ნიქოზი
ნიქოზი — ისტორიული სოფელი შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ნიქოზისა და ქვემო ნიქოზის ძველი საერთო სახელწოდება; საქართველოს თანამედროვე ტერიტორიული მოწყობით — გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც აერთიანებს სოფლებს: ზემო ნიქოზს, ზემო ხვითსა და ქვემო ნიქოზს.
ნიქოზი წერილობით წყაროებში პირველად ჯუანშერის „ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში“ იხსენიება. ვახტანგ გორგასალს (V საუკუნის II ნახევარი) ნიქოზში აუშენებია ღვთაების ეკლესია, სადაც წმინდა რაჟდენის ნეშტი დაუკრძალავთ. ნიქოზში გარდაცვლილა და იქვე დაუკრძალავთ თამარ მეფეზე უიმედოდ შეყვარებული ოვსთა ერთ-ერთი „მეფე“. 1614 წელს კახეთის დარბევის შემდეგ ნიქოზში ირანის შაჰი აბას I მოვიდა. სოფელი ასევე ფიგურირებს თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ბრძოლებში ლეკების წინააღმდეგ.
ნიქოზი არქეოლოგიურად შეუსწავლელია. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ინახება ნიქოზის მიდამოებში 1910-იან წლებში ნაპოვნი გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ბრინჯაოს სამაჯურები და სახელურის ნატეხი, ასევე გვიანდელი შუა საუკუნეების ბრინჯაოს ფირფიტა წმიდანის გამოსახულებით. ისტორიული ნიქოზის ტერიტორიაზე შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: ზემო ნიქოზის ღვთაების ეკლესიის კომპლექსი, ზემო ნიქოზის მთავარანგელოზის ეკლესია, ქვემო ნიქოზის კვირაცხოვლის ეკლესია, ქვემო ნიქოზის წმინდა გიორგის ეკლესია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 385–387, თბ., 2013 წელი.