ხონისა და სამტრედიის ეპარქია
ხონისა და სამტერდიის ეპარქია დასავლეთ საქართველოში ისტორიული იმერეთის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი მოიცავს ხონს, სამტრედიასა და მათ მიმდებარე ტერიტორიებს, მდინარეების რიონსა და ცხენისწყალს შორის მდებარე სივრცეს მოიცავს. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ქუთაის-გაენათისა და ვანი-ბაღდათის, დასავლეთიდან ჭყონდიდის, ჩრდილოეთიდან ცაგერისა და ლენტეხის, სამხრეთიდან შემოქმედის ეპარქიები.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმერეთის ცენტრალური საერისთავოსა და სამეფოს ერთ-ერთი სადროშოს შესაფერისი საეკლესიო აღიარებაც სჭირდებოდა. ხონის ეპარქიის ჩამოყალიბება XVI ს-ში იმერეთის რეფორმატორ მეფე ბაგრატ III-ს (1510-1565) უკავშირდება. ხონის ახლადჩამოყალიბებული ეპარქიის პირველი მღვდელმთავარი მანოელ ჩხეტიძე იყო, რომელიც 1529 წელს დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა მალაქიამ აკურთხა მღვდელმთავრად. სამეფო დომენში შემავალი ხონის ეპარქია თავიდანვე სამეფო ოჯახის განსაკუთრებული მზრუვნელობის ქვეშ იყო. ხონელი მღვდელმთავარი კი გავლენიან ეპისკოპოსად ითვლებოდა სამეფოში და მისი სამწყსო ტერიტორია თავიდანვე საკმაოდ განვრცობილი იყო. XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე ხონის მონასტერთან საკმაოდ დიდი სამრევლო სკოლა და ფიზიკური ნაკლის მქონე ბავშვებისათვის 100 ადგილიანი საავადმყოფო (სასაპყრე) არსებობდა, სადაც ეპარქიის ხარჯზე იზრდებოდნენ ბავშვები.
ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, დაწყებული ცნობილი იმერეთის აჯანყების დროს ხონელი მთავარეპისკოპოსი ანტონ ჩიჯავაძე მოვლენათა შუა გულში აღმოჩნდა. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ხონის ეპარქიაც გააუქმეს, მღვდელმთავარი კი ეპარქიის მმართველობიდან გადააყენეს. მიუხედავად მძლავრი ზეწოლისა XIX ს. ბოლო მესამედში იმერეთის ეპისკოპოსის წმინდა გაბრიელ ქიქოძის (1860-1896) მოღვაწოების დროს ხონის ეპარქიის ტერიტორიაზე მრავალი ეკლესია აღდგა და განახლდა, ამ მხარეში ბოლომდე შენარჩუნებულიყო ქრისტიანული ცხოვრება. 1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ხონის ეპარქიის ტერიტორია განახლებულ ქუთაის-გაენათის ეპარქიის შემადგენლობაში ითვლებოდა. წმინდა სინოდის 1995 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ქუთაის-გაენათის ეპარქიის სამწყსოს ტერიტორიის საფუძველზე კიდევ ორი სამღვდელმთავრო კათედრა ჩამოყალიბდა: ხონისა და ვანისა და ბაღდათის. ხონელი ეპისკოპოსის არჩევამდე ახლადდაარსებულ ეპარქიას შეთავსებით მართავდა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე. 1996 წლის ნოემბრიდან ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დადგენილი იქნა ეპისკოპოსი საბა გიგიბერია.