ვახტანგ VI

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ვახტანგ VI“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ვახტანგ VI ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ვახტანგ VI

ვახტანგის 1709 წლის სტამბური მინიატურა
ქართლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1716
მმართ. დასასრული: 1724
წინამორბედი: იესე
მემკვიდრე: იესე
ქართლის ჯანიშინი
მმართ. დასაწყისი: 1703
მმართ. დასასრული: 1714
წინამორბედი: ლევან ბატონიშვილი
მემკვიდრე: ბაქარი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 15 სექტემბერი, 1675[1][2]
გარდ. თარიღი: 26 მარტი, 1737[3][4][5]
გარდ. ადგილი: ასტრახანი, რუსეთის იმპერია[5]
მეუღლე: რუსუდან დედოფალი
შვილები: ბაქარი
ვახუშტი
გიორგი
პაატა
თამარი
ანუკა
თუთა
როსტომი[კ 1]
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ლევან ბატონიშვილი
დედა: თუთა გურიელი
ხელმოწერა:

ვახტანგ VI (დ. 15 სექტემბერი, 1675 ― გ. 26 მარტი, 1737, ასტრახანი[6]) — ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) 1703-1714 წლებში,[7][8] მეფე 1716-1724 წლებში,[7][8] სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პოეტი, მთარგმნელი, ისტორიკოსი, კოდიფიკატორი და მეცნიერი. გიორგი XI-ის ძმის, ლევანის ძე. დედა — თუთა, ქაიხოსრო I გურიელის ასული. სულხან-საბა ორბელიანის აღზრდილი. ვახტანგ VI-ის მეფობის ხანა გამორჩეულია საქართველოს ლიტერატურული და ინტელექტუალური აღორძინების დაწყებით. მის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. სულხან-საბა ორბელიანსა და ანტონ I კათოლიკოსთან ერთად ვახტანგი ითვლება ახალი ქართული ლიტერატურის სულისჩამდგმელად. მის სახელთანაა დაკავშირებული პირველი ქართული სტამბის დაარსება და რუსთველოლოგიისათვის, როგორც მეცნიერული დისციპლინისათვის საფუძვლის ჩაყრა.

ვახტანგ VI-ის მეორე საკანონმდებლო ძეგლია — „დასტურლამალი“, რომელიც სახელმწიფოს ძირითადი კანონის — კონსტიტუციის მთავარ იურიდიულ ძეგლს წარმოადგენდა. იგი აწესრიგებდა ქვეყნის მართვა-გამგეობის, სამეფო კარის ეტიკეტისა და სახელმწიფოებრივი ცხოვრების სხვა პრაქტიკულ მხარეებს.

ვახტანგის თაოსნობითა და უშუალო მონაწილეობით მრავალი ღონისძიება განხორცილედა კულტურის დარგშიც. 1709 წელს მან ვლახეთში (რუმინეთი) მოღვაწე ქართველის ანთიმოზ ივერიელის დახმარებით დააარსა საქართველოში პირველი ქართული სტამბა, რითაც ხელი შეუწყო ქათული ეკლესიების წიგნით მომარაგებას.

1709 წელს დაიბეჭდა „სახარება“, „დავითნი“ და „სამოციქულო“, ხოლო 1712 წელს, ვახტანგ VI-ის რედაქციითა და კომენტარებით, პირველად დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსანი“.

ვახტანგ VI იყო თავისი დროის ერთ-ერთი გამოჩენილი პოეტი, მეცნიერი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, რედაქტორი, კომენტატორი და საგანმანათლებლო საქმის ორგანიზატორი. მან თარგმნა და გადმოაკეთა დიდაქტიკური ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშები: „ქილილა და დამანა“, „ამირ-ნასარიანი“, „სიბრძნე მალაღობელი“ და სხვა. ძველ ქართულ მწერლობაში ერთ-ერთმა პირველმა შექმნა პატრიოტული ლირიკის ნიმუშები.

ჰუმანიტარული მეცნიერებების გარდა, ვახტანგი გატაცებული იყო ასტრონომიით, მათემატიკით, გეოგრაფიით, ქიმიით და მედიცინით. მან თარგმნა „ზიჯის“ ანუ „ვარსკვლავთა კატალოგი“, რასაც დაურთო მის მიერვე შედგენილი სპარსულ–ქართული ასტრონომიულ-ასტროლოგიური ლექსიკონი. ვახტანგ VI-მ შეადგინა ქიმიის სახელმძღვანელო: „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა“. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა მედიცინასაც — შინაარსობრივად გამართა, შენიშვნები დაურთო და ყოველდღიურ გამოსაყენებელ სამედიცინო წიგნად აქცია „კარაბადინი“.

პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკმაოდ ახალგაზრდა ჩაება ბიძის, გიორგი XI-ის მხარდასაჭერად. 1703 წელს შაჰის მიერ გიორგის მეფედ დამტკიცების შემდეგ, ვახტანგი მის ნაცვლად ქართლის ჯანიშინი და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი გახდა, 1716 წელს კი ისლამის ფორმალურად მიღების შემდეგ შაჰმა ქართლის მეფედ დაამტკიცა. 1724 წელს ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო ვახტანგი იძულებული გახდა რუსეთში გამგზავრებულიყო, სადაც სიკვდილამდე ცხოვრობდა, თუმცა მას გადასახლებაშიც არ შეუწყვეტია აქტიური საზოგადოებრივი თუ კულტურულ-სამეცნიერო მოღვაწეობა. ვახტანგ VI გარდაიცვალა 1737 წლის 26 მარტს ქალაქ ასტრახანში, დაკრძალულია ასტრახანის მიძინების ტაძარში.

ოჯახი

ვახტანგ ბატონიშვილი დაიბადა 1675 წლის 15 სექტემბერს.[1][2] მამამისი – ლევან ბატონიშვილი, ქართლის მეფის, ვახტანგ V შაჰნავაზის შვილი და გიორგი XI-ის ძმა, განათლებული მწიგნობარი იყო. მან თავისებური წვლილიც კი შეიტანა ძველ ქართულ მწერლობაში, კერძოდ, შეთხზა საყურადღებო საგალობლები. დედა – თუთა იყო ქაიხოსრო გურიელის ასული. იგი 1678 წელს გარდაიცვალა, როცა ვახტანგი მხოლოდ 3 წლის იყო.[2][9] შემდეგში ვახტანგს დედინაცვალი – თინათინ ავალიშვილი ზრდიდა.[1][9]

მეფე ვახტანგს სულ ექვსი და-ძმა ჰყოლია. მათ შორის ღვიძლი – ერთი და და ორი ძმა (ხვარამზე, ქაიხოსრო, დამიანე), სამი კი ნახევარძმა (იესე, სვიმონი, თეიმურაზი).[10] ისტორიულ წყაროებში ლევან ბატონიშვილის ხარჭებისაგან ნაშობი შვილებიც მოიხსენიებიან (ადარნასე, კონსტანტინე, ხორეშანი, როსტომი). ვახტანგის ძმებიდან ქაიხოსრო და იესე ერთხანს მეფობდნენ კიდევაც ქართლში, დამიანე კათალიკოსი გახდა (დომენტი IV-ის სახელით) და დიდხანს უძღვებოდა ქართულ ეკლესიას ურთულეს პერიოდში. წყაროებიდან ისიცაა ცნობილი, რომ იგი ძმასთან, ვახტანგ VI-სთან, ერთად სამართლის წიგნისა და „დასტურლამალის“ შედგენაშიც მონაწილეობდა და სამეფო ტახტზეც აცხადებდა პრეტენზიას, თუმცა უშედეგოდ.[10]

აღზრდა და განათლება

ვახტანგმა უნივერსალური განათლება მიიღო, საფუძვლიანად გაიცნო და შეისწავლა ძველი ქართული სასულიერო-საეკლესიო მწერლობა და საერო-მხატვრული ლიტერატურა, ღრმად შეისწავლა აგრეთვე ღვთისმეტყველება და საეკლესიო ისტორია, გაიარა სათანადო რაინდული წვრთნა. შესაფერისად გაიწაფა იგი სამხედრო-პრაქტიკულ დისციპლინებშიც.[1]

ვახტანგმა საკმაოდ კარგად შეისწავლა ენები, ლიტერატურა, ისტორია, ფილოსოფია, სამართალი, ასტრონომია, გეოგრაფია და ა. შ. თავისი ხალასი ნიჭით, ფხიზელი გონებით, მუყაითობითა და შრომისმოყვარეობით მან ადრევე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. პატრი რეჯინალდო, რომელიც ვახტანგს ასტრონომიას ასწავლიდა,[2] რომში გაგზავნილ წერილში აღნიშნავდა: „საკმაოდ მაღალნიჭიერი და სწავლისმოყვარეაო“, იქვე კი დასძენდა – ასტრონომიას კარგად ითვისებს და ძალიან მოსწონსო. ვახუშტის დახასიათებით ვახტანგი იყო „ცნობისმოყვარე, ბრძენი, მხნე და ახოვანი, შვენიერ-ჰაეროვანი, მუშაკი, უხვი და მშვიდი“.[1]

ვახტანგს შესანიშნავი პირობები ჰქონდა სწავლისათვის. იგი სარგებლობდა სასახლის წიგნსაცავით, იყენებდა უძველეს ხელნაწერებს, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ მწიგნობრებთან, იზრდებოდა მწერალთა და მეცნიერთა წრეში. მის აღზრდას ხელმძღვანელობდნენ გამოჩენილი პირები, ზედამხედველობას უწევდნენ განსწავლული მეფე-ბატონიშვილები. სასახლეში ყველა ცდილობდა დახმარება აღმოეჩინა ვახტანგისათვის. იგი ძალზე დაიახლოვა მეფე გიორგი XI-მ, მისი ლიტერატურული ინტერესის გაღვივებას ხელი შეუწყო არჩილმა. მათ შორის მუდამ მტკიცე კავშირი და მეგობრული ნათესაური ურთიერთობა იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის დიდი ამაგი, რომელიც ვახტანგისადმი მიუძღვის სახელოვან ქართველ მწერალსა და გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს სულხან-საბა ორბელიანს.[1][11]

ვახტანგ VI და სულხან-საბა ორბელიანი; XVIII საუკუნის მინიატურა

სულხან ორბელიანი ძალზე ახლოს იყო სამეფო კართან, მეფე-ბატონიშვილებთან. სხვათა შორის, მისი აღზრდა-განათლების საქმეს მამამისთან (ვახტანგ მდივანბეგი) ერთად ქართლის უფლისწულებიც ხელმძღვანელობდნენ. გიორგი ბატონიშვილი მის საპატიო აღმზრდელად ითვლებოდა. საპასუხოდ ისიც თავდადებით ემსახურებოდა ვახტანგ V-ის შთამომავლობას. გიორგი მეფე და მისი ახლობლები ხშირად აღნიშნავდნენ სულხანის დამსახურებასა და ღვაწლს. ვახტანგის ცნობით, სულხანი მის „მამა-ბიძათა ზედა დიდად ნამსახური და გარჯილი იყო“.[12]

სამეფო კარმა სულხანს ვახტანგის აღზრდა დაავალა. მან ამ საქმეს ენერგიულად მოჰკიდა ხელი. მეფის შემდგომი კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობა ცხდყოფს, რომ სულხანმა ეს დავალება პირნათლად შეასრულა, რითაც კიდევ უფრო მეტი სახელი და ავტორიტეტი მოიპოვა. მისიონერი რიშარი 1713 წელს საგანგებოდ აღნიშნავდა: „ამ თავადმა აღზარდა ვახტანგი და მისი სახლობა. ამისთვის ისეთ პატივს სცემენ და ისე უყვართ, როგორც საკუთარი მამა; აგრეთვე მთელ საქართველოსაც მამად მიაჩნია.[12]

სულხანის სიტყვით, ის იყო „ვახტანგ მეფისა ბიძად და გამზრდელად წოდებული და დიდად საყვარელი,“ ხოლო ვახტანგი „ყოვლად საყვარელი ბატონი ბიძის უმდაბლეს ძმისწულს“ უწოდებდა საკუთარ თავს.[13]

ორბელიანი არა მარტო პირადად ასწავლიდა ვახტანგს, არამედ საერთოდ ხელმძღვანელობდა მის აღზრდა-განათლებასა და შეძლებისდაგვარად ყოველი დისციპლინის შესწავლას თვალს ადევნებდა. მისი ყურადღების გარეშე არ დარჩენილა ისეთი დარგიც კი, როგორიც ასტრონომიაა. ჩვენამდე მოაღწია ვახტანგისათვის განკუთვნილმა კოსმოგრაფიის სახელმძღვანელომ აღმზრდელის მინაწერებით, შენიშვნებითა და განმარტებებით.[13]

ამრიგად, ვახტანგი განსაკუთრებულ პირობებში აღიზარდა და ენციკლოპედიური განათლება მიიღო. ბუნებრივია, ვახტანგის, როგორც მომავალი სახელმწიფო მოღვაწის, მწერლისა და მეცნიერის ჩამოყალიბებაზე, მისი თვისებებისა და ხასიათის ფორმირებაზე დიდი გავლენა მოახდინა როგორც ქართლის პოლიტიკურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ, ისე მისმა კულტურულმა გარემომ.[13]

ადრეული წლები

13 წლის ვახტანგი აქტიურად ჩაება პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იგი გამოდის გიორგი XI-ის მომხრედ და იბრძვის ურჩი ფეოდალების წინააღმდეგ. 1691 წელს გიორგი XI-მ დაიწყო ბრძოლა ქართლში გასამეფებლად. ბრძოლა ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ვახტანგი აქაც მონაწილეობდა საბრძოლო შეტაკებებში. 1692 წელს თბილისის მისადგომებთან ვახტანგი მონაწილეობდა ირანელთა გარნიზონის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში. იგი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მოწინააღმდეგის ნასროლი ისარი ვახტანგს ხოხონა ხერხეულიძის მარჯვედ ნახმარმა ფარმა ააცდინა. 1695 წელს 20 წლის ვახტანგმა, ხარაგაულში, მცირე ტაძარში ჯვარი დაიწერა ჩერქეზეთის ბატონის ასულზე,[კ 2] რომლის თავდაპირველი სახელი უცნობია, შემდეგ კი რუსუდან დედოფლად იწოდება.[14] ეს ნაბიჯი ჩერქეზეთთან კავშირის განმტკიცებას ისახავდა მიზნად. ისტორიულ წყაროებში რუსუდანი სათნო და ღირსეულ დედოფლად მოიხსენიება, რომელიც ყოველთვის მხარში ედგა მეფეს. ხარაგაულში ვახტანგს რამდენიმეწლიანი იძულებითი ყოფნა მოუხდა, რადგანაც თავს არიდებდა ერეკლე I-სა და მისი მომხრეებისაგან მოსალოდნელ უსიამოვნებებს. ხარაგაულშივე შეეძინა ახალგაზრდა წყვილს უფლისწული ბაქარი.[14]

ვახტანგი როგორც ქართლის ჯანიშინი

შაჰ სულთან ჰუსეინის ნების შესაბამისად, 1703 წელს გიორგი XI ქართლის მეფედ დამტკიცდა, თუმცა შაჰმა ის ქართლში არ გამოუშვა და მის ნაცვლად ქართლის მმართველად ჯანიშინის სტატუსით ვახტანგი დანიშნა.[კ 3]

ვახტანგ VI-ის პირველი ნაბიჯები ქართლის სამეფოს სათავეში

ქართლის სათავეში ჩამდგარი 28 წლის ჯანიშინი იძულებული გახდა, უპირველეს ყოვლისა, ერეკლე-ნაზარალი ხანის მიერ სპარსულ ყაიდაზე გარდაქმნილი ქართლის სამეფოს მართვა-გამგეობა ისევ ქართულ სტილზე მოექცია.[15] თავდაპირველად, მან გადააყენა ნაზარალი-ხანის მხარდამჭერი სახელმწიფო მოხელეები და გააუქმა მის დროს დადგენილი უცხო ტრადიციაზე დაყრდნობილი წესები. ამასთან, სახელმწიფოს მართვის საქმეში თავისი პოლიტიკის მომხრე და ერთგული პირები ჩააბა,[15] ერეკლე I-ის მიერ შერისხულ თავადებს კი წართმეული მამულები და ყმები დაუბრუნა.[16]

ახალ მმართველს კარგად ესმოდა, რომ ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის გარეშე იგი ვერავითარ შორს მიმავალ გეგმას ვერ განახორციელებდა. ამ მიზნის მისაღწევად კი პირველი რიგის ამოცანად სოციალური ურთიერთობის მოწესრიგება მიიჩნია.[15]

მწარმოებელი მოსახლეობის ბედზე დაფიქრება და მისი ინტერესების გათვალისწინება ახალმა ცხოვრებამ დააყენა დღის წესრიგში, ამაში მმართველმა ელიტამ საკუთარი კეთილდღეობის საფუძველი და გარანტი დაინახა („რა ამოწყდეს გლეხი კაცი, საქართველო დაძაბუნდეს“ — არჩილ II).[17]

ქართლის ახალგაზრდა მმართველმა სწორად აუღო ალღო დროის მოთხოვნას და სოციალური საკითხების მოგვარება უპირველესად ბატონსა და გლეხს შორის ურთიერთობის მოგვარებით დაიწყო. ვახტანგმა შეზღუდა ფეოდალთა თვითნებობა და კანონმდებლობით მოაწესრიგა ბატონისა და ყმის ურთიერთდამოკიდებულება, მშრომელთა სამეურნეო და საოჯახო უფლებები, საკუთრების ფორმები, ბეითალმანი და ა. შ.[17]

იგი განსაკუთრებული სიმკაცრით მიუდგა ყმისათვის განსაზღვრული ბეგარა-გადასახადის გაზრდის ტენდენციას და კანონით „უდების დადება“ კაცის კვლის თანაბარ დანაშაულად იქნა აღიარებული.[17]

ვახტანგს თვალწინ ჰქონდა უახლესი მაგალითები, როდესაც გლეხკაცობა გაძლიერებულ ექსპლუატაციას გაქცევა-გადაკარგვით პასუხობდა, ამიტომ იგი კატეგორიულად აფრთხილებდა მებატონეებს „...ნურა კაცი თავის ყმას ძალას ნუ დაატანს, თორემ წავა“[17][18] და ამ დებულებით გლეხთა სამართლიან კლასობრივ ბრძოლას საკანონმდებლო დასტური მისცა.

ერეკლე-ნაზარალი ხანის დროს ქართლში გამეფებულმა უმოწყალო ექსპლუატაციამ გლეხთა მნიშვნელოვანი ნაკადის კახეთისაკენ მიგრაცია გამოიწვია. ქართლის ახალი გამგებელი ენერგიულად შეუდგა ამ მოვლენის აღკვეთას და უკუპროცესის დაწყებას. გახიზნული გლეხთა ოჯახების უკან დაბრუნების ორგანიზება საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესი იყო. ე. წ. „მყრელობის“ გატარებაში მან სპარსეთის ხელისუფლებაც დაიხმარა და მთელი რიგი წამახალისებელი ზომებიც გამოიყენა.[17] მიუხედავად სირთულეებისა, ჩაფიქრებული ღონისძიება წარმატებით დასრულდა და შესაძლებელი გახდა მრავალი დიდი ხნის მიტოვებული სოფლის ხელახლა დასახლება.[16]

საეკლესიო კრება

ისტორიული გამოცდილებით, ქვეყანაში მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ გარდაქმნათა განსახორციელებლად აუცილებელი იყო ეკლესიის მხარდაჭერა და თანადგომა. ვახტანგის თაოსნობით, 1705 წელს მოიწვიეს საეკლესიო კრება, რომელმაც მცხეთის კათოლიკოსად და ქართული ეკლესიის სულიერ მეთაურად აირჩია რუსეთიდან დაბრუნებული ვახტანგის ძმა – დამიანე, შემდგომში – კათოლიკოსი დომენტი IV.[19] დამიანე, რომელმაც საკათოლიკოსო ტახტზე ერეკლე I-ის ბიძა, ევდემოზ დიასამიძე შეცვალა, შესაფერისი კანდიდატურა იყო, რადგანაც იგი ძმის თანამოაზრე და ერთგული მხარდამჭერი იყო. პირველი, რაც გაკეთდა მისი კათოლიკოსობისას, იყო ის, რომ ქართულმა ეკლესიამ დაიბრუნა თავნება თავადების მიერ მიტაცებული საეკლესიო მიწები. ძმებს დიდი ღვაწლი მიუძღვით ქართული ეკლესია-მონასტრების აღდგენა-აღმშენებლობის საქმეში. განახლდა და შეიმკო სვეტიცხოვლის, სადგერისქსოვრისის, ურბნისის, ანჩისხატის, მეტეხის ტაძრები; განადგურების პირას მყოფი თბილისის სიონის ტაძარი კი „ძირიდამ გუმბათითურთ“ აშენდა.[16]

სამართლებრივი მოღვაწეობა

დაცემული მართლმსაჯულების აღდგენისათვის ვახტანგ VI-მ თავდაპირველად შეკრიბა ქართული ძველი სასამართლოს წიგნები „ქათალიკოზისა და მეფის გიორგისა და ბექას განჩინებული სამართლები“. ზედ დაურთო „დაბადებისა მოსეს მიერ ქმნილი სამართალნი და კუალად ბერძენთა და სომეხთა წიგნთაგან გარდმოთარგმნული“. ამ შრომის შემდეგ მან დიდებული სამღვდელოებისა და მოხელეების თანდასწრებითა და „დარბაზის ერთა, ჭკუათა მყოფელთა და მოხუცებულთა კაცთა“ თანამშრომლობით ახალი წიგნი შეადგინა“.

ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული

განსაკუთრებით დიდი და ნაყოფიერი შრომა გასწია ვახტანგმა ქართული სამართლის გამართვაში, ფაქტობრივად, ახალი, ევროპული დონის სამართლის შექმნაში.[21] მან შეაგროვა და საფუძვლიანად შეისწავლა ქართული და უცხოური (ებრაული, ბერძნული, სომხური) სამართლის ძეგლები.[7][22][21][23] მათი გაანალიზების საფუძველზე, იმდროინდელი ქართული ვითარების გათვალისწინებით, შეადგინა თავისი საკუთარი სამართლის კოდექსი და ყველაფერი ეს, ერთ წიგნად შეკრული დააფუძნა ქართულ სინამდვილეში.[21] არსებული ნაშრომი ასახავს იმ დროის საქართველოში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ვითარებას და მისი განვითარების პერსპექტივებს ეხმიანება.[21] რაც მთავარია, ეს ნაშრომი არათუ უტოლდება მის თანამედროვე ევროპის იურიდიული მეცნიერების განვითარების დონეს, არამედ, ზოგჯერ წინაც უსწრებდა მას.[21] რუსი იურისტის, ფრენკელის, რწმუნებით XVIII საუკუნის დასაწყისში შედგენილი ვახტანგის სამართლის წიგნი გაცილებით უფრო ჰუმანური იყო, ვიდრე იმდროინდელი ევროპის სახელმწიფო სამართლის კოდექსები.[21] როგორც ჩანს, თანამედროვენი ვახტანგ VI-ის მრავალმხრივ წარმატებულ საქმიანობაში სამართლის წიგნის შექმნას მაინც გამორჩეულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და სწორედ ამიტომ უწოდეს მას „რჯულმდებელი“.[24][7][23] ვახტანგის კანონთა წიგნი მთავარი იურიდიული კოდექსი იყო მთელ საქართველოში თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში.[24]

ერთ-ერთი პირველი რიგის ღონისძიებად ვახტანგმა აუცილებლად მიიჩნია ორიგინალური ქართული ადმინისტრაციული წესდების დამუშავება, რაც წარმატებით განახორციელა. „დასტურლამალის“ სახელით ცნობილმა ამ დოკუმენტმა, დიდი გავლენა მოახდინა სახელმწიფო ადმინისტრაციული წესრიგის დამყარებასა და მის შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე.[24] ფაქტობრივად, იგი სახელმწიფოს ძირითადი კანონის – კონსტიტუციის მთავარ იურიდიულ ძეგლს წარმოადგენდა.[7]

სამხედრო და პოლიტიკური ღონისძიებები

ქვეყნის რეალური სამხედრო პოტენციალის დადგენასა და ხელისუფლების ე. წ. ფისკალური ამოცანების შესრულებას ემსახურებოდა მოსახლეობის აღწერის ღონისძიებები.[24]

ვახტანგ VI-ის მიერ მოჭრილი მონეტა. 1708-1709 წწ.

ახალგაზრდა ჯანიშინი თავის მოღვაწეობაში მკვეთრად დაუპირისპირდა რეაქციონერ ფეოდალებს, რომლებმაც მისი სახით თავიანთი ტრადიციული უფლებების ხელყოფის საშიშროება დაინახეს.[24] მტერი და არაკეთილისმსურველი მას ქვეყნის შიგნითაც ბევრი ჰყავდა და მის გარეთაც, ამდენად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა რეგულარული სამხედრო შენაერთის, ე. წ. „მცველთა ჯარის“ ინსტიტუტის შემოღებას, რომლის უმთავრეს დანიშნულებასაც ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება და ქვეყანაში წესრიგის აღდგენა წარმოადგენდა[7] და რომელიც მის ერთგულ თავად-აზნაურთა და მსახურთაგან შედგებოდა და ხაზინიდან ფინანსდებოდა; გარდა ამისა, ამ რაზმის წევრები მთელი რიგი პრივილეგიებითაც სარგებლობდნენ.[24] „მცველთა ჯარის“ დახმარებით ვახტანგმა შეძლო ქართლის ჩრდილოეთი საზღვრის განმტკიცება. მან 1707 წელს დალაშქრა დვალეთი და ხარკი დააკისრა, რითაც ხელი შეუწყო ჩრდილოეთით მომთაბარე ტომებისაგან ქვეყნის თავდაცვას; ამასთან ერთად ალაგმა ქსნისა და არაგვის ურჩი ერისთავები.[18]

ვახტანგის ფართო პატრიოტული საქმიანობის გაშლა და მისი დიაპაზონი, რამდენამდმე, განპირობებული იყო შაჰის ხელისუფლების სისუსტითა და მის კარზე ქართული ლაშქრის დიდი ავტორიტეტით. შექმნილი გარემოება ქართლის მმართველმა მოხერხებულად გამოიყენა თბილისის სპარსული გარნიზონის უფლებების შესაზღუდად, რაც თავის მხრივ, საფუძვლად დაედო ტყვეთა სყიდვის აკრძალვისა და აღკვეთის საქმეს.[24]

ვახტანგ VI-ის დროშა

ვახტანგს შესანიშნავად ესმოდა, რომ საკუთარი ფულის მოჭრა სახელმწიფოს არსებობის ერთ-ერთი ძირითადი ატრიბუტია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მისი ინიციატივით გახსნილ ზარაფხანას, სადაც ქართული მონეტები იჭრებოდა.[24] ამ საკითხის მოგვარებას მან საგანგებო კანონიც კი მიუძღვნა.[23]

„ტყვეთა სყიდვის“ წინააღმდეგ

ვახტანგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც წინ აღუდგა იმ დროისათვის ქართლსა და მთლიანად საქართველოში გავრცელებულ უმძიმეს პრობლემას – „ტყვეთა სყიდვას“. ქართლ-კახეთში მოთარეშე ლეკები იტაცებდნენ მშვიდობიან მოსახლეობას და მათ ან გამოსასყიდის გადახდის შემდეგ უბრუნებდნენ პატრონს ან ტყვეებად ჰყიდდნენ. ამ მხრივ განთქმული იყო გონიოს, ანაკლიის, ყირიმის ბაზრები, საიდანაც „რჩეული ტყვეები“ სტამბოლის ცნობილ მონათა ბაზარზე გაჰყავდათ.[20] ლეკების გარდა „ტყვეთა სყიდვას“ არც თავადები თაკილობდნენ. ქართველი ჭაბუკები ეგვიპტეშიმამლუქების, ოსმალეთშიიანიჩარების, ხოლო ირანში ყულის ჯარის რიგებს ავსებდნენ; ქართველი ქალები კი იძულებით ხდებოდნენ მუსლიმთა ცოლები თუ ხარჭები.[20]

ვახტანგის მიერ გამოცემული საგანგებო კანონით სასტიკად ისჯებოდნენ „ტყვეთა სყიდვაში“ შემჩნეულნი. ამან, მართალია, ბოლომდე ვერ ამოძირკვა ეს მავნე სენი, მაგრამ მნიშვნელოვნად შეამცირა ადამიანთა გატაცება-გაყიდვის შემთხვევები. ვახტანგი იმასაც ახერხებდა, რომ ირანის შაჰის მიერ ხარკად დაწესებული ქართველი გოგო-ბიჭების ნაცვლად, თავად ეყიდა სხვა ქვეყნებიდან წაყვანილი ტყვეები და ისინი გაეგზავნა შაჰთან.[20]

სამეურნეო და იფრანსტრუქტურულ-სამშენებლო ხასიათის ღონისძიებები

ქვეყნის ეკონომიკური დაწინაურების გეგმის განხორციელებით გატაცებული ვახტანგი განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეურნეობის კულტურის ამაღლებასა და ახალი პროგრესული ფორმების დანერგვას. აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი კლიმატის ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მორწყვის პრობლემა, ამიტომ მისი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი ძველი, მივიწყებული სარწყავი სისტემების აღდგენა და ახლების მშენებლობა იყო.[17] მისი ინიციატივითა და მეთაურობით აიგო ყარაიის არხი, მოეწყო მთელი ქსელი ქციის, მაშავერას, ლისის, შოლის, სალთავისისა და სხვა სარწყავი არხებისა, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი მოსავლიანობის რეგულირებასა და ქვეყნის ეკონომიკის განმტკიცებას.[21]

ვახტანგმა ხელი შეუწყო ვაჭრობის განვითარებას. მოწესრიგდა გზები, ხიდები, ფუნდუკ-ქარვასლები. იგი თავად დადიოდა მხლებლებთან ერთად გზათა მშენებლობის დასახედად და მშენებელთა დასახმარებლად. თბილისში ააგო ძვირფასი სასახლე და მრავალი სხვა ნაგებობა, რომელთა ღირსებებსაც თვითმხილველები საგანგებოდ აღნიშნავდნენ.[21][23]

კულტურული მოღვაწეობა

XVIII საუკუნის დასაწყისს ივანე ჯავახიშვილი ქართული მწერლობის ენციკლოპედიურ ხანას უწოდებს.[25] ამ ხანებში ქართლში მოღვაწეობდნენ კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები: სულხან-საბა ორბელიანი, ონანა ქობულაშვილი, გივი თუმანიშვილი, დომენტი ბაგრატიონი და სხვ.

ვახტანგ VI-ის სახელთანაა დაკავშირებული ენერგიული მოღვაწეობა მანამდე დამცრობილი სწავლა-განათლების საქმის ასაღორძინებლად. ამ საშვილიშვილო საქმის დიდი მოამაგე იყო სულხან-საბა ორბელიანი.

ვახტანგის ძალისხმევით მნიშვნელოვნად, აღმოსავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად გამრავლდა განათლების კერები, რასაც ხელს უწყობდა ქართული სტამბის მიერ სასწავლო სახელმძღვანელოების გამოცემა.[25]

სტამბის დაარსება

1712 წელს დაბეჭდილი ვეფხისტყაოსნის თავფურცელი

ვახტანგი გრძნობდა, რომ XVIII საუკუნის დასაწყისისათვის სტამბის დაარსება და წიგნის ბეჭდვა აუცილებელი იყო ქვეყნის კულტურული განვითარებისათვის. მან დახმარებისათვის იერუსალიმის პატრიარქს, ხრისანთესს მიმართა, მან კი ანთიმოზ ივერიელს აცნობა. ანთიმოზმა თავისი მოწაფე, სასტამბო საქმის საუკეთესო სპეციალისტი, მიხაი იშტვანოვიჩი გამოგზავნა, რომელსაც ყველა სახის მოწყობილობა-დანადგარი გამოატანა. იგი თბილისში, სავარაუდოდ, 1707-1708 წლებში ჩამოვიდა.[26] სტამბისათვის სპეციალური შენობა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მეფის სასახლის სიახლოვეს ააგეს. იშტვანოვიჩმა ქართველთა დახმარებით შექმნა და ჩამოასხა პირველი ქართული შრიფტი და 1709 წელს თბილისში პირველი ქართული სტამბა ამოქმედდა.[19]

1709 წელს პირველ ქართულ სტამბაში პირველად სახარება დაიბეჭდა. სახარების ერთი ეგზემპლიარი ვახტანგმა ანთიმოზს გაუგზავნა ვლახეთში. ანთიმოზ ივერიელმა სახარება ყდაში ჩასვა და ვლახეთის მმართველს, კონსტანტინე ბრინკოვიანუს, მიართვა ქართველთა პატივისცემის ნიშნად.[26]

ვახტანგ VI-ის სტამბაში 1709-1722 წლებში დაიბეჭდა: სახარება, „დავითნი“, „სამოციქულო“ (1709); „კონდაკი“, „ჟამნი“, „ლოცვანი“, „ბიბლია“, „დავითნი“, „სწავლა თუ ვითარ მართებს მოძღვარსა სწავლება მოწაფისა“ (1710-1711); „ვეფხისტყაოსანი“, „დავითნი“ (1712); „კურთხევანი“ (1713); „დავითნი“ (1716); „ჟამნი“, „ლოცვანი“ (1717); „კურთხევა ეკლესიისა“ (1719-1720); „პარაკლიტონი“ (1720); „აიათი“ ანუ „ქმნულების ცოდნის წიგნი“ (1721); „ჟამნი“ (1722).[27]

ქართლის ტახტის დაკავების საკითხი

შაჰ სულთან ჰუსეინმა გიორგი XI-ის მკვლელობის შემდეგ, 1709 წელს, ქართლის მეფედ ვახტანგის ძმა, ირანში მყოფი ქაიხოსრო დანიშნა,[28] მაგრამ მეფის რანგში ქართლში დაბრუნება არც მას ეღირსა — შაჰმა ისიც ავღანელთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა. ვახტანგმა ძმას 1500 ქართველი მეომარი გაუგზავნა ირანში. 1709 წელს ირანში გარდაიცვალა ვახტანგის მამაც — ლევან ბატონიშვილი. ორი წლის შემდეგ, 1711 წელს, ქაიხოსრო ავღანელთა წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა. მისი გარდაცვალების ცნობასთან ერთად ვახტანგს შაჰისაგან ირანში „მიწვევის“ ამბავიც აუწყეს. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჯანიშინი ქართლის ტახტზე უნდა დაემტკიცებინათ.[28] გამგზავრებამდე ვახტანგი კახეთისა და იმერეთის სამეფოებთან ურთიერთობის მოწესრიგებას შეეცადა. მან თავისი ასული, თამარი, ერეკლე I-ის ვაჟს, თეიმურაზს მიათხოვა, მეორე ასული – ანუკა კი იმერეთის თავადს, ვახუშტი აბაშიძეს. მასვე გადააბარა უძეოდ გადაგებული პაატა აბაშიძის მამული ქართლში. ამ ქორწინებით, იმერეთში არსებული ვახუშტის მამული (სოფელი ვახანი ციხით), ქართლის სამეფოში შევიდა.[28] სწორედ ვახანზე გადიოდა ახალციხიდან ქართლისაკენ მიმავალი გზა და ამ გზის გაკონტროლებით შესაძლებელი იქნებოდა საზღვრის დაცვა ლეკი და ოსმალი მოთარეშეებისაგან. გამგზავრების წინ ვახტანგმა თავისი მეუღლე — რუსუდანი და ვაჟები — გიორგი და ბაქარი გორში დააბინავა;[29] ქართლის გამგებლად კი თავისი ძმა, სვიმონი, დატოვა[29] და თავის აღმზრდელ სულხან-საბა ორბელიანთან ერთად 300 კაციანი ამალით ისპაჰანში გაემგზავრა.

ისლამის მიღების მოთხოვნაზე უარის თქმა

1712 წლის აპრილში ვახტანგი ისპაჰანში ჩავიდა. ყველასათვის ცხადი იყო, რომ ვახტანგს, ქართლის მეფედ დამტკიცების სანაცვლოდ, გამაჰმადიანებას მოსთხოვდნენ, რადგანაც უკვე საუკუნე სრულდებოდა, რაც ქართლისა და კახეთის ტახტებზე გამაჰმადიანებული ბაგრატიონები ადიოდნენ. ასეც მოხდა და ჯანიშინმა ამ პირობის შესრულებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. არავითარმა ზემოქმედებამ არ გაჭრა. ვახტანგს ტახტის დაკარგვისა და ირანში სამუდამოდ ტყვედ დარჩენის ან კიდევ უფრო მძიმე სასჯელის საშიშროება დაემუქრა, მაგრამ ის კვლავ შეუპოვრად იდგა თავის პრინციპზე.[30][31]

არსებობს ცნობა, რომ შაჰი იმდენად დიდ ანგარიშს უწევდა ვახტანგის პიროვნებას, რომ მზად იყო ქრისტიანობის შენარჩუნებით დაემტკიცებინა ქართლის მეფედ, მაგრამ ამას კატეგორიულად აღუდგნენ წინ უმაღლესი სასულიერო პირები (ომარები) და ისედაც მდგომარეობაშერყეული ირანის მბრძანებელი მათ მოთხოვნას წინ ვერ აღუდგა.[31][32]

ვახტანგის სიჯიუტე, ერთი შეხედვით, თითქოს გაუგებარი და გაუმართლებელი იყო ასეთი ჭკვიანი პოლიტიკოსისათვის. ძნელი წარმოსადგენია, რომ ვახტანგს არ შეეძლო მოჩვენებით შეეცვალა რჯული, მით უმეტეს, რომ მისი ოჯახის თითქმის ვერცერთმა წევრმა ვერ შეძლო ქრისტიანობის შენარჩუნება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ისლამის აღიარება იმ დროს „გათათრებას“ უდრიდა, ვახტანგს არ შეეძლო მაჰმადიანი ჩასდგომოდა იმ პროგრესულ საქმიანობას, რომელიც მანვე წამოიწყო და მნიშვნელოვნად სწორედ ქრისტიანობას უკავშირდებოდა. ამდენად, ვახტანგის პოზიცია წმინდა რელიგიური რწმენის გარდა იმდროინდელი მდგომარეობითაც იყო განპირობებული.[33] ირანის ხელისუფლება დათმობას არ აპირებდა. ვახტანგი ტყვე იყო, საქართველოში კი მისი დაწყებული დიდი საქმე იშლებოდა. ასეთ ვითარებაში პროგრესულმა ძალებმა ევროპაში ელჩობის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს.[33]

სულხან-საბა ორბელიანის ელჩობა ევროპაში

საფიქრებელია, რომ ქვეყნის გათავისუფლებისა და გაერთიანების საქმეში გარეშე ძალის გამოყენების საკითხს ქართველი პატრიოტები ადრევე გეგმავდნენ და ამუშავებდნენ ორ შესაძლო ვარიანტს: რუსეთსა და ევროპას. პირველმა ქართველთა მოლოდინი რამდენიმეჯერ ვერ გაამართლა, ამჯერადაც იგი ჯერ საკმაოდ მოღონიერებული არ ჩანდა და მისი დახმარებაც მხოლოდ მორალური მხარდაჭერით შეიძლებოდა შემოფარგლულიყო.[34][35] რჩებოდა ევროპა, რომელიც დაინტერესებული იყო აღმოსავლეთიდან აბრეშუმის შეტანითა და მასზე გამავალი სავაჭრო გზების ძიებით. ამავდროულად, მისი ავტორიტეტი საკმაოდ მაღალი იყო ირანისა და ოსმალეთის სამეფო კარებზე.[34]

ვახტანგმა და მისმა მომხრეებმა, როგორც ჩანს, ელჩობის გამგზავრებამდე გაცილებით ადრე დაამყარეს კავშირი ევროპის მონარქებთან; ასევე ადრევე დაგეგმილი ჩანს თვით ელჩობის მომზადებაც, მაგრამ ეს რთული და საფრთხილო საქმე საგანგებო ორგანიზებასა და საერთაშორისო პოლიტიკური ამინდის დადგომას ელოდა.[34]

შექმნილმა გამოუვალმა მდგომარეობამ, ქვეყნის მართვისაგან ვახტანგის ჩამოშორებამ და ფაქტობრივად, ტყვეობაში ყოფნამ, ელჩობის გამგზავრება დააჩქარა და შესაბამისად, მისი წარმატების შანსი შეამცირა.[34]

ირანში ჩასვლიდან სამი თვის შემდეგ ვახტანგმა სულხან-საბა ორბელიანი, რომელიც თან ახლდა, ქართლში გამოისტუმრა ევროპაში გასამგზავრებლად, ხოლო უკვე 1714 წლის იანვარში საბა მარსელში ჩავიდა.[36] თავისი მისიის განმავლობაში იგი შეხვდა რომის პაპ კლიმენტი XI-სა და საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს. იგი მათ ვახტანგის ქართლის ტახტზე ქრისტიანად დასამტკიცებლად შაჰის წინაშე შუამდგომლობასა და ფულად დახმარებას სთხოვდა, რითაც მისივე თქმით ირანის გავლენიანი დიდებულები უნდა მოექრთამა, თუმცა მრავალი დაპირების მიუხედავად მათგან რეალური დახმარება ვერ მიიღო. დახმარების იმედი საბოლოოდ გააქარწყლა ლუი XIV-ის გარდაცვალებამ (1 სექტემბერი, 1715). სულხან-საბა იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო.[37]

ვახტანგის მიერ რჯულის ფორმალური შეცვლის პოლიტიკური მიზანი

ირანში ტყვეობაში მყოფმა ვახტანგმა, რომელიც, როგორც ჩანს, ევროპიდან ელჩობის მსვლელობის თაობაზე პერიოდულად იღებდა ინფორმაციას, წამოწყების მარცხი შეიტყო და ტაქტიკის შეცვლის აუცილებლობის წინაშე დადგა.[37] მისი მდგომარეობა ერთბაშად უკიდურესად გართულდა.

რადგანაც ვახტანგი გამაჰმადიანებაზე ვერ დაიყოლია, 1714 წელს შაჰ სულთან ჰუსეინმა ქართლი მის გამაჰმადიანებულ ნახევარძმას – იესეს (ალიყული-ხანი) უბოძა. იესე ვახტანგისადმი მტრულად იყო განწყობილი. მისი მოთხოვნით, შაჰმა ქართლის ყოფილი გამგებელი თეირანიდან ქირმანში გადაიყვანა.[37] აქ იგი თავისუფალ ცხოვრებას ეწეოდა და ლიტერატურული საქმიანობით იქცევდა თავს, მაგრამ ქართლში მდგომარეობა უკიდურესად გართულდა. ვახტანგის მიერ წამოწყებული აღმშენებლობითი საქმიანობა იესეს მმართველობისას მთლიანად შეწყდა. საჭირო იყო ვახტანგის სამშობლოში დაუყოვნებლივ დაბრუნება და მოხდა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტი: ქართულმა ეკლესიამ, კათოლიკოსის მეთაურობით, ვახტანგს, რომელიც ქრისტიანობისადმი ერთგულებასა და თავდადებას იჩენდა და ტყვეობაში აღსასრული ელოდა, ქრისტიანობის დათმობა და მაჰმადიანობის მიღება ურჩია.[38] მან ეს რჩევა უყოყმანოდ მიიღო.[37]

ვახტანგმა 1716 წელს ისლამი აღიარა, „მხოლოდ სიტყვით და არა საქმით“ — წერდა მისი გამაჰმადიანების შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი. ამ ღონისძიებამ თავისი შედეგი გამოიღო, რითაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა შაჰის კარზე ვახტანგის დიდი ავტორიტეტი: ვახტანგს მაჰმადიანური სახელი — ჰუსეინ ყული-ხანი დაარქვეს,[38] ხოლო იესეს სასწრაფოდ ჩამოართვეს ქართლის ტახტი და იგი ვახტანგს დაუმტკიცეს, მის ნაცვლად კი ქვეყნის გამგებლობა ერთხანს მის ვაჟს — ბაქარს დაავალეს.[37] ამავდროულად, შაჰ სულთან ჰუსეინმა ვახტანგს სპასალარის წოდება უბოძა და ირანის ჯარების სარდლადაც დანიშნა.

ბაქარმა ენერგიულად დაიწყო ირანიდან მამის ნაკარნახევი პოლიტიკის გატარება. შერყეული საშინაო ვითარება თანდათან გამოსწორდა.

ვახტანგის მოთხოვნით იესე შეიპყრეს. მისი მომხრეები კი მკაცრად დასაჯეს.[39]

ევროპიდან მოსალოდნელ მხარდაჭერაზე იმედის გაცრუების შემდეგ ვახტანგი მიხვდა, რომ საჭირო იყო ახალი გზის ძიება.

საგარეო ორიენტაციის შეცვლა

აღნიშნულ ვითარებაში, წინა აზიის პოლიტიკურ ასპარეზზე ხელახლა გამოჩნდა მნიშვნელოვანი ძალა რუსეთის სახით, რომელიც ამ რეგიონში თავისი შორს გამიზნული პოლიტიკის გატარებას შეუდგა. ვახტანგ VI-სა და პეტრე I-ს შორის კონტაქტები დამყარდა. ქართლის მეფე იმედოვნებდა, რომ რუსეთის დახმარებით საქართველოს გაერთიანებასა და გათავისუფლებას შეძლებდა.[39]

1719-1720 წლებში ვახტანგსა და პეტრე I-ის წარმომადგენელს, ვოლინსკის, შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ირანში რუსეთის გავლენის დასამყარებლად ერთობლივი ლაშქრობის ორგანიზებას ითვალისწინებდა. 1721 წელს ვახტანგ VI და რუსეთის წარმომადგენელი ერთობლივი ლაშქრობის მოწყობაზე შეთანხმდნენ.[39]

ვახტანგ VI-ის ღონისძიებები ქართლის ტახტის დაკავების შემდეგ

1719 წელს ირანიდან გამაჰმადიანების წყალობით თავდახსნილ მეფე ვახტანგ VI-ს ქართლი სიხარულით შეეგება. ისტორიკოსი სეხნია ჩხეიძე ასე აღწერს მეფის სამშობლოში დაბრუნებას:

ვიკიციტატა
„წამობრძანდა ყაზმინიდამ მეფე ვახტანგ, მობრძანდა აიდარბეგსა სამზღუარსა ლორესასა, აქედამ მიეგება ძე თვისი, ბაქარ ჯარითა ქართველითა, იქით დადგა მეფე, აქეთ ძე მისი. მიესალმნენ წინათ საბარათაშვილოს დროშა, სარდალი ლუარსაბ, მეორე დროშა საამილახვროსი, გიორგი და ზემოქართველნი, მესამედ მუხრანის ბატონი, არაგვისა და ქსნის ერისთავი, მერმე სამღვდელო დასნი, კათალიკოზი, ბატონისშვილი, ძმა მეფისა დომენტი და სრულიად ეპისკოპოზნი და ბოლოსა ჟამსა ჩამოვიდა ზნესრული, მხნე შვენიერი ბაქარ. გადაეხვია მამა. შექნეს სიხარული და განცხრომა. მობრძანდა ქალაქსა ტფილისისასა. შეიქმნა სიხარული და განცხრომა, დაჯდა სამეფოსა ტახტსა და დაისვა გვერდსა მნათობი, მზეებრ ბრწყინვალე დედოფალი რუსუდან. შექმნეს მილოცვა, აყრიდნენ ოქროსა და ვერცხლსა ქვიშისაებრ.[38]

ქართლში დაბრუნებულმა ვახტანგმა საჯაროდ უარყო ისლამი და ქრისტიანობა აღიარა. ეს სპარსეთისადმი, რომლის ფორმალურ ქვეშევრდომად ის ჯერ კიდევ ითვლებოდა, გამოწვევას უდრიდა. დასუსტებულმა ირანის შაჰმა, ჰუსეინ I-მა, ეს გამოწვევა გადაყლაპა და იმჟამად არავითარი რეაგირება არ გამოუჩენია. თავად ვახტანგი ქრისტიანობის უარყოფას მის მიერ ჩადენილ უდიდეს ცოდვად მიიჩნევდა.[40]

მეფემ შერყეული მდგომარეობა მალევე განიმტკიცა: ურჩი თავადები დასაჯა, განსაკუთრებული სიმკაცრე გამოიჩინა მათდამი, ვინც მისი არყოფნის დროს იესეს მიუდგა და უერთგულა. ღალატისათვის მოაკვლევინა სომხეთის მელიქი ქამარ-ბეგი და რომ არა დომენტი კათალიკოსი, მოღალატეებს — პაპუნა ვეშაპისძესა და ბაგრატ ციციშვილსაც იგივე ბედი ელოდათ. კათალიკოსის შუამდგომლობით ისინი სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა ოსეთში თხებზე გაცვალეს.[40] მნიშვნელოვნად გაიზარდა ვახტანგის გავლენა იმერეთში ფეოდალთა (ბეჟან დადიანი, შოშიტა III რაჭის ერისთავი, ზურაბ აბაშიძე, სიმონ აბაშიძე) მიერ იმერეთის მეფე გიორგის მკვლელობის შემდეგ. არანაკლებ ძლიერი იყო მისი გავლენა კახეთშიც.[41]

ლეკების წინააღმდეგ ბრძოლა

ლეკების თავდასხმები კავკასიის დანარჩენი ხალხების საერთო პრობლემად იქცა. მათი თარეში განსაკუთრებით გაძლიერდა 1715 წლიდან, როცა კახეთის სამეფო უკვე ვეღარ იგერიებდა მძარცველთა და თავდამსხმელთა გამუდმებულ შემოტევებს. 1719 წელს ირანიდან ქართლში დაბრუნებულ ვახტანგ VI-ს ლეკთა თარეშის ასალაგმავად გადამწყვეტი ზომების მიღება დასჭირდა.[42]

ვახტანგმა რამდენიმეჯერ გაილაშქრა ლეკების წინააღმდეგ არაგვის, ქსნის, ლიახვისა და მტკვრის ნაპირებზე. ქართლში ლეკთა ყაჩაღური თავდასხმები მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ აუცილებელი გახდა მტრის განადგურება მისსავე ტერიტორიაზე — დაღესტანში თუ არა ჭარში მაინც.[42]

ვახტანგ VI ლეკი ფეოდალებისა და მოლაშქრეთა დამარცხების გზას კახეთთან ერთად ბრძოლაში ხედავდა. ვახტანგმა და კახეთის მეფე დავით II-მ, ჯერ კიდევ 1703 წელს შეჰფიცეს ერთმანეთს მეგობრობა. 1720 წლის გაზაფხულზე ვახტანგ VI-მ საბარათიანოს ლაშქარი გაგზავნა კახეთში ლეკებთან საბრძოლველად, მაგრამ დავით II-მ ვერ გაბედა ბრძოლაში ჩაბმა და ქართლის ლაშქარი სამი თვის შემდეგ უკან გამობრუნდა.[42]

ბრძოლა ჭარ-ბელაქნის დასაკავებლად

ვახტანგ VI-მ განჯის სახანოს წინააღმდეგ გაილაშქრა, სადაც დაღესტნელთა დიდი ძალები იყო თავმოყრილი. ქართლელი მეომრები მტერს უტევდნენ შამქორში, ზეგამში, ჭარში, ბარდაში... ლეკებმა აზერბაიჯანული პროვინციებიდან ჭარ-ბელაქნისაკენ დაიხიეს და თავი დამარცხებულად გამოაცხადეს, მაგრამ ვახტანგს უშუალოდ ჭარის დაკავებაც სურდა. 1721 წელს ქართლელ მებრძოლებს კახელებიც შეუერთდნენ და საომრად მოემზადნენ. ირანის სამეფო კარი ყურადღებით ადევნებდა თვალს ვახტანგის ლაშქრობას. მისმა წარმატებებმა ისპაჰანში შეშფოთება გამოიწვია. ირანის მმართველ წრეებში ფიქრობდნენ, რომ ქართლელთა და კახელთა ერთობლივი ლაშქრობა საბოლოოდ ქართლისა და კახეთის გაერთიანებას გამოიწვევდა, ეს კი საქართველოს ირანის გავლენისაგან გათავისუფლების წინაპირობა იქნებოდა, ამიტომ გადამწყვეტი შეტევის წინ ვახტანგმა შაჰისაგან ბრძანება მიიღო, რომელიც ბრძოლის შეწყვეტასა და ჯარის დაშლას ავალებდა.[42] ქართლის მეფე დათანხმებას არ აპირებდა, მაგრამ სულ მალე მეორე ბრძანებაც მოვიდა, თანაც ძალზე კატეგორიული. ვახტანგი იძულებული გახდა ბრძოლა შეეწყვიტა, თუმცა მან მოიხმო შაჰის დესპანი, ამოიღო ქარქაშიდან ხმალი და დაიფიცა, რომ ამიერიდან შაჰისა და ირანის მხარდასაჭერად აღარ იბრძოლებდა.[42]

რუსულ-ქართული ერთობლივი ლაშქრობის ჩაშლა

პეტრე I-მა ვახტანგთან კავშირი ჯერ კიდევ ამ უკანასკნელის ირანში ყოფნისას დაამყარა. ვახტანგი იმედოვნებდა, რომ რუსეთის დახმარებით საქართველოს ირანელთა ბატონობისაგან გაათავისუფლებდა და თურქეთის მიერ მიტაცებულ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიებსაც დაიბრუნებდა. იგი თვლიდა, რომ რუსეთიდან 5000-იანი ჯარის შემოსვლა საერთო მტრის წინააღმდეგ ქართველთა გაერთიანებას ხელს შეუწყობდა.[43] 1720 წელს პეტრე I და ვახტანგ VI ირანის წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებაზე შეთანხმდნენ. როგორც ჩანს, ვახტანგმა ადრევე დაიწყო სალაშქროდ მზადება და მოკავშირეების შეძენის მიზნით სომეხ მელიქებსაც დაუკავშირდა.[44]

რუსეთის ქვეითი ჯარი, რომელსაც გენერალ-ადმირალი აპრაქსინი მეთაურობდა, 1722 წლის 18 ივლისს 274 გემით გამოემგზავრა ასტრახანიდან. გემებს სახმელეთო გზით გამოჰყვა ცხენოსანი ჯარი. მცირე ხნით ადრე, 2 ივლისს, რუსეთიდან საქართველოში მოავლინეს ბორის თურქისტანიშვილი, რომელმაც ქართლის მეფეს პეტრეს წერილი გადასცა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სულ მალე რუსეთის ჯარი კასპიისპირეთში შემოვიდოდა. ამით იმედმოცემული ვახტანგ VI რუსეთის იმპერატორს აღუთქვამდა, რომ 20 აგვისტოს განჯაში იქნებოდა თავისი ჯარით.[43] თითქმის ერთდროულად ქართლის მეფეს თურქეთის წინადადებაც მოუვიდა, რომლის მიხედვითაც ირანზე ლაშქრობაში მონაწილეობის სანაცვლოდ მთელ საქართველოში გამეფებას ჰპირდებოდნენ. ვახტანგმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა და ყველაფერი პეტრეს შეატყობინა.[44][45]

რუსეთის პირველი იმპერატორი პეტრე I

ამავე ხანებში ვახტანგ VI-ს შაჰის ბრძანებაც მოსვლია შირვანში გალაშქრების თაობაზე, რომელსაც ლეკები დაჰპატრონებოდნენ; ამდენად, ვითარება თავისთავად დალაგდა: ვახტანგი განჯაზე ილაშქრებდა, შაჰის პირობის შესაბამისად – „ლეკების განდევნის“ მიზნით, ფაქტობრივად კი პეტრესთან შესახვედრად.[44]

1722 წლის აგვისტოს მიწურულს, ქართული ლაშქარი განჯისაკენ გაემართა, სადაც მას სომხებიც შეუერთდნენ, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ ლაშქრობის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ისინიც განთავისუფლდებოდნენ ირანელთა ბატონობისაგან.[44][45] წინასწარი გეგმის თანახმად, ქართულ-სომხური ლაშქარი რუსებს დარუბანდსა და ბაქოს შორის უნდა შეხვედროდა, ამიტომ მათ განჯასთან დაბანაკება არჩიეს.

23 აგვისტოს რუსებმა დარუბანდს მიაღწიეს. პეტრე I-მა აქ გარნიზონი ჩააყენა და მდინარე სოლახზე ციხესიმაგრის მშენებლობა დაიწყო, მაგრამ ლაშქრობის გაგრძელება გადაიფიქრა. ეს რამდენიმე გარემოებით იყო გამოწვეული: ძლიერი ქარის გამო კასპიის ზღვის სანაპიროზე გაჩერებულ გემებში წყალმა შეაღწია და ფქვილის თითქმის მთელი მარაგი დაასველა. ჯარში გავრცელდა ავადმყოფობები, დაეხოცათ ცხენებიც. ზღვაზე მორიგი ღელვის გამო კი დარუბანდისაკენ მომავალი რუსული გემები ჩაიძირა. ამ ყველაფერს თან დაერთო ურთიერთობის გამწვავება ოსმალეთთან. ყოველივე ამის გამო, პეტრე I 1722 წლის შემოდგომაზე ასტრახანში დაბრუნდა იმ იმედით, რომ გაზაფხულზე ლაშქრობას განაახლებდა, ხოლო ვახტანგთან მოსალაპარაკებლად პოდპორუჩიკი ივანე ტოლსტოი და ბორის თურქისტანიშვილი გამოგზავნა, რომლებიც თბილისში 27 ოქტომბერს ჩამოვიდნენ.[46] პეტრეს დესპანები თბილისში მყოფმა ვახუშტი ბატონიშვილმა მიიღო, რომელიც ძალიან შეაშფოთა რუსეთის ჯარის უკან გაბრუნების ამბავმა, რადგანაც ადვილი შესაძლებელი იყო, ამას ოსმალთა შემოჭრა მოჰყოლოდა საქართველოში.

24 ნოემბერს უკვე თბილისში დაბრუნებული ვახტანგ VI შეხვდა პოდპორუჩიკ ტოლსტოის და დასთანხმდა რუსეთთან ერთობლივი სამხედრო მოქმედებების მომდევნო წელს გადატანაზე, მაგრამ, ამავე დროს, რუსეთის ჯარის ერთი დანაყოფის საქართველოში შემოყვანა მოითხოვა.[46]

ვახტანგის მდგომარეობის გართულება

როცა პეტრე I აცნობეს, რომ არზრუმის ფაშა ყარსში ჯარს აგროვებდა, რაც ქართლზე თურქეთის შესაძლო თავდასხმას ნიშნავდა, იმპერატორი დასთანხმდა საქართველოში ორიათასკაციანი ჯარი გამოეგზავნა. გამოემგზავრა კიდევაც ჯარი პეტერბურგიდან, მაგრამ სანამ ასტრახანამდე ჩამოაღწია, ქართლში მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა.[46]

1722 წლის 12 ოქტომბერს, ალყაში მოქცეული ირანის შაჰი სულთან ჰუსეინი ავღანელებს დანებდა. ჩრდილოეთის პროვინციებს თავშეფარებულმა ირანის ტახტის მემკვიდრემ, თამაზ-მირზამ, ვახტანგს ჯარი სთხოვა. ქართლის მეფემ უარი შეუთვალა. ამავე დროს, ქართლის საზღვართან ოსმალები კვლავ აგრძელებდნენ სამზადისს საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად. განაწყენებულმა შაჰმა, თამაზმა (მან თვითონვე გამოაცხადა საკუთარი თავი შაჰ-თამაზ II-დ) ქართლი ვახტანგს ჩამოართვა და კახეთის მეფე კონსტანტინე II-ს გადასცა. თბილისის შემოგარენში განლაგებულმა ირანის გარნიზონმა, შაჰ-თამაზის ბრძანებით, ქალაქზე შეტევა დაიწყო. დედაქალაქს კახეთის მხრიდან კონსტანტინე II-ც მოადგა თავისი ჯარითა და დაქირავებული ლეკებით. მას ეხმარებოდნენ განჯისა და ერევნის ხანები.[47] ვახტანგ VI-ის დასახმარებლად მხოლოდ დასავლეთ საქართველოდან ჩამოვიდა მცირერიცხოვანი ჯარი. სამ თვეს უძლებდა თბილისი გამუდმებულ შეტევებს, რასაც ღალატიც დაერთო და 1723 წლის 4 მაისს დედაქალაქი დანებდა. დამარცხებული ვახტანგი ჯერ გორში გაიხიზნა, იქიდან კი ცხინვალში გადავიდა.[47]

რუსეთში გამგზავრება

ქართლიდან განდევნილ ვახტანგ VI-ს ისღა დარჩენოდა რუსეთში გამგზავრებულიყო და პეტრე I-ის კარზე ეძებნა წართმეული სამეფოს დაბრუნების გზები. 1724 წლის ივლისში ვახტანგი რაჭიდან ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდა. მამისონის უღელტეხილამდე რაჭის ერისთავმა შოშიტამ გააცილა. დიგორში სამშობლოდან აყრილ ქართლის მეფეს ცოლისძმა, ჩერქეზთა ბატონი მიეგება.[48]

ყაბარდოში ვახტანგს რუსეთის სამხედრო რაზმი დახვდა პოლკოვნიკ ლიცკინის მეთაურობით, რომელმაც მეფე და მისი ამალა წმინდა ჯვრის სიმაგრეში დააბანაკა. გადაწყდა, აქ დალოდებოდნენ რუსეთში გამგზავრების ნებართვას, რისთვისაც ვახტანგ ამილახვარი პეტერბურგში გაგზავნეს მოსალაპარაკებლად.[48]

ამალა

ვახტანგ VI-ის ამალას, პეტრე I-ის სამეფო კარზე გაგზავნილი სიის მიხედვით, შეადგენდა 1214 (ზოგი ვერსიით 1208) კაცი. პოლკოვნიკ ლიცკინის მოხსენების მიხედვით კი, რუსეთში ჩასულ ქართველთა რაოდენობა 1885 კაცს აღწევდა, რაც იმით აიხსნება, რომ ამალა ჩრდილოეთ კავკასიაში ადრე ჩასული ქართველებით შეივსო.[48] ამალაში იყვნენ მეფის ოჯახის წევრები: დედოფალი რუსუდანი, შვილები: ბაქარი, ვახუშტი და გიორგი; ძმები: სვიმონი, კონსტანტინე, ადარნასე; და — ხვარაშანი. მეფე ქაიხოსროს შვილები დავითი და ანა. სარდლები, სახლთუხუცესები, მღვდელმთავრები, დიდებულები თავიანთი ოჯახის წევრებითა და მსახურებით. ვახუშტის მეუღლეს, ორი ვაჟისა და ორი ასულის გარდა, თან ახლდა ერთი გამდელი, 13 მოახლე, 25 მსახური, 5 თავადი 7 ყმით და 19 აზნაური 17 ყმით. ვახტანგ მეფის პირადი ამალა 530 კაცს ითვლიდა, რუსუდან დედოფლისა — 101-ს, ბაქარისა — 242-ს, სვიმონისა — 83-ს და ა. შ. ამალაში, ასევე, იყვნენ მეცნიერები და მწერლები: მამუკა ბარათაშვილი, ონანა ქობულაშვილი, გაბრიელ გელოვანი და სხვ.[48]

რუსეთში ცხოვრების წლები

ვახტანგ VI 1725 წლის 2 თებერვალს ასტრახანიდან 84 კაცით გაემგზავრა მოსკოვში, რათა შემდეგ პეტერბურგში შეხვედროდა რუსეთის იმპერატორს. მეფეს თან ახლდნენ ვაჟი ბაქარი და ძმა სვიმონი.[49] დედოფალი რუსუდანი და ვახუშტი ბატონიშვილი ასტრახანში დარჩნენ მეფის მრავალრიცხოვან ამალასთან ერთად.[49] ვახტანგმა გზაში შეიტყო პეტრე I-ის გარდაცვალების ამბავი.

რუსეთის სამეფო კარმა ვახტანგ VI-ს განუცხადა, რომ პეტრე I-ის სურვილის თანახმად, მათ ქართველების დაფუძნება წმინდა ჯვრის სიმაგრეში სურდათ. ქართველებს ასევე შესთავაზეს დარუბანდსა და ბაქოში დასახლება, ხოლო როცა რუსეთი კასპიისპირეთში მდგომარეობას განიმტკიცებს, სამშობლოში დაბრუნებასაც შეძლებო, — არწმუნებდა ქართლის ლტოლვილ მეფეს ეკატერინე I.[49]

1726 წლის თებერვალში, რუსეთის უმაღლესი საიდუმლო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვახტანგ VI-ს ირანში მოსალაპარაკებლად გამგზავრება დაევალა. გამგზავრების წინ ეკატერინე I-მა ვახტანგი ქართლის მეფედ ცნო, ირანთან ურთიერთობის მოწესრიგების შემთხვევაში კი ქართლის სამეფო ტახტზე დაბრუნება აღუთქვა და მატერიალურადაც უზრუნველყო.[50]

1726 წლის 28 აგვისტოს დარუბანდში ჩასულ ვახტანგ VI-ს, ეკატერინე I-ის ბრძანებით, ყაზანის ღვთისმშობლის ეკლესიაში ანდრია პირველწოდებულის ორდენი გადასცეს. 10 სექტემბერს ვახტანგი უკვე რეშთში ჩავიდა.[50]

ირანში მანამდე იყო დაწყებული მოლაპარაკება რუსეთის წარმომადგენლებსა და შაჰს შორის, მაგრამ წარუმატებლად. ვახტანგის ჩასვლის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა, რადგან შაჰ-თამაზი მის მიმართ კეთილად იყო გამსჭვალული. შაჰმა თავისი წარმომადგენელი, სპასალარი მოჰამედ რეზა, შეახვედრა რუსეთის ქართველ დესპანს 1726 წლის 9 ოქტომბერს. წინასწარი შეთანხმების მიხედვით, რუსეთს უარი უნდა ეთქვა გილანზე, მაზანდარანსა და ასტრაბადზე, შაჰი კი, ოსმალთა განდევნის შემდეგ, ვახტანგს კვლავ ქართლის მეფედ აღიარებდა.[50]

1727 წლის მარტისათვის მდგომარეობას, თითქოს, სასიკეთო პირი უჩანდა, მაგრამ გენერალმა ვასილი ლევაშოვმა, რომელიც ვახტანგს ეჭვის თვალით უყურებდა, მოლაპარაკება ჯერ გააჭიანურა და შემდეგ ჩაშალა.[50]

1727 წლის 17 მაისს გარდაიცვალა ეკატერინე I და ტახტზე აიყვანეს პეტრე I-ის 12 წლის შვილიშვილი პეტრე II. უმაღლესმა საიდუმლო საბჭომ ვახტანგ VI რუსეთში გაიწვია. 1717 წლის 7 სექტემბერს ვახტანგი გაემგზავრა კიდეც, მაგრამ გზაში მრავალი დაბრკოლება (ზღვის ღელვა, ჟამიანობა) შეხვდა და ერთი წლის შემდეგ ძლივს ჩააღწია მოსკოვში.[50]

სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრი ვახტანგ VI-ს არასოდეს შეუწყვეტია. საყურადღებოა 1727 წლის პირველი აპრილით დათარიღებული მისი ვრცელი წერილი რუსეთის სახელმწიფო კანცლერ გავრილ გოლოვკინისადმი, რომელსაც ირანში ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ უგზავნიდა: „თუ ამ წყალობას მიზამთ, რომ ჩემის ქვეყნისა კიდევ ამის უფრო წახდენასა და გაურჯულებას არ მაჩვენებთ და ამას საფლავში არ ჩამატანთ, რომ ის ჩემს შვილსა და შვილიშვილს დაეკარგოს, ხომ კაი წყალობა იქნება, თუ არა და ნება თქვენია“, — წერდა ვახტანგი.[51]

1730 წელს, 14 წლის პეტრე II-ის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის ტახტზე პეტრე I-ის ძმისშვილი ანა ავიდა. იგი მთელ დროს სადღესასწაულო ბალ-მასკარადების გამართვასა და გართობას ანდომებდა. ვახტანგისა და ქართველი დიდებულების აუდიენციები არაფრისმთქმელი დაპირებებით სრულდებოდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მოხდენილ ქართველ ბატონიშვილებს გამორჩეული ადგილი ეკავათ იმპერატრიცის სადღესასწაულო ბალ-მასკარადებზე.[52]

ყველაფრის მიუხედავად, ვახტანგ VI კვლავ ცდილობდა დაერწმუნებინა რუსეთის ხელისუფლება, რომ კავკასიის ხალხთა მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვანი იყო. ამავე დროს, მას ურთიერთობა არ შეუწყვეტია სომეხ და ყაბარდოელ თავადებთან, ასევე ცდილობდა რუსეთიდან მოეხდინა გავლენა დაღესტნელ მებატონეებზე, რომელთა რაზმებიც ისევ აგრძელებდნენ საქართველოში თარეშს.[52]

1734 წელს ირანის შაჰმა ნადირმა ახალი ძალით წამოიწყო ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლა და ეს დაპირისპირება სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე გადაიტანა. ნადირმა რუსეთთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების სურვილი გამოთქვა, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი ირანს კასპიისპირა პროვინციებს დაუბრუნებდა.[3]

1735 წელს გაფორმებული განჯის ტრაქტატის მიხედვით, რუსეთი ირანს ბაქოსა და დარუბანდს უთმობდა. ოსმალთა ბატონობისაგან განთავისუფლების შემდეგ კი ირანს ქართლის სამეფო ვახტანგ VI-სათვის უნდა გადაეცა. ნადირ-შაჰი ვახტანგსა და ბაქარს თავისთან იწვევდა მოსალაპარაკებლად, მაგრამ ვახტანგი რუსეთის განაწყენებას მოერიდა, ავადმყოფობა მოიმიზეზა და არ წავიდა, ბაქარი კი რუსეთის არმიაში არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი იყო და იმპერატორის ბრძანების გარეშე ირანის შაჰს ვერ ეახლებოდა.[3]

გარდაცვალება

1736-1737 წლისთვის ვახტანგისთვის ნათელი გახდა, რომ ქართლში მისი დაბრუნება შეუძლებელი იყო კახელი ბაგრატიონების გაძლიერების გამო. ისედაც გამწარებულ ვახტანგს რუსეთის ქვეშევრდომობის მიღება მოსთხოვეს, ეს კი საქართველოში დაბრუნებაზე უარის თქმასა და ჩრდილოეთში სამუდამო დამკვიდრებას ნიშნავდა.

ვახტანგმა არ მიიღო შეთავაზებული წინადადება, არ ისურვა სხვა ქვეყნის ქვეშევრდომობა, მან მოსკოვს წასვლა აღარ ისურვა, ასტრახანს დასახლდა, მხლებელთა ჯგუფი ბაქარს ჩააბარა და სრული თავისუფლება მიანიჭა ყველას, ბაქარი თავისი მხლებლებით მოსკოვისაკენ გაემართა. მალე მოსკოვიდან ასტრახანს ჩავიდა რუსუდან დედოფალიც.[53]

ვახტანგ VI-ის საფლავი ასტრახანის მიძინების ტაძარში

ასტრახანში დასახლებული ვახტანგი მწვავედ განიცდიდა სამშობლოდან დაშორებას და მარცხს, რაც აისახა კიდევაც მის ლექსებში.

1737 წლის 26 მარტს ვახტანგი გარდაიცვალა, იგი პატივით დაკრძალეს ასტრახანის მიძინების ტაძარში.[54][3]

ვახტანგის გარდაცვალება რუსეთში მყოფი ქართველებისათვის დიდი ტრაგედია იყო. მათ გულისტკივილს ნათლად გადმოსცემს დავით გურამიშვილის ლექსი, რომელიც მან მეფის გარდაცვალებას მიუძღვნა:

ვიკიციტატა
„ვაი, რა ბოძი წაიქცა, სახლ-კარი თავს დაგვექცაო!
ლხინი, შვება და სიამე სულ ჭირად გარდაგვექცაო.
ჩვენ ყმანი დავრჩით, პატრონი წავიდა, შორს გაგვექცაო,
გაფრთხილდი, შენც არ დაგვექცე, ღვთის მაცა, მაგრა დექ, ცაო!

მეფე მოგვიკვდა, ვიქმენით ჩვენ მწარედ ოხერ-ტიალი!
მით დაგვიბნელდა საწუთროს შუქთა ბრწყინვა და ჭყრტიალი;
მოგვწყდა წელ-გული, შევქმენით, ვით უმხროდ ჩიტმან ფრტიალი,
დავიწყეთ, ვითა წიწილთა უკრუხობითა, წკრტიალი.“

მეცნიერული შრომები

ვახტანგის მწიგნობრულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში ერთობ დიდი ადგილი უკავია მეცნიერულ მოღვაწეობას, კვლევა-ძიებით მუშაობას. ვახტანგ VI იყო არა მხოლოდ ინტელექტუალური საქმიანობის აღიარებული ხელმძღვანელი და კულტურულ-შემოქმედებითი მუშაობის ნიჭიერი ორგანიზატორი, არამედ დაკვირვებული მკვლევარი და ნაყოფიერი მეცნიერი. თავისი ორიგინალური თუ თარგმნილ-გადმოკეთებული შრომებით მან შესამჩნევად შეუწყო ხელი ქართული მეცნიერების განვითარებას.[55][56]

ვახტანგმა მრავალმხრივი მეცნიერული მუშაობა წამოიწყო სამშობლოში (ლექსიკოგრაფია, ისტორიოგრაფია, ლიტერატურათმცოდნეობა-რუსთველოლოგია), განაგრძო ირანელთა ტყვეობაში (ასტრონომია, ქიმია) და დაასრულა რუსეთში (ქიმია, ისტორიოგრაფია). მიუხედავად სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური საქმიანობით გადატვირთვისა, იგი ყველგან პოულობდა დროს მეცნიერული მუშაობისათვის.[55]

ასტრონომია

XVIII საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში საგრძნობლად გაღვივდა ინტერესი ციური სამყაროსადმი, შესამჩნევლად გაიზარდა მოთხოვნილება კოსმოგრაფიული ძეგლებისადმი. ქართული ასტრონომიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვახტანგმაც. იგი ახალგაზრდობაშივე ინტერესით სწავლობდა ასტრონომიას; სამყაროს ეცნობოდა სპეციალური სახელმძღვანელოებით; გულდასმით კითხულობდა და სათანადო მინაწერებს ურთავდა XII-XIII საუკუნეების ხელნაწერებში შემონახულ ასტრონომიულ-კალენდრული ხასიათის თხზულებებს.[55] შემდეგ ხანებში ხელი მიჰყო სპეციალური ლიტერატურის თარგმნასაც. სახელდობრ, ირანში ყოფნის დროს სპარსული ენიდან თარგმნა ცნობილი მეცნიერის, ულუღ ბეგის (XV ს.) ასტრონომიული ტრაქტატი „ზიჯი“ – „ვარსკვლავთა კატალოგი“, „ვარსკვლავთმრიცხველობა“.[55][56]

ვახტანგ VI-ის ასტროლაბი. თითბერი, 1716-1719 წწ. თანავარსკვლავედების, პლანეტებისა და სამყაროს მხარეების მაჩვენებელი წარწერები შესრულებულია ქართული მხედრულით.

ულუღ ბეგმა თავისი ობსერვატორიითა და იქ ჩატარებული დაკვირვებებით საკმაოდ გაითქვა სახელი. მან მრავალწლოვანი და მრავალმხრივი მუშაობის შედეგად შექმნა ის შრომა, რომელმაც ირანელთა ტყვეობაში მყოფი ვახტანგის ყურადღება მიიპყრო. ვახტანგმა სათანადოდ შეაფასა ნაშრომის ღირსება, კატალოგის მნიშვნელობა და ქართველთა შორის ასტრონომიისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით იგი მშობლიურ ენაზე გადმოთარგმნა. ამასთანავე, მან ცდა არ დააკლო, რომ სამარყანდელი ასტრონომის ტრაქტატი ქართველი მკითხველისათვის ადვილად გასაგები გაეხადა. ამ მიზნით ზოგი უმნიშვნელო ადგილი გამოტოვა, ზოგი კი საგანგებოდ განმარტა.[57] ვახტანგ VI-ის მიერ ქართულად თარგმნილი „ზიჯი“ დღესაც აოცებს მეცნიერებს: გარდა იმისა, რომ მასში 244 ქალაქის გეოგრაფიული კოორდინატებია აღწერილი, ვახტანგის მიერ დამატებულია კიდევ 450 ადგილი, მათი გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი გრძედითა და განედით. ამ პუნქტებს შორისაა ქალაქი გორიც.[56] მასალები ვახტანგმა მოაგროვა ევროპული სამეცნიერო ლიტერატურიდან, თუმცა აღნიშნავდა, რომ წყაროებში ბევრ უზუსტობას გადააწყდა. ამ უზუსტობებს იგი თავადვე ასწორებდა. ისეთი გეოგრაფიული პუნქტები, როგორებიცაა არზრუმი, ალეპო, დამასკო, ისპაანი, მექა, ქაშანი, შირაზი და კიდევ სხვა ქალაქები, თარგმანში ვახტანგმა დედნისაგან განსხვავებულად აღწერა. გარდა ამისა, ამ თარგმანს დაურთო სპარსულ-ქართული ასტრონომიული განმარტებებისა და უცხო სიტყვების ლექსიკონი.[56] აღსანიშნავია ის მუშაობა, რომელიც ვახტანგმა ჩაატარა ხოჯა ნასირ ედ-დინ თუსის (XIII ს.) „თალი მასალის“ ქართული თარგმანის სრულყოფისათვის, მისი დავალებით თარგმნილი ტექსტის რედაქტირებისათვის. აქვე აღსანიშნავია თბილისის სტამბაში დაბეჭდილი (1721 წ.) ასტრონომიულ-კოსმოგრაფიული თხზულება „აიათი, რომელ არს ქმნულების ცოდნის წიგნი“, რომელიც სპარსულიდან ვახტანგმა თარგმნა, ხოლო სასტამბოდ ნ. ორბელიანმა გამართა.[56][57] ცნობილია ვახტანგის კალენდრული ხასიათის ორიგინალური შრომებიც: „ხელთა“ და „კვინკლოსი“ ანუ „საძირკველი“.[57]

ქიმია

ვახტანგ VI-ის ქიმიის სახელმძღვანელო

ვახტანგს საკმაოდ აინტერესებდა და იზიდავდა ქიმია. მან ჯერ კიდევ ისპაანში დაიწყო და რუსეთში დაასრულა ქიმიის სახელმძღვანელო, რომელიც ვახტანგის ხელნაწერში ასეა დასათაურებული: „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნის“.[56][58] აღნიშნული წიგნი არაა ორიგინალური ნაწარმოები, მაგრამ არც თარგმანია და არც რომელიმე უცხო წყაროს ქართული ვერსია. ვახტანგმა გამოიყენა აღმოსავლური ძეგლები, გამოკრიფა იქიდან საინტერესო მასალა, ჩაატარა ცდები და სცადა ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების მიღების წესის შემუშავებაც.[58] ზოგჯერ იგი ზეპირი ცნობებითაც სარგებლობდა, მაგრამ, შეძლებისდაგვარად, ამოწმებდა და აზუსტებდა მათ. გასაგებია, რომ ყველა ცდის ჩატარება და ყველა ცნობის შემოწმება ირანელთა ტყვეობაში მყოფი ვახტანგისათვის შეუძლებელი იყო, ამიტომ იგი, სურვილის წინააღმდეგ, ზოგჯერ შეუმოწმებელ მასალასაც ათავსებდა სახელმძღვანელოში, მაგრამ ამას მკითხველს არ უმალავდა და საგანგებოდ აფრთხილებდა კიდეც.[58]

მედიცინა

საყურადღებოა ვახტანგის წვლილი ქართული მედიცინის განვითარებაში. აქ, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვიხსენიოთ მისი ზრუნვა ძველი ქართული მედიცინის ადრინდელი ძეგლების შემცველი ხელნაწერების დაცვა-შენარჩუნებაზე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ორი უაღრესად საყურადღებო სამედიცინო ხასიათის თხზულების ხელნაწერები ვახტანგის სახელთანაა დაკავშირებული.[59]

XI საუკუნის „უსწორო კარაბადინის“ ხელნაწერის ანდერძში იკითხება: „ჩვენ, საქართველოს გამგებელმა ბატონიშვილმან პატრონმან ვახტანგ, დავაწერინეთ კარაბადინი ესე საკითხავად სამყოფად დარბაზ სეფეთა ჩვენთა. ერთი ფურცელი აკლდა და მისი ვერსად ვიპოეთ რომ დაგვეწერა“. როგორც ჩანს, ვახტანგმა გაითვალისწინა დასახელებული ძეგლის მნიშვნელობა და მისი ხელნაწერი საგანგებოდ დაამზადებინა. გულისტკივილი ერთი ფურცლის დაკლების გამო საკმაოდ ნათლად ამოწმებს მის დიდ ინტერესს ძველი ქართული მედიცინისადმი.[56][59]

კიდევ უფრო მეტი ამაგი დასდო ვახტანგმა ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის (XV ს.) ცნობილი თხზულების „სამკურნალო წიგნის“ შემცველ ხელნაწერს, რომელსაც ასეთი მინაწერი ამშვენებს: „ჩვენ, საქართველოს გამგებელმა ბატონიშვილმან პატრონმან ვახტანგ, თვითოეულად ფურცლად მოშორებული კარაბადინი ესე შევაწყობინე და შევაკვრევინეთ სახმარად და სასარგებლოდ კაცთათვინ და სახმარისად ყოველთა“. ცხადად ჩანს, რომ დაშლილი ხელნაწერის წესრიგში მოყვანა და აკინძვა ვახტანგის თაოსნობით მოხდა.[59]

ცალკე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ვახტანგის ზემოთხსენებულ თხზულებაში – „წიგნი ზეთთა შეზავებისა და ქიმიის ქმნის“, საკმაოდ ჭარბადაა სამედიცინო ხასიათის პარაგრაფები, განხილულია სამკურნალო პრეპარატების შედგენილობა, აღწერილია ოპტიკური ხელსაწყოების დამზადების ტექნოლოგიური პროცესები და ა. შ. ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს ვახტანგის განსწავლულობას მედიცინაში.[59]

ლექსიკოგრაფია

ერთობ დიდია ვახტანგის დამსახურება ქართულ ლექსიკოგრაფიაში. მან ნაყოფიერი მუშაობა ჩაატარა როგორც სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონის“ სრულყოფისათვის, ისე ახალი ლექსიკონების შედგენისთვისაც.[59]

სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონა“, რომლის შედგენაშიც ვახტანგ VI-ს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.

ვახტანგი ყურადღებით ადევნებდა თვალს მისი აღმზრდელის საქმიანობას და კარგად იცოდა, რომ სულხან-საბა წლების მანძილზე შეუნელებელი ინტერესითა და ენერგიის დაუზოგავად მუშაობდა ლექსიკონზე, ავსებდა, აზუსტებდა და ხვეწდა მას, ამიტომ იგი გულდასმით კითხულობდა ლექსიკონის ახალ ნუსხებს და განმარტება-დამატებებს ურთავდა. ვახტანგმა განმარტა სულხან-საბას მიერ დამოწმებული ზოგიერთი სიტყვა (ასპალადი, ანჯმნი[60]), ზოგი განუმარტავიც ახსნა (მყაფი, სუნტაქსვა[60]), განმარტებულს დაუმატა იმავე სიტყვის სხვა მნიშვნელობაც და ახალი წყაროს ჩვენებით დაადასტურა, წყაროების მიუთითებლად წარმოდგენილ სიტყვებს წყაროები მიაწერა (ხალი, წული[60]) და ა. შ. ზოგჯერ ეკამათებოდა და არ ეთანხმებოდა აღმზრდელს. მაგალითად, სულხან-საბა წერდა: „ზაბაკი და ზამბაკი სადაფია“.[60] ვახტანგმა ეჭვი გამოთქვა: „ზამბაკი ვეჭობ სადაფი იყოს“.[60]

ლექსიკონის ადრეულ ნუსხებში ვახტანგის მიერ შეტანილ განმარტებათა ნაწილმა სათანადო ადგილი მოიპოვა მომდევნო ხანის ხელნაწერებში. სულხან-საბამ თუ სიტყვასიტყვით არ გაიმეორა ვახტანგის განმარტება, ანგარიში მაინც გაუწია მას. მაგალითად, სულხან-საბა წერდა: „დაბალთვა-ბალთვა უყო“, ვახტანგმა დამატებით განმარტა: „დაკოდვა, დაჭრა მრავლად“.[60] სულხან-საბამ, ჩანს, გაიზიარა აღზრდილის მინაწერის აზრი და უკანასკნელად „დაბალთვა“ ასე ახსნა: „მეტად წვრილად დაკოდა“.[60]

ვახტანგის მიერ დამატებული ზოგიერთი სიტყვა და მისი ახსნა „სიტყვის კონის“ უკანასკნელ გამოცემებშიც გვხვდება (ლაციცობა, მდივნე, ხლიჩი[60]) საგულისხმოა, რომ სულხან-საბას ნაშრომს ვახტანგმა მისცა სათანადო სახელი.[60][61] ადრეული რედაქციის ანდერძში სულხან-საბა წერდა: „ქართულთა ენათა ლექსიკონი აღარ იპოებოდა“. სიტყვა „ლექსიკონთან“ ვახტანგმა მიაწერა „რომელ არს ქართულად სიტყვის კონა“.[60] როგორც ჩანს, სულხან-საბას მოეწონა ეს დამატება-განმარტება და თავის შრომას „სიტყვის კონა ქართული“ უწოდა,[60] ხოლო ანდერძში ჩაწერა: „ქართულთა ენათა ლექსიკონი აღარ იპოებოდა, რამეთუ ჟამთა ვითარებითა უჩინო ქმნილიყო, რომელსაც ვახტანგ მეფემან ქართულად სიტყვის კონა უწოდა“.[62]

ვახტანგი მხოლოდ ლექსიკონის კითხვითა და ცალკეული შენიშვნებით არ დაკმაყოფილდა, მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ახალი ნუსხების დამზადებაშიც. ამ მხრივ აღსანიშნავია ის ლექსიკონები, რომლებიც მის მიერ სპარსულიდან თარგმნილ ასტრონომიულ თხზულებას დაურთო, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1712 წელს თბილისში დაბეჭდილი ვეფხისტყაოსნის ვახტანგისეული კომენტარები და თანდართული სიტყვათა განმარტებები. ვახტანგის ლექსიკონი თავისი დროისათვის შესანიშნავადაა განმარტებული. მასში დამაკმაყოფილებლადაა ახსნილი სიტყვები, მოცემულია ჯეროვანი განმარტებები.[62]

ისტორიოგრაფია

„ქართლის ცხოვრების“ რედაქტირება

ვახტანგმა, ქართლის ჯანიშინად ყოფნის წლებშივე, გამორჩეული ყურადღება დაუთმო ქართველი ხალხის ისტორიას. ვახტანგს, ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ-კულტურული ვითარებიდან გამომდინარე, შეუმჩნეველი არ დარჩენია, რომ უმნიშვნელოვანესი ქართული ისტორიოგრაფიული ნაშრომის – „ქართლის ცხოვრების“ შევსება-გაგრძელება, ფაქტობრივად, გაწყვეტილიყო. კერძოდ, მისი ბოლო თხზულება მხოლოდ XIV საუკუნის დასაწყისს მოიცავდა. შემდგომ იყო დიდი წყვეტა, ანუ XIV-XVII საუკუნეების ისტორიის ერთიანი, გაბმული თხრობა აღარ არსებობდა. აუცილებელი გახდა „ქართლის ცხოვრების“ აღნიშნული პერიოდის შევსება. ეს საპასუხისმგებლო საქმე სწორედ ქართული კულტურის რეფორმატორის, ვახტანგის დროს განხორციელდა.[63]

„სწავლულ კაცთა კომისია“

ვახტანგის ინიციატივით შეიქმნა „სწავლულ კაცთა კომისია“, რომელსაც დაევალა „ქართლის ცხოვრების“ რედაქტირება, გამართვა და რაც მთავარია, მისი გაგრძელება. ამგვარად იქმნებოდა „ახალი ქართლის ცხოვრება“, რომელიც კოლექტიურ ნაშრომს წარმოადგენდა. ამის შესახებ ავტორები არაერთხელ მიუთითებენ, როდესაც მრავლობით რიცხვში ლაპარაკობენ — ჩვენ ვიპოვეთ, გვეუწყა, აღვწერეთ და ა. შ. ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ „ახალი ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთ ავტორად ბერი ეგნატაშვილი შეიძლება მივიჩნიოთ. იგი „სწავლულ კაცთა კომისიის“ ხელმძღვანელი ან აღნიშნული კოლექტიური ნამუშევრის რედაქტორი უნდა ყოფილიყო.[63] კომისიამ, რომელსაც ზოგჯერ „მეცნიერ კაცთა კომისიასაც“ უწოდებენ, შეკრიბა „ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერები, მათგან აიღო ერთ-ერთი, შედარებით სრული და სხვათა დახმარებით შეავსო. კომისიამ „ქართლის ცხოვრება“ დაყო თავებად და ქვეთავებად, ასევე შეავსო ქართული და უცხოური წყაროებიდან მოპოვებული ცნობებით.[63]

„ახალი ქართლის ცხოვრება“

ვახტანგ VI-ის ინიციატივით შეიქმნა „ქართლის ცხოვრების“ ახალი, შევსებული და გაფართოებული ვერსია. კრებულის პირველ ნაწილს, რომელიც ანა და მარიამ დედოფლებისა და ჭალაშვილისეულ ხელნაწერებშია დაცული, „სწავლულ კაცთა კომისიის“ წევრები „ძველ ქართლის ცხოვრებას“ უწოდებდნენ, თავიანთ შედგენილ ნაშრომს კი — „ახალ ქართლის ცხოვრებას“.[63] ვახუშტი ბატონიშვილსაც თავისი ნაშრომის — „აღწერა სამეფოსა საქართველოსას“ წყაროების სიაში მოყვანილი აქვს „ახალი ქართლის ცხოვრება“.

„სწავლულმა კაცებმა“ განიხილეს საქართველოს დაშლის საკითხი XV საუკუნის ბოლოს, ასევე – სათავადოების წარმოქმნის საკითხი, რუსეთთან ურთიერთობის ფურცლები.[63]

„ახალი ქართლის ცხოვრება“ XVIII საუკუნის 20-იან წლებში უნდა უნდა იყოს შედგენილი. თხზულების შემადგენელი ნაწილები მეფეთა ზეობის მიხედვითაა დასათაურებული, ხოლო ისტორიულ მოღვაწეთა სახელები წითელი მელნითაა გამოყოფილი.[63]

დღეისათვის შემორჩენილია „ახალი ქართლის ცხოვრების“ სამი ტექსტი. მათგან უმთავრესი ვერსია მოიცავს საქართველოს ისტორიის მონაკვეთს ბაგრატ V-ის გამეფებიდან, ანუ 1360 წლიდან, ვახტანგ V შაჰნავაზის (1658-1675) მეფობამდე.[63]

ლიტერატურულ-მთარგმნელობითი მოღვაწეობა

მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილის გარდა, ცალკე აღნიშვნის ღირსია ვახტანგის ლიტერატურული მოღვაწეობა. მან დაუდო სათავე რუსთველოლოგიას, როგორც მეცნიერებას.[64][6] „ვეფხისტყაოსნის“ 600-მდე სტროფის ვახტანგისეულ კომენტარებში განხილულია რუსთველოლოგიის მნიშვნელოვანი საკითხები. მათგან უაღრესად საყურადღებოა „ვეფხისტყაოსნის“ ალეგორიული თარგმანების საკითხი. ვახტანგმა წამოაყენა დებულება, რომ რუსთაველის პოემა „საღმთოც იყო და საეროც“, ხოლო რუსთველური სიყვარული გულისხმობდა როგორც ღვთაებრივ, ისე ცოლ-ქმრულ სიყვარულს. ვახტანგის ეს თვალსაზრისი ენათესავება სიყვარულის კონცეფციის შუა საუკუნეებისათვის სპეციფიკურ გაგებასა და დანტეს „ღვთაებრივ კომედიასა“ და პეტრარკას სონეტებში გატარებულ თვალთახედვას.[64] ვახტანგმა „ვეფხისტყაოსნის“ ფაბულის ორიგინალურობის საკითხიც აღძრა. მან დამაჯერებლად განაცხადა: „სპარსშიდ ეს ამბავი არსად იპოება, ამბავიც თვითონ გააკეთა და ლექსადაც“.[64] უაღრესად საყურადღებოა ტექსტის ზოგი ადგილის ვახტანგისეული გასწორება. საგანგებოდ აღსანიშნავია ვახტანგ VI-ის მთარგმნელობითი მოღვაწეობა. „აღორძინების ხანის“ მწერლებს ღრმად სწამდათ, რომ ქვეყნის განადგურება და დაცემა განპირობებული იყო ერის ზნეობრივი გადაგვარებით. მათთვის პიროვნების მორალური სრულქმნა ერის კეთილდღეობის მტკიცე საწინდარი იყო, ამიტომაც მათ შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა დიდაქტიკურ მოძღვრებას.[65] ვახტანგმა არა მარტო საკუთარ პოეზიაში შემოიტანა დიდაქტიკური მოტივები, არამედ თარგმნა დიდაქტიკური ეპოსის ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლები, როგორებიცაა XI საუკუნის სპარსული ლიტერატურის შედევრი „ამირნასარიანი“ („ყაბუს-ნამე“)[კ 4] და „ქილილა და დამანა“.

ვახტანგმა, ისპაჰანში ყოფნისას, კახეთის მეფის, დავითის, არასრულად ნათარგმნი ინდური კლასიკური ნაწარმოების, „ქილილა და დამანას“, თარგმნა ჯერ ერთ სპარს მწიგნობარს დაავალა, მერე — სომეხს, მაგრამ არც ერთი არ მოეწონა.[61] როცა ქირმანში გაგზავნეს, 1714 წელს, იქ თავად გააგრძელა თარგმნა. ორი წლის შემდეგ შაჰმა ისევ ისპაჰანში გაიწვია და ხელნაწერი თავის კარის მდივანს, ონანას გამოუგზავნა. ონანამ „ქილილა და დამანაში“ ჩართული (ვახტანგის მიერ პროზაულად ნათარგმნი) სპარსული ლექსები ქართულად გალექსა, დანარჩენი ნაწილი კი უცვლელი დატოვა.[61] საბოლოოდ, ნაწარმოების გადმოთარგმნა-რედაქტირება სულხან-საბა ორბელიანმა დაასრულა 1716-1719 წლებში. ვახტანგმა, ასევე, ბევრი იმუშავა დიდაქტიკური ხასიათის ძეგლის, „სიბრძნე მალაღობელის“ თარგმანზე და მასში წარმოდგენილ სოკრატეს, პლატონისა და არისტოტელეს ბრძნულ გამონათქვამებს საკუთარი დიდაქტიკურ-მორალური მოსაზრებანიც დაუმატა.[61]

ვახტანგ VI-ს შესამჩნევი ადგილი უკავია ქართული ლირიკის ისტორიაში. მისი ლირიკული ლექსების უმეტესობა დაწერილია უცხოეთში, დევნილობისა და გადახვეწილობის დროს, როდესაც დიდ სულიერ ძვრებს განიცდიდა.[65] მკვლევართა მოსაზრებით ვახტანგმა შემოიტანა ქართულ პოეზიაში სამშობლო-სატრფოს სახე. საკუთარი მიწა-წყლის ისეთი ცხოველი განცდა, როგორიც ვახტანგის პოეზიაშია მოცემული, მანამდე არც ერთი ქართველი პოეტის შემოქმედებაში არ გვხვდება.[65]

ვახტანგმა გარკვეული სიახლე შემოიტანა რელიგიური თემატიკის დამუშავებაში. კერძოდ, ქრისტიანული მწერლობისათვის კარგად ცნობილი თემები მან ლირიკულ ასპექტში გააშუქა და მათთვის განსაკუთრებული უშუალობის მინიჭებით მკითხველზე ემოციური ზემოქმედების ახალი გზები დასახა.[65]

მოლაპარაკებები საქართველოში გადმოსასვენებლად

უკანასკნელ წლებში ქართულ საზოგადოებაში გაჩნდა აზრი ვახტანგ VI-ის (ასევე, თეიმურაზ II-ის) ცხედრების საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით.[66] ამ მხრივ აღსანიშნავია 2013 წლის იანვარში რუსეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და პატრიარქ კირილე I-თან შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განხილვის ერთ-ერთი თემა ქართველი მეფეების ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ მეორის საქართველოში გადმოსვენების საკითხი იყო.[67] პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ ამ საკითხის გადასაწყვეტად შექმნილია სპეციალური კომისია.[68]

ლიტერატურა

  • დუმბაძე მ., ცაიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 336-337.
  • ჯანაშია, სიმონ; ბერძენიშვილი, ნიკოლოზ (1980). საქართველოს ისტორია. თბილისი: მეცნიერება. 
  • მ. ლორთქიფანიძე, ო. ჯაფარიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი (2012). საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. III — საქართველოს ისტორია XIII საუკუნიდან XIX საუკუნემდე. თბილისი: პალიტრა L. ISBN 978-9941-19-586-0. 
  • დ. მუსხელიშვილი, მ. სამსონაძე, ა. დაუშვილი (2012). საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან 2009 წლამდე. თბილისი: გამომცემლობა გუმბათი. ISBN 978-9941-0-4195-2. 
  • ხურცილავა, ჯულიეტა (2010). ქართველ მწერალთა ბიოგრაფიები. თბილისი. ISBN 99940-793-8-7. 
  • ავალიანი, ჯამბუ (2010). დიდოსტატები. ქუთაისი. ISBN 99940-52-18-7. 
  • ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია (2011). 100 ქართველი უცხოეთში. თბილისი. ISBN 978-99928-20-35-3. 
  • შუბითიძე, ვაჟა (2014). ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი. თბილისი: „გავაზი“. ISBN 978-9941-9276-6-9. 

რესურსები ინტერნეტში

კომენტარები

  1. ვახტანგს რუსუდან ჩერქეზთა მთავრის ასულისაგან ხუთი შვილი ჰყავდა: ბაქარი, თამარი, ანუკა, თუთა და გიორგი. ამათ გარდა, ვახტანგს სამი ხარჭისაგან ჰყავდა სამი ვაჟი: ვახუშტი, პაატა და როსტომი.
  2. ვახტანგი, გიორგი XI-ის დავალებით, მოკავშირეებს ეძებდა საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ყურადღება ამ მხრივ ჩერქეზებზე იყო მიპყრობილი. ჩერქეზეთთან ურთიერთობის განსამტკიცებლად გიორგი XI-მ თავისი ვაჟის, ბაგრატის, საცოლედ აირჩია ჩერქეზეთის ბატონის მშვენიერი ასული, მაგრამ, რადგანაც ბაგრატი ირანში გარდაიცვალა, გიორგიმ ძმისშვილს მიათხოვა სარძლო.
  3. ჯანიშინის, ანუ მეფის მოადგილის პოსტზე ვახტანგმა შაჰის კარზე გაწვეული მამა – ლევანი შეცვალა, რომელმაც უფრო ადრე შაჰის სამსახურშივე დაღუპული ძმის ადგილი დაიკავა.
  4. ვახტანგმა „ამირნასარიანი“ ჯერ პროზაულად თარგმნა, შემდეგ კი უკვე რუსეთში გადასახლებულმა გალექსა.

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 ლევან მენაბდე – ვახტანგ VI, 2011, გვ. 14
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 6
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 43
  4. დიდი ქართველები, 2008, გვ. 174
  5. 5.0 5.1 საქართველოს მეფეები, 2007, გვ. 203
  6. 6.0 6.1 100 ქართველი უცხოეთში, 2011, გვ. 120
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 საქართველოს მეფეები, 2007, გვ. 200
  8. 8.0 8.1 საქართველოს მეფეები და პატრიარქები, 2010, გვ. 112
  9. 9.0 9.1 დიდი ქართველები, 2008, გვ. 171
  10. 10.0 10.1 ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 7
  11. ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი, 2014, გვ. 120
  12. 12.0 12.1 ლევან მენაბდე – ვახტანგ VI, 2011, გვ. 15
  13. 13.0 13.1 13.2 ლევან მენაბდე – ვახტანგ VI, 2011, გვ. 16
  14. 14.0 14.1 ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 9
  15. 15.0 15.1 15.2 საქართველოს ისტორია, ტ. III, 2012, გვ. 287
  16. 16.0 16.1 16.2 ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 12
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 17.4 17.5 საქართველოს ისტორია, ტ. III, 2012, გვ. 288
  18. 18.0 18.1 ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 13
  19. 19.0 19.1 ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი, 2014, გვ. 121
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 14
  21. 21.0 21.1 21.2 21.3 21.4 21.5 21.6 21.7 საქართველოს ისტორია, ტ. III, 2012, გვ. 289
  22. საქართველოს მეფეები და პატრიარქები, 2010, გვ. 113
  23. 23.0 23.1 23.2 23.3 ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 15
  24. 24.0 24.1 24.2 24.3 24.4 24.5 24.6 24.7 საქართველოს ისტორია, ტ. III, 2012, გვ. 290
  25. 25.0 25.1 საქართველოს ისტორია, ტ. III, 2012, გვ. 293
  26. 26.0 26.1 ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 18
  27. ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 19
  28. 28.0 28.1 28.2 ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 24
  29. 29.0 29.1 ლევან მენაბდე – ვახტანგ VI, 2011, გვ. 42
  30. საქართველოს ისტორია, ტ. III, 2012, გვ. 296
  31. 31.0 31.1 ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 25
  32. საქართველოს ისტორია, ტ. III, 2012, გვ. 296-297
  33. 33.0 33.1 საქართველოს ისტორია, ტ. III, 2012, გვ. 297
  34. 34.0 34.1 34.2 34.3 საქართველოს ისტორია, ტ. III, 2012, გვ. 298
  35. ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 26
  36. საქართველოს ისტორია, ტ. III, 2012, გვ. 299
  37. 37.0 37.1 37.2 37.3 37.4 საქართველოს ისტორია, ტ. III, 2012, გვ. 300
  38. 38.0 38.1 38.2 ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 28
  39. 39.0 39.1 39.2 საქართველოს ისტორია, ტ. III, 2012, გვ. 301
  40. 40.0 40.1 ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 29
  41. საქართველოს ისტორია, ტ. III, 2012, გვ. 302
  42. 42.0 42.1 42.2 42.3 42.4 ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 30
  43. 43.0 43.1 ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 32
  44. 44.0 44.1 44.2 44.3 საქართველოს ისტორია, ტ. III, 2012, გვ. 308
  45. 45.0 45.1 ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 33
  46. 46.0 46.1 46.2 ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 34
  47. 47.0 47.1 ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 35
  48. 48.0 48.1 48.2 48.3 ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 37
  49. 49.0 49.1 49.2 ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 38
  50. 50.0 50.1 50.2 50.3 50.4 ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 39
  51. ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 40
  52. 52.0 52.1 ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 41
  53. ლევან მენაბდე – ვახტანგ VI, 2011, გვ. 100
  54. ლევან მენაბდე – ვახტანგ VI, 2011, გვ. 101
  55. 55.0 55.1 55.2 55.3 ლევან მენაბდე – ვახტანგ VI, 2011, გვ. 168
  56. 56.0 56.1 56.2 56.3 56.4 56.5 56.6 ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 22
  57. 57.0 57.1 57.2 ლევან მენაბდე – ვახტანგ VI, 2011, გვ. 169
  58. 58.0 58.1 58.2 ლევან მენაბდე – ვახტანგ VI, 2011, გვ. 170
  59. 59.0 59.1 59.2 59.3 59.4 ლევან მენაბდე – ვახტანგ VI, 2011, გვ. 171
  60. 60.00 60.01 60.02 60.03 60.04 60.05 60.06 60.07 60.08 60.09 60.10 ლევან მენაბდე – ვახტანგ VI, 2011, გვ. 172
  61. 61.0 61.1 61.2 61.3 ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 23
  62. 62.0 62.1 ლევან მენაბდე – ვახტანგ VI, 2011, გვ. 173
  63. 63.0 63.1 63.2 63.3 63.4 63.5 63.6 ნოდარ შოშიტაშვილი – ვახტანგ VI, 2015, გვ. 20
  64. 64.0 64.1 64.2 დიდოსტატები, 2010, გვ. 60
  65. 65.0 65.1 65.2 65.3 დიდოსტატები, 2010, გვ. 61
  66. ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის ცხედრების საქართველოში გადმოსვენების შესახებ — sangu.edu.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-03-25.
  67. „რუსეთის პატრიარქთან მთავარი სასაუბრო თემა ქართველი მეფეების ნეშთების საქართველოში გადმოსვენება იყო“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-03-25.
  68. „შექმნილია სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა მოაგვაროს რთული საკითხები და ასევე გაიგოს თუ რა განწყობა აქვს რუსეთის მოსახლეობას ამ თემაზე“.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-03-25.
ვახტანგ VI
დაიბადა: 15 სექტემბერი, 1675 გარდაიცვალა: 26 მარტი, 1737
წინამორბედი:
ლევან ბატონიშვილი
   ქართლის ჯანიშინი   
1703–1714
შემდეგი:
ბაქარი
წინამორბედი:
იესე
   ქართლის მეფე   
1716–1724
შემდეგი:
იესე