მოსე (ბოგდანოვ-პლატონოვ-ანტიპოვი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ყოვლადუსამღვდელოესობა, მთავარეპისკოპოსი
მოსე (ბოგდანოვ-პლატონოვ)Преосвященный Моисей (Богданов-Платонов).jpg
ქართლ-კახეთის მთავარეპისკოპოსი
საქართველოს ეგზარქოსი
12 მარტი, 1832 — 13 ივლისი, 1834
ეკლესია: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
წინამორბედი: იონა (ვასილევსკი)
მემკვიდრე: ევგენი (ბაჟანოვი)
სარატოვისა და ცარიცინის ეპისკოპოსი
29 ნოემბერი, 1828 — 12 მარტი, 1832
წინამორბედი: გაი (ტოკაოვი)
მემკვიდრე: იაკობ (ვეჩერკოვი)
ვოლოგდისა და ველიკოუსტიუჟის ეპისკოპოსი
28 ნოემბერი, 1827 — 29 ნოემბერი, 1828
წინამორბედი: ონისიფორე (ბოროვიკი)
მემკვიდრე: სტეფანე (რომანოვსკი)
ნოვგოროდის სტარორუსკი ვიქარი ეპისკოპოსი
2 მარტი, 1824 — 28 ნოემბერი, 1827
წინამორბედი: სილვესტერ (ცვეტკოვი)
მემკვიდრე: ეგნატე (სემიონოვი)
 
დაბადების სახელი: მათე მიხეილის ძე ანტიპოვი
დაბადება: თვე არ არის მითითებული!, 1783
ბოგდანოვკა
გარდაცვალება: 13 ივლისი, 1834(1834-07-13)
დაკრძალულია: თბილისი

მთავარეპისკოპოსი მოსე (ერისკაცობაში — მათე მიხეილის ძე ანტიპოვი; დ. 1783, სოფელი ბოგდანოვკა, კოლომენსკის მაზრა, მოსკოვის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 13 ივლისი, 1834, ტფილისი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. საქართველოს ეგზარქოსი 1832 წლის 12 მარტიდან — 1834 წლის 13 ივლისამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარეპისკოპოსი მოსე ბოგდანოვ-პლატონოვი, ერისკაცობაში მათე მიხეილის ძე ბოგდანოვ-პლატონოვ-ანტიპოვი დაიბადა 1783 წელს მოსკოვის გუბერნიის კოლომენსკის მაზრის სოფელ ბოგდანოვკაში. მისი მამა მიხეილ ანტიპოვი მედავითნე იყო და ადრევე გარდაიცვალა. პატარა მათეს დედა ზრდიდა დიდ გაჭირვებაში. მარტო დარჩენილმა ქალმა თხოვნით მიმართა ადგილობრივ მღვდელმთავარ ათანასეს, რათა მამის ადგილი ტაძარში მისი მცირეწლოვანი ვაჟისთვის შეენახათ. ამაზე ეპისკოპოსს წინასწარმეტყველურად უთქვამს, ჯობს ისწავლოს, ის მღვდელმთავარი გახდება. თქვენ კი სიძე მოგხედავთო. მართლაც, მალე უფროსი და გათხოვდა და უმამოდ დარჩენილ ოჯახზე ზრუნვა სიძემ დაიწყო. მათე კი ეკლესიის ხარჯზე კოლომენსკის სემინარიაში იწყებს სწავლას. სწორედ აქ მისცეს გვარი ბოგდანოვი. შემდეგ ის სწავლას ტულის სემინარიაში აგრძელებს. 1799 წელს სლავობერძნულ-ლათინურ აკადემიაში ჩაირიცხა, 1801 წელს კი სამების ლავრის სემინარიაში აგრძელებს სწავლას. აქ მას მფარველად და მოძღვრად მოევლინა მიტროპოლიტი პლატონი (ლიოვშინი), რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა მის ცხოვრებაში. სწორედ მის საპატივსაცემოდ მიიღო გვარი პლატონოვი. 1808 წელს ის ბერად აღიკვეცა მოსეს სახელით და, როგორც საუკეთესო მოსწავლე, პეტერბურგის აკადემიაში გააგზავნეს სასწავლებლად. 1814 წელს წარმატებით დაამთავრა აკადემია და იქვე დატოვეს პედაგოგად. 1817 წლის 6 ივლისს მღვდელ-მონაზონი მოსე კიევის სასულიერო აკადემიის რექტორად დანიშნეს, ხოლო 1 აგვისტოს არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს. 1819 წლიდან პირველი კიევის რექტორი იყო. 1822 წელს ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი მიენიჭა. 1824 წელს დაინიშნა სტარორუსის ეპისკოპოსად, ნოვგოროდოს მიტროპოლიისა, ხოლო 1827 წელს – ეპისკოპოსი ვოლოგდისა. 1828 წელს გადაიყვანეს პირველ ეპისკოპოსად ახლადგახსნილ სარატოვის ეპარქიაში.

1832 წლის 12 მარტის წმინდა სინოდის ბრძანებით, ეპისკოპოსი მოსე საქართველოს ეგზარქოსად დაინიშნა და აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. მისთვის შორეულ ქვეყანაში ის თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა. საქართველოში მისი მმართველობა მცირე ხანს გაგრძელდა.

ჩამოსვლისთანავე საეგზარქოსოში რუსული ეკლესიის მსგავსად სამრევლო კრებებზე ე. წ. სტაროსტები აარჩევინა. ესენი იყვნენ მამასახლისები, რომელთა მოვალეობა ტაძრის სხვადასხვა საჭიროებაზე ზრუნვა იყო. ეგზარქოსი მოსე თურმე დიდ ყურადღებას უთმობდა ქართულ საგალობლებს. უძველესი ქართული საგალობლების გადარჩენის მიზნით, მას თბილისში შეუკრებია საქართველოს სხვადასხვა კუთხის მგალობლები და მათი ნაგალობევი ნოტებზე გადაუტანია. სამწუხაროდ, მის ამ ნაშრომს ჩვენამდე არ მოუღწევია. ეგზარქოს მოსეს მითითებით, 1833 წელს გაუხსნიათ ღარიბი სასულიერო წოდების სამზრუნველო. იგი ასევე დაინტერესებული იყო საეგზარქოსოს დაქვემდებარებული ეკლესია-მონასტრების მდგომარეობით. ამ მიზნით, 1833 წელს მისი მითითებით, არქიმანდრიტმა არსენმა (მგალობლიშვილი) და დეკანოზმა იოანემ (გოგიტიძე) შეადგინეს გურიის მხარის ეკლესია-მონასტრების მიმოხილვა. ეგზარქოს მოსეს შეუდგენია, აგრეთვე, ოსური ენის გრამატიკა. როგორც წყაროებით დასტურდება, მას ოსური ენა კარგად სცოდნია. მის მიერ შედგენილი ეს სახელმძღვანელო იმ დონეზე ყოფილა შესრულებული, რომ მას, თურმე ცნობილი ლინგვისტები იყენებდნენ ოსური ენის შესასწავლად. აღნიშნულ წიგნს თბილისის სასულიერო სემინარიაშიც იყენებდნენ სახელმძღვანელოდ. მასვე განზრახული ჰქონდა მახათას მთაზე აღედგინა იმ დროისათვის ნანგრევების სახით მოღწეული წმ. ელიას სახელობის ეკლესია, მაგრამ უდროო გარდაცვალების გამო განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. მოსე ეგზარქოსი გარდაიცვალა ქოლერით 1834 წლის 13 ივლისს, დასაფლავებულია თბილისის სიონის ტაძარში. იმერეთის მიტროპოლიტმა დავით წერეთელმა სტამბულიდან ჩამოიტანა მის საფლავზე დასადგმელი ძეგლისთვის მარმარილოს ქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]