დოროთეოზ III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დოროთეოზ III — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლ. 1589-1595 წლებში. მისი კათოლიკოსობა სიმონ I-ის მეფობის თანადროულია.

დოროთეოზ კათოლიკოსმა გიორგი IX-საგან „დიდის ფასითა“ შეიძინა სურამთან ახლოს მდებარე სოფელი იტრია იქ მოსახლე აზნაურებითა და გლეხებითურთ. მან ამავე სოფელში დანგრეული ყოვლადწმინდის ეკლესიის ნაცვლად ააშენა საძვალე.

სამონასტრო მშენებლობის დაწყებისას ქვეყანას შაჰ-თამაზი შემოესია, „ამოწყჳტა და ააოჴრა ქართლის ქუეყანა. ეს ყუელაი მეფობასა პატრონის ლუარსაფისსა“-ო, აღნიშნავს დოროთეოზი მის მიერ იტრიის ეკლესიისადმი გაცემულ შეწირულობის სიგელში. ამდენად, სამონასტრო მშენებლობა მას ჯერ კიდევ კათოლიკოსად დაწესებამდე დაუწყია.

სიმონ I-ს განუჩენია მონასტრისათვის „ცოტაოდენნი საფასე“. აშენებული ეკლესია და სოფელი მტერს აუოხრებია, თუმცა კათოლიკოსმა მოახერხა მისი განახლება. დოროთეოზმა მის მიერვე აშენებულ მონასტერს დიდი რაოდენობით ყმა-მამული და საეკლესიო ინვენტარი შესწირა. კათოლიკოსი საგანგებოდ აღნიშნავს კახთა მეფის ლევანისა და მის შვილთა წყალობასა და შეწევნას.

კათოლიკოსს მონასტრის საკეთილდღეოდ გაუწევია დიდი ჯაფა: „ეს რაც მამული და გლეხნი დამიწერია, ყუელა ჩემის მოღვაწებითა და წირვით მიშოვნია და მიყიდია. ამისთათანა პატიოსანი თვალთ-შეუდგამი მონასტერი ამიშენებია... მრავალნი ჭირნი და იწროებანი მომითმენია“.

ქართლის მეფეს გიორგი X-ს დოროთეოზ კათოლიკოსის თხოვნით იტრიის მონასტრისათვის თავისი სახასო მამულიდან მნიშვნელოვანი ყმა-მამული შეუწირავს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]