შინაარსზე გადასვლა

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ბულგ. Българска православна църква


სოფიას ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარი

ინფორმაცია
დამაარსებელი

ანდრია პირველწოდებული
ბორის I

ავტოკეფალია

919

ადგილი დიპტიქში

მე-8

წინამძღვარი

ნეოფიტე

რეზიდენცია

სოფია

არეალი

ბულგარეთი

საეკლესიო ენა

საეკლესიო სლავური
ბულგარული

მრევლი

7 000 000[1]

ოფიციალური საიტი

Bulgarian Orthodox Church

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია (ბულგ. Българска православна църква) – ავტოკეფალური, მართლმადიდებლური, სამოციქულო ეკლესია, უკავია მე-8 ადგილი მართლმადიდებელ ეკლესიათა დიფტიქში. დაარსებულია წმ. ანდრია მოციქულის მიერ. ხელმძღვანელობს პატრიარქი და წმინდა სინოდი. პატრიარქის სრული სახელწოდებაა უწმინდესი პატრიარქი ბულგარეთისა და მიტროპოლიტი სოფიისა.

ქრისტიანობის თანამედროვე ბულგარეთის ტერიტორიაზე გავრცელება ჯერ კიდევ I საუკუნეში დაიწყო. ბულგარეთის ეკლესიის თქმულების მიხედვით, ეპისკოპოსის კათედრა მდებარეობდა ქალაქ ოდესოში, სადაც ეპისკოპოსი იყო მოციქული ამპლი. ევსები კესარიელის ცნობით, II საუკუნეში ბულგარეთის მიწაზე არსებობდა ორი საეპისკოპოსო კათედრა — დებელტში და ანხიალში.

325 წელს ნიკეის კრებაში მონაწილეობდა სარდიკის ეპისკოპოსი პროტოგონი.

865 წელს წმინდა თავად ბორისის დროს მოხდა ბულგარელების საყოველთაო ნათლობა. ოთხწლიანი უნიის შემდეგ, 870 წელს, ბულგარეთის ეკლესია გახდა ავტონომიური და კონსტანტინოპოლის პატრიარქატის იურისდიქციაში შევიდა.

886 წელს ბულგარულმა ეკლესიამ მიიღო წმინდა კირილესა და მეთოდეს მოწაფეები, რომლებიც გერმანულმა სამღვდელოებამ მორავიიდან განდევნა.

მეფე სიმეონ I-ის (893–927) დროს, 919 წელს, პრესლავის საეკლესიო კრებაზე გამოცხადდა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია საპატრიარქო რანგში. ეკლესიის ავტოკეფალია კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მხოლოდ 927 წელს აღიარა, სიმეონ I-ის მემკვიდრის, წმინდა მეფე პეტრე I-ის (927–969) დროს, რომელიც ბიზანტიის პრინცესაზე იყო დაქორწინებული.

ბიზანტიის მიერ აღმოსავლეთ ბულგარეთის ოკუპაციის დროს ბულგარეთის საპატრიარქომ თავისი ცენტრი დრისტრში გადაიტანა, შემდეგ კი მაკედონიის სხვადასხვა ქალაქში.

1018 წელს, ბულგარეთის სრული დამარცხების შემდეგ, ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი II ბულგართმმუსვრელმა გააუქმა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო და იგი საარქიეპისკოპოსოდ გადააქცია, ცენტრით ოხრიდში. პირველი ოხრიდელი არქიეპისკოპოსი ბულგარელი იყო, ხოლო მომდევნო არქიეპისკოპოსები — ბერძნები.

ქრისტე პანტოკრატორის ეკლესია

1185 წელს ძმების პეტრესა და ასენის აჯანყების შემდეგ ბულგარეთი გათავისუფლდა ბიზანტიელთა ბატონობისაგან და აღადგინა საეკლესიო დამოუკიდებლობაც. 1204 წელს მეფე კალოიანის დროს ხელი მოეწერა უნიას რომის კურიასთან, რომელიც 1235 წლამდე გაგრძელდა.

XIV საუკუნეში ბულგარეთი გახდა ისიხაზმის ერთ-ერთი ცენტრი, რომლის სათავეშიც იდგნენ წმინდა პატრიარქი თეოდოსი II, ევთიმი ტირნოველი და მათი მოწაფეები. ამავე საუკუნის ბოლოს ბულგარეთი დაიპყრო ოსმალეთის იმპერიამ და ბულგარეთის ეკლესია კვლავ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ მოექცა.

1860 წლის 3 აპრილს, წმინდა აღდგომის დღეს, კონსტანტინოპოლში ეპისკოპოსმა ილარიონმა კონსტანტინოპოლის პატრიარქის ნაცვლად მოიხსენია ყველა მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, რაც საპატრიარქოს იურისდიქციიდან ბულგარეთის ეკლესიის ცალმხრივ გამოსვლას ნიშნავდა.

1870 წლის 28 თებერვალს გამოქვეყნდა სულთნის ფირმანი ბულგარეთის ავტონომიური საეგზარქოსოს დაარსების შესახებ. 1872 წლის თებერვალში არჩეულმა ეგზარქოსმა ანთიმ I-მა, საპატრიარქოს აკრძალვის მიუხედავად, 11 მაისს კონსტანტინოპოლის ბულგარულ ტაძარში ჩაატარა ლიტურგია, რომლის დროსაც საზეიმოდ წაიკითხა ბულგარეთის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადების აქტი. საპასუხოდ საპატრიარქომ ეგზარქოსს უფლებები ჩამოართვა, ხოლო მისი თანამოაზრეები ეკლესიიდან განკვეთა.

1872 წლის სექტემბერში კონსტანტინოპოლში ბულგარელები დაადანაშაულეს „ფილეტიზმში“ და შეაჩვენეს, როგორც სქიზმატიკოსები. 1945 წელს ბულგარეთისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის განხეთქილება დასრულდა და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბულგარეთის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. 1950 წელს წმინდა სინოდმა მიიღო ახალი წესდება, რამაც გზა გაუხსნა საპატრიარქოს აღდგენას. 1953 წელს ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიას საპატრიარქოს სტატუსი აღუდგა.

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიები

1992 წელს პოლიტიკური ხელისუფლების ჩარევით ბულგარეთის ეკლესიაში დაიწყო განხეთქილება. სამღვდელოების ნაწილი გამოვიდა პატრიარქ მაქსიმეს წინააღმდეგ, რომელსაც ადანაშაულებდნენ ყოფილ კომუნისტურ ხელისუფლებასთან კავშირში, ხოლო მის ინტრონიზაციას არაკანონიკურად მიიჩნევდნენ. განხეთქილების მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს ალტერნატიული სინოდი. რელიგიურ მოღვაწეთა უმრავლესობა არ შეუერთდა განხეთქილებას, თუმცა სახელმწიფოს მხარდაჭერით მისმა ორგანიზატორებმა 1996 წელს ყოფილი ნევროკოპის მიტროპოლიტი პიმენი ალტერნატიულ პატრიარქად გამოაცხადეს.

შექმნილი კრიზისის გადასაჭრელად 1998 წელს სოფიაში შედგა საყოველთაოდ ცნობილი კრება, რომელშიც მონაწილეობდა 13 ავტოკეფალური ეკლესია, მათ შორის 7 პატრიარქი. კრების მიმდინარეობისას „ალტერნატიული ბულგარული საპატრიარქოს“ წარმომადგენლებმა სინანული გამოთქვეს და ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნების სურვილი გამოხატეს. კრებამ დაადგინა, რომ ყოველი განხეთქილება ეკლესიაში ცოდვას წარმოადგენს, ხოლო მასში მყოფნი კარგავენ წმინდა სულის მადლს და მორწმუნეთა შორის ცდუნებას თესავენ. ამიტომ აუცილებელია განხეთქილებების აღმოფხვრა და ეკლესიური ერთიანობის აღდგენა. კრებამ მიიღო განხეთქილების მესვეურთა მონანიება, ხოლო ბულგარეთის ეკლესიის ანათემა მოეხსნა ყოფილ მიტროპოლიტ პიმენს, რომელიც საეპისკოპოსო ხარისხშიც აღადგინეს. ბულგარეთის ეკლესიამ მიიღო და აღიარა არაკანონიკურად ხელდასხმული ეპისკოპოსებიც. თუმცა ალტერნატიული ეკლესიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არ მოინანია, მაგრამ აღნიშნული კრების შემდეგ მათი რაოდენობა და გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა.

2003 წელს ბულგარეთის ეკლესიამ ოფიციალური რეგისტრაცია მიიღო და სახელმწიფომ იგი აღიარა. 2004 წელს ალტერნატიული ეკლესიის ტაძრები ბულგარეთის ეკლესიას გადაეცა, რაც განხეთქილების ფაქტობრივ დასასრულად შეიძლება ჩაითვალოს.

თანამედროვე მდგომარეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რილის მონასტრის ფრესკები

კანონიკური ტერიტორია — ბულგარეთი; ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება მთელ რიგ ეპარქიებზე ევროპაში, ამერიკაში და ავსტრალიაში.

ბულგარეთის ეკლესიის ეპისკოპატი მოითვლის 22 ეპისკოპოსს.

ბულგარეთის საპატრიარქოს საკათედრო ტაძარია — წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის კათედრალური ტაძარი სოფიაში.

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია ითვლის 15 ეპარქიას, რომელთაგან 13 ბულგარეთში მდებარეობს, ხოლო 2 საზღვარგარეთ (ნიუ-იორკი, ბერლინი).

ბულგარეთის ეკლესიას ემსახურება 1500 მღვდელი. გარდა ამისა ეკლესიას აქვს 120 მოქმედი მონასტერი, სადაც ცხოვრობს 400 ბერი და მონაზონი.

ათონის მთაზე მდებარეობს ბულგარული ზოგრაფის მონასტერი.

ბულგარეთში მოქმედებს 2 სემინარია (პლოვდივი და სოფია) და ღვთისმეტყველების ფაკულტეტები სოფიისა და და წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტებში.

მორწმუნეთა რიცხვი — დაახლ. 7 მლნ. (უმრავლესობა ბულგარელებია).

1971 წლის 4 ივლისიდან 2012 წლის 6 ნოემბრამდე ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი იყო მაქსიმე. 2013 წლის 24 თებერვალიდან დღემდე კი სრულიად ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქია ნეოფიტე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Patriarchate of All Bulgaria en. PRO ORIENTE (Vienna). ციტირების თარიღი: 22 December 2025