შინაარსზე გადასვლა

ლეონტი მროველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეონტი მროველი
პროფესია ქართველი მოღვაწე, რუისის ეპისკოპოსი.

ლეონტი მროველი„ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთ მინაწერში მოხსენიებული პირი, რომელსაც მიეწერება ამ კრებულში შესული თხზულებები: „მეფეთა ცხოვრება“, „არჩილის წამება“ და „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“. ზოგი მკვლევარი ზემოხსენებულ ლეონტი მროველს აიგივებს ლეონტი რუისის ეპისკოპოსთან. იგი იხსენიება 1066 წლით დათარიღებულ წარწერაში, რომელიც 1957 წელს ქარელის მახლობლად, სოფ. თრეხვში აღმოაჩინეს, აგრეთვე მოიხსენიება როგორც მთავარეპისკოპოსი, ათონის ერთ-ერთ ხელნაწერში და ამჟამად ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ XI საუკუნის ხელნაწერში.

იმავე „ქართლის ცხოვრების“ სხვა მინაწერის მიხედვით, აგრეთვე დასახელებულ ნაწარმოებთა ენობრივ-სტილისტური და ისტორიული ანალიზის შედეგად ბევრი მკვლევარი შეუძლებლად თვლის მათ ავტორად XI საუკუნის მოღვაწის მიჩნევას: „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ „ქართლის ცხოვრებაში“ თითქმის სიტყვასიტყვით გადმოწერილია კრებულ „მოქცევაჲ ქართლისაჲში“ დამოწმებული ტექსტიდან. „მეფეთა ცხოვრება“, თვით „ქართლის ცხოვრებაში“ დაცული ერთ-ერთი მინაწერის თანახმად „ჟამითი ჟამად“ (ე. ი. დროდადრო) იწერებოდა, ხოლო „არჩილის წამების“ ავტორ ლეონტი მროველს ამ ნაწარმოების XII საუკუნის მეტაფრასტული რედაქციის უცნობი ჰაგიოგრაფი თვით არჩილის თანამედროვედ (VIII საუკუნის მოღვაწედ) მიიჩნევს. ამიტომაც, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, XI საუკუნის მოღვაწე ლეონტი მროველი ამ თხზულების მხოლოდ რედაქტორი ან გადამწერია. მკვლევართა ნაწილი კი ამ თხზულებებს VIII საუკუნით ათარიღებს და შესაბამისად მათ ავტორად სხვა, VIII საუკუნეში მოღვაწე ლეონტი მროველს მიიჩნევს. უკანასკნელი გამოკვლევებითაც დასტურდება, რომ დასახელებული თხზულებები VIII საუკუნეშია დაწერილი.[1]

  • გაფრინდაშვილი გ., ლეონტი მროველის 1066 წ. სამშენებლო წარწერა თრეხვის ქვაბებიდან, «საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზ. მეცნიერების განყოფილების მოამბე», 1961, № 1;
  • ინგოროყვა პ., ლეონტი მროველი, ქართველი ისტორიკოსი, „პამბავთა მწერალი“ მე-8 საუკუნისა, «ენიმკის მოამბე», 1941, ტ. 10;
  • კეკელიძე კ., ძველი ქართული მწერლობის ისტორია, ტ. 1, თბ., 1951;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970;
  • ჯავახიშვილი ივ. თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1977;

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Stephen H. Rapp Jr. Studies in Medieval Georgian Historiography: Early Texts and Eurasian Contexts, Corpus Scriptorum Christianorum Orientalium, vol. 601, subsidia, vol. 113. Louvain: In aedibus Peeters, 2003