შინაარსზე გადასვლა

პეტრე (ცაავა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი
პეტრე (ცაავა)
დროშა
დროშა
მიტროპოლიტი (ეპარქიის გარეშე)
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
 
განათლება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სასულიერო სემინარია
დაბადების სახელი: პაატა რევაზის ძე ცაავა
დაბადება: 7 აპრილი, 1970 (1970-04-07) (56 წლის)
სენაკი
ბერად აღკვეცა: 27 აგვისტო, 2000
დიაკვნად კურთხევა: 28 აგვისტო, 2000
მღვდლად კურთხევა: 3 ნოემბერი, 2000
ეპისკოპოსად კურთხევა: 16 ივლისი, 2002
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 28 იანვარი, 2007
მიტროპოლიტობა ებოძა: 2 აგვისტო, 2010

მიტროპოლიტი პეტრე (ერისკაცობაში — პაატა რევაზის ძე ცაავა; დ. 7 აპრილი, 1970, სენაკი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი (ეპარქიის გარეშე). 2019 წელს წმინდა სინოდის დადგენილებით, პეტრე (ცაავა) განთავისუფლდა ეპარქიის მმართველობისაგან და წმინდა სინოდის წევრობისაგან და განწესდა მონასტერში მოსანანიებლად.[1]

პეტრემ ერისკაცობაში დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 1997 წლიდან 2000 წლამდე სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 2000 წლის 27 აგვისტოს ბერად აღიკვეცა, მეორე დღეს კი დიაკვნად აკურთხეს. იმავე წლის 3 ნოემბერს მღვდლად აკურთხეს და მღვდელმონაზონ პეტრეს ყაზბეგში სნოს სასულიერო კულტურული ცენტრის ხელმძღვანელობა ჩააბარეს. 2002 წლის 16 ივლისს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. იმავე წლის 27ოქტომბერს კი, სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსად დაადგინეს. 2007 წლის 28 იანვარიდან მიენიჭა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2010 წლის 2 აგვისტოდან მიტროპოლიტის ხარისხი.

2017 წლის 9 მარტს შეკრებილმა წმინდა სინოდმა იმსჯელა მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და წმინდა სინოდის მიმართ საჯაროდ არაერთგზის გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თაობაზე. ითქვა, რომ მიტროპოლიტი პეტრე უხეშად არღვევდა ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს (მოციქულთა 34-ე და 55-ე, ანტიოქიის ადგილობრივი კრების მე-9, II მსოფლიო კრების მე-6 და ტრულის კრების მე-20 კანონები), რომ მისი განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ სასულიერო და საერო პირთა მიმართ ცილისწამებას, – დაუსაბუთებელ ბრალდებას, რაც დამაბრკოლებელია და შფოთის შემომტანი, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში, ასევე ზოგადად ჩვენს ქვეყანაში და უცხოეთში მცხოვრებთა შორის. საპასუხო სიტყვა მიეცა მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა). მან შეეცადა თავისი პოზიციების დაცვას. მღვდელმთავრებმა მხარი არ დაუჭირეს. წმინდა სინოდმა დაადგინა: „ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიეცეს გაფრთხილება და განთავისუფლდეს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია «ერთსულოვნების» დირექტორის თანამდებობიდან“.[2]

2019 წლის 31 ოქტომბერს შეკრებილმა წმინდა სინოდმა იმსჯელა მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და წმინდა სინოდის მიმართ საჯაროდ არაერთგზის გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თაობაზე. წმინდა სინოდის წევრებმა აღნიშნეს, რომ ეკლესიის ისტორიაში ჩვენ ვერ ვნახავთ პატრიარქის შეურაცხყოფის მსგავს მაგალითს. უწმიდნესმა ბრძანა, რომ მეუფე პეტრე იყო გამორჩეული მღვდელმთავარი, იგი იყო ახალშექმნილი ხევის პირველი ეპისკოპოსი და მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება. წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებების, ხშირ შემთხვევაში ცილისწამებებისა და სხვა კანონიკური დარღვევების გამო, ერთხმად მოუწოდეს მეუფე პეტრეს სინანულისაკენ. მიტროპოლიტმა პეტრემ არ სცნო თავი დამნაშავედ და არ დაეთანხმა სინოდის მოწოდებას მონანიების თაობაზე. წმინდა სინოდმა განაჩინა: „მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე (სადაც ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი (კლერიკოსი), რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს) აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად“.[3][1]

ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნოს ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).[4].

2021 წლის 11 თებერვალს წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს აკრძალვაში მყოფ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებზე. ითქვა, რომ, სამწუხაროდ, იგი ბოროტად იყენებდა სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას. წმიდა სინოდმა განაჩინა: „შეიქმნას სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებს და დასკვნას წარუდგენდა სინოდის სხდომას“.[5]