შინაარსზე გადასვლა

ანდრია მოციქული

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ანდრია პირველწოდებული)
ანდრია მოციქული
Ἀνδρέας

ანდრია მოციქულის ფრესკა ყინწვისში.
დაიბადა ძვ. წ. 6
Bethsaida, იუდეა, რომის იმპერია
გარდაიცვალა 30 ნოემბერი, 60
პატრა, აქაია, რომის იმპერია
დასაფლავებულია Church of the Holy Apostles
ხსენების დღე 30 ნოემბერი[1]
მოღვაწეობა მქადაგებელი, მისიონერობა და fisher
ენა არამეული ენები
ეროვნება ებრაელები
მეუღლე

ანდრია მოციქული (ბერძ. Ανδρέας — „მამაცი“), ასევე მართლმადიდებლურ ტრადიციაში პირველწოდებული (ბერძ. Πρωτόκλητος); დ. ძვ. წ. 6 — გ. 30 ნოემბერი, 60) — ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, წმინდა პეტრეს ძმა. ხსენების დღე მართლმადიდებლურ ტრადიციაში 12 მაისი [ძვ. სტ. 29 აპრილი] და 13 დეკემბერი [ძვ. სტ. 30 ნოემბერი], დასავლურ ტრადიციაში - 30 ნოემბერი.

XI საუკუნიდან ანდრია მოციქული საქართველოში ცნობილი იყო როგორც ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელი. ანდრია მოციქული ორიგენს (II-III საუკუნეები) სკვითების განმანათლებლად ჰყავს გამოყვანილი. VIII-IX საუკუნეებში ბიზანტიურ მწერლობაში ანდრია მოციქული პონტოს სამეფოს მქადაგებლად არის დასახელებული. ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ პირველი ცნობა ნიკიტა პაფლაგონიელს (გ. 890) მოეპოვება. მის ნაშრომში ანდრიას წილხვდომილად ჩრდილოეთია აღნიშნული და თვით იგი იბერთა და სავრომატების, ტავრებისა და სკვითების განმანათლებლად იწოდება. ამგვარად, ცნობა ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობაზე ბერძნულ მწერლობაში IX საუკუნის II ნახევარში ჩნდება და საქართველოშიც აქედანაა შემოსული X-XI საუკუნეებში.

ამ წყაროზე დაყრდნობით ქართულ ძეგლებში პირველი გარკვეული ცნობა ანდრიას საქართველოში მოღვაწეობის შესახებ გიორგი მთაწმიდელს (XI საუკუნის II ნახევარი) მოეპოვება. ის საქართველოს ეკლესიის დამფუძნებლად ანდრია მოციქულს თვლიდა და ანტიოქიის პატრიარქთან პაექრობის დროს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის უფლებას ამ ცნობაზე დამყარებით ამტკიცებდა. შემდგომში, ეფრემ მცირემ ეს ცნობა წმინდა ნინოს მქადაგებლობითი მოღვაწეობის ფაქტს შეუთანხმა და საქართველოში ქრისტიანობის მეორეგზის ქადაგების აუცილებლობას გამნარტება მოუძებნა. რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ (1103) ეფრემის ეს დებულება უცილობელ ჭეშმარიტებად ცნო და დააკანონა.

ანდრია პირველწოდებული იყო იესოს პირველი მოწაფე რომელიც იქნა ამორჩეული (მათ.4:18). ანდრია კაპერნაუმში ცხოვრობდა და თევზაობდა გალილეის ტბაში. გადმოცემის თანახმად ანდრია და იოანე ზებედესი იყვნენ წმინდა იოანე ნათლისმცემელის მოწაფეები.

ხვალისა დღე დგა კუალად იოვანე და მოწაფეთა მისთაგანნი ორნი. და მიჰხედა იესუს, ვიდოდა რაჲ იგი, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ. და ესმა მისი ორთა მათ მოწაფეთა, იტყოდა რაჲ ამას, და მისდევდეს იესუს. მოექცა იესუ და იხილნა იგინი, მი-რაჲ-სდევდეს მას, და ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ? ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაბი (რომელი ითარგმანების „მოძღუარ“), სადა იყოფი? ჰრქუა მათ: მოვედით და იხილეთ. და მივიდეს და იხილეს, სადა იყოფოდა, და მის თანა დაადგრეს მას დღესა შინა. ჟამი იყო ვითარ მეათე. იყო ანდრეა, ძმაჲ სიმონ-პეტრესი, ერთი ორთაგანი, რომელთა ესმა იოვანესგან, და მისდევდეს მას. პოვა ამან პირველად ძმაჲ თჳსი სიმონ და ჰრქუა მას: ვპოეთ მესია, რომელ არს თარგმანებით: „ქრისტე“. ამან მოიყვანა იგი იესუჲსა. მიხედა მას იესუ და ჰრქუა: შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების „კლდე“.

— (იოან.1:35-41)
წმ. პეტრე და ანდრია მოციქულების ხატი

სულთმოფენობის შემდეგ მოციქულებმა კენჭი ყარეს თუ ვის სად ექადაგა. ანდრია მოციქულს ქადაგება წილად ხვდა: შავი ზღვის სანაპირო, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი და სკვითეთი (დღევანდელი რუსეთი).

პირველი მისიონერული მოგზაურობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადმოცემის თანახმად თავიდან მოციქული ქადაგებდა იუდეას სამარიაში, ასევე ღაზაში. ღაზადან გადავიდა პალესტინის ქალაქ ლიდაში (სადაც შემდგომში მოწამეობრივად აღესრულა წმინდა გიორგი). შემდგომ გადავიდა ანტიოქიაში და იქიდან ედესაში (ქ. ურფა, თურქეთი). გ. 36 წელს წმინდა ანდრია მოციქული გადავიდა ბიზანტიის ბერძნულ ქალაქში, რომელიც შემდგომ გახდა კონსტანტინეპოლი. აქ მან დაადგინა ეპისკოპოსად სტაქო სამოცდაათაგანი. შემდგომ იქადაგა კაპადოკიაში, გალატიაში, ასევე იყო ბერძნულ პონტოს სამეფოში (დღევანდელი ჩრდ. თურქეთი), ხოლო შემდეგ გაემართა საქართველოში და შემდეგ სომხეთში. ამით თავისი ქადაგება დაასრულა და დაბრუნდა იერუსალიმში.

მეორე მისიონერული მოგზაურობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მისიონერული მოგზაურობისას, მოციქული იერუსალიმიდან ანტიოქიაში გაემართა, შემდეგ ჩაჯდა გემში, რომელიც მიდიოდა ეფესოში, რათა შეხვედროდა იოანე მოციქულს. გზად მან რამდენიმე დღე დაჰყო კვიპროსზე (იმ ადგილს დღესდღეობით წმ. ანდრიას კონცხი ეწოდება). როცა კუნძულზე მოწყურებული მგზავრები ღელვამ მოიცვა, რადგან წყლის რესურსები გემში ამოწურულიყო, მაშინ წმინდა ანდრიამ მხურვალე ლოცვის შემდგომ სასწაულებრივად კლდიდან წყარო გამოადინა. ეფესოს შემდეგ დაბრუნდა ანტიოქიაში, აქედან გადავიდა ნიკეაში, შემდეგ ისევ ეწვია პონტოს და საქართველოს. საქართველოში ქადაგების შემდეგ მოციქული გაემართა პართეთში. გზად ქურთისტანი უნდა გაევლო და გადასულიყო გედროზიას უდაბნოში (ბალოხისტანი) - ახლანდელი პაკისტანი-ირანის საზღვრის ახლოს. მაშინ იქ კინოკეფალები (ძაღლისთავიანი ადამიანები) ცხოვრობდნენ. სირიული ტექსტების თანახმად, პირველად იხილა რა წმინდა ანდრიამ ეს ხალხი, შეშინდა, თუმცაღა შემდგომ მიხვდა, რომ იქ მისი ყოფნა ღვთის ნება იყო. სირიული წყაროები მოგვითხრობს, რომ შემდეგ წმინდა ანდრია პაკისტანის და ავღანეთის გავლით მოხვდა სოგდიანში (თანამედროვე სამარყანდი და ბუხარა). ბოლო დრომდე ამ ფაქტის აღქმა შეუძლებელი იყო, რადგანაც ისმებოდა შეკითხვა - რანაირად შეეძლო მოციქულს ამხელა გზის გავლა. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ აბრეშუმის გზას, ეს ყველაფერი სავსებით შესაძლებელი ხდება. ყველა ძველი მკვლევარი ერთხმად ამტკიცებდა, რომ წმინდა ანდრია იყო ცენტრალურ აზიაში, თუმცაღა კონკრეტული მასალები ჩვენამდე მოღწეული არ არის. უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს სამი სხვადასხვა წყარო, რის საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანდრია მოციქული იმყოფებოდა და ქადაგებდა დასავლეთ ჩინეთსა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში. პირველი გადმოცემა ყაზახეთიდანაა, მეორე სირიიდან ხოლო მესამე აქვთ ბულგარებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ეწეოდნენ რა მომთაბარე ცხოვრებას, საბერძნეთის გავლით დასახლდნენ იტალიასთან ახლოს. სადაც მათ მრავალი ტაძარი ააშენეს ანდრია მოციქულის სახელზე. როგორც ამტკიცებს IX საუკუნის მწიგნობარი ეპიფანე კონსტანტინეპოლელი, ანდრია მოციქული იყო ჩინეთის ჩრდილოეთითაცო, სკვითებისა და მასაკების მიწაზე (ტერიტორია მონღოლეთს, ყაზახეთსა და ალტაის შორის, საიდანაც შემდგომ წამოვიდნენ ბულგარები და თურქები). ასევე არსებობს გადმოცემა, რომ წმინდა ანდრიამ იქადაგა ალტაიში, საიდანაც სტეპების გავლით გაემართა კასპიის ზღვისკენ, სადაც უქადაგა სახარება ალანებს. იქიდან გაემართა ქურთისტანში, სადაც შემთხვევით გადაურჩა მოწამეობრივ სიკვდილს. იქიდან კი დაბრუნდა იერუსალიმში.

მესამე მისიონერული მოგზაურობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადმოცემას თუ დავუჯერებთ, ანდრია მოციქული თავის მესამე მისიონერულ მოგზაურობაში გაემგზავრა მოციქულთა პირველი კრების შემდეგ გ.49 წელს. აფრიკის ქვეყნებში მის მოგზაურობას გვამცნობს ეთიოპიური კოპტური წყარო, ასევე ბერძნული აპოკრიფები, რომლებმაც მხოლოდ გრიგოლ ტურელის ძალისხმევით მოაღწია ჩვენამდე, რომელმაც შერწყა რა ეს ინფორმაცია, გადმოსცა ლათინურ ენაზე. წესით, ანდრია მოციქულს არ უნდა ექადაგა აფრიკაში, რადგანაც ეს მისი წილხვედრი მხარე არ იყო, ეტყობა საამისოდ მიზეზი არსებობდა. მას, როგორც ცნობილია წილად ერგო: ვიფინია, საბერძნეთი და აღმოსავლეთ სკვითეთი. კოპტური წყაროებიც იუწყებიან, რომ ანდრია მოციქული დადიოდა ბერბერების მიწაზე, მაგრამ კონკრეტულად რომელ ადგილებზეა საუბარი, რთული სათქმელია, რადგანაც ბერბერებით დასახლებული იყო ეგვიპტე - სიბას ოაზისში, მაროკო, მავრიტანია, მალი და ნიგერია. ბერბერები იყვნენ თანამედროვე კაბილების (ტუარეგები) წინაპრები, რომლებიც ალჟირში ცხოვრობდნენ. კოპტური აპოკრიფის მიხედვით ანდრია მოციქული გაემართა ანტროპოფაგების (კაციჭამიები) ქვეყანაში მოციქულ მათეს გამოსახსნელად. კონკრეტულად კი დიდი ტბების რაიონში (ტანზანია, უგანდა, რუანდა, კონგო) და გაემართა ზიმბაბვეს ახლოს მდებარე ხევისკენ. თუმცაღა აპოკრიფში ზოგჯერ მოციქულ მათეს მაგივრად მატათა მოციქული მოიხსენიება (შესაძლოა მსგავსების გამო. მათე-MATHEUS-Матфее და მატათა-MATHIAS-Матфий). მატათა მოციქული კი, როგორც ცნობილია რომ გაემგზავრა საქართველოში, ხოლო მათე მოციქული კი ალექსანდრიასა და ეთიოპიაში. ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ „კაციჭამიების ქვეყანა“ მართლაც არსებობდა შავი ზღვის პირას, იგი მდებარეობდა პონტოში - სინოპის რაიონში (ჩრდ. თურქეთი). აქვე უნდა გავიხსენოთ სახელი „მეორე ეთიოპია“, რომელიც მატათა მოციქულის ცხოვრებაშია აღნიშნული. აპოკრიფზე დაყრდნობით გადაჭრით რთული სათქმელია, იყო თუ არა ანდრია მოციქული აფრიკის სიღრმეში, რადგანაც მოციქული ანდრია მოიხსენიება აფრიკის ქვეყნების მხოლოდ ეთიოპიურ წყაროებში. თუ დავეყრდნობით ამავე აპოკრიფს, ანდრია მოციქულმა გაათავისუფლა დატყვევებული მოციქული და დაამხო მიქაელ მთავარანგელოზის ძალით მათი უძლეველი კერპი, რის შემხედვარე ხალხი მოიქცა და მოინათლა. იქიდან კი ანდრია მოციქული თავისუფლად შეიძლებოდა ,დაბრუნებულიყო ეთიოპია-ნილოსის გავლით იერუსალიმში.

მეოთხე მისიონერული მოგზაურობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ, ანდრია მოციქულმა დატოვა იერუსალიმი და გაემგზავრა თავის ბოლო მოგზაურობაში. გადმოცემით ცნობილია რომ, ის ისევ ეწვია პონტოს სამეფოს, მერე გადავიდა საქართველოში და გაემართა აზოვის ზღვისკენ, იქიდან გადავიდა ყირიმში და ზევით აყვა დნეპრს ვიდრე კიევამდე; ასევე შავი ზღვისპირეთის სკვითების ქვეყნებში. ყირიმში სევასტოპოლისა და ხერსონის ბერძნებთან დააარსა ქრისტიანული ეკლესია. დნეპრისპირეთიდან, სადაც ახლა დგას კიევი, უნდა გამგზავრებულიყო ჩრდილოეთით სადაც, დღესდღეობით მდებარეობს მოსკოვი, ნოვგოროდი, და ლადოჟის ტბის მიმართულებით ვალაამისკენ. ადგილობრივი გადმოცემის მიხედვით, მოციქული იყო სალოვკის კუნძულზეც, თუმცაღა ამის მტკიცებულება არ არსებობს. სავარაუდოდ ვალაამიდან გაემართა ბალტიის ზღვისკენ; იქიდან შოტლანდიაში და თანამედროვე პოლონეთისა და სლოვენიის გავლით მივიდა რუმინეთში, სადაც მან დაყო ოცი წელი. რუმინეთიდან კი გაემგზავრა ხერსონი-ყირიმში, სინოპში, მაკედონიაში, ეპირში, თესალია, ლამია, ლუტრაკიონსა და კორინთეში.

ნაწყვეტი თეიმურაზ ბატონიშვილის ”ივერიის ისტორიიდან”

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემდგომ ქრისტეს ამაღლებისა მეექვსესა წელსა მოიწვივნეს ესე ორნი მოციქულნი ქრისტესნი პირველ-წოდებული ანდრია და სიმონ კანანელი, რამეთუ უბრძანა წმინდმან ღუთის-მშობელმან, რათა წარვიდნენ ივერიად და მუნ ჰქადაგონ საყვარელი ძეს მისი ქრისტე ღმერთი მხსნელი და მაცხოვარი, წილ-ხდომილსა შინა ქვეყანასა ღუთისა დედისასა. წილხდომილი ქვეყანა ღუთისა დედისა არს ივერია მიზეზითა ამით ვინაითდგან მოუთხრობს საქართველოსა ეკლესიის ისტორია, ვითარმედ ოდეს ამაღლდა ქრისტე ზეცად და საღმრთოთა მოციქულთა ზედა გარდმოვიდა ყოვლად წმინდა სული; მაშინ მოციქულნი განემზადნენ წარსვლად პირსა ზედა ყოველსა ქვეყანისასა და იყარეს წილი მოციქულთა თვს შორის, თუ რომელი რომელსა ქვეყანასა წარვიდეს და ჰქადაგონ სიტყვა ღუთისა. მაშინ ჟამსა მას მუნ იყოფოდა მათთანა დედაცა ღუთისა ქალწული მარიამ და უბრძანა მოციქულთა. „შვილნო ჩემნო საყვარელნო, დასდევთ წილიცა ჩემი შრომისა მიღებად საყუარელსა ძისა ჩემისათვის, რათა ვქადაგო სახელი მისი, რომელსაცა ადგილასა მხდების მე წილი; ხოლო წილთა იგინი მორჩილექმნნეს და დასდევეს წილიცა მისი შორის წილთა თვისთა, წილ იგდეს და ხვდა დედასა ღუთისასა წილად თვსად ივერია (რომელს არს საქართველო). „ხოლო ოდეს წარვიდოდეს მოციქულნი თვითოეულთა კერძოთა, მაშინ ინება შემდგომად წმინდამანცა ღუთის მშობელმან წარსვლა ივერიად, რათა ჰქადაგოს სიტყვა იგი ღვთისა, ძეი და ღმერთი თვსი და მიიღორა შრომაი მგზავრობისა და განვიდა გარე იერუსალემით და აჰა უფალი იესო, საყვარელი იგი ძეი მისი შეემთხვია წინა და ჰრქვა. „დედაო, გიხარდენ, და ვითარცა იხილა იგი აღეტყინა დედაი ყოვლად წმინდა სიხარულითა და ტრფიალებითა გამოუთქმელითა და ჰრქვა სასურველსა ძესა თვსსა. „მშვიდობა შენდა, ძეო საყვარელო და ღმერთო ჩემო, მე აღტყინებული დედა სახელისა შენისათვის წმინდისა განმფენად მივალ მე უცხოთა შორის ნათესავთა, რათა ვაცნო მათცა მოწყალებანი უსაზღვრონი, შენ მიერ მონიჭებულნი ცხოვრებად სოფლისა და სიყვარულისათვის შენისა არა ცრიდო მე, არცა ერთსა ჭირსა და შრომასა გზისასა“. მაშინ მიუგო მას უფალმან და ჰრქვა. „დედაო, სიტკბოებაო სოფლისაო, კმა არს შრომა ეგეშენი და გულს მოდგინება სიყვარულისათვის მხოლოდშობილისა ძისა შენისა და აწ ვითხოვ მე შენ მიერ, რათა დაადგრე აქავე იეროსალემს ვიდრემდის მიგიყვანებდე შენ დიდებასა შინა მამისა ჩემისასა და ყოვლად წმინდისა სულისასა ჩემთანა განუშორებელად: ხოლო ნაცვლად შენსა უბრძანე მოციქულსა ანდრიას და სიმეონს ერდგულთა მოწაფეთა ჩემთა და იგინი წარვიდენ, სადაცა გენებოს და მუნ მრავალთა და არცა შევიდა ქალაქსა შინა მცხეთისასა; არამედ პირისპირ მცხეთისა გაღმად მდინარისა არაგვსა აღვიდა მთასა მას ზედა, რომელსაცა ზედა არს მონასტერი ჯვარისა ცხოველს მყოფელისა (რომელსაცა ჯაჭვის მონასტრად სახელ-ედების) და მწვერვალსა მას გორისასა აღმართა ჯვარი და დაუტევა და წარვიდა მუნით კახეთისა კერძოთა და შევიდა შინაგან კახეთისა, განხდა მდინარესა დიდსა იორსა (ესე იგი ალაზნისა მდინარესა და მოვიდა გრემს და აღმართა მუნცა ჯვარი მცირესა მას მწვერვალსა ზედა გორისასა, სადა იგი არს აქ ეკლესია მიხაილ-მთავარ-ანგელოზისა, რომელი იყო ძველად მონასტერი და არს იგი სამარხვო მეფეთა და მუნით გაღმამხხრის გზით კავკასიურით გზით, განვლო დიდოეთი და მრავალნი ადგილნი ლეკთანი მოვლნო და ჰქადაგა ადგილთა მათ და ანდრიად წოდებულსა ქალაქსა შინა კავკასიურსა ჰქადაგა სიტყვა ღუთისა (მუნ ჟამითგან ეწოდა ადგილსა მას ანდრია), მუნით მოიქცა ქრისტეთის გზით და მოვიდა ფევსა მთიულეთისასა ლომეკის მდინარესა ზედა (რომელსა აწ სახელ-სდებენ თერგად) და აღვიდა ძირსა საშინელისა მის კავკასიურისა მთისა, რომელსა ეწოდების მყინვარი (რომელსაცა ზედა ჰგიან საუკუნითგანნი მყინვარნი და თოვლნი განუზომელნი) მაღალსა მთასა ზედა, სადა იგი არს ადგილსა მას დაბა და ადგილსა მას, სადა იგი ჯვარი აღმართა ეკლესია დიდი მონასტერი წმინდისა მოციქულისა პირველ-მოწამისა სტეფანესი.

მოწამეობრივი აღსასრული

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ანდრია მოციქულის წამება (ნიურემბერგის ქრონიკა, 1493)

უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, ქალაქი პატრა (საბერძნეთი) იყო, წმიდანის ლოცვით, ამ ქალაქში უამრავი ადამიანი განიკურნა და მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ ნეტარი. წმინდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმიდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღმრთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმიდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. თუმცაღა მეომრები დიდხანს ცდილობდნენ მის ჩამოხსნას მაგრამ ამაოდ. სიკვდილის წინ წმინდა ანდრიამ დალოცა მის წინ შეკრებილი მორწმუნეები და მიაბარა თავისი ნეტარი სული ღმერთს. ეს მოხდა 62 წელს.

მოციქულის წმინდა ნაწილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წმ. ანდრია მოციქულის თავის ქალა და ჯვარი რომელზეც გააკრეს. ქ. პატრა, წმ. ანდრიას ეკლესია.
ქ. ამალფის ტაძარი, რომელშიც წმ. ანდრია მოციქულის ნაწილები ინახება
შოტლანდიის დროშა, რომელიც ანდრიას სამახსოვროდ ზედ მის ჯვარს ატარებს

წმინდა ანდრია მოციქული თავდაპირველად, 62 წელს დაკრძალული იყო ქ. პატრაში (საბერძნეთი), სადაც ეგაეტის ბრძანებით წმინდანი ჯვარს აცვეს. 357 წელს კონსტანტინე დიდის ვაჟმა - კონსტანციუსმა, წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენა კონსტანტინოპოლში, ლუკა მახარებელისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით. IX საუკუნის მეორე ნახევარში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა დააბრძანეს ქ. პატრას წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიაში. 1460 წელს, ოსმალთა იმპერიის მიერ მცირე აზიის ტერიტორიების დაპყრობის გამო, პატრას არქონტმა თომა პალეოლოგმა სიწმინდის გადარჩენის მიზნით, წმინდა ანდრიას თავის ქალა გადააბრძანა რომში, სადაც ის იყმყოფებოდა 1964 წლამდე. დღესდღეობით წმინდა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა დაბრძანებულია მოციქულის წამების იარაღის - ჯვრის გვერდით ქ. პატრას წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიის საკურთხეველში. ანდრია მოციქულის წმინდა ნაწილების ძირითადი ნაწილი ათონიის მთაზე იმყოფება: მკლავი X საუკუნიდან დაბრძანებულია წმინდა ათანასეს ლავრაში, ერთი ტერფი ინახება ელია წინასწარმეტყველის სავანეში, ხოლო მეორე ტერფი, წმინდა ათონის წმინდა პანტელეიმონის მონასტერში. წმინდა ანდრიას მარჯვენა მკლავი XVI საუკუნიდან დაბრძანებულია მოსკოვში, კრემლის ხარების ეკლესიაში. ვენეციაში წმიდა ანდრია პირველწოდებულის წმიდა ნაწილები 1208 წლიდანაა დაბრძანებული, რომლებიც ჯვაროსნებმა კონსტანტინეპოლის წმიდა მოციქულთა სახელობის ეკლესიიდან გაიტაცეს. 2002 წლის 15 აგვისტოს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები საჩუქრად გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს. იგი საქართველოში ჩამოაბრძანეს ვატიკანის ნუნცმა კლაუდიო გუჯეროტიმ და ვენეციის კარდინალმა მარკო ჩემ.

აპოკრიფული ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • „Деяния Андрея“,
  • „Деяния Андрея и Матфея между людоедами“,
  • „Деяния Петра и Андрея“
  • ჯავახიშვილი ივ., ანდრია მოციქულის და წ-ა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში, «მოამბე», 1900, № 6

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Calendarium Romanum: Ex decreto Sacrosancti Œcumenici Concilii Vaticani II instauratum auctoritate Pauli PP. VI promulgatum. Editio typicaCivitas Vaticana: Typis Polyglottis Vaticanis, 1969. — გვ. 31.