შინაარსზე გადასვლა

ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკიფორე ირბახი, კრისტოფორო დე კასტელი

ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი–ირუბაქიძე (ნიკიფორე ირბახი) (დ. დაახლოებით 1585 — გ. 1658) — ქართველი სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, მწიგნობარი, პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის ერთ-ერთი გამომცემელი, ქართული არისტოკრატიის ჩოლოყაშვილებისა და არაგვის ერისთავების შთამომავალი.

ნიკოლოზის მამა იყო სარდალი და მარტყოფის მოურავი ომან ჩოლოყაშვილი–ირუბაქიძე; დედა — ბარბარე, არაგვის ერისთავის ასული; ძმა — მარტყოფის მოურავი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი. 8 წლის ასაკში მშობლებმა რომის კათოლიკეთა წმინდა ბასილის სახელობის ბერძნულ სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც საფუძვლიანი განათლება მიიღო, შეისწავლა უცხო ენები. რომში ყოფნისას ბერად აღიკვეცა და საერისკაცო სახელი ნიკოლოზი ნიკიფორეთი შეიცვალა. დაახლოებით 1608 წელს საქართველოში დაბრუნდა და კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის კარის მოძღვარი გახდა. 1614 წელს შაჰ-აბას I-ის საქართველოში ლაშქრობის დროს, იერუსალიმში წავიდა. 1625 წელს ანტისპარსული კოალიციის შექმნის თაობაზე მოსალაპარაკებლად, თეიმურაზ I-ის დავალებით, დიპლომატიური მისიით გაემგზავრა ევროპაში.

ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის მრავალმხრივი მოღვაწეობა მიმართული იყო საქართველოს პოლიტიკისა და კულტურის აღორძინებისკენ. თანამედროვენი მას უწოდებდნენ ბრძენსა და ფილოსოფოსს, რიტორს, „ღირსს ყოვლისა სიკეთისა“. ნიკიფორე ირბახის ცხოვრების გზა წააგავს სულხან-საბა ორბელიანის გზას. თეიმურაზ I-ის დავალებით იგი მიემგზავრება ევროპაში და 1626-1629 წლებში უკვე მოიხსენიება როგორც თეიმურაზის ელჩი პაპ ურბან VIII-ის კარზე. ამ პერიოდშივე იგი ეწვია ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ს, რომელიც მაშინ ევროპაში მიმდინარე ოცდაათი წლის ომშია ჩაბმული. ელჩობას შედეგეი არ მოუტანია, თუმცა ესპანეთის სახელმწიფო საბჭომ 1628 წლის იანვარში ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს გადასცა ფილიპე IV-ის წერილი, რომელშიც ის ატყობინებდა თეიმურაზს, რომ სიამოვნებით მიიღო მისი წინადადება ესპანეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარების შესახებ.

1628 წლის ზაფხულში ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი რომში ჩავიდა. აქ მან ოფიციალურად აღიარა კათოლიკური სარწმუნოება და „კათოლიკედ მიღების ცერემონიაც" შეასრულა. პაპმა ურბან VIII-ემ მამობრივი სიყვარულით მიიღო, თეიმურაზს ალექრსით სავსე წერილი გაუგზავნა და შემწეობის აღმოჩენას დაჰპირდა. რომში ყოფნისას ჩოლოყაშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართული ბეჭდვითი წიგნის გამოცემაში. რომაელმა პატრებმა, მისი უშუალო მონაწეილეობით დაამზადეს მხედრული შრიფტი და კათოლიკური სარწმუნოების გამავრცელებელი კონგრეგაციის სტამბაში დაიწყეს ქრთული წიგნების ბეჭდვა. რომის ეკლესიის მიზანი იყო, ამ წიგნებით დახმარებოდა მართლმადიდებლურ ქრისტიანულ საქართველოში შემოგზავნილ თავის კათოლიკე მისიონერებს, უფრო ადვილად დაემყარებინათ კავშირი ხალხთან. 1629 წელს გამოიცა „ქართულ–იტალიური ლექსიკონი" ( Dttionario Giorgiano). წიგნის სათაურში აღნიშნულია, რომ ლექსიკონი შედგენილია „სტეფანო პაოლინის მიერ ქართველის, წმიდა ბასილის წესის ბერის ნიკიფორე ირბახის დახმარებით, სახმარებლად სარწმუნოების გამავრცელებელ სასულიერო კონგერაციის მისიონერთათვის". ეს იყო არა მარტო პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი, არამედ 3086 სიტყვისაგან შემდგარი პირველი ქართული ლექსიკოგრაფიული ნაშრომიც. ნიკიფორეს აქტიური მონაწილეობით იმავე წელსვე დაისტამბა არანაკლებ მნიშვნელოვანი მეორე წიგნი — "ქართული ანბანი ლოცვანითურთ" (Litania Lauretana).

ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი რომში დიდხანს არ დარჩა. 1629 წელს საქართველოში დაბრუნდა თეატინელთა ორდენის მისიონერებთან ერთად და იმავე წელს გახდა მეტეხის ტაძრის წინამძღვარი. მაშინდელი მიმოწერა მისიონერებს, პაპსა და ქართველ მეფეს შორის ადასტურებს, რომ ნიკიფორე ირბახი შუამავლობდა ურბან VIII-სა და თეიმურაზ I-ს შორის ქართული ეკლესიის რომთან შეერთებას (ე.წ. უნიას). 1632 წელს, ქართლში როსტომ–ხანის გამეფების შემდეგ, როდესაც თეიმურაზ I-მა იმერეთის სამეფოს შაფარა თავი, ჩოლოყაშვილი სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანის უახლოესი თანამებრძოლი და მისი პოლიტიკური გეგმების სულისჩამდგემელი გახდა. მისიონერები მას დადიანის კარის სახლთუხუცესად იხსენიებენ. იგი მფარველობას უწევდა კათოლიკე მისიონერებს, ხედავდა რა მათში საქართველოს დასავლეთ ევროპასთან დამაკავშირებელ ერთ–ერთ მძლავრ საშუალებას. მეგობრობდა ჯუზეპე ჯუდიჩისთან, არქანჯელო ლამბერტთან და კრისტოფორო დე კასტელთან. ეხმარებოდა მათ მორალურად და მატერიალურად. რის გამოც პაპის კონგრეგაცია ფრიად ემადლიერებოდა.

ლითონის დისკო წარწერით

1642 წლის ბოლოს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა დატოვა სამეგრელო და იერუსალიმს გაემგზავრა. 1643-1649 წლებში ის იყო იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და გოლგოთის ქართველ ბერთა წინამძღოლი. ზუსტად ამ პერიოდში მიჰყო ხელი მან წმინდა მიწაზე ქართველთა უმთავრესი სავანის — ჯვრის მონასტრის შეკეთება-განახლებას. ამის სამახსოვროდ ჯვარის მამამ მთავარ ტაძარში რამდენიმე მოსახსენიებელი წარწერა დატოვა. მათ შორის, ბრინჯაოს დისკოზე, რომელიც ეკლესიის შუაგულში, ზუსტად გუმბათის ქვეშ, იატაკის მოზაიკურ წყობაში იქნა ჩართული. 55 სმ დიამეტრის დისკოს წრიულად გასდევდა ლამაზი ასომთავრული ხელრთვით (ასოთა სიმაღლე 15 სმ სიმაღლის) შესრულებული, ალაგ-ალაგ დაქარაგმებული წარწერა: „მ(ა)მ(ა)ნო, დეგით მტკიცედ და შეურყევლად და მომიხსენ(ე)თ მე, ც(ოდვილ)ი ჯ(ვარის მამა)ი ნიკ(იფორე), ქ(ორონი)კ(ონ)სა ტკა(1643 წ.)“.

1650 წელს ის საქართველოში ბრუნდება. ჯერ იმერეთის სამეფოს კარზე იმყოფებოდა, შემდეგ კვლავ ლევან II დადიანთან, რომლის ხელისშეწყობითაც 1656-1657 წ. სამეგრელოსა და აფხაზეთის კათოლიკოსი ხდება. სამეგრელოში მოღვაწე თატინელთა ორდენის ბერების პრეფექტი ჯუზეპე მარია ძამპი წერდა: „დღევანდელი სამეგრელოს ბერები... ათონის მთიდან მოდიან და, იერუსალიმისათვის შეწირულობის შეგროვების საბაბით, რჩებიან ამ მხარეში.... ზოგი მათგანი თავშესაფარს პოულობს ქართველი ბერის, სახელად ნიკიფორე ირბახის სახლში, რომელსაც ჩვეულებრივად ნიკოლოზ ბერს უწოდებენ. იგი საქართველოში ერთ–ერთი უწარჩინებულესი გვარის წარმომადგენელია. არის 70 წლისა. აქვს არქიმანდრიტის, ანუ წინამძღვრის ხარისხი. მას უწოდებენ ჯვრის მამას, ხალხი მას დიდ პატივსა სცემს. სამეგრელოს მთავრები მას თავის ვეზირად ან ელჩად ნიშნავენ, რადგან იგი კარგად არის გარკვეული პოლიტიკაში და მრავალჯერ ყოფილა იერუსალიმში, შემოვლილი აქვს ევროპა".

1657 წელს, ლევან II დადიანის გარდაცვალების შემდეგ სამეგრელოს სამთავრო ვამეყ III-მ მიიტაცა და ოდიშის ახალი მთავარი გახდა, რისთვისაც ნიკოლოზმა საჯაროდ შაჩვენა. ვამეყ III-ემ დააპატიმრა ყველა, ვინც მის ბატონობას არ სცნობდა, მათ შორის ნიკიფორე ირბახიც. მან მღვდელმთავარი კათალიკოსობიდან გაადაყენა და დილეგში ჩაამწყვდია, სადაც აღესრულა კიდეც 1658 წელს.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

  • თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფ., 1902;

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]