შინაარსზე გადასვლა

შალვა ქსნის ერისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა ბიძინა, ელიზბარ და შალვა ერისთავები, მ. საბინინი

შალვა შანშეს ძე ქსნის ერისთავი (გ. 18 სექტემბერი, 1662) — კახეთის აჯანყების (1660) ერთ-ერთი მეთაური.

შალვა იყო ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი, ძე შანშესი, რომელიც საკუთარმა ძმამ იესემ მოაკვლევინა. შალვას ცოლი იყო ზაალ არაგვის ერისთავის ასული ქეთევანი, შვილები — ლარგველი (ჩანს 1683-1690) და დათუნა (ჩანს 1683 — გ. 1717).

1660 წელს იყო კახეთში ირანის ბატონობის წინააღმდეგ მიმართული აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. აჯანყების ჩაქრობის შემდეგ, ქვეყნისთვის მტრის ახალი შემოსევა რომ აეცილებინა, შალვა ქსნის ერისთავი ბიძინა ჩოლოყაშვილთან და თავის ბიძაშვილ ელიზბარ ერისთვისშვილთან ერთად სპარსეთის შაჰს ეახლა. შაჰმა ისინი განჯის ხანს გადასცა, ხოლო განჯის ხანმა კი იმ თურქმანულ ტომებს, რომლებიც კახეთის აჯანყების დროს ამოწყვიტეს. ქართველი დიდგვაროვნები წამებით დახოცეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ელიზბარ ქსნის ერისთავი ჩამოასვენეს და იკორთაში, ერისთავების საგვარეულო მონასტერში დაკრძალეს. ქართულმა ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა. მათი ხსენების დღეა 18 სექტემბერი (ახ. სტ. 1 ოქტომბერი).