საქართველოს სამეფო
საქართველოს სამეფო | ||||||
| ||||||
| ||||||
საქართველოს სამეფო (1184–1230), ტერიტორიული ექსპანსიის პიკში.
საქართველოს სამეფო მოხარკეები, პროტექტორატები და გავლენის სფერო | ||||||
დედაქალაქი | ქუთაისი (1008-1122) თბილისი (1122-1490) | |||||
უდიდესი ქალაქები | დმანისი, ლორე, ანისი, ოლთისი, ცხუმი, გორი, ახალციხე, რუსთავი, თელავი, სამშვილდე | |||||
ენები | ქართული | |||||
რელიგია | მართლმადიდებლობა | |||||
მთავრობა | ფეოდალური მონარქია | |||||
მეფე | ||||||
- | 978–1014 | ბაგრატ III (პირველი) | ||||
- | 1446–1465 | გიორგი VIII (ბოლო) | ||||
ისტორიული ერა | შუა საუკუნეები (მაღალიდან გვიანამდე) | |||||
- | გაერთიანება | 1008 | ||||
- | ომი ბიზანტიასთან | 1021–1023 | ||||
- | ოქროს ხანა | 1122–1226 | ||||
- | მონღოლები | 1238–1335 | ||||
- | თემურლენგი | 1386–1403 | ||||
- | დაშლა სამეფოებად | 1490 | ||||
ფართობი | ||||||
- | 1213–1245 | 380 000 კმ² (146 719 მლ²) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 1254 წელი | 2,4–2,5 მილიონი | ||||
დღეს ამ ტერიტორიაზე | ქვეყნები დღეს |
საქართველოს სამეფო — ფეოდალური სახელმწიფო საქართველოში. საფუძველი ჩაეყარა 975 წელს, როდესაც ტაო-კლარჯეთის მეფემ დავით III კურაპალატმა ქართლში მეფედ დასვა თავისი შვილობილი ბაგრატ III (ძე გურგენ II-ისა), 978 წელს კი „აფხაზთა მეფედაც“ აკურთხა. 1001 წელს ბაგრატმა შეიერთა დავით III-ის სამფლობელო კლარჯეთი, ხოლო 1008 წელს მამამისის სამფლობელო ტაო. ასე გაერთიანდა საქართველო, ხოლო ბაგრატ III გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე გახდა. ამ პერიოდში საქართველოს სამეფოში შედიოდა ყველა ქართული სამეფო-სამთავრო გარდა კახეთ-ჰერეთისა. თბილისი და მისი მიმდებარე ტერიტორიები რჩებოდა არაბი ამირების ხელში. სამეფოს დედაქალაქი უფლისციხე იყო, ხოლო 1046 წლიდან - თბილისი. სამეფოს მართავდნენ ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლები. საქართველოს გაერთიანების პროცესი, რომელიც VIII საუკუნიდან დაიწყო, დაასრულა დავით აღმაშენებელმა, რომელმაც 1104 წელს შემოიერთა კახეთ-ჰერეთი, 1122 წელს — თბილისი. XII საუკუნეში საქართველო წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო იყო, მისი ტერიტორია მთელ კავკასიას მოიცავდა.
1225 წლიდან საქართველოს ჯერ ჯალალედინი შემოესია, შემდეგ მონღოლები. 1242 წლიდან საქართველო მონღოლთა ვასალი გახდა, რომლებმაც 1247 წელს აქ ერთდროულად ორი მეფე დასვეს: დავით VI ნარინი (რუსუდანის ძე) და დავით VII ულუ (ლაშა-გიორგის ძე). 1258 წელს მათ საქართველოზე ორად გაიყვეს: აღმოსავლეთად და დასავლეთად. 1329 წელს გიორგი V ბრწყინვალემ კვლავ გააერთიანა საქართველო და მონღოლები განდევნა. XV საუკუნის შუა წლებში თემურლენგისა და „შავბატკნიანთა“ შემოსევების შედეგად საქართველო დასუსტდა და დაიშალა სამეფო-სამთავროებად: მას ჯერ სამცხის სამთავრო გამოეყო, შემდეგ იმერეთის სამეფო, ბოლოს კახეთის სამეფო. 1490 წელს ქართველმა მეფე-მთავრებმა სცნეს ერთმანეთის დამოუკიდებლობა და საზღვრებიც დაადგინეს.
საქართველოს გაერთიანება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაგრატ III-ის მამა იყო ქართველთა სამეფოს მეფე გურგენი, ხოლო დედა გურანდუხტი - აფხაზთა მეფის, გიორგი II-ის ასული და ეგრის-აფხაზეთის უშვილო მეფის, თეოდოს III-ის და. ბაგრატი დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი იყო. X საუკუნეში ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის პირველობისათვის მიმდინარეობდა ბრძოლა და უკვე გამოკვეთილი იყო აფხაზთა სამეფოს უპირატესობა. აფხაზთა მეფეებს ექვემდებარებოდა არა მხოლოდ მთელი დასავლეთი საქართველო, არამედ შიდა ქართლიცა და ჯავახეთიც. მდგომარეობა დაიძაბა 975 წელს, როდესაც ქუთაისში სამეფო ტახტი უსინათლო თეოდოსმა დაიკავა. თეოდოსის გამეფებისთანავე კახელებმა ქართლში ილაშქრეს და უფლისციხეს შემოადგნენ. სწორედ ამ დროს გამოიჩინა გონიერება აფხაზთა მეფის ერისთავმა ქართლში იოანე მარუშისძემ.[1] მას ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი, რამდენად საუბედურო იქნებოდა საქართველოსათვის უსინათლო, უძლური კაცის მეფობა და ამიტომ „ამან წარავლინა მოციქული წინაშე დავით კურაპალატისა, აწვია, რათა მოილაშქროს ძალითა მისითა, აღიღოს ქართლი, ანუ დაიმჭიროს თჳთ, ანუ უბოძოს ბაგრატს ძესა გურგენისსა, ასულის წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელსა ეყოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი ესევე“ დავით კურაპალატს მოეწონა იოანე მარუშისძის წინადადება და თავის ჯართან ერთად საჩქაროდ ქართლისაკენ გამოეშურა. კახელები იძულებულნი გახდნენ უფლისციხისათვის ალყა მოეხსნათ და უკან გაბრუნებულიყვნენ. დავითმა უფლისციხე დაიკავა, ქართლის აზნაურები შეკრიბა, მათ ბაგრატ III წარუდგინა და უბრძანა:
„ესე (ბაგრატ) არს მკჳდრი ტაოსა, ქართლისა და
აფხაზეთისა, შვილი გაზრდილი ჩემი, და მე ვარ მოურავი მისი და თანაშემწე, ამას დაემორჩილენით ყოველნი.“
|
მალე აფხაზთა სამეფოში თეოდოს III-ის მიმართ უკმაყოფილება გაიზარდა და ამით ისარგებლა შორსმჭვრეტელმა იოანე მარუშისძემ და „ინება რათა მოიყუანოს ბაგრატ მეფედ აფხაზეთისა და მის თანა ყოველთა დიდებულთა ერისთავთა და აზნაურთა აფხაზეთისა და ქართლისათა გამიოთხოვეს ბაგრატ მეფედ დავით კურაპალატისაგან“. ახალგაზრდა ბაგრატი აფხაზთა სამეფოში ჩაიყვანეს და იქაც მეფედ აკურთხეს. 1008 წელს, გურგენ მეფეთ-მეფის გარდაცვალების შემდეგ, ბაგრატ III-მ, როგორც მემკვიდრემ, შემოიერთა ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი (ამიერტაო), შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე და ჯავახეთი. ბაგრატ III-მ პირველმა მიიღო „აფხაზთა და ქართველთა მეფის“ ტიტული. ამის შემდეგ ჯერი კახეთსა და ჰერეთზე მიდგა. თავდაპირველად ბაგრატმა კახეთის ქორეპისკოპოსს, დავითს შეუთვალა დაეთმო მისთვის ქართლის ის ციხეები, რომლებიც მიტაცებული ჰქონდა. დავითმა დაცინვით შემოუთვალა „უკეთუ იძიებ ციხეთა, იყოს ჩუენ შორის დამჯერებელ მკლავი და ჰომი“. ბაგრატი მოკლე გზით ჯავახეთიდან კახეთს ჩავიდა, შემუსრა იგი, დაიპყრო ჰერეთი და იქ მთავარი აბულალი განაჩინა. ბაგრატის წასვლისთანავე ჰერეთი გადაუდგა ახალ პატრონს და დავით ქორეპისკოპოსს მიემხრო. ბაგრატი იძულებული გახდა კვლავ გაელაშქრა კახეთის დასაპყრობად. იმ დროისათვის აქ უკვე კვირიკე დავითის ძე მეფობდა. ბაგრატმა ისევ დაიკავა ჰერეთი, დაიჭირა დინარ დედოფალი და კახეთის ციხეების აღებას შეუდგა. ორი წლის განმავლობაში ყველა ციხე ხელთ იგდო, ხოლო ბოჭორმის ციხეში „წლითი წლამდის“ მომწყვდეული კვირიკე იძულებული გახდა ბაგრატს დამორჩილებოდა. 1010 წელს ბაგრატმა კახეთ-ჰერეთის შემოერთება დაასრულა. ასე დასრულდა ფეოდალური საქართველოს გაერთიანების ძირითადი ეტაპი. ქ. თბილისისა და შულავერ-ბოლნისის ხეობათა და ტაშირის გარდა ერთეულს სახელმწიფოს შეადგენდა.[2]
თურქ სელჩუკების შემოსევა და საქართველოს დამორჩილება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სელჩუკების შემოსევის შედეგად, საქართველო ძლიერ დაზარალდა და ვასალიც გახდა. ქართველი მეფეები ხარკს უხდიდნენ თურქ-სელჩუკთა მმართველს, ხოლო ხალხმა იმედი დაკარგა და მიწაზეც ვერ მუშაობდა. ასეთი ძნელი პერიოდი გაგრძელდა, სანამ საქართველოს მეფის გიორგი II-ის შვილი, დავით IV აღმაშენებელი არ გამეფდა. დავითმა გაატარა რეფორმების რიგი, ჩამოაყალიბა ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო და ბოლო მოუღო სელჩუკების ბატონობას.
საქართველოს გაძლიერება და სელჩუკების განდევნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დავით აღმაშენებელი ავიდა სამეფო ტახტზე 1089 წელს 16 წლის ასაკში. ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ მან შექმნა რეგულარული არმია, რომელიც იგერიებდა შემოჭრილ სელჩუკებს. დავითის დროს მიმდინარეობდა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა, რამაც ხელი შეუწყო მის გეგმებს. 1099 წელს მან შეწყვიტა ხარკის გადახდა და დაიწყო ლაშქრობები დამპყრობლების წინააღმდეგ. 1103-1105 წლებში შემოიერთა ჰერეთი, რამაც განარისხა სელჩუკი განჯის მმართველი. სელჩუკთა რაზმები დაიძრნენ ჰერეთისკენ, რათა განედევნათ ქართველები. 1104 წელს მოხდა ერწუხის ბრძოლა, რომელიც დასრულდა ქართველების გამარჯვებით. 1010 წელს დავითმა აიღო ქალაქი სამშვილდე, რის შემდეგაც სელჩუკებმა დათმეს ქვემო ქართლი. 1115 წელს ქართველებმა განდევნეს სელჩუკები რუსთავიდან, ხოლო 1118 წელს კი დაიკავეს ლორეს ციხე-სიმაგრე. ასევე მმართველობის დროს დავითმა გაატარა საეკლესიო რეფორმა და ეკლესიას კათალიკოსი დაუნიშნა. ლაშქრობების შედეგად თბილისი, რომელიც ჯერ კიდევ სელჩუკთა ხელში რჩებოდა, იზოლირებული აღმოჩნდა. მის გარშემო ქართული ციხე-სიმაგრეები იდგა.
1121 წელს მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა ქართველებსა და სელჩუკებს შორის, რომელიც ცნობილია როგორც დიდგორის ბრძოლა. დავით აღმაშენებელმა დაამარცხა მოწინააღმდეგის 300 ათას კაციანი არმია, რის შედეგადაც სელჩუკები საბოლოოდ განიდევნენ საქართველოდან. შემდგომი ლაშქრობებისას ქართველებმა დაიკავეს შირვანი და სომხეთის დიდი ნაწილი.
ამრიგად, დავით აღმაშენებელმა შექმნა იმ დროის კავკასიონის უძლიერესი სახელმწიფო, ხოლო მისმა შთამომავლებმა გააგრძელეს კავკასიონის მთიული ხალხების დამორჩილება.
საქართველოს სამეფოს ოქროს ხანა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დემეტრე I-ის მეფობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დავითის გარდაცვალების შემდეგ 1125 წელს საქართველოს მეფე დემეტრე I გახდა. დემეტრე მამის სიცოცხლეშივე აქტიურ მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო საქმეებში. იბრძოდა დიდგორისა ბრძოლაში და მონაწილეობდა შირვანისათვის ბრძოლაში. მიუხედავათ თურქ-სელჩუკთა ენერგიული წინააღმდეგობისა, დემეტრე I-მა შეძლო მათ მიერ მიტაცებული დმანისისა და ხუნანის დაბრუნება. დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ იძულებული გახდა ანისი ყმადნაფიცობის პირობით თურქებისათვის დაეთმო. 1130 წელს ხლათის სასულთნოს ჯარები შემოიჭრნენ საქართველოში, დემეტრემ დაამარცხა ისინი და განდევნა საქართველოდან. ლაშა გიორგის დროინდელი მატიანე წერდა:[3]
„გააქცივნა სუქმანეთნი (ოდეს სუქმანეთნი გააქცივნა დემეტრე, ქრონიკონი იყო სამას ორმოცდაათი), თავი ყოვლისა სპარსეთობისა, დაჴოცნა და ამოსწყჳდნა, და აღავსნა საჭურჭლენი და ლაშქარნი მისნი.“
|
1138 წელს დემეტრე I-ის სარდლობით ქართველებმა განძა აიღეს და გამარჯვების ნიშნად ქალაქის კარი საქართველოში ჩამოიტანეს (დღემდე დაცულია გელათის მონასტერში), მაგრამ დემეტრე I-მა ვერ შეძლო განძის შენარჩუნება და ქალაქი დიდხანს დარჩა მაჰმადიანთა საყრდენ პუნქტად საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში. 1153-1154 წლებში ანისის ხელში ჩაგდება განუზრახავს არზრუმის მფლობელს ამირა სალდუხს. დემეტრე მეფე თავისი ვასალის, ანისის მფლობელის დასახმარებლად და ქალაქ ანისის დასაცავად წასულა. დემეტრემ სალდუხი დაამარცხა და ტყვედ აიყვანა. შემდეგ მაჰმადიან მფლობელთა შუამდგომლობით საქართველოს მეფემ სალდუხი გაათავისუფლა, რის საფასურად მიიღო 100 000 დინარი.[4] მიუხედავად იმისა, რომ მისი მეფობის დროს მოხდა ოჯახური კონფლიქტი, რომელიც დაკავშირებული იყო სამეფო მემკვიდრეობასთან, საქართველო რჩებოდა ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ ძლიერი ჯარით.[5]
გიორგი III-ის მეფობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დავით აღმაშენებლის მსგავსად, გიორგი III აქტიურ საშინაო და საგარეო პოლიტიკას ატარებდა. გამეფებისთანავე მეფე გიორგიმ „აღიჭურნა მკლავნიცა მუსვრად და მოწყუედად წინააღმდგომთა ქრისტეს სჯულისათა აგარიანთა, ისმაიტელთა და მამადიანთა“. თამარის პირველი ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ გიორგი III გამეფების შემდეგ, ალბათ 1160 წელს დაიძრა „ქალაქსა ზედა კაღზევანსა და წარმოტყუენა ყოველნი ჴევნები პლდოვანი და ქალაქები აშორნისა, სომეხთა მეფედ წოდებულისა შაჰერმენისა“ ამრიგად, მას დაულაშქრავს ვანანდის სამხრეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით არეზის მარცხენა და მარჯვენა ნაპირებზე მდებარე სუქმან II-ის სამფლობელოები. ამ შორეული რეიდის განხორციელება მოსახერხებელი იყო ტაშირიდან, შირაკის გადაჭრით. შესაძლოა, რომ მეფე აპირებდა დაეჭირა ყარსისა და ანისის სამხრეთით მდებარე სტრატეგიული ხაზი და სამხრეთიდან მოეხდინა შადდადიანთა ანისის ბლოკირება. შაჰ-არმენმა სწრაფი რეაგირება მოახდინა გიორგი III-ის ლაშქრობაზე. 1160 წლის ოქტომბერში სუქმან II–ის ლაშქარი მისი სიმამრის ადრადინის სარდლობით მეფის წინააღმდეგ დაიძრა. თურქებს თან ახლდნენ გამუსლიმებული ქართველებიც რენეგატ ვასაკის მეთაურობით, რომელმაც მეგზურობა იკისრა. ბრძოლა მოხდა ოლთისის ოლქში, სადაც შაჰ-არმენის ჯარს შესვლა შეეძლო ვანანდის – ყარსის საამიროს ტერიტორიის გავლით. ჩანს, ყარსი ამ დროს სუქმან II-ის გავლენის სფეროში იყო. ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დასრულდა.[6] მან ასევე დიდი ბრძოლები აწარმოა დვინისა და ანისისთვის. 1162 წელს მან აიღო სომხეთის ძველი დედაქალაქი დვინი. ანისისთვის ბრძოლა კი ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. საბოლოოდ საქართველოს მეფე იძულებული გახდა დაეთმო ანისი მაჰმადიანი მფლობელებისთვის იმ პირობით რომ ისინი მისი ყმადნაიცები იქნებოდნენ. 1167 წელს გიორგი III-მ ილაშქრა შირვანში მისი ყმადნაფიცისა და დისწულის აღსართან (ახსითან) შირვანშაჰის დასახმარებლად (შირვანშაჰს დარუბანდის მხრიდან თავს ესხმოდნენ იმიერკავკასიის მფლობელები). გიორგი III-მ ქალაქები შაბურანი და დარუბანდი მტერს წაართვა და შირვანშას დაუბრუნა.
თამარ მეფის მეფობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველომ განსაკუთრებულ სიძლიერეს მიაღწია თამარ მეფის დროს. XII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედსა და XIII საუკუნის დამდეგს საქართველო მთელ მახლობელ აღმოსავლეთში უძლიერეს სახელმწიფოს წარმოადგენდა. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო ცხოვრებაში და საკუთარ პოლიტიკას ატარებდა. თამარის გამეფების პირველსავე წლებში ქვეყნის შიგნით მიმდინარე კლასობრივი და შინაკლასობრივი მწვავე ბრძოლებით ისარგებლეს მაჰმადიანურმა პოლიტიკურმა ერთეულებმა და დაიწყეს განუწყვეტელი თავდასხმები საქართველოს მოსაზღვრე რაიონებში „მოვიდეს ლაშქარნი არანისა და გელაქუნისა თურქთანი ქუეყანასა პალაკაციოს და ძაღლის ხევად წოდებულსა“, ქართველებმა შემოსეული მტერი გამრეკელ კახას ძის მეთაურობით განდევნეს. იმავე ხანებში სამხრეთ საქართველოს შავშეთსა და კლარჯეთს შეესივნენ „კარნუქალაქელნი, შამელნი და თურქნი გარმიანისანი“. მტრის შემოსეული ლაშქარი დაამარცხა და განდევნა სამხრეთ საქართველოს ჯარმა გუზან აბულასანის ძე ტაოელისა და ბოცო ჯაყელის მეთაურობით. მტრის შემოსევათა აღკვეთის მიზნით საქართველოს ჯარი თვითონაც ლაშქრობდა მეზობელ მხარეებში. ასეთი იყო გიორგი რუსის ლაშქრობა კარისა და კარნიფორის ქვეყანაში, მხარგრძელების ლაშქრობა დვინს, ლაშქრობა გელაქუნს და სხვ. 1185 და 1186 წლებში. ქართველთა ლაშქარმა 1192-1193 წლებში თამარის მემკვიდრის ლაშა გიორგის დაბადების აღსანიშნავად ილაშქრა ბარდავს. გამარჯვებული ჯარის დიდი ნადავლით დაბრუნების შემდეგ მოეწყო ლაშქრობა არზრუმს ქართველთა ლაშქარმა დავით სოსლანის მეთაურობით სძლია ძლიერ მოწინააღმდეგეს. ამის შემდეგ გელაქუნისკენაც გაილაშქრეს, გაიარეს ხაჩენი და ბაილაყანამდის მიაღწიეს, შემდეგ მოარბიეს არეზის პირის თურქ-სელჩუკები, განძას მიადგნენ და აქედან შამქორამდე მთელი რიგი ტერიტორიები დალაშქრეს. ამ პერიოდისათვის საქართველოს მეზობელი ილდეღიზიდების სახელმწიფო ძლიერ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა. ილდეღიზიდი ათაბეგის უძეო ყიზილ-არსლანის (1186-1191) სიკვდილის შემდეგ ხელისუფლებისათვის ბრძოლა მის ძმისშვილებს შორის ატყდა. შუათანა ძმამ აბუ ბაქრმა დაამარცხა უფროსი ძმა ხუტლუ ინანჩი და მიიტაცა ათაბეგობა. უმცროსი ძმა ამირ მირანი შირვანშაჰ აღსართან I-ს (ახსითან I) დაესიძა. შირვანშაჰს შეფარებულ და სიძედ მოკიდებულ ამირ მირანს არც აქ ასვენებდა აბუ ბაქარი. იგი შირვანშაჰსაც ავიწროებდა. შირვანშაჰმა და ამირ მირანმა შემწეობა სთხოვეს საქართველოს მეფეს თამარს, რომელმაც დახმარება აღუთქვა მათ. შირვანშაჰი საქართველოს მეფის ყმადნაფიცი იყო. ამას პირდაპირ აღნიშნავს არაბი ავტორი ჰუსეინი. მისი სიტყვით, „შირვანშაჰიც საქართველოს მორჩილებაში იყო შესული“. ქართველთა მხედრობა სასწრაფოდ შეიყარა და აღსართან შარვანშაჰისა და ამირ მირანის სამხედრო ძალებთან ერთად და აბუ ბაქარის წინააღმდეგ გაემართა. ბრძოლა შამქორთან გაიმართა და ქართული ლაშქრის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულ ქართველთა ლაშქარს მრავლ ტყვესა და ალაფთან ერთად ხელთ ჩაუვარდა ხალიფასაგან წარგზავნილი დროშაც. თამარმა „დროშა იგი ხალიფასი, რომელი მოიღო შალვა ახალციხელმან, წარგზაენა ესე მონასტერსა დიდსა წინაშე ხახულისა ღმრთისმშობლისასა“. ამის შემდეგ გამუდმებული ლაშქრობების შედეგად არაერთი ციხე-ქალაქი შემოვიდა საქართველოს მფლობელობის ქვეშ. 1199 წ. ქართველებმა ანისი შემოიერთეს, 1201 წ. ბიჯნისი, ხოლო 1203 წ. დვინი. სამხრეთ-დასავლეთით საქართველოს ბიზანტიის ნაცვლად უკვე კარგა ხნის გამეზობლებული ჰყავდა თურქ-სელჩუკები, რომლებიც არბევდნენ და იტაცებდნენ საქართველოს მიწა-წყალს. სამეფო კარი მედგარ წინააღმდეგობას უწევდა სელჩუკთა მომთაბარე ტომების შემოსევა-ჩამოსახლებას და სისტემატურად ერეკებოდა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ჩამოსახლებულ მომთაბარეებს, მაგრამ სამხრეთ-დასავლეთით საქართველოს სამეფო კარის პოლიტიკური გეგმების განხორციელებას წინ ეღობებოდა გაძლიერებული რუმის სასულთნო. რუმის სასულთნო განსაკუთრებით გაძლიერდა სულთან რუქნ ად-დინ სულეიმან-შაჰის დროს. რუქნ ად-დინ სულეიმან-შაჰმა თავისი მოღვაწეობის მცირე პერიოდში უპირველეს ამოცანად დაისახა მამის ყილიჩ არსლან II-ის მიერ ცალკეულ სამთავროებად დანაწილებული პროვინციების გაერთიანება. მან თითქმის აღადგინა მთელი იმპერია. ქვეყნის შიგნით ხელისუფლების განმტკიცების შემდეგ შეუდგა მზადებას მეზობელ ქვეყნებზე სალაშქროდ. მისი უმთავრესი ამოცანა სწორედ საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრება იყო. 1202 წელს რუქნ ად-დინის უზარმაზარი ლაშქარი ბასიანის ველზე დაბანაკდა. აქედან წარუვლინა რუქნ ად-დინმა საქართველოს სამეფო კარს ელჩი მუქარით სავსე წერილით. რუქნ ად-დინისა და მისი ელჩის მოულოდნელი და თავხედური მოთხოვნების საპასუხოდ საქართველოს ჯარი „ნიკოფსიით დარუბანდამდის“ სწრაფად შეიყარა და ბასიანისაკენ გაემართა. თვით თამარ მეფემ სამცხემდე მიაცილა ლაშქარი. ბასიანში დაბანაკებულ რუქნ ად-დინის ლაშქარს ქართული მხედრობა თავს მოულოდნელად დაესხა. სასტიკი ბრძოლა დიდხანს გაგრძელებულა. ორივე მხარე დიდად დაზარალებულა, „უმეტეს სულტნისა სპანი მოსრვიდესო“, შენიშნავს ქართველი მემატიანე. ბრძოლა ქართული ლაშქრის გამარჯვაბით დასრულდა. რუქნ ად-დინი სხვა ემირებთან ერთად არზრუმში გაიქცა. გამარჯვებულმა ქართველთა ლაშქარმა და ქვეყნის წარჩინებულებმა უამრავი სიმდიდრე იგდეს ხელთ. სასულთნო დროშაც ხელთ ჩაუვარდათ ქართველებს. ქართველებმა ხელთ იგდეს აღმოსავლურ სამყაროში ცნობილი სამედიცინო ტრაქტატი კარაბადინი, რომელიც მწიგნობართუხუცესის ბრძანებით მაშინვე ითარგმნა ქართულად. სასტიკად დამარცხებული, საქართველოდან უკან დაბრუნებული სულთანი რუქნ ად-დინი მალე გარდაიცვალა. ამ ომში ქართველთა გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის კიდევ უფრო განმტკიცებისათვის. ბასიანში გამარჯვებამ და ბიზანტიის იმპერიის დასუსტებამ საქართველოს სამეფო კარს გაუადვილა თავისი გავლენა განემტკიცებინა შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. ამ მხრივ საქართველოს სამეფო კარის საგარეო პოლიტიკის ხანგრძლივი და ფრთხილი მოფიქრების შედეგი იყო 1204 წელს ტრაპიზონის იმპერიის დაარსება. საქართველოს სამეფო კარმა ისარგებლა ბიზანტიაში შექმნილი მეტად მძიმე მდგომარეობით, ქართველთა ლაშქარი შავი ზღვის სამხრეთ ტერიტორიებს შეუსია და ადვილად დაიპყრო. დაპყრობილ ტერიტორიაზე საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ შექმნა ცალკე სახელმწიფო ტრაპიზონის იმპერია. მის მეთაურად დასვეს ბერძენი უფლისწული ალექსი კომნენოსი. ის თამარის ნათესავი იყო და თავის ძმასთან დავითთან ერთად ბავშვობიდანვე საქართველოში აღიზარდა ქართული წეს-ჩვეულებით. საქართველოს სამეფო კარის უშუალო მონაწილეობითა და ხელშეწყობით დაარსებული ტრაპიზონის იმპერია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო. ტრაპიზონის იმპერიის შექმნიდან მალე დაიწყო ქართველთა ლაშქრობები ხლათში. ქართულმა ლაშქარმა თავიდან დიდ წარმატებას მიაღწია და არჭეში აიღო, მაგრამ ხლათის ალყის დროს ივანე მხარგრძელი შემთხვევით ტყვედ ჩავარდა. როდესაც ხლათელებმა შეიტყვეს, თუ რა ძვირფასი „ნადავლი” ჩაუვარდათ ხელში, მათ ივანეს განთავისუფლების სანაცვლოდ ოცდაათწლიანი ზავი მოითხოვეს, რომლის მიხედვითაც საქართველო იძულებული გახდა დაეთმო დაპყრობილი ტერიტორიები. ამის შემდეგ დროებით შეწყდა ომები და შედარებით მშვიდობიანი პერიოდი დადგა. ამ ზავმა კირაკოს განძაკეცის სიტყვით, მშვიდობა და მეგობრობა დაამყარა საქართველოსა და აიუბიდთა სახელმწიფოებს შორის. მაგრამ დროებით შეწყვეტილი ომები ქართველებმა ისევ განაახლეს. დაირღვა კეთილმეზობლური და მშვიდობიანი ურთიერთობა ერანის აზერბაიჯანის გამგებელთან. არდებილის სულთანმა საქართველოს წინააღამდეგ გაილაშქრა. იგი მოულოდნელად დაესხა თავს ანისს, გაანადგურა, მოსახლეობა დახოცა და კვლავ ერანში დაბრუნდა. ამის საპასუხოდ 1210-1211 წლებში მოეწყო ქართველთა ლაშქრობა ირანში. ქართულმა ლაშქარმა აიღო თავრიზი, ყაზვინი, გორგანი, ზენჯანი და ილდეღიზიდთა სახელმწიფოს სხვა ქალაქები. ამ შორეულ ლაშქრობაში საქართველოს ლაშქარს უამრავი ნადავლი დაუგროვდა და შემდგომი წინსვლა შეუძლებელი შეიქნა. ეს იყო ბოლო დიდი ლაშქრობა თამარ მეფის დროს. თამარ მეფე მალევე 1213 წელს გარდაიცვალა.
იმ დროინდელ ევროპაში ფართოდ იყო ცნობილი ოქროს ხანის საქართველო, მაგალითად, XIII საუკუნის სახელგანთქმული გერმანელი პოეტის ვოლფრამ ფონ ეშენბახის ნაწარმოებში „პარციფალი“ ლაპარაკია კავკასიაზე, იქაურ „ოქროს მთებზე“, ძვირფასი აბრეშუმის, ოქროქსოვილებისა და კავკასიის მფლობელი უმდიდრესი დედოფლის შესახებ.[7]
ლაშა-გიორგის მეფობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1206 წელს თამარმა ლაშა-გიორგი თანამოსაყდრედ დასვა. დედის გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა კაცს უზარმაზარი სახელმწიფოს მართვა-გამგეობა ერგო. ლაშა-გიორგის გამეფებისთანავე ყმადნაფიცმა ქვეყნებმა სცადეს მეფის სიჭაბუკით ესარგებლათ და თავი დაეხსნათ საქართველოს ყმობისგან. პირველად განძის ათაბაგი აჯანყდა და ხარკის გადახდაზე უარი განაცხადა. ლაშა-გიორგიმ მაშინვე შეკრიბა ჯარი და ქალაქ განძას ალყა შემოარტყა. ქალაქის ალყა დიდხანს გაგრძელდა. აქ გამოჩნდა მისი ხასიათის თავისებურებანი, რაც გამოიხატებოდა მის დაუდგრომელობაში და ჭარბ ენთუზიაზმში. მან მხედართმთავრების შეუთანხმებლად 4000 რჩეული მეომრით დაიწყო ქალაქის გარშემოვლა, რაც არ გამოპარვიათ განძელებს. ისინი გამოვიდნენ ქალაქიდან და 10000 ჯარისკაცით თავს დაესხნენ მეფეს. ლაშა-გიორგი არ შეუშინდა მტერს და მამაცურად შეუტია მათ. განძელები უკუიქცნენ და ისევ ქალაქში ჩაიკეტნენ. მეფის ასეთმა საქციელმა აღაშფოთა სარდლები და ლაშა-გიორგი იძულებული გახდა, ბოდიში მოეხადა მათთვის. საბოოლოოდ ალყით შეწუხებულმა ათაბაგმა მოციქული გამოუგზავნა მეფეს, ზავი სთხოვა და ხარკიც კვლავ იკისრა. განძის ათაბაგის დამორჩილების შემდეგ ლაშამ გააგრძელა სხვა გამდგარი ყმადნაფიცების დამორჩილება. კერძოდ: „მოწუა და მოარბივა ხლათისა ქუეყანა, შემოიხუეწა ხლათელი და ძლევა-შემოსილმან მას ზედა მისცნა ზავისა სიმტკიცენი მათგან შეუცოდებელობასა შინა წყობისნი. და სხუა შემოიხუეწა კარნუ-ქალაქელი მოყურად და ერთგულად სახლისა მისისა.“ შემდგომ მეფემ „აიღო ოროტი და ყოველნი ციხენი და მიმდგომნი მისნი ვიდრე ნახჭევანამდე და განძას კართამდის, აიღო შანქორი.“ ასე დაიმორჩილა მან ხლათის, არზრუმისა და ნახჭევანის მფლობელები. როდესაც მეფემ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ სრული წესრიგი დაამყარა საქართველოში მოვიდა რომის პაპის ჰონორიუსის ელჩი, რომელმაც ლაშა-გიორგის პაპის ეპისტოლე გადასცა. იგი მეფეს სთხოვდა ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობასა და ევროპელების დახმარებას. ლაშამ თანხმობა განაცხადა და ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობისთვის მზადება დაიწყო. 1220 წელი იდგა, როდესაც მოულოდნელად საქართველოს სამეფო საზრვრებს მანამდე ქართველთათვის სრულიად უცნობი მტერი მოადგა, ესენი მონღოლები იყვნენ. მონღოლები ირანსა და კავკასიაში ხორეზმშაჰ ჯალალედინის დევნამ მოიყვანა. ჩინგიზ ყაენმა მისი ორი სარდალი ჯებე და სუბუდაი გამოგზავნა კავკასიის დასაზვერად. 1220 წელს ისინი საქართველოს საზღვრებში შემოიჭრნენ და პირველი შეტაკება სწორედ მაშინ მოუხდათ საქართველოს ლაშქართან. ამ ბრძოლაში ქართული ლაშქარი დამარცხდა. ლაშა-გიორგი დაიჭრა, მაგრამ მონღოლებს ქვეყნის შიგნით შემოჭრა არ უცდიათ, რადგან კარგად დაინახეს, რომ საქართველო ფლობდა დიდ სამხედრო ძალას. საქართველოს სამეფო კარს ეს მარცხი შემთხვევით მოვლენად მიუჩნევია და სამწუხაროდ, შესაბამისი დასკვნები არც გაუკეთებია. ამის შემდეგ ლაშა-გიორგი 1123 წელს ბაგავანს გაემგზავრა თავისი დის რუსუდანის შირვანშაჰზე დასანიშნად, მაგრამ როდესაც უკან დაბრუნებას აპირედბა მოულოდნელად იქვე გარდაიცვალა. საფიქრალია, რომ ლაშა-გიორგი მონღოლებთან ბრძოლაში მიყენებული ჭრილობის გამო გარდაიცვალა. ძმის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ახალი მეფე რუსუდანი გახდა.
ჯალალედინის ლაშქრობები და მონღოლების ბატონობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1125 წელს საქართველოს საზღვარი გადმოლახა მონღოლების მიერ გამოძევებულმა ჯალალედინმა. 1226 წლის 9 მარტს ჯალალედინმა ქალაქის მუსლიმ მცხოვრებთა ღალატის წყალობთ თბილისი აიღო და გაძარცვა. ჯალალედინით დასუსტებულ საქართველოს სამეფოს 1235 წელს მონღოლები შემოესივნენ. სამეფო კარის არათანმიმდევრულობამ და დაბნეულობამ თბილისის დაცემა გამოიწვია.
1243 წელს მონღოლებთან ზავი დაიდო, რომლის მიხედვითაც საქართველო ცნობდა ყაენის უზენაესობას, თუმცა დე ფაქტო დასავლეთ საქართველო დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა. მონღოლებისთვის, საქართველოს სამეფოს ხარკი უნდა ეხადა და დახმარებოდა ბრძოლებში.
მონღოლთა წინააღმდეგ მოეწყო კოხტასთავის შეთქმულება 1246 წელს, ცოტნე დადიანის მეთაურობით, თუმცა შეთქმულება გასცეს და მისი მონაწილეები დააპატიმრეს.
1254-1256 წლებში მონღოლებმა მთელი იმპერია აღწერეს და მათ შორის საქართველოც, „გურჯისტანის ვილაიეთის“ სახელით და დააწესეს სხვადასხვა გადასახადები.
1259 წელს დავით ნარინი აუჯანყდა მონღოლებს, გარკვეულ სამხედრო წარმატებასაც მიაღწია თუმცა საბოლოოდ იძულებული გახდა დას. საქართველოში გადასულიყო, ამ დროიდან საქართველოს სამეფო ორ ნაწილად, დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად გაიყო.[8]
გიორგი ბრწყინვალის მეფობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიორგი V ფრთხილი და გონიერი პოლიტიკოსი იყო, ნდობით სარგებლობდა მონღოლთა ილხანის კარზე, რამაც საშუალება მისცა გამოესწორებინა საქართველოს საშინაო მდგომარეობა;
1329 წელს მან შემოიერთა ლიხთიმერეთის სამეფო, ხოლო 1334 წელს ცენტრალური ხელისუფლების გავლენა განამტკიცა სამცხის საათაბაგოში. ამრიგად, აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი მთლიანობა.
1335 წელს ილხან აბუ საიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო საილხანოს სწრაფი დაშლა. გიორგი V-მ ისარგებლა შექმნილი სიტუაციით, საქართველოდან გააძევა მონღოლთა რაზმები და ქვეყანას ფაქტობრივი დამოუკიდებლობა დაუბრუნა.[9]
საქართველოს ერთიანობის აღდგენამ, მონღოლთა ბატონობისაგან გათავისუფლებამ და ქვეყანაში წესრიგის დამყარებამ ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებას. საქართველოს ქალაქებში მნიშვნელოვნად განვითარდა ვაჭრობა და ხელოსნური წარმოება; სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღდგა არა მარტო ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ქალაქებთან, არამედ ევროპის, კერძოდ კი ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ-სახელმწიფოებთანაც. აქტიური სავაჭრო ურთიერთობების დამადასტურებლად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ თბილისის გარდა, ზარაფხანები ქუთაისში, დმანისში, ყარაღაჯსა და ანისშიც არსებობდა. აღმოსავლეთ საქართველოსა და საქართველოს გავლენის ქვეშ მყოფ ჩრდილოეთ კავკასიაში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც, უმთავრესად, იჭრებოდა მონღოლური ან უფრო ზუსტად, ქართულ-ჰულაგუიდური მონეტები, რომელთა მიზანსაც აღმოსავლეთის ქალაქებთან სავაჭრო კავშირების აღდგენა და განმტკიცება წარმოადგენდა.[10]
თემურლენგის ლაშქრობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თემურლენგის დაპყრობლურ გეგმებში საქართველოს, როგორც ამიერკავკასიის უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოს, რომელიც იმავდროულად აკონტროლებდა კავკასიონის მთის გადასასვლელებს, დიდი ადგილი ეკავა. თემურმა შვიდჯერ ილაშქრა საქართველოში და ქვეყანას უდიდესი ზიანი მიაყენა. პირველად იგი 1386 წელს შემოიჭრა საქართველოში, 21 ნოემბერს იერიშით აიღო თბილისი და დაატყვევა მეფე ბაგრატ V. ბაგრატმა მალე მოახერხა ტყვეობიდან გათავისუფლება და კვლავ სათავეში ჩაუდგა ქართველთა წინააღმდეგობას, რასაც მოჰყვა თემურის ახალი შემოსევა 1387 წლის გაზაფხულზე. 1394 წელს თემური კვლავ წამოვიდა საქართველოზე, ოთხი სარდალი სამცხის ასაოხრებლად გაგზავნა, თვითონ კი დარიალის ხელში ჩასაგდებად არაგვის ხეობაში შეიჭრა, მაგრამ ქართველთა წინააღმდეგობის გამო ამ მიზანს ვერ მიაღწია. 1399 წელს ინდოეთის ლაშქრობიდან დაბრუნებულმა თემურმა, მეფე გიორგი VII-ზე შურისძიების მიზნით, რომელმაც წინა წელს ნახჭევანთან მისი რაზმები გაწყვიტა, სასტიკად დაარბია ჰერეთ-კახეთი. კიდევ უფრო მასშტაბური იყო თემურის მეხუთე შემოსევა 1400 წელს, როდესაც მან დაამარცხა ქართული ლაშქარი, ბრძოლით აიღო თბილისი და სასტიკად მოაოხრა მთელი ტერიტორია ტაომდე. ამ ლაშქრობის შედეგად საქართველოდან 60 ათ. ტყვე წაიყვანეს. 1402 წელს თემურლენგის ჯარებმა იერიშით აიღეს და დაანგრიეს თორთუმის ციხე ტაოში. თემურის ბოლო, მეშვიდე, შემოსევა საქართველოში 1403 წელს შედგა, როდესაც მან რბევა-თარეშით გადაიარა ქართლი და შეიჭრა იმერეთში, სადაც 700-მდე დასახლებული პუნქტი გაანადგურა. ქართველები მას ყველგან მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ, მსხვერპლი ორივე მხარეს დიდი იყო, ომს ბოლო არ უჩანდა. თემური დარწმუნდა, რომ საქართველოს იგი ვერ დაიპყრობდა. ქართველებიც სისხლისაგან იყვნენ დაცლილი. ამიტომ მოწინააღმდეგეებს შორის დაიდო ზავი, რომლის პირობითაც გიორგი VII-მ ფორმალურად აღიარა თემურლენგის უზენაესობა.
სამეფოს დაშლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიორგი VIII-ის დროს საქართველოს დაშლის პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო. ცალკე გამოყოფას ყველაზე მეტად კვლავ სამცხე ცდილობდა. სამცხის დამოუკიდებელი ათაბაგობისთვის ერთმანეთს ივანე II-ის ძენი, აღბუღა II და ყვარყვარე II ებრძოდნენ. 1447 წელს ყვარყვარემ დაამარცხა აღბუღა, რომელმაც დახმარებისთვის მეფეს მიმართა. გიორგიმ ათაბაგად აღბუღა დაადგინა, მაგრამ 1451 წელს აღბუღა გარდაიცვალა და მეფემ ათაბაგობა ყვარყვარეს უბოძა. ყვარყვარემ დაიწყო მღვდელმთარების დანიშვნა სამცხის საეპისკოპოსო კათედრებზე მცხეთის კათოლიკოსის დაუკითხავად. საქართველოს მეფე უკვე ვეღარ აკონტროლებდა ცალკეულ მთავრებს, რომლებიც მეფისგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ. 1459 საქართველოში ჩავიდა რომის პაპის ელჩი ლუდოვიკო ბოლონიელი. მან გიორგი მეფეს გააცნო რომის პაპის გეგმა ოსმალეთის იმპერიაზე ერთობლივი გალაშქრებისა. მეფემ თანხმობა განაცხადა ამ კოალიციაში მონაწილეობას და ლუდოვიკოს წასვლისას თან გააყოლა ელჩობა. ევროპაში ცალკე გაემგზავრა მეფე გიორგი VIII-ს ელჩი და ცალკე სამცხის ათაბაგ ყვარყვარესი. ლაშქრობაში მონაწილეთა სიაში ცალკე ითვლებოდნენ საქართველოს მეფე, აფხაზეთის მთავარი, გურიის მთავარი, სამცხის ათაბაგი, იმერეთის მეფე. დასავლელ და აღმოსავლელ ქრისტიანთა ერთობლივი ბრძოლის იდეა ჩაიშალა.
1462 წელს წითელბატკნიანთა ბელადმა უზუნ-ჰასანმა ხუთჯერ ილაშქრა საქართველოში და დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას. უზუნ-ჰასანი საქართველოზე სალაშქროდ სამცხის ათაბაგმა მოიწვია. ერთი წლის შემდეგ გიორგი მეფეს აუჯანყდა სამოქალაქოს ერისთავი ბაგრატი. მან ჩიხორის ბრძოლაში დაამარცხა გიორგი მეფე, რომლის მდგომარეობა სულ უფრო მძიმბდებოდა. 1465 გიორგიმ გადაწყვიტა სამცხე დაემორჩილებინა. სამცხეში ლაშქრობის დროს ფარავნის ტბასთან დაბანაკებული გიორგი მეფე ყვარყვარემ დაატყვევა. ბაგრატმა თავი ქართლისა და იმერეთის მეფედ გამოაცხადა. ამასობაში კახეთის ფეოდალებმა მეფედ გამოაცხადეს ადგილობრივი ერისთავი დავითი. ბაგრატმა სცადა კახეთის დამორჩილება, მაგრამ დამარცხდა. ბაგრატი ცდილობდა სამცხის დამორჩილებასაც. მასთან დასაპირისპირებლად ყვარყვარემ გაათავისუფლა გიორგი VIII და მას ჯარიც გააყოლა, მაგრამ გიორგიმ ტახტი ვერ დაიბუნა და ჯარით კახეთში გადავიდა, სადაც შეებრძოლა გამეფებულ დავითს და დაამარცხა ის. ერთიანი საქართველოს ბოლო მეფე გიორგი VIII გახდა კახეთის მეფე გიორგი I.
1466 წელს საქართველოს სამეფო დაიშალა, კახეთში მეფობდა გიორგი I, ქართლ-იმერეთში ბაგრატ VI, სამცხეს განაგებდა ყვარყვარე II, ხოლო საბედიანოს სამთავრო არ აღიარებდა ქართლ-იმერეთის მეფის მორჩილებას. 1490 წელს ოფიციალურად გაფორმდა ქვეყნის დაშლა ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად და სამცხე საათაბაგოდ.[11]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მხატვრული მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ხახულის კარედის ფრაგმენტი
-
ღვთისმშობლის ოქროს ხატი ხობის მონასტერში (ძვრიფასი თვლების ნაწილი კომუნისტების პერიოდში დაიკარგა)
-
დავით IV აღმაშენებელის ჯვარი
-
თამარ მეფის ოქროს ჯვარი
-
უბისის ფრესკა
-
ქართული ტონდო
-
ჯვარცმის ხატი მესტიიდან
-
ყინწვისის ანგელოზი
-
უბისის „საიდუმლო სერობა“
-
უბისა, „ხარება“
-
ხობის მონასტრის კედლები
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს მეფეები, მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, თბ., 2007, გვ. 131-149
- აბაშიძე ზ., ბახტაძე მ, ჯანელიძე ო., „საქართველო და ქართველები“, თბილისი, 2013. — გვ. 245-265, ISBN 978-9941-0-5498-3.
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979, გვ. 316-338
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Antony Eastmond „Royal Imagery in Medieval Georgia“. Penn State Press, 2010 M11 1.
- თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში — ბიბლიოვიკი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „კაცი ძლიერი და ერ-მრავალი“ (იოანე მარუშის ძე). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-21. ციტირების თარიღი: 2023-07-08.
- ↑ ი.ჯავახიშვილი., ტ.II, 1983, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ.86-121
- ↑ ჯაფარიძე გ., საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII ს-ის პირველ მესამედში, თბ.,1995, გვ.92.
- ↑ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979, გვ. 267
- ↑ Rayfield, Donald (2013). Edge of Empires: A History of Georgia. Reaktion Books. p. 100.
- ↑ ჯაფარიძე გ., საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII ს-ის პირველ მესამედში, თბ.,1995, გვ.102.
- ↑ ჭიჭინაძე ბ., საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის წარმომავლობა და ქართულ-ჯვაროსნული ურთიერთობები, თბ., 2022, გვ.96
- ↑ http://www.ianusi.com/2018/04/blog-post_7.html
- ↑ http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98_V
- ↑ ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია ხუთ ტომად, ტ. III, თბ., 2012, გვ.84
- ↑ http://www.ianusi.com/2018/04/blog-post_25.html
|