ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესია
ბერძნ. Πατριαρχεῖο Ἀλεξανδρείας καὶ πάσης Ἀφρικῆς

Greek Orthodox Patriarchate of Alexandria and All Africa.png
ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის გერბი

ინფორმაცია
დამაარსებელი

მარკოზ მახარებელი

ადგილი დიფტიქში

მე-2

წინამძღვარი

თეოდორე II

რეზიდენცია

ალექსანდრია, კაიროეგვიპტე

არეალი

აფრიკა

საეკლესიო ენა

ძველი ბერძნული, არაბული

მრევლი

1 600 000

ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესია (ბერძნ. Πατριαρχεῖο Ἀλεξανδρείας καὶ πάσης Ἀφρικῆς) – ავტოკეფალური, მართლმადიდებლური, სამოციქულო ეკლესია, უკავია მე–2 ადგილი მართლმადიდებელი ეკლესიის დიფტიქში. დაარსებულია მოციქულების მიერ.

უკანასკნელ პერიოდში ალექსანდრიის საპატრიარქო ატარებს ინტენსიურ მისიონერულ მოღვაწეობას. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ვიქტორიის ტბის სანაპიროზე – კენიაში, ტანზანიაში და უგანდაში. მაგალითად უგანდის 20 მლნ. მოსახლეობიდან 1,5 მლნ მართლმადიდებელია. კენიაში, კონგოში და კამერუნში ეს ციფრი 1 მილიონს აღწევს. ტანზანიაში და სარ–ში – 40 000, მადაგასკარში – 15 000, განაში – 10 000, ბენინში – 2 000 და სხვა. ამჟამად აფრიკის კონტინენტზე არის 6 მლნ მართლმადიდებელი ქრისტიანი და მათი რიცხვი სწრაფად იზრდება.

აფრიკელი მართლმადიდებლები აქტიურად მონაწილეობენ საეკლესიო ცხოვრებაში, ცდილობენ აწარმოონ ჰუმანიტარული სამუშაოები, მიუხედავად მატერიალური სიდუხჭირისა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრიის ეკლესია I–VI სს–ში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადმოცემის მიხედვით ალექსანდრიის ეკლესია დაარსებულია მახარებელ მარკოზის (გ. 63 წელს) მიერ ალექსანდრიაში (ელინისტური ეგვიპტე). კონსტანტინოპოლის აღზევებამდე ალექსანდრია იყო მთავარი ქრისტიანული ცენტრი აღმოსავლეთში, მისი ეპისკოპოსები ატარებდნენ (და დღესაც ატარებენ) "პაპის" ტიტულს (ალექსანდრიის პატრიარქის სრული წოდებაა: სრულიად აფრიკისა და დიდისა ქალაქის ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი).

VVI საუკუნეების მიჯნაზე ეკლესია ძალზედ დაასუსტა მონოფიზიტურმა ერესმა. ზოგიერთი ისტორიკოსის შეფასებით VII საუკუნის დასაწყისისათვის 6 მილიონიანი ეგვიპტის მოსახლეობიდან მართლმადიდებელი იყო მხოლოდ 300 000, დანარჩენები კი მისდევდნენ მონოფიზიტობას.

630 წელს ალექსანდრიის პატრიარქის ტახტზე ავიდა ფაზისის (თანამედროვე ფოთი)ყოფილი ეპისკოპოსი კირი (630-642). მან მიიღო დოქტრინა, რომელმაც საფუძველი დაუდო მონოფელიტობას (633 წლის 3 ივნისი). მონოფელიტობის წინააღმდეგ გამოვიდნენ სოფრონ იერუსალიმელი (მომავალი იუერუსალიმის პატრიარქი) და მაქსიმე აღმსარებელი.

არაბთა ბატონობა და ჯვაროსნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VII საუკუნეში არაბთა თავდასხმებთან დაკავშირებით ალექსანდრიის ეკლესია საბოლოოდ დაეცა, რასაც შემდეგში ხელი შეუწყო ოსმალეთის იმპერიის შექმნამ.

642 წლის სექტემბერში ალყაშემორტყმულ ალექსანდრიაში მყოფი ბიზანტიელები დანებდნენ არაბებს. ქრისტიანებმა დაპყრობილ ეგვიპტეში შეინარჩუნეს სარწმუნოების თავისუფლება. პატრიარქ კირის მემკვიდრემ პატრიარქმა პეტრემ, ასევე მონოფელიტმა, დატოვა ეგვიპტე ბიზანტიის ჯარებთან ერთად და გარდაიცვალა კონსტანტინოპოლში 654 წელს. მის შემდეგ, მთელი 70 წლის განმავლობაში, ალექსანდრიის პატრიარქის ტახტზე არავინ აღარ ასულა.

ხალიფა ჰიშამის დროს საკმაოდ კეთილგანწყობილად ეპყრობოდნენ არამუსლიმანებს, ეგვიპტის მართლმადიდებლებს ნება ეძლეოდათ აღედგინათ ალექსანდრიის პატრიარქის თანამდებობა. ახლადარჩეულმა პატრიარქმა კოსმამ, მიუხედავად იმისა, რომ გაუწაფავი იყო პოლიტიკაში, შეძლო მართლმადიდებლებისათვის დაებრუნებინა მრავალი ეკლესია, რომელიც მიტაცებული ჰქონდათ მონოფიზიტებს ბიზანტიელების წასვლის შემდეგ.

ხალიფა ალ-მუთავაქილის (847–861 წწ.) დროს ქრისტიანებს მოუხდათ გადაეტანათ მძიმე დევნა. მუსლიმებმა დაანგრიეს ეკლესიები და აკრძალეს ღვთისმსახურება. IX-X საუკუნეების მიჯნაზე ხალიფატი დაეცა, ეგვიპტე სხვა პროვინციებთან ერთად გამოვიდა ხალიფის დაქვემდებარებიდან და გადაიქცა დამოუკიდებელ სახელმწოფოდ.

969 წელს ეგვიპტე, პალესტინასთან და სამხრეთ სირიასთან ერთად დაიპყრეს ფატიმიდების შიიტურმა დინასტიამ. პირველმა ფატიმიდებმა გამოამჟღავნეს იშვიათი რჯულთშემწყნარებლობა, მაგრამ უკვე 1003 წელს ხალიფა ალ-ჰაკიმ დაიწყო ქრისტიანების სასტიკი დევნა. მისი მმართველობის ყოველი წელი აღინიშნებოდა ეკლესიების მასიური ნგრევით და საფლავების წაბილწვით. 1008 წელს ხალიფამ აკრძალა ქრისტიანებს ეზეიმათ შობა და ნათლისღება. ეგვიპტელი ქრისტიანების უმრავლესობამ მიიღო ისლამი, თუმცა ბევრი ამას აკეთებდა მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით.

შემდეგმა ხალიფამ ალ-ზაქირმა (1021–1035 წწ.) მოხსნა ყველა შეზღუდვა, რომელიც არამუსლიმებს ჰქონდათ დადებული. მართლმადიდებლებმა მიიღეს უფლება აერჩიათ ახალი პატრიარქი. ეგვიპტიდან გაქცეული ქრისტიანები უკან ბრუნდებოდნენ, აღადგინეს დანგრეული ტაძრები, ზარ–ზეიმით აღნიშნავდნენ ქრისტიანულ დღესასწაულებს, ისლამმიღებული ქრისტიანები ყოველგვარი დასჯის გარეშე უბრუნდებოდნენ ძირძველ რელიგიას.

ახლო აღმოსავლეთში ჯვაროსნების გამოჩენასთან ერთად ეგვიპტე ორი საუკუნით აღმოჩნდა ბრძოლის წინა ხაზი მუსულმანურ და კათოლიკურ ცივილიზაციებს შორის. ჯვაროსნებმა რამდენიმეჯერ სცადეს დაეპყროთ ეგვიპტე. მათ გააუარესეს ეგვიპტელი ქრისტიანების მდგომარეობა. მართლმადიდებლებს ებრძოდნენ არაბები და მათ „უსჯულოებს“ უწოდებდნენ ასევე ებრძოდნენ ჯვაროსნებიც, რომლებიც მართლმადიდებლებს „ერეტიკოსებს“ უწოდებდნენ. დამიეტის აღების შემდეგ, სადაც მდებარეობდა მართლმადიდებელი მიტროპოლიტის კათედრა, რომის პაპის ლეგატმა დააფუძნა კათოლიკური კათედრა და იგი მიაკუთვნა იერუსალიმის ლათინელ პატრიარქს.

1250 წელს ეგვიპტეში ხელისუფლება ხელთ იგდეს მამლუქებმა, რომელთა პოლიტიკაც ასევე გამოირჩეოდა რელიგიური შეუწყნარებლობით.

თურქების ბატონობის ერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1517 წელს ეგვიპტე ოსმალეთის იმპერიის ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილი გახდა. მათი მმართველობის პერიოდში ოდნავ გაუმჯობესდა მამლუქების მიერ შევიწროვებული ქრისტიანების მდგომარეობა. ამ პერიოდში საკმაოდ მცირე იყო მრევლის რაოდენობა, სამღვდელოება კი წერა–კითხვის უცოდინარი. ალექსანდრიის ეკლესიას ჰქონდა ერთი ტაძარი (წმინდა საბას მონასტერი) ალექსანდრიაში, ერთი რაქიტიაში , ერთი დამიეტში და ოთხი კაიროში, სადაც განთავსებული იყო პატრიარქის რეზიდენცია. 1657 წელს ეგვიპტე მოინახულა რუსმა ბერმა არსენი სუხანოვმა, მისი მონაცემებით კაიროში ამ დროისათვის ცხოვრობდა 600 მართლმადიდებელი არაბი და ბერძენი.

ალექსანდრიის ეკლესია მუდმივად იმყოფებოდა მძიმე ფინანსურ მდგონმარეობაში და არსებობდა მხოლოდ სხვა აღმოსავლური პატრიარქების მხარდაჭერით და მართლმადიდებელი ქვეყნების დახმარებით. ალექსანდრიის ბევრი პატრიარქი თითქმის თავისი მმართველობის დიდ ნაწილს ატარებდა ეგვიპტის საზღვრებს გარეთ და მონაწილეობდნენ კონსტანტინოპოლის ეკლესიის საქმეებში ან აგროვებდნენ სამოწყალოს თავისი ტახტის შესანაჩუნებლად. 1517–1846წწ. ალექსანდრიის პატრიარქებს ჰქონდათ თავისი რეზიდენცია ფანარაში (სტამბოლი).

XIX საუკუნის დასაწყისში ალექსანდრიის საპატრიარქოს ტახტს იკავებს პართენ I პანკოსტასი (1788–1804 წწ.), რომელიც წარმოშობით კუნძულ პატმოსიდან იყო. მას მძიმე პერიოდში მოუხდა პატრიარქობა. ეგვიპტეს ნაპოლეონის ჯარები შეესია. თავის დაცვის მიზნით პართენ I იძულებული გახდა 1804 წელს გაქცეულიყო კუნძულ როდოსზე, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1805 წელს.

ალბანელმა სამხედრო მეთაურმა მუჰამედ ალი-ფაშამ 1805 წელს აღადგინა წესრიგი ქვეყანაში და 1849 წლამდე იყო ეგვიპტია ვიცე–მეფე (ხედივი). იგი მფარველობდა ქრისტიანულ თემებს, რის გამოც ოსმალეთის სამეფოდან ეგვიპტეში გაემართა უამრავი ბერძენი, რომლებიც ყიდულობდნენ მიწის ნაკვეთებს, აშენებდნენ საავადმყოფოებს, საქველმოქმედო დაწესებულებებს და სკოლებს. 1821 წელს ბერძნების აჯანყების შემდეგ ოსმალეთის იმპერიაში დაიწყეს დარბევა ქრისტიანებისა. მუჰამედ ალი–ფაშამ შემოარტყა ალყა ქრისტიანულ კვარტლებს და არ დაუშვა შეტაკებები.

მუჰამედ ალის სუსტი მემკვიდრეების დროს XIX საუკუნის მეორე ნახევარში ეგვიპტემ სწრაფად დაკარგა ეკონომიკური დამოუკიდებლობა და ფორმალურად რჩებოდა თურქეთის ბატონობის ქვეშ და გახდა ევროპული ზესახელმწიფოების ნახევარკოლონია. ქვეყანაში ჩამოვიდა უამრავი უცხოელი, რამაც გამოიწვია ნაციონალისტური განწყობილების ზრდა, კულმინაცია კი გახდა არაბი-ფაშას აჯანყება 1882 წელს, რომლის დროსაც პატრიარქმა სოფრონ IV–მ (1870–1899) და მართლმადიდებელმა სამღვდელოებამ დატოვეს ეგვიპტე. ალექსანდრიაში და კაიროში დარჩა მხოლოდ ორი მღვდელი, რომელთა ხვედრიც ძალიან მძიმე იყო.

XX საუკუნის დასაწყისში ეგვიპტის მართლმადიდებელი თემი შეადგენდა 100 ათას ადამიანს (63 ათ. ბერძენი, დანარჩენი კი სირიული და ლიბანური წარმოშობის მართლმადიდებელი არაბები). სამღვდელოების რაოდენობა ნელ–ნელა იზრდებოდა. ამ პერიოდისათვის პატრიარქის ხელისუფლების ქვეშ იყო ორი მიტროპოლიტი და 50 კლერიკი. მართლმადიდებელი მოსახლეობის ზრდასთან ერთად შენდებოდა ახალი ტაძრებიც.

ალექსანდრიის ეკლესია XX საუკუნეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატრიარქ სოფრონ IV-ის მემკვიდრე გახდა ფოტი პეროგლუ (1900–1925). მის დროს ალექსანდრიის ეკლესია მოიცავდა შვიდ ეპარქიას კაიროსა და ალექსანდრიის გარდა.

1926–1935 წწ. ეკლესიას მართავდა მელეთი II მეტაკსაკისი, ათენის ყოფილი არქიეპისკოპოსი და კონსტანტინოპოლის ყოფილი პატრიარქი (იქ ეწოდებოდა მელეთი IV). ეგვიპტეში მისი ჩასვლის დროს იყო 8 ტაძარი, 40 მღვდელი და 2 მონასტერი. პატრიარქმა მელეთიმ გააჩაღა აქტიური მოქმედება აფრიკაში მართლმადიდებლობის განვითარებისათვის. მან დააარსა კათედრები იოჰანესბურგში, ბენგაზიში, ტრიპოლიში, ტუნისში, სუდანსადა ეთიოპიაში. მანვე დააარსა წმინდა ათანასეს სასულიერო სასწავლებელი, რომელიც შემდეგ სემინარიად გადაკეთდა.

ლეონდოპოლის მიტროპოლიტი ქრისტოფერ II (1939-1967) პატრიარქის ტახტზე აირჩიეს 1939 წლის 21 ივლისს. მისი პატრიარქობიოს დროს,მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა ბერძნული მრევლის შემცირება ეგვიპტეში, რომელიც მანამდე იყო პატრიარქატის დასაყრდენი აფრიკაში. მიუხედავად ამისა პატრიარქი აგრძელებდა ენერგიულ მუშაობას ეკლესიის კეთილდღეობისათვის და თავს ართმევდა წარმოქმნილ სიძნელეებს. მან შეძლო აღმოეფხვრარეპრესიები და განხეთქილებები ქრისტიანულ თემებს შორის. პატრიარქმა ქრისტეფორე II-მ დაუდო საფუძველი მისიონერულ მოღვაწეობას აფრიკის კონტინენტზე. მისი პირველი ნაბიჯები ამ გზაზე იყო მღვდლობის დაწესება ახლადდაფუძნებულ აკრისა და დარ-ეს-სალამის ეპარქიებში. ძირითადი ბირთვი მისიონერული მოღვაწეობისა გახდა კენია, სადაც შეიქმნა მუდმივად მოქმედი მისიონერული ცენტრი და აკურთხეს მრავალი ახლადაშენებული ტაძარი. პატრიარქის დახმარებით ადგილობრივი მაცხოვრებლების შვილები იგზავნებოდნენ ალექსანდრიის ბერძნულ სკოლებში სასწავლებლად.

1952 წელს მაუ-მაუს აჯანყების შედეგად ბრიტანეთის კოლონიალურმა ხელისუფლებამ კენიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აიკრძალა მართლმადიდებელი ეკლესია, ტაძრები და სკოლები დახურეს (ნაირობის ტაძრის გარდა, რომელიც უშუალოდ ბერძნებს ეკუთვნოდათ).

პატრიარქ ნიკოლოზ VI–ის (1968–1986) დროს, 1982 წელს ნაირობში გაიხსნა სასულიერო სემინარია, სადაც სწავლობდნენ მომავალი მართლმადიდებელი მღვდლები აფრიკის მრავალი ქვეყნიდან.

ამ დროისათვის ალექსანდრიის ეკლესია ითვლის სულ 500 ათას მორწმუნეს,რომლებიც გაერთიანებულნი არიან 5 ეგვიპტურ და 16აფრიკულ ეპარქიაში, დაახლოებით 300 სამრევლომღვდელს. ღვთისმსახურება ხდება ძველ ბერძნულ და არაბულ ენებზე. აფრიკულ ეპარქიებში მიმდინარეობს სამუშაოები ღვთისმსახურების სატარგმნად ადგილობრივ ენებზე.

1987–1996 წწ. ეკლესიას მართავდა პართენ III, 1996-2004 წწ. ეკლესიის მეთაურია პეტრე III, ხოლო 2004 წლის ოქტომბრიდან ეკლესიას მართავს 116-ე პატრიარქი თეოდორე II.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: