ქართველი ებრაელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თბილისის სინაგოგა

ქართველი ებრაელებიებრაელი ხალხის ეთნოლინგვისტური ჯგუფი.[1] ქართულ ლიტერატურაში ტერმინი იხმარებოდა XI საუკუნიდან.[1] XIX საუკუნეში ტერმინმა მიიღო ფართო გავრცელება რუსეთის იმპერიაში. საქართველოს ებრაული თემი მნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობს საერთაშორისო ებრაული ორგანიზაციების მხრიდან. მას მხარს უჭერს „ამერიკის ებრაელთა გაერთიანებული კომიტეტი“ (დაარსებული 1914 წელს). ფუნქციონირებს ებრაული კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი, რომელიც დაარსდა 1993 წელს. მისი მხარდაჭერით გამოიცემა ჟურნალი „ნაბიჯი თორისკენ“. საქართველოს თავარი რაბინია არიელ ლევინი. საქართველოში დაახლოებით 4 ათასამდე ებრაელი ცხოვრბს. მათი 80% სეფარდია, დანარჩენი კი აშქენაზი. მოქმედებს თბილისის, ბათუმის, ონის, სურამის, გორის, ქუთაისის და ახალციხისა სინაგოგები. თბილისში მოქმედებს საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი. ქართველი ებრაელები საუბრობენ ქართულ ენაზე, თუმცა ვაჭრებში შეიქმნა ქართულ-ებრაული ენა ყივრული.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი ქართული საისტორიო მწერლობის მიხედვით ებრაელები საქართველოში მივიდნენ ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალმის დარბევს შემდეგ, ძვ. წ. VI საუკუნეში. მათ მცხეთაში მამასახლისისგან აიღეს მიწები ხარკით და დასახლდნენ მის გარეუბან ზანავში. „მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვით ებრაელთა ნაწილი ქართლში მივიდა ძვ. წ. 169 ბარ-კოხბას აჯანყების დამარცხების შემდეგ. ებრაელების ახალი ტალღა საქართველოში გაჩნდა ახ. წ. I საუკუნეში, ვესპასიანეს მიერ იერუსალიმის დარბევის შემდეგ. ებრაელებმა განსაკუთრებული როლი შეასრულეს საქართვლოში მონოთეიზმის იდეის გავრცელებაში. „მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვით მცხეთელი ებრაელი ქალი სიდონია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი წმინდანია, ხოლო ქართველი ებრაელი ელიოზ მცხეთელი არის საქართველოში უფლის კვართის ჩამომტანი.

ფეოდალური ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

IV საუკუნეში მცხეთის გარდა ებრაელები ცხოვრობდნენ ურბნისში, ბოდბეში, კოდისწყაროსა და ხობისში. მცხეთის იმ უბანს, სადაც ებრაელები ცხოვრობდნენ „უბანი ჰურიათა“ ეწოდებოდა. მათ ჰქონდათ საკუთარი სინაგოგები. ამ დროს იბერიაში თანაბრად გავრცელებულ ექვს ენას შორის იყო ებრაული ენაც. თუმცა საქართველოში მცხოვრებმა ებრაელობამ ადრევე შეითვისა ქართული ენა და ქართული ადათ-წესები. აღმოჩენილია III-IV საუკუნეების ებრაელთა ეპიგრაფიკული ძეგლები ნებრაულ და არამეულ ენებზე მცხეთასა და ურბნისში. საქართველოში ჩამოსულმა წმინდა ნინომ პირველად ებრაელთა სინაგოგას მიაკითხა და პირველად ისინი გააქრისტიანა. VI საუკუნეში ებრაელთა კიდევ ერთი ჯგუფი, ამჯერად ბიზანტიის იმპერიიდან დაიძრა და ჯერ დასავლეთ, შემდეგ კი აღმოსავლეთ საქართველოში დამკვიდრდა. IX საუკუნის მიწურულს საქართველოში წარმოიქმნა იუდაისიტური სექტა, რომელიც გალახას ზოგიერთ პუნქტს უარყოფდა, მათ შორის სქესობრივ ცხოვრებასთან და საკვების აკრძალვასთან დაკავშირებულ დებულებებს. მისი დამფუძნებელი აბუ იმრან მოშე საქართველოში ბაბილონიდან ჩავიდა. მისმა სექტამ დაახლოებით 300 წელს იარსება. X საუკუნეში საქართველოში დაბინავდა ხაზართა სახაკანოს დაცემის შემდეგ სლავებისგან დევნილი ხაზარი ყარაიმი იუდეველების ერთი ნაწილი. საქართველოსაც შეეხო ამ პერიოდის დაპირისპირება რაბინულ-თალმუდისტურ და ყარაიმულ იუდაიზმს შორის. საბოლოოდ ქართველი ებრაელები თალმუდისტური იუდაიზმის ერთგულები დარჩნენ. შუა საუკუნეებში ქართველი ებრაელები აღმოსავლეთის ებრაელობის რელიგიურ ცენტრთან ბაღდადთან ინარჩუნებდნენ ურთიერთობას. X საუკუნეს მიეკუთვნება ლაილაშის ბიბლია, რომელსაც ებრაულთან ერთად ქრისტიანული მოსახლეობაც სასწაულმოქმედ ძალას მიაწერდა.

XIII საუკუნეში მონღოლთა ბატონობის დროს ებრაელები აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოდან დასავლეთში გადავიდნენ და იქ ახალი თემები ჩამოაყალიბეს. მარკო პოლო, რომელმაც თბილისი მოინახულა 1272 წელს, წერდა რომ თბილისში ცხოვრობდნენ ძირითადად ქრისტიანი ქართველები და სომხები, აგრეთვე მუსლიმები და ებრაელები.

ონის სინაგოგა

XIV საუკუნეში ებრაული თემი გაძლიერდა ქალაქ გაგრაში. ამ დროს გაგრაში ცხოვრობდა სწავლული ფილოლოგი რაბინი იეჰუდა ბენ იაკობი, რომელიც იყო გადამწერი ებრაული გრამატიკისა, რომელსაც ყარაიმული გრამატიკული სკოლის გავლენა ეტყობა. XIV საუკუნეში ქალაქ თავრიზში მოღვაწეობდა იეშა-იაჰუ ბენ იოსებ თბილელი, რომელმაც 1330 წელს დაწერა „სამოთხის წიგნი“. სოფელ ბრეთში ინახებოდა 1513 წელს სალონიკში გადაწერილი ე.წ. ავალიშვილების ბიბლია. გვიანფეოდალურ ხანაში ებრააელების სამოსახლო ადგილები იყო ქართლში სურამი, ალი, ბაზალეთი, ცხინვალი, არაგვისპირი, ატენი, ძეგვი, ხერკი, კასპი, კავთისხევი, მესხეთში ფანასკერტი, არტანუჯი, ახალქალაქი, ახალციხე, კახეთში ბოდბისხევი, ზემო ხოდაშენი, ველისციხე, ურიათუბანი, საგარეჯო, დასავლეთ საქართველოში ქუთაისი, ვანი, კულაში, ფოთი, ბანძა, სენაკი, ოზურგეთი, ონი, ლაილაში, ხოტევი. ებრაელები კონცენტრირებულად ცხოვრობდნენ სინაგოგის ირგვლივ, რადგან სინაგოგა წარმოადგენდა მათი როგორც რელიგიური, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრს. თბილისში ებრაელთა უბანი მდებარეობდა ფეთხაინის ძირში, სიონთან ახლოს. აქ მდებარეობდა თბილისის ჰურიათა ბაგინი.

საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის დამდეგს საქართველოს ტერიტორიაზე დასახლდნენ ოსმალეთს იმპერიიდან გადმოსული არამეელი ებრაელები – ლახლუხები. ამავე პერიოდში გადმოვიდნენ ებრაელები სპარსეთიდან. ევროპელი ებრაელები – აშქენაზები – საქართველოს ტერიტორიაზე პირველად გამოჩნდნენ 1804 წელს. XX საუკუნეში თბილისში მცხოვრებმა ებრაელებმა თხოვნით მიიმართეს ტფილისის გუბერნატორს ახალი სინაგოგის აშენების შესახებ. თბილისის დიდი სინაგოგა აშენდა 1905-1906 წლებში და ებრაული მოსახლეობაც მის ირგვლივ ვერცხლისა და კოტე აფხაზის ქუჩის მიდამოებში დასახლდა. XIX საუკუნეში საქართველოდან ისრაელში წასული ხახამებიდან რამდენიმეა ცნობილი. ეფრაიმ ბენ იაკობ ჰალევი კუკია, რომელმაც 1877 წელს იერუსალიმში გამოაქვეყნა რელიგიურ-ფილოსოფიური თხზულებები „ეფრაიმის განმარტებათა კრებული ხუთწიგნეულსა და თორაზე“ და „სიცოცხლის ელექსირი“, ახალციხელი ხახამი იოსებ დავითაშვილი და სიმან ბენ მოშე რიჟნაშვილი, რომელმაც 1892 წელს იერუსალიმში გამოსცა ქართულ-ებრაული სახელმძღვანლო-სასაუბრო.

XIX საუკუნის ბოლოდან საქართველოში გაჩნდა სიონისტური წრეები. სიონიზმის შემომტანი და გამავრცელებლები იყვნენ ძირითადად აშქენაზები. ასეთი წრეები გაჩნდა თბილისში, სოხუმში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთში. 1905 წლის რევოლუციის დროს შეიქმნა ებრაელთა ეროვნული კომიტეტი. 1919 წლის ივნისში ამ კომიტეტმა თავი საქართველოს სიონისტურ კომიტეტად გამოაცხადა. აგვისტოში მან მოიწვია საქართველოს პირველი სიონისტური კონფერენცია. 1903 წელს გამართულ ბაზელის სიონისტურ კონგრესში მონაწილეობდა ქართველი რაბინი დავით ბააზოვი. მასთან ერთად XX საუკუნის დასაწყისში სიონისტურ მოძრაობას ხელმძღვანელობდა ნათან ელიაშვილი (1893-1929). სიონისტებს საქართველოში წინააღმდეგობა შეხვდათ მოძრაობა ხაბადის მხრიდან, რომელმაც საქართველოში 1916 წლიდან დაიწყო საქმიანობა.

საბჭოთა პერიოდში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შალომ კობოშვილი, „შეხოტი“ (1940), საქართველოს ეროვნული მუზეუმი

საბჭოთა პერიოდში ქართველ ებრაელთა უმრავლესობა განაგრძობდა სინაგოგაში სიარულს, იცავდა ქაშრუთს, წინადაცვეთის, ქორწინების და დასაფლავების რიტუალებს. 1960-იან წლებში მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გაჩაღდა ბრძოლა ისრაელში დაბრუნებისთვის. ამ ბრძოლაში ჩაებნენ ქართველი ებრაელებიც. 1967 წლის 9 აგვისტოს 18-მა ებრაულმა ოჯახმა მიმართვა გაუგზავნა გაეროს ისრაელში წასვლის უფლების მოსაპოვებლად. პირველებმა ქართველმა ებრაელებმა შეძლეს საბჭოთა ანტისიონიზმის და რკინის ფარდის გარღვევა. 1998 წლის სექტემბერში საქართველოში ფართოდ იზეიმეს თანაცხოვრების 2600 წლისთავი. საქართველოდან ებრაელთა გადინებამ კულმინაციას მიაღწია 1991-1994 წლებში.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართველ ებრაელთა განსახლების არეალი და რაოდენობა
სულ: დაახლოებით 80 000
ისრაელი: 122 068
აშშ: 10 228
საქართველო: 4000
ბელგია: 3 086
რუსეთი: 2 786
აზერბაიჯანი: 740

სოციალური სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართველი ებრაელები საჩხერეში, 1962 წელს

ადრე ფეოდალურ ხანამდე სოციალური სტრუქტურით ქართველი ებრაელები არაფრით არ განსხვავდებოდნენ მათი მეზობელი ქართველებისაგან, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა ბატონყმობის პერიოდში საზოგადოების ყველაზე დაბალ ფენებში მოექცნენ და უუფლებო ყმათა მასას შეადგენდნენ. ისინი ძირითადად მიწათმოქმედებით და ხელოსნობით იყვნენ დაკავებულნი და იჯარას უხდიდნენ თავიანთ ბატონებს (ეკლესიას ან ადგილობრივ ფეოდალებს). მხოლოდ ბატონყმობის გაუქმების შემდგომ დაიწყო მათი კონცენტრაცია ქალაქურ ცენტრებში და ვაჭრობითა და სხვა თავისუფალი პროფესიებით დაკავება. შესაძლებელია ითქვას, რომ ქართველი ებრაელების რელიგიურ-სოციალური სეგრეგაცია ძირითადი ქართული მოსახლეობისაგან აშკარა ფაქტი იყო და საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებში მხოლოდ სიმძაფრეს იცვლიდა. ძალიან მწირი ისტორიული წყაროებია ქართველ ებრაელთა ფაქტობრივ მდგომარეობაზე 18-საუკუნემდე, მაგრამ ნათელია, რომ ქართულ სახელმწიფოებში ებრაელების მიმართ არ ყოფილა რაიმე მიზანმიმართული დევნა ან შევიწროება რელიგიურ ან ეთნიკურ ნიადაგზე. მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის და რუსეთთან შეერთების შემდეგ, როდესაც რუსეთის ადმინისტრაციამ 19 საუკუნის 70-იან წლებში საქართველო გადააქცია ანტესემიტური აქციების პოლიგონად (საჩხერეს ებრაელთა საქმე, შემდომში კი მრავალრიცხოვანი ანტისემიტური ექსცესები დასავლეთ საქართველოში, დაგეგმილი და განხორციელებული ცარისტული უშიშროების სამსახურების მიერ). მიუხედავად ამ ხელოვნურად დანერგილი კონფლიქტების მცდელობებისა, ქართველი ხალხი განსაკუთრებულ ტოლერანტობას ინარჩუნებდა მათი მეზობელი ებრაელების მიმართ. უფრო მეტიც, ქართველი ინტელიგენცია შეუპოვრად ამხილებდა ამ მცდელობებს და ილაშქრებდა მათ წინააღმდეგ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის წერილები, სადაც სჩანს, რომ ამ უდიდესმა მოაზროვნემ ნახევარი საუკუნით ადრე განსჭვრიტა და იწინასწარმეტყველა ევროპელი ებრაელების კატასტროფა.

თვით ქართველი ებრაელები მკვეთრად გამოჰყოფდნენ თავიანთ თავს არა მარტო ქართველებისაგან (რელიგიური ნიშნის მიხედვით), არამედ სხვა არაქართველი ებრაელებისაგან (ეთნიკური ნიშნით). სოციალურად კი ისინი დახურულ კასტას წარმოადგენდნენ და თავიანთ თავს განიხილავდნენ როგორც "ჩვენებურები". საინტერესოა რომ ამავე ტერმინით გაემიჯნებოდნენ ქართველი მუსლიმი ქრისტიანი ქართველებისაგან. ამის მიუხედავად, ქართველი ებრაელები განუმეორებლივად ერთგული რჩებოდნენ საქართველოს სამეფო კარის და ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ. უფრო მეტიც, საქართველოს პერიფერიულ რაიონებში ისინი ქართული სახელმწიფოებრიობის, ქართული ენისა და კულტურის ძირითად საყრდენადაც გვევლინებოდნენ ისტორიის გარკვეულ პერიოდებში (მაგალითად, ცხინვალის და ახალციხის მოსახლეობის თითქმის ნახევარს ქართველი ებრაელები შეადგენდნენ) რუსული და ოსმალური ოკუპაციის პირობებში. ასევე იყო შუა საუკუნეების აფხაზეთში (გაგრის ქართული ებრაული თემი). ქართველ ებრაელთა ეთნოპოლიტიკური ინტეგრაციის ხარისხი ქართულ სახელმწიფოში იმდენად დიდი იყო, რომ ისინი შესაძლოა ქართველი ხალხის განუყოფელ ეთნორელიგიურ ნაწილადაც განიხილებოდეს. მით უმეტეს, რომ საქართველოში სხვა ასეთი ეთნორელიგიური ჯგუფების წარმოქმნა (მუსლიმი ქართველები, გრიგორიანი და კათოლიკე ქართველები) დამახასიათებელი იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დეზინტეგრაციისა და დაკნინების პირობებში.

საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი

ქართული ნაციონალიზმის წარმოშობასთან ერთად, ქართველი ინტელიგენციის დიდი ნაწილი (ქართული ეთნოცენტრიზმის წარმომადგენლები) ქართველ ებრაელებს განიხილავდნენ როგორც ქართველი ხალხის განუყოფელ ნაწილს. მაგალითად, იაკობ გოგებაშვილი თავის დედა ენას "ყველა სარწმუნოების ქართველთათვის" ქმნიდა; ქართველი სოციალ დემოკრატები კი ქართველ ებრაელებს "მოსეს რჯულის ქართველებად" მიიჩნევდნენ. თუმცა მეოცე საუკუნის დასაწყისში იყო გარკვეული ნაწილი თვით ქუთაისელ ქართველ ებრაელთა შორის (ხანანაშვილების ჯგუფი), რომლებიც ასიმილატორულ რელსებზე იდგნენ და თავს ქართველებად მოიხსენიებდნენ, მაგრამ ამ კონცეფციამ დამარცხება განიცადა ებრაული თვითშეგნებისა და პოლიტიკური სიონიზმის წინაშე, რომელმაც ქართველ ებრაელთა შორის ფეხი 20 საუკუნის 10-ან წლებში მოიკიდა. ამ პროცესებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია საქართველოში ლიტველი და იერუსალიმელი ებრაული სექტების მისიონერულმა საქმიანობამ (რაბი ხვოლესი ცხინვალში, რაბი ელიაშვილი ქუთაისში) 19 საუკუნის დასასრულსა და 20 საუკუნის დასაწყისში.

დღეს ქართველი ებრაელების უმრავლესობა ისრაელშია და მათი ისრაელის სხვა ებრაელ მოსახლეობასთან ინტეგრაციის და ასიმილაციის პროცესი თანდათან ჩქარდება. ის იგივე პროცესია, რომელსაც ადგილი აქვს თურქეთში მუსლიმ ქართველებსა ("ჩვენებურები") და თურქეთის ძირითად მოსახლეობას შორის. სამწუხაროდ, განმანათლებითი ინფრასტრუქტურის უქონლობის გამო ძნელდება ქართული ენისადა და ქართული ტრადიციების მომავალი თაობისათვის გადაცემა, თუმცა აშკარად სჩანს ახალგაზრდების დაინტერესება შეინარჩუნოს ქართული ენა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უცხოენოვანი
  • Skorecki K, Selig S, Blazer S, et al. (1997). "Y chromosomes of Jewish priests". Nature 385 (6611): 32
  • Behar DM, Metspalu E, Kivisild T, et al. (2008). MacAulay, Vincent. ed. "Counting the founders: the matrilineal genetic ancestry of the Jewish Diaspora". PLoS ONE 3 (4): e2062. Bibcode 2008PLoSO...3.2062B. doi:10.1371/journal.pone.0002062. PMC 2323359. PMID 18446216.
  • Thomas MG, Weale ME, Jones AL, et al. (June 2002). "Founding mothers of Jewish communities: geographically separated Jewish groups were independently founded by very few female ancestors". American Journal of Human Genetics 70 (6): 1411–1420. doi:10.1086/340609. PMC 379128. PMID 11992249.
  • Vincenza Battaglia, Simona Fornarino, Nadia Al-Zahery, Anna Olivieri, Maria Pala, Natalie M. Myres, Roy J. King, Siiri Rootsi, Damir Marjanovic, Dragan Primorac, Rifat Hadziselimovic, Stojko Vidovic, Katia Drobnic, Naser Durmishi, Antonio Torroni, Augusta Silvana Santachiara-Benerecetti, Peter A. Underhill, and Ornella Semino. "Y-chromosomal evidence of the cultural diffusion of agriculture in southeast Europe." European Journal of Human Genetics 17 (2009): pages 820-830.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]