შემოქმედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
შემოქმედი
Shemokmedi Village.jpg
შემოქმედის ხედი მონასტრიდან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
თემი შემოქმედი
კოორდინატები 41°54′40″ ჩ. გ. 42°04′11″ ა. გ. / 41.91131669583° ჩ. გ. 42.0697233000° ა. გ. / 41.91131669583; 42.0697233000
ცენტრის სიმაღლე 190
მოსახლეობა 1322 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
შემოქმედი — საქართველო
შემოქმედი
შემოქმედი — გურიის მხარე
შემოქმედი

შემოქმედი — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: შემოქმედი, წითელმთა, კვირიკეთი, გონებისკარი, გომი,). მდებარეობს მდინარეების ბჟუჟისა და აკიშას ნაპირებზე, ოზურგეთი-გომისმთის გზაზე, ზღვის დონიდან 190 მ, ოზურგეთიდან 7 კმ. სოფელში გადის სოფელში არის საჯარო სკოლა[1] და ბიბლიოთეკა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემოქმედი გურიის ერთ-ერთი ისტორიული სოფელია. იყო შემოქმედის საეპისკოპოსოს ცენტრი. შემოქმედის სამოურავო მოიცავდა მდინარე ბჟუჟის მთელ ხეობას ოზურგეთს ზემოთ. შემოქმედის მორავს ნიშნავდა შემოქმედელი ეპისკოპოსი. XVIII საუკუნეში ეპისკოპოსმა ნიკოლოზ ბატონიშვილმა მოურავად დანიშნა ბახუტა ნაკაშიძე. 1776 წელს საშემოქმედლო გიორგი V გურიელმა დაიკავა და შემოქმედის მორავად საკუთარი ძე დასვა, თუმცა მოგვიანებით დაუბრუნა ბახუტა ნაკაშიძესა და მის შვილებს.[2] 1792 წლიდან ქაიხოსრო გურიელმა გაამაგრა შემოქმედის ციხე და უჩხუბიდან იქ გადაიტანა რეზიდენცია. 1820 წლის აპრილში იმერეთის აჯანყების დროს შემოქმედში იოთამ ბოლქვაძემ მოკლა იმერეთის დროებითი მმართველი, პოლკოვნიკი პუზირევსკი, რომელიც გურიაში ლაშქრობდა იქ თავშეფარებულ აჯანყების მეთაურთა დასაპატიმრებლად. ამის გამო იმავე წლის 24 ივლისს გენერალ ველიამინოვის სარდლობით რუსთა ჯარმა აიღო და მიწასთან გაასწორა შემოქმედის ციხე და გადაწვა მიმდებარე სოფლები. 1822-1823 წლებში შემოქმედის მოურავი იყო როსტომ ნაკაშიძე, რომელიც ამავე დროს გურიელის სახლთუხუცესი იყო.

ვიკიციტატა
„გურიაში საპატიო ადგილი უჭირავს შემოქმედს, თავისი დიდებული წარსულით, აქ ძველისძველიდან აღმართულია დიდი მონასტერი, სადაც ისხდნენ მიტროპოლიტები, შემოქმედელად წოდებულნი...სოფლის შუა ადგილას, რომელსაც „ჯვარს“ ეძახიან,რამდენიმე დუქანია ხისა, ზოგი საფართლე, ზოგიც საწვრილმანო, თავში უდგას მშვენიერი შენობა, სოფლის სასამართლო, ანუ ადგილობრივად რომ ვთქვათ „კანცელარია“, იმის გვერდით, მშვენიერსავე შენობაშია მოთავსებული სკოლა, აქვე გახლავთ წიგნსაცავი აქაური მემამულის თავ. კოწია გურიელის მეთაურობით დაარსებული, რომელიც 300 მანეთი დაჯდომიათ. მარცხნივ, მშვენიერი ეზოებიდან მდიდრული სახლები მოსჩანს აქაურ მკვიდრთა“

რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შემოქმედის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა საკუთრივ შემოქმედი, გომი, კარისყურე, წითელმთა, კვირიკეთი, მაკვანეთი, ფატარი. 1873 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სასწავლებელი. 1874 წელს აქ 160 კომლი ცხოვრობდა, ხოლო ტერიტორია დიმიტრი ქაიხოსროს ძე გურიელს ეკუთვნოდა.[3]1902 წელს შემოქმედის საზოგადოებაში აღრიცხული იყო ხუთი სოფელი. მოსახლეობის რაოდენობა იყო 3577 ადამიანი. [4]

შემოქმედის მონასტერი

1930-40-იან წლებში სოფელში მდინარე ნაბჟუარას შტოზე, სოფლის ცენტრთან ახლოს აგებული იყო მცირე ჰიდროელექტროსადგური „ჩაქუხჰესი“, რომლის სიმძლავრე იყო 42 კვტ/სთ.[5] 1958 წელს სოფელში აშენდა 600 ადამიანზე გათვლილი კულტურის სახლი. 1980 წლის 20-21 სექტემბერს პირველად აღინიშნა „შემოქმედობა“. 1983 წელს სოფელში გაიხსნა ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს ძეგლი და სახლ-მუზეუმი. გახსნაში მონაწილეობდნენ დანჩენკოს შვილიშვილი ვასილ ნემიროვიჩ-დანჩენკო, სსრკ სახალხო არტისტი ანგელინა სტეპანოვა და რსფსრ სახალხო არტისტი ვლადიმერ ანდრეევი. 1984 წელს აღინიშნა ვარლამ სიმონიშვილის ასი წლის იუბილე და გაიხსნა მისი სახლ-მუზეუმი. მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[6] 702
1911[7] Increase2.svg 758
2002 Increase2.svg 1640
2014 Decrease2.svg 1322 628 694

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუმბაძეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემოქმედი დუმბაძეთა გვარის მშობლიური იყო. ამ გვარის წარმომადგენლები სასულიერო წოდებას განეკუთვნებოდნენ. ცნობილ დუმბაძეთა შორის იყვნენ ეპისკოპოსი იაკობ შემოქმედელი; გიორგი დუმბაძე მღვდელი და მგალობელი; ანტონ დუმბაძე, მგალობელი და ლოტბარი; მისი შვილები: დავით დუმბაძე, მღვდელი და მგალობელი; ივანე დუმბაძე, სამსონ დუმბაძე, ნიკოლოზ დუმბაძე, იოსებ დუმბაძე რუსეთის არმიის გენერლები; დავით დუმბაძის შვილები: სონია დუმბაძე ემიგრანტი საოპერო მომღერალი და ვასილ დუმბაძე, კომერსანტი და დიპლომატი. დავით დუმბაძე იყო ჟურნალისტი და მთარგმნელი.

ვიკიციტატა
„აქვე სახლობენ დუმბაძენი, რომელთა გვარშიაც თავი შეინახა ჩვენს დრომდე გურულმა, ე.წ. დუმბაძეების კილომ საეკლესიო გალობისამ, ამ რამდენიმე წლის წინათ ფილ. ქორიძის მიერ ნოტებზე გადაღებულმა. ამ გვაროვნობას ამ მხრივ იგივე მნიშვნელობა აქვს გურიისთვის, რაც ძმათა კარბელაშვილებს და კარგარეთელებს ქართლში, ჭალაგანიძეთა — სამეგრელოში“
(თედო სახიკია)

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემოქმედის მონასტერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში, მდინარე ბჟუჟის სამხრეთით, გორაკზე დგას განვითარებული შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი. მონასტერი შედგება სამი ძეგლისგან. მათგან ორი ერთმანეთზე მიდგმული ტაძარია: XII საუკუნის ღვთაების ტაძარი (ბაზილიკა) და XVI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია “ზარზმა”, რომელიც ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ ააგო, რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოსვენებული ფერიცვალების ხატი. მესამე ძეგლია XVI საუკუნის სამრეკლო, რომელიც 1831 წელსაა აღდგენილი. შემოქმედის მონასტერი იყო შემოქმედელი ეპისკოპოსებისა და გურიელების საგვარეულო საძვალე.

წმინდა გიორგის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები

სოფელში შემორჩენილია წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები. ეკლესია წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას გარეთ განზიდული ნახევარწრიული აბსიდით. ნაგებია ნატეხი ქვით. კუთხეები, კარისა და სარკმლის მოჩარჩოება გათლილი ფილებითაა გაკეთებული. ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის კედლები ძლიერ ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. სამხრეთის კარს თაღოვანი მოჩარჩოება აქვს, რომელშიც იმპოსტია ჩადგმული. სამხრეთის და დასავლეთის კედელში ორ-ორი ფართო, მაღალი და თაღოვანი სარკმელია. კარებების და ფანჯრების მოჩარჩოებაში გამოყენებულია სვეტების იმიტაცია, რომელთაც ბაზისები და კაპიტელები აქვთ. ასეთივე იმიტაციაა გამოყენებული ფასადების კუთხეებში. კედლები სრულდებოდა ქვის ერთსაფეხურიანი ლავგარდნით. დასავლეთიდან ტაძარს სტოა უნდა ჰქონოდა. შემორჩენილია მხოლოდ იატაკი. [8]

ეკლესია აშენებულია XIX სუაკუნის ბოლოს ან XX საუკუნის დასაწყისში. მასში დაცული იყო ქედის ეკლესიის იოანე ნათლისმცემლის ხატი. ქედის საყდარი გორისფერდის ზემოთ ეს იყო მცირე ზომის ეკლესია, რომელიც დაინგრა და არ შემორჩენილა.ხატზე იყო სამშენებლო წარწერა, რომლის მიხედვით ქედის ეკლესია აღადგინა მამია IV გურიელმა 1758-1759 წლებში. წმინდა გიორგის ეკლესიაში ინახებოდა ასევე აკიშის საყდრის იოანე ნათლისმცემლის ხატი.[9]

გორისფერდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : გორისფერდი.
გორისფერდის ეკლესიის ნანგრევები

სოფელში იდგა გორისფერდის განვითარებული შუა საუკუნეების ეკლესიისა და გალავნის ნანგრევები. გორისფერდის ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდებოდა. ეკლესია თავდაპირველად ქვით, შემდეგ კი ხით იყო აგებული. ირგვლივ ქვის გალავანი ჰქონდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში შემორჩენილი იყო ძველი ეკლესიის გალავანი და ნანგრევები, აგრეთვე კანკელის ფრაგმენტი, რომელზეც გამოსახული იყო სახარების სცენა. ტაძარი თავდაპირველად გუმბათიანი უნდა ყოფილიყო და ის გურიის სხვა ეკლესიებისაგან გამოირჩეოდა განსაკუთრებული არქიტექტურით.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საჯარო სკოლების მონაცემთა ბაზა
  2. სოსელია, ო. (1954). "ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან", მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვეთი XXX. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, გვ. 169. 
  3. დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ.92 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
  4. «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901
  5. მუჰამედ მურვანიძე, „ჰიდროელექტროსადგურები სოფლად“, გაზეთი „ლენინის დროშა“ 1945 წ. N46 გვ. 4
  6. Кавказский календарь на 1910 год
  7. Кавказский календарь на 1912 год
  8. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პორტალი
  9. თაყაიშვილი, ე. (1907). არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი. ტფილისი: „წიგნების გამომცემელ ქართველთ ამხანაგობა“, გვ. 36-37. 
PrincipalityGuria.GIF გურიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები გურიის შესახებ.