ნიკოლოზი (მახარაძე)
მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ერისკაცობაში ღენტორ (შინაურულად ხუტა) მახარაძე; დ. 28 ივნისი, 1932 — გ. 5 ივლისი, 2008) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1932 წლის 28 ივნისს ქუთაისში. ქუთაისის #1 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1954 წელს სწავლა განაგრძო ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე რუსული და ინგლისური ენების სპეციალობით, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1959 წელს. 1959–1971 წლებში მუშაობდა იმავე ინსტიტუტში ინგლისური და რუსული ენების ლექტორად.
1972 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1975 წელს და სემინარიაში დაიწყო მუშაობა ჰომილეტიკისა და ეკლესიის ზოგადი ისტორიის ლექტორად. 1977 წლის იანვარში ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილიამ აკურთხა ჯერ დიაკვნად და შემდეგ მღვდლად განაწესა სოხუმის საკათედრო ტაძარში. 1977 წლის მაისში აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.
1978 წლის 8 თებერვალს გამორჩეულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად. 19 თებერვალს შესრულდა არქიმანდრიტ ნიკოლოზის ეპისკოპოსად ხელდასხმა. 1978 წლის ოქტომბერში მეუფე ნიკოლოზი, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელი, იმყოფებოდა რომში პაპის იოანე პავლე I-ის დაკრძალვაზე და შემდეგ ახალი პაპის იოანე პავლე II-ის აღსაყდრებაზე. 1978 წლის 14 დეკემბერს მეუფე ნიკოლოზი აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, 1979 წლის 7 აპრილს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დაჯილდოვა წმიდა გიორგის I ხარისხის ორდენით. 1981 წლის დასაწყისში მას მიეცა მიტროპოლიტობა, 1981 წლის 9 სექტემბერს იგი გადაყვანილ იქნა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტად, 1983 წელს მიტროპოლიტი ნიკოლოზი განთავისუფლდა ქუთათელ-გაენათელობიდან და დაყვანილ იქნა ბერობის ხარისხზე.
გარდაიცვალა 2008 წლის 5 ივლისს, თბილისში. დაკრძალულია ჩუღურეთის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის გალავანში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სერგო ვარდოსანიძე. ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). გვ. 237-239, გამომცემლობა ,,ნათლისმცემელი", თბ. 2010.
- მიტროპოლიტი ნიკოლოზი (მახარაძე) // ვარდოსანიძე, ს. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.) - თბ., 2017. - გვ. 515-645