შინაარსზე გადასვლა

ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ალბ. Kisha Orthodhokse Autoqefale e Shqipërisë


ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გერბი

ინფორმაცია
დამაარსებელი

თეოფან ნოლი

ავტოკეფალია

1912

ადგილი დიპტიქში

მე-12

წინამძღვარი

ანასტასი

რეზიდენცია

ტირანა ალბანეთი

არეალი

ალბანეთი

საეკლესიო ენა

ალბანური, ბერძნული

მრევლი

700 000[1]

ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (ალბ. Kisha Ortodokse Autoqefale e Shqipërisë, ბერძ. Ορθόδοξη Αυτοκέφαλη Εκκλησία της Αλβανίας) — მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესია, უკავია მე–12 ადგილი მართლმადიდებელი ეკლესიის დიფტიქში.

ალბანეთში ქრისტიანობა გავრცელდა III საუკუნიდან, ორი მხრიდან: ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი (გეგები) გაქრისტიანდნენ ლათინთა მიერ, სამხრეთელნი (ტოსკები) — ბერძენთაგან. პირველი საეპისკოპოსო კათედრა დაარსდა X საუკუნეში და მალევე დაექვემდებარა ეპარქიის სახით ბულგარეთის ეკლესიას. XV საუკუნეში ოსმალეთის მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ ალბანელთა უმეტესობა გამაჰმადიანდა. ქრისტიანები ოსმალთა მთელი ბატონობის განმავლობაში კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელ ეკლესიას ექვემდებარებოდნენ.

ალბანეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა ბალკანეთის ომების შემდეგ 1912-1913 წლებში და მაშინვე დაიწყო მოძრაობა ალბანეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის. 1918 წლიდან ამ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა აშშ-დან დაბრუნებული ალბანელი მღვდელი თეოფან ნოლი. 1922 წელს ბერატში შეკრებილმა მართლმადიდებლურმა კონგრესმა ცალმხრივად (კონსტანტინეპოლის დაუკითხავად) გამოაცხადა ავტოკეფალია ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა, რის შემდეგაც ბერძენმა ეპისკოპოსებმა დატოვეს ქვეყანა. 1926 წელს კონსტანტინეპოლმა შესთავაზა ალბანელებს შეთანხმება, რაც ალბანეთის ეკლესიას ავტოკეფალიამდე მიიყვანდა კანონიკური გზით. ეს წინადადება ალბანეთის მთავრობამ უარყო. 1929 წელს ეპისკოპოსმა იოანე ბესარიონმა სერბ მართლმადიდებელ ეპისკოპოსებთან ერთად აკურთხა კიდევ ორი ეპისკოპოსი ალბანეთის ეკლესიისა. ტირანაში დაარსდა ეპისკოპოსთა სინოდი და ეკლესიამ დაამტკიცა თავისი ავტოკეფალია. ამის საპასუხოდ კონსტანტინეპოლმა გამოაცხადა ალბანელ ეპისკოპოსთათვის მღვდელმოქმედების შეჩერება, ალბანეთის ხელისუფლებამ კი, თავის მხრივ, ქვეყნიდან განდევნა კონსტანტინეპოლის წარმომადგენლობა. ფაქტიურად განხეთქილება ჩამოვარდა ორ ეკლესიას შორის, მაგრამ მალე, 1937 წლის 12 აპრილს კონსტანტინეპოლმა სცნო ალბანეთის ეკლესიის ავტოკეფალია. ღვთისმსახურებაში ფართოდ გამოიყენებოდა ბერძნული ენა, 1930 წლიდან კი დაიწყო პროცესი საღვთისმსახურო ტექსტების ალბანურად თარგმნისა. 1937 წელს კორჩში გაიხსნა მართლმადიდებლური სასულიერო სემინარია.

1945 წლის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ ალბანეთში დაიწყო სასტიკი დევნა ყოველგვარი რელიგიური დაჯგუფებებისა. ამ დროისათვის მოსახლეობის 22% მართლმადიდებელი იყო, 10% — კათოლიკე. დაიწყო სასტიკი რეპრესიები სამღვდელოებისა. 1949 წელს გადააყენეს ტირანის მთავარეპისკოპოსი ქრისტეფორე. 1951 წლიდან ეპისკოპოსებად დაიდგინებოდნენ რეჟიმისათვის სასურველი პირები. მაგრამ ალბანეთის ხელისუფლება ამას არ დასჯერდა. ენვერ ხოჯას კომუნისტურმა რეჟიმმა 1967 წელს დაწყებული ათეისტური კამპანიის შედეგად, ისევე როგორც სხვა კონფესიები, მთლიანად გაანადგურა ალბანეთის ეკლესია. აიკრძალა და კანონგარეშე გამოცხადდა ყოველგვარი რელიგიური პრაქტიკა. ტირანის მთავარეპისკოპოსი დამიანე საპყრობილეში ჩასვეს, სადაც გარდაიცვალა 1973 წელს.

1990 წელს დაიწყო კომუნისტური რეჟიმის რღვევა, შეწყდა რელიგიის დევნა. მაგრამ ამ დროისათვის ალბანეთში აღარც ერთი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი არ იყო დარჩენილი. ამიტომაც მსოფლიო საპატრიარქომ, რომელმაც ალბანეთის ეკლესიას კვლავ მიანიჭა ავტოკეფალია, 1991 წლის იანვარში საპატრიარქოს ეგზარქოსად ალბანეთში დანიშნა ანდროსელი მიტროპოლიტი ანასტასი (ათენის უნივერსიტეტის პროფესორი). 1992 წლის 24 ივნისს მსოფლიო საპატრიაქოს წმინდა სინოდმა ანასტასი აირჩია ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსად. აკურთხეს აგრეთვე სამი სხვა ეპისკოპოსი (ეროვნებით ბერძენნი). 1998 წელს აკურთხეს ორი ეპისკოპოსი ალბანური წარმოშობისა.

1992 წლის 24 ივნისიდან ეკლესიას მეთაურობს ტირანისა და სრულიად ალბანეთის მიტროპოლიტი, უნეტარესი ანასტასი (წარმოშობით ბერძენი).

მართლმადიდებელია ალბანეთის მოსახლეობის 20 %. მართლმადიდებელი იყო ალბანეთის პრეზიდენტი 2002–2007 წლებში ალფრედ მოისიუ.

  • გაბიძაშვილი ე., „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, თბილისი, 2007.  გვ. 43, ISBN 978-99940-69-47-7.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]