქტად მიაჩნიათ ქართული ტოპონიმი გუჯარეთი. ძველი ქართული ადმინისტრაციული დანაწილებით საკუთრივ გოგარენე-გუგარქის გეოგრაფიული რეგიონი ემთხვეოდა სამშვილდის საერისთავოს ტერიტორიას.

გოგარენე სომხეთის და იბერიის მოსაზღვრე რეგიონი იყო და იქ კომპაქტურად დასახლებული სომხური თემი არსებობდა. გოგარენეს სომხური თემი შედიოდა ცურტავის საეპისკოპოსოში. მას სათავეში ედგა ეთნიკურად ქართველი ან სომეხი ეპისკოპოსი, რომელსაც ღვთისმსახურების აღსრულება შეეძლო ქართულ და სომხურ ენებზე. გოგარენეს სომხური თემი გაძლიერდა მას შემდეგ, რაც 451 წელს ირანის წინააღმდეგ აჯანყების დამარცხების შემდეგ მამიკონიანების საგვარეულოს წარმომადგენლები შეიფარა ქართლის პიტიახშმა არშუშამ. მამიკონიანთა და მათი ამალის აქ დასახლების შემდეგ წმინდა შუშანიკის საფლავზე აგებული სამარტვილე იქცა მრევლის გამაერთიანებელ ცენტრად. VII საუკუნეში კირონ I-მა ცურტავის საეპისკოპოსოში ღვთისმსახურების ერთადერთ ენად ქართული გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 196.
  • „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 202, ISBN 978-9941-0-0902-0.
  • ყაუხჩიშვილი თ., სტრაბონის გეოგრაფია. ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1957.
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორიის შესავალი, წგნ. 1 — საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემები, თბ., 1950;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ყაუხჩიშვილი, ს., ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. III, ტფილისი: ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1936. — გვ. 277.