ამბროსი (ქათამაძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამბროსი (ქათამაძე) (დ. 22 ივლისი, 1942, ტყიბულის რაიონი, მენჭიორი) — საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი 1979 წლის 13 აგვისტოდან 1992 წლის 12 მაისამდე. მას წმიდა სინოდის განჩინებით ჩამორთმეული აქვს ბერობის ხარისხი და დაყვანილია ერისკაცობამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერისკაცობაში ალექსანდრე ტრიფონის ძე ქათამაძე დაბადა 1942 წლის 22 ივლისს ტყიბულის რაიონ სოფელ მენჭიორში. ქუთაისში დაამთავრა საშუალო სკოლა და მსახურობდა საბჭოთა არმიაში. დაამთავრა ჯერ მცხეთის სასულიერო სემინარია, ხოლო 1969 წელს მოსკოვის სასულიერო სემინარია. 1971 წელს ურბნელმა მიტროპოლიტმა დავითმა (დევდარიანი) აკურთხა მთავარდიაკვნად, 1973 წელს კი ქუთათელ-გაენათელმა და ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა რომანოზმა (პეტრიაშვილი) მღვდლად აკურთხა და მოწამეთას ეკლესიაში განამწესა. 1977-1980 წლებში სწავლობდა მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში. 1979 წლის 10 აგვისტოს აღიკვეცა ბერად და ეწოდა ამბროსი, 11 აგვისტოს აიყვანეს არქიმანდრიტის ხარისხში, ხოლო 13 აგვისტოს ეპისკოპოსის ხარისხში და ჩააბარეს ნიკორწმინდის ეპარქია. 1980 წლიდან ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის მმართველია, ხოლო 1981-1992 წლებში კვლავ ნიკორწმინდის ეპარქიის მმართველია. 1991-1992 წლებში იგი აქტიურად უჭერდა მხარს ზვიად გამსახურდიას, 1992 წელს კი იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. 1994 წლის თებერვალში გროზნოში მან წესი აუგო საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას. მეუფე ამბროსი 1992-2005 წლებში მოსკოვში იმყოფებოდა და აირჩიეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაპირისპირებულ „ისტინის მართლმადიდებელი ეკლესიის“ თავმჯდომარედ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტად. 1992 წლის 12 მაისს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა გაათავისუფლა ნიკორწმინდის ეპარქიის მმართველობიდან, ხოლო 1998 წლის 8 ოქტომბრიდან წმიდა სინოდის განჩინებით ჩამორთმეული აქვს ბერობის ხარისხი და დაყვანილია ერისკაცობამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სერგო ვარდოსანიძე, ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები), გამომცემლობა „ნათლისმცემელი“, თბ., 2010, გვ. 272-274.