ახალი აღთქმა

ახალი აღთქმა, „საღვთო წიგნების“ კრებული, ბიბლიის ნაწილი, რომელშიც გადმოცემულია იესო ქრისტეს მოძღვრება. ახალი აღთქმის წიგნების (სულ 27) პირველი ნაწილია „ოთხთავი“, ანუ 4 სახარება - მათესი, მარკოზის, ლუკასი და იოანესი. მას მოსდევს „საქმე მოციქულთა“, „კათოლიკე ეპისტოლენი“ (7), „ეპისტოლენი წმინდისა მოციქულისა პავლესნი“ (14) და „გამოცხადება იოანესი“, ანუ „აპოკალიფსისი“.
ახალი აღთქმის კანონის ჩამოყალიბება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირვანდელი ქრისტიანული საკრებულოები იუდეველთა სინაგოგებში მიღებულ წესებს მისდევდნენ (იუდეველთაგან მოქცეულნი), ე.ი. ქრისტიანთა შეკრებებზე კითხულობდნენ ძველი აღთქმის გარკვეულ მონაკვეთებს. მაგრამ, რადგანაც ქრისტიანები იესო ქრისტეს ეთაყვანებოდნენ, მათთვის ბუნებრივი იყო, ძველი აღთქმის საკითხავები რომელიმე მოთხრობით შეევსოთ ქრისტეს ცხოვრების და მოძღვრების შესახებ.
პირველ ხანებში თავისი მოგონებები ქრისტეზე მასთან უშუალოდ დაახლოებულ პირს შეეძლო სხვებისთვისაც გაეზიარებინა, მაგრამ ეკლესიათა რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა, ქრისტეს უშუალო მნახველთა რაოდენობა კი კლებულობდა. ამიტომ აუცილებელი გახდა, რომ ეს ამბები ქრისტეს შესახებ ჩაწერილიყო. სწორედ ამ გზით შეიქმნა ოთხი სახარება (მათესი, მარკოზისა, ლუკასა და იოანესი), რომლებმაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს პირველი ქრისტიანული ეკლესიების ღვთისმსახურებასა და მთლიანად მათ ცხოვრებაში.
გარდა ამისა, მოციქულებმა დაგვიტოვეს ცალკეული თემისა თუ პიროვნებისადმი გაგზავნილი მრავალი წერილი. რამდენადაც ეს ეპისტოლეები ქრისტიანული ცხოვრებისასა და რწმენის ზოგად დებულებებს შეიცავდა, მათი სარგებლიანობა ეკლესიის მიერ მალევე იქნა აღიარებული.
„მოციქულთა საქმეები“ ეკლესიამ მიიღო, რადგან იგი ავსებდა იმ ისტორიას, რომელსაც ლუკას სახარება იწყებს. სწორედ ამ წიგნმა — ერთადერთმა — მოიტანა ჩვენამდე ადრექრისტიანული ეკლესიის ცხოვრების დეტალები.
ჩვ. წ. ა. 200 წლისთვის იესოს შესახებ არსებული ყველა მოთხრობიდან ოფიციალური აღიარება მხოლოდ ჩვენთვის ცნობილ ოთხმა სახარებამ მიიღო, თუმცაღა ამათ გარდა არსებობდა მრავალი აპოკრიფული სახარება. ეკლესია სრულიად გარკვევით აღიარებდა, რომ ქრისტეს ცხოვრების და მოძღვრების ავტორიტეტულ წყაროდ მას მხოლოდ მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებები მიაჩნდა. უკვე ამ დროისთვის ამ სახარებათა ტოლფასი ღირებულება მოიპოვა პავლეს ეპისტოლეებმაც.
რაც შეეხება ახალი აღთქმის დანარჩენ წიგნებს, საყოველთაო აღიარება მათ უფრო მოგვიანებით მიიღეს. მაგალითად, უეჭველია, რომ „გამოცხადებას“ მეორე საუკუნეში უკვე კითხულობდნენ, მაგრამ მესამე საუკუნემდე ამ წიგნს ფართო გავრცელება არ ჰქონია.
ლაოდიკიის (363) და კართაგენის (397) კრებებზე ეპისკოპოსებმა დაამტკიცეს ახალი აღთქმის წიგნების სია, რომელიც დღევანდელს შეესაბამება ერთი განსხვავებით: ლაოდიკიის კრების სიას იოანეს გამოცხადება აკლია. ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, ცდილობდა, რომ ახალ აღთქმაში შესულ წიგნებს ნამდვილად აესახათ მოციქულთა სულიერი გამოცდილება.[1]
ახალი აღთქმის ქართული თარგმანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვარაუდობენ, რომ ქართულ ენაზე ახალი აღთქმის ზოგი წიგნი (უპირველეს ყოვლისა სახარება) IV საუკუნის II ნახევრიდან ითარგმნა. დანარჩენი V-VI საუკუნიდან, გარდა იოანეს გამოცხადებისა, რომელიც ითარგმნა X საუკუნეში. V-VI საუკუნეებში ხანმეტი ძეგლები სახარებისა და ახალი აღთქმის ზოგი სხვა წიგნის ტექსტებსაც შეიცავენ. სახარებას („ევანგელე“) მოიხსენიებს იაკობ ცურტაველი (V საუკუნის 70-იანი წლები). ახალი აღთქმის წიგნებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად. საქართველოში მეცნიერულად გამოცემულია სახარება, მოციქულთა საქმე, კათოლიკე ეპისტოლეები და იოანეს გამოცხადება. არსებობს ქართული სახარების სიმფონია-ლექსიკონი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იმნაიშვილი ი., ქსე, ტ. 2, გვ. 84—85, თბ., 1977
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბიბლიის ენციკლოპედია, თბილისი, 2003