ნესტორი (ყუბანეიშვილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნესტორი (ყუბანეიშვილი) (დ. 5 სექტემბერი, 1853, მუხაყრუა — გ. 15 ივნისი, 1938) — ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპისკოპოსი ნესტორი, ერისკაცობაში ნესტორ დიმიტრის ძე ყუბანეიშვილი, დაიბადა 1853 წლის 5 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის სოფელ მუხაყრუაში, მღვდლის ოჯახში. 1871 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, 1877 წელს თბილისის სასულიერო სემინარია. 1877 წელს 10 სექტემბრიდან მუშაობდა მასწავლებლად სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში. 1882 წლის 1 სექტემბრიდან ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგია. 1883 წლის 15 ივნისს ეპისკოპოს გაბრიელის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა დიაკვნად ბარსაჯავახოს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში. იმავე წლის 19 ივნისს აკურთხეს მღვდლად და კეთილმოწესედ, 1884 წლის 7 დეკემბერს მან ბარსაჯავახოს ეკლესიასთან დააფუძნა საეკლესიო სამრევლო სკოლა, სადაც ასწავლიდა საღვთო სჯულს. 1887 წლის 28 სექტემბრიდან ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურია, ხოლო 23 დეკემბერს გადაყვანილ იქნა ქუთაისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად. 1888 წლის მარტში იგი წმიდა გიორგის ეკლესიის სამშენებლო კომიტეტის წევრად აირჩიეს.

მამა ნესტორი 1910 წელს აღიკვეცა ბერად. 1910-1912 წლებში მოწამეთას ეკლესიის წინამძღვარია. 1912-1915 წლებში მსახურობდა შუამთის, ალავერდის და თეთრი გიორგის ეკლესიებში. 1917 წელს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1915-1917 წლებში კვლავ მოწამეთას მონასტერშია. 1918-1923 წლებში არქიმანდრიტი ნესტორი გელათის მონასტრის წინამძღვარია. 1924 წლის 18 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველის ეპისკოპოს ქრისტეფორეს მიერ ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად. 1926 წელს გადაყვანილ იქნა ჭყონდიდელად. ეპისკოპოსი ნესტორი მონაწილეობდა 1926 წლის დეკემბერში ქუთაისის საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელიც მიმართული იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ამბროსის წინააღმდეგ. 1928 წლის 24 მარტს გადაყვანილ იქნა ცაგერელ, ხოლო 1929 წლის 19 ნოემბრიდან წილკნელ ეპისკოპოსად. 1930 წლის 29 ივლისს ითხოვა პენსიაზე გასვლა, თხოვნა დააკმაყოფილა უწმიდესმა და უნეტარესმა ქრისტეფორე III-მ.

მეუფე ნესტორი გარდაიცვალა 1938 წლის 15 ივნისს. დაკრძალულია საფიჩხიის (ქუთაისი) სამების ეკლესიის გალავანში. იგი სამეცნიერო მოღვაწეობასაც ეწეოდა და ამ მხრივ საინტერესო მემკვიდრეობა დატოვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სერგო ვარდოსანიძე. ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). გამომცემლობა ,,ნათლისმცემელი", თბილისი, 2010, გვ. 160-161.