ლეონიდე (ჟვანია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიტროპოლიტი ლეონიდე (ერისკაცობაში — ლავრენტი ტიმოთეს ძე ჟვანია; დ. 1 დეკემბერი, 1885, ლეჯიქეთი, ზუგდიდის მაზრა — გ. 14 დეკემბერი, 1964, სოხუმი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მიუღია სენაკის სასულიერო სასწავლებელში. 1903-1907 წლებში სწავლობდა სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში, 1907-1911 წლებში ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1911-1957 წლებში საერო სამსახურშია, როგორც კვალიფიციური სამართალმცოდნე, იურისტი. 1957 წლის 1 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში აღიკვეცა ბერად. 3 თებერვალს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა მთავარდიაკვნად. 4 თებერვალს დიდუბის ეკლესიაში ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად. 1957 წლის 15 თებერვალს, მირქმის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ III-მ სინოდის წევრთა მონაწილეობით აკურთხა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად.

1958-1959 წლებში ეპისკოპოსი ლეონიდე ასრულებდა საქართველოს კათოლიკოსთან არსებული სინოდის რწმუნებულის მოვალეობას. ეპისკოპოსი ლეონიდე დაჯილდოებული იყო: "რომანოვების სამასი წლის დინასტიის მეფობის მედლით" (1913 წ.). მედლით "1941-1945 წლებში ომში მამაცური შრომისათვის," ხოლო 1958 წელს უწმიდესისა და უნეტარესი მელქისედეკ III-ის მიერ კუნკულ-ბარტყულზე თვლებიანი ჯვრით, 1964 წელს წმიდა ნინოს - ორდენით.

1964 წლის 14 დეკემბერს ეპისკიპოსი ლეონიდე გარდაიცვალა სოხუმში. დაკრძალეს 20 დეკემბერს ქუთაისში, არქიელის გორაზე, წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. მის საფლავის ქვას ასეთი წარწერა აქვს: "45 წელი პირნათლად ვემსახურე ამ მიწიერ ქვეყანას მართლმსაჯულების დარგში, ამიერიდან შევუდეგ ქრისტეს, უფალმა მწყოს, გთხოვთ შენდობას." როგორც მისი შვილი, რეჟისორი ამირან ჟვანია იგონებდა: „ეპისკოპოსი ლეონიდე მრევლს ყოველთვის მოძღვრავდა, დიდი სულიერი მოთმინებისაკენ, მოუწოდებდა მათ, ნათელი გონებით გაეკეთებინათ ანალიზი ყოველი გადადგმული ნაბიჯისათვის და ისე ივლოთ ჭეშმარიტების გზაზე, ჰქონოდათ სიმტკიცე სულისა, ებრძოლათ სიმართლისათვის, ჰქონოდათ ღრმა რწმენა, რათა მიეღოთ გადარჩენა სულისა და ხორცისა. ღმერთი მისცემს ყველაფერს ადამიანს და შემდეგ იქნება სულიერი მხედველობა, ხოლო სულიერი სიბრმავე გაქრება... ადამიანის წინამძღოლი ცხოვრებაში არის სინდისი და შეგნება, სინდისი არის დამსჯელი ცუდი ქცევისათვის და დამაჯილდოებელი კარგი საქმისათვის. თუ სინდისი ნორმალურია, ის სახელს და ავტორიტეტს მოუპოვებს ადამიანს. რა არის საშიში ადამიანში? ის, როცა ადამიანი ისეთი სუსტია, რომ ის ხდება ქვენა გრძნობების ბრმა იარაღი, ის ემორჩილება ქვენა გრძნობას და ასრულებს უაზრო სურვილებს, ეს ნიშნავს იმას, რომ გონება სუსტი აქვს და ეს ქვენა გრძნობა ამარცხებს გონებას. სუსტი გონების ადამიანი კი ყოველთვის მონა შემსრულებელია გრძნობებისა. დიდი მიზანი და დიდი ოცნება რომ შესრულდეს, ამას სჭირდება დიდი შრომა და ნებისყოფა, თავისით არაფერი არ კეთდება, ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც ყველა გონიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს. ჩვენ კი ყველა ფხიზლად უნდა ვიყოთ და მტკიცე ნაბიჯით უნდა ვიაროთ წინ, კეთილი მიზნებისაკენ“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვარდოსანიძე ს. „პატრიარქები“, თბ., 2013, გვ. 210-211
წინამორბედი:
-
ცხუმ-აფხაზეთის საეპისკოპოსო
15 თებერვალი, 195714 დეკემბერი, 1964
შემდეგი:
-