შინაარსზე გადასვლა

იობი (აქიაშვილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი
იობი (აქიაშვილი)
დროშა
დროშა
ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
 
განათლება: საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, მცხეთის სასულიერო სემინარია
დაბადების სახელი: ელგუჯა ზურაბის ძე აქიაშვილი
დაბადება: 5 მაისი, 1960 (1960-29-05) (64 წლის)
სნო
ბერად აღკვეცა: 1988 წლის 3 იანვარი
დიაკვნად კურთხევა: 1988 წლის 19 იანვარი
მღვდლად კურთხევა: 1988 წლის 28 მარტი
ეპისკოპოსად კურთხევა: 1992 წლის 17 მაისი
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 1996 წლის 25 დეკემბერი
მიტროპოლიტობა ებოძა: 2000 წლის 28 ნოემბერი

მიტროპოლიტი იობი (ერისკაცობაში — ელგუჯა ზურაბის ძე აქიაშვილი; დ. 29 მაისი, 1960, სტეფანწმინდა, სნო) — ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი. საქართველოს საპატრიარქოს საღმრთისმსახურო წიგნების შესწავლისა და რედაქტირების კომისიის თავმჯდომარე.

ელგუჯა აქიაშვილი დაიბადა 1960 წლის 29 მაისს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში. 1977 წელს დაამთავრა სნოს საშუალო სკოლა. 1978 წელს ჩააბარა გამოცდები საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიურ ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში სიონის საკათედრო ტაძარში დაიწყო ეკლესიური ცხოვრება. მონაწილეობას იღებდა საკვირაო წირვა-ლოცვაში, იყო სტიქაროსანი. 1982 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით საქართველოს საპატრიარქოში მუშაობა დაიწყო ეკონომისტად, ხოლო ერთი წლის შემდეგ დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსის მოადგილედ. 1985 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. მცხეთაში სწავლის პერიოდში სურვილი გაუჩნდა მონასტრული ცხოვრებისა. არდადეგების დროს მორჩილებას გადიოდა ბეთანიის მამათა მონასტერში და მარტყოფის საპატრიარქო რეზიდენციაში. 1988 წლის 3 იანვარს სამთავროში ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) შეასრულა მისი ბერად კურთხევის წესი, სახელდებით იობი. იმავე წლის 19 იანვარს ნათლისღებას, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აკურთხა დიაკვნად, ხოლო ამავე წლის 28 მარტს მღვდლად. 1988 წლის 22 ივნისს დაინიშნა მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვრად. 1989 წლის ზაფხულში მონაწილეობა მიიღო მისიონერულ მოგზაურობაში, რომელიც მოეწყო აჭარაში. 1989 წლის 3 სექტემბერს აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, ამავე წლის ოქტომბერში უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაყვანილი იქნა აჭარაში, სხალთის ახალ-გახსნილ მამათა მონასტერში, სადაც ერთი წელი დაჰყო. 1990 წლის 28 აგვისტოს ვარძიაში უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1990 წლის სექტემბერში გადაიყვანეს აფხაზეთში კომანის მონასტერში. იმავე წლის ზაფხულში დაინიშნა საპატრიარქოს ახლადჩამოყალიბებული სოფლის-მეურნეობის განყოფილების თავმჯდომარედ, იმავდროულად მარტყოფის ღვთაების მონასტერში — წინამძღვრად. 1992 წელს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით გამორჩეულ იქნა მანგლელ ეპისკოპოსად. 17 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის და წმინდა სინოდის წევრთა ხელდასხმით მოხდა ეპისკოპოსად კურთხევა, ხოლო სექტემბრის თვეში დაინიშნა თბილისის სემინარიისა და აკადემიის პრორექტორად სტუდენტთა აღმზრდელობით დარგში. 1992 წლის 28 დეკემბერს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით გადაიყვანეს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში მმართველად და პატრიარქის ბრძანებით დაინიშნა ხულოს სასულიერო სასწავლებლის რექტორად. 1995 წლის გაზაფხულზე ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის გაყოფის შემდეგ დაინიშნა ბათუმისა და სხალთის ეპარქიის მმართველად. 1996 წლის 21 ოქტომბრიდან დაინიშნა ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველად, იმავდროულად ინიშნება კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1996 წლის 25 დეკემბერს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, ხოლო 2000 წლის 28 ნოემბერს — მიტროპოლიტის ხარისხში. კათედრა ურბნისში, რუისსა და ხაშურში, რეზიდენცია ხაშურში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]