სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის რუკა

სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიასაქართველოს ეკლესიის სამღვდელმთავრო აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს მდინარეების თრუსოს, თერგისა და სნოსწყლის აუზებს. ეპარქიის შემადგენლობაშია დაბა სტეფანწმინდა (ყოფ. ყაზბეგი) და მისი მუნიციპალიტეტი (ისტორიული პროვინცია - ხევი), ადრინდელი შუა საუკუნეების წანარეთი. ქვეყნის თანამედროვე საეპარქიო დანაწილების საფუძველზე სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან - წილკნისა და დუშეთის, დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან - ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიები, ჩრდილოეთიდან - საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVI-XVII საუკუნეებში, ეპარქიათა შორის საზღვრების მოწესრიგების შემდეგ, აღნიშნული ტერიტორიაზე წილკნელ მღვდელმთავარის საეკლსიო იურისდიქცია აღდგა. მას ქორეპისკოპოსი მართავდა, რომელიც ხევის სიონში იმყოფებოდა და ძირითადად ხევსა და მის მიმდებარე ტერიტორიების საეკლსიო ცხოვრებას მართავდა.

თანამედროვე სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის ტერიტორიაზე ადრიდანვე მრავალ თავდადებულ მამულიშვილსა და ეკლესიის გამოჩენილ პირს უმოღვაწია. მრავალთაგან აღსანიშნავია ღირსი წმ. იოსებ ხუცესი (მოხევე) სასწაულმოქმედი; მე-18 საუკუნეში ინგუშეთსა და ოსეთში რუსეთის სამისიონერო საქმიანობის ერთ-ერთი ინიციატორი იოსებ ქვაბულისძე (1676-1750 წწ.); მთავარეპისკოპოსი იოანე ქარუმიძე - წილკნელი 1762-1802 წწ. , მან ერეკლე II ბრძანებით დაიწყო მისიონერობა და ოს ყმაწვილებს ასწავლიდა წერა-კითხვას. იმ პერიოდში განსაკუთრებით სახელგანთქმული მისიონერი იყო გერვასი მაჭავარიანი, წილკნელ-სამთავნელი (1803-1817 წწ.) ეპისკოპოსი და სხვა.

1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისას თავის ძველ საზღვრებში განახლდა წილკნის უძველესი სამღვდელმთვროც. 20-იანი წლებიდან დაწყებული რეპრესიების გამო, ხევის თემში არსებულ ეკლესია-მონასტრებში ფაქტობრივად აკრძალული იყო წირვა-ლოცვის აღსრულება. ამ მხარეში ღრმა სულიერებით გამორჩეულ ოჯახთაგან უპირველესად ხევის ცნობილი პიროვნების შიოლა ღუდუშაურის შთამომავლის გიორგი შიოლაშვილი-ღუდუშაურისა და ნატალია კობაიძის სტუმართმოყვარე და ღვთისმოსავი ოჯახი გამოირჩეოდა. ამ ოჯახში აღიზარდა საქართველოს ეკლესიის მომავალი მწყემსმთავარი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II შიოლაშვილი-ღუდუშაური.

მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით თავის მშობლიურ კუთხეში, 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით დაფუძნდა ეპარქია. ახლადდაარსებული სტეფანწმინდისა და ხევის სამღვდელმთავრო წილკნის ეპარქიას გამოეყო. ეპარქიის პირველ მმართველ მღვდელმთავრად გამორჩეულ იქნა ყაზბეგის რაიონის სოფლების სნოს, ახალციხისა და კარკუჩის ეკლესიების წინამძღვარი, იღუმენი პეტრე ცაავა.

ამჟამად ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარია ეპისკოპოსი იეგუდიელ ტაბატაძე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]