შინაარსზე გადასვლა

საფარის მონასტერი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან საფარა)
საფარა
საფარის მონასტერი — საქართველო
საფარის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°36′08″ ჩ. გ. 43°01′49″ ა. გ. / 41.60222° ჩ. გ. 43.03028° ა. გ. / 41.60222; 43.03028
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალციხის მუნიციპალიტეტი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება X საუკუნე
დეტალები

საფარის მონასტერიშუა საუკუნეების ქართული მონასტერი. სამცხის მფლობელ ჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენცია. დაარსებულია არაუგვიანეს X საუკუნისა. მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარის ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელთან[1].

ალექსანდრე როინაშვილის ფოტო

XIII საუკუნის მიწურულს საფარისათვის ახალი ეპოქა იწყება. 30-იანი წლებიდან საქართველოს მონღოლები შემოესივნენ. სამცხე ამ დროს უკვე გამოყოფილია საქართველოს სახელმწიფოსაგან, რომლის მმართველი - ჯაყელები უკვე მონღოლთა ცენტრალურ ხელისუფლებას ემორჩილებიან, თუმცა მაინც ატარებენ ქართულ საკარისკაცო წოდებებს. სწორედ ამ პერიოდში XIII-XIV საუკუნეებში ჯაყელებმა გადააქციეს საფარა თავის რეზიდენციად და საგვარეულო საძვალედ.

XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე, სამცხეში თურქების დამკვიდრების შემდეგ, საფარა დაცარიელდა. ისევე, როგორც მესხეთის სხვა ეკლესია-მონასტრებიდან, საფარადანაც გახიზნეს ხატები და სხვა განძეულობა. მონასტრის უმთავრესი ხატი - წმ. საბასი - იმერეთში, სოფელ ჩხარის ეკლესიაში დაუსვენებიათ. განძის ნაწილი ქართლში სოფელ არდეთში მოხვდა.

საფარას მონასტრის იერსახე რუსული საძმოს პერიოდში

მეფე თეიმურაზ I-ის 1630 წლის ერთ-ერთი სიგელი ადასტურებს, რომ საფარის წინამძღვარი არსენ ავალიშვილი იმ ხანებში გამოუძევებიათ საფარიდან.

ვიკიციტატა
„უღმრთოთა მაჰმადიანთა მიერ მონასტერი ყოვლად დიდებული მოოხრებულიყო, პატიოსანი ხატი წასუენებულიყო, მამულნი სოფელნი, დაბანი წახდომილყუნეს. ხოლო ვინც დარჩა მონასტრის ყმათაგანი, მოვაგროეთ და დავასახლეთ სანახებსა ქართლისასა არადეთისა ბოლოს, სადაც ადრევე გამოხიზნულნი მესხნი ცხოვრობდნენ.“

XVIII საუკუნის პირველ ნახევარში, ვახუშტის ცნობით, საფარას მონასტერი "შვენივრად დიდშენი, გუმბათიანი, შემკული ყოვლითა საეკლესიოთა და წმინდანთა ნაწილებითა", ერთი მღვდელის ამარა იყო დარჩენილი. საფარელი მღვდელი გიორგი ზედათმოგვის 1773 წლის წარწერაში იხსენიება.

XIX საუკუნეში საფარის მონასტერი სრულად მიტოვებული და გავერანებული იყო. საფარაში სასულიერო მოღვაწეობა 50-იანე წლებიდან იწყება. თავიდან მონასტერში ქართველი ბერები დაემკვიდრნენ ხოლო 1893 წელს რუსული მონასტერი დაარსდა. რუსულმა მონასტერმა საბჭოთა პერიოდამდე გასტანა მხოლოდ.

მონასტრის შენობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტერს ვიწრო ზოლი უჭირავს მთის კალთაზე. შენობები განლაგებულია, შესასვლელიდან მთავარი ეკლესიისაკენ მიმავალი გზის მარცხნივ და მარჯვნივ სხვადასხვა დონეზე.

საფარის მონასტერი - ოდესღაც სამცხის ათაბაგთა სამყოფელი - თავის დროზე ნამდვილ ციხესიმაგრეს წარმოადგენდა. მონასტრის თავზე, დასავლეთით, დღესაც დგას ძველი ციხის ნანგრევები. ციხიდან დიდი გალავანი იწყება: ჩრდილოეთითა და დასავლის მხრივ გალავნის ნაშთი ეხლაც გარკვევით ჩანს. დასავლეთით, მთაზე, იგი ტყეში იკარგება, ჩრდილოეთით კი ციცაბო კალთას ჩამოყვება და მონასტრის შესასვლელის კლდოვან ხევში თავქვე ეშვება. ახალციხიდან მიმავალი გზა სწორედ აქ ჩერდება.

კლდის პირას გალავნის ჭიშკართან წმ. სტეფანეს სახელობის მცირე ერთნავიანი სამლოცველოა. იქვე XIX საუკუნეში რუსი ბერების მიერ აშენებული ორსართულიანი შენობა იდგა რომელიც ხანძრისგან განადგურდა.

მთავარი ეკლესიად გზად მარჯვნივ კლდეზე მიბჯენილი, ქვაყორით ნაშენი, კამაროვანი სადგომები გვხვდება. მოშორებით კი თლილი ქვით ნაშენი სასახლის ნანგრევებია შემორჩენილი. სასახლე ზურგით კლდეს ებჯინება ხოლო აღმოსავლეთ მხარეს რამდენიმე სარკმელი იყურება.

მოშორებით გზიდან 2-3 მეტრში სამრეკლოა აღმართული, რომელსაც ჩრდილოეთიდან იოანე ნათლისმცემლის სამლოცველო აკრავს. მარცხნივ სადაც წინ წაჩრილი კლდის კონცხი ფართო ბაქანს ქმნის დგას წმ. საბას გუმბათოვანი ტაძარი. სამხრეთით წმინდა საბას ტაძარს მიძინების ტაძარი ებჯინება, რომელიც ყველაზე ძველი შენობაა მონასტერში. იმ კუთხეში, რომელიც წმ. საბას სამხრეთით კედელსა და მიძინების ტაძრის აღმოსავლეთის კედელს შუა ჩნდება - წმ. დიმიტრის სახელობის სამლოცველოა. სამხრეთითვე ოდნავ მოშორებით დგას წმ. გიორგის სამლოცველო. ჩრდილო-დასავლეთით 4 მეტრში, ციცაბო კლდის პირას იოანე ოქროპირის სამლოცველო დგას.

მიძინების ერთნავიანი ეკლესია კომპლექსის ყველაზე ადრინდელი შენობაა, რომელიც X საუკუნით თარიღდება. მისი დაარსების შესახებ წერილობითი ცნობები არ შემოგვრჩენია და არც თვით ეკლესიაზეა რამე წარწერა.

მიძინების ეკლესიის შიდა სივრცის განმასხვავებელი თავისებურებაა ე.წ. პატრონიკე, ე. ი. აივნისებრი სადგომი, რომელიც დასავლეთითაა მოწყობილი. პატრონიკე სვეტებზეა დაბჯენილი და დარბაზის მთელი სიგანე უჭირავს. იმავე მხარეს ეკლესიას მინაშენი აქვს კარიბჭესავით, მხოლოდ იგი კედლებითაა დახურული (ჩვეულებრივ კარიბჭეს ღია თაღები აქვს). ადრე კარიბჭეს სამხრეთიდან ჰქონდა შესასვლელი, იქ სადაც თაღოვანი სარკმელია. ეკლესიას აქვს მეორე კარიც, რომელიც მას წმ. საბას ტაძართან აკავშირებს.

მიძინების ეკლესიაში ყურადღებას იპყრობს მდიდარი ჩუქურთმები. მას მერე რაც რესტავრაცია ჩაუტარდა ტაძარს და მოიხსნა XIX საუკუნის რუსი ბერების მიერ კირით შელესილი კედლები, გამოჩნდა დამალული ფრესკები და ბევრი ჩუქურთმა. ტაძრის მოხატულობას XIV საუკუნის პირველ ნახევარს მიაკუთვნებენ. ამ ხანებში ეკლესია საფუძვლიანად შეაკეთეს და მთლიანად მოხატეს სამცხის ათაბაგის ბექას შვილების (სარგის, ყუარყუარესა და შალვა) ბრძანებით, რომლებიც აქვე კანკელის გვერდით არიან გამოსახულნი.

მიძინების ეკლესიის ერთ-ერთ სამკაულს მისი კანკელი წარმოადგენდა (ამჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). იგი მწვანე ფერის, რბილი ჯიშის, ქვისგანაა გაკეთებული. მის მოაჯირზე საღვთო წერილის რამდენიმე სურათია გამოქანდაკებული (ხარება, მირქმა, ელისაბედისა და მარიამის შეხვედრა და სხვა). რელიეფის შესრულება - ადამიანთა ფიგურები, მათი მოძრაობა და გამომეტყველება მოწმობს, XI საუკუნის ქვაზე კვეთის მაღალ დონეზე.

გარედან მიძინების ეკლესიას მარტივი სახე აქვს. შეიმჩნევა ორი სამშენებლო ფენა. ადრინდელი ფენა აღმოსავლეთ ფასადზე შეიმჩნევა, რომელზეც სუფთად გათლილი რუხი-მომწვანო ფერისა და წითელ-სოსან-ყავისფერი ქვები ურევია. აღმოსავლეთ კედელზე დარჩენილია ძველი კარნიზი და სარკმლის მორთულობა.

მეორე ფენა მკვეთრად განსხვავდება თავისი შეფერილობით და თარიღდება XIV საუკუნით (ბექას შვილების პერიოდი). მეორე ფენას მიეკუთვნება დასავლეთის სარკმლისა და ეკლესიის შესასვლელის მორთულობა. ჩუქურთმების სახეები და შესრულება წმ. საბას ჩუქურთმებს ენათესავება.

წმინდა საბას მთავარი ეკლესია, სამრეკლო და სასახლე XIII საუკუნის დასასრულისა და XIV საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება, როცა სამცხეს ბექა მანდატურთუხუცესი, სარგისის ძე განაგებდა (სარგისი, ბექა და მისი ვაჟები - სარგის II და ყვარყვარე დახატულნი არიან წმინდა საბას ეკლესიის კედელზე). ჯაყელებმა საფარა თავის რეზიდენციად და საძვალედ აქციეს. ტაძრისა და კარიბჭეს სარკმლის წარწერაში მოხსენიებულია ხუროთმოძრვარი ფარეზასძე.

ვიკიციტატა
„სრულ იქმნა საყდარი ესე საძირკველითვე ყოვლითა ფერითა ხელითა ფარეზასძისათა, შეუნდვენ ღმერთმან.“

წმინდა საბას ტაძარი შვეული კლდის პირზეა აღმართული. მის ასაშენებლად საჭირო გამხდარა არა მარტო ადგილის მოშანდაკება, არამედ კლდის ქიმზე საგანგებო საყრდენის ამოყვანაც. ძეგლის ფასადების დამუშავებაში, ორნამენტსა და ტექნიკის შესრულებაში ახლებური ხერხები ჩანს, მაგრამ წარსულთან კავშირი კვლავ საგრძნობია. ახალი ნიშნებმა თავი იჩინა, პირველ ყოვლისა, შენობათა ნაწილების შეფარდებაში (შდრ. ბეთანია, ფიტარეთი).

გუმბათის ყელი დადაბლებული და გაფართოებულია, რის შედეგადაც შენობის კორპუსი უფრო მაღალი ჩანს. ფასადებზე თავისუფალი, გლუვი ზედაპირები მეტია, ვიდრე წინათ იყო, გუმბათის ყრუ სარკმლები, რომლებიც ისვეა გაფორმებული საპირეებით როგორც ნამდვილი. ინტერიერში კვლავ ჩნდება პატრონიკენი, მაგრამ მას წმინდა დეკორატიული მნიშვნელობა აქვს. დასავლეთი კარიბჭე უჩვეულოდ მაღალია. მისი შიგა სივრცე, ღია თაღები, ვარსკვლავისებური კამარები უხვადაა შემკული ჩუქურთმებით. შენობაზე ბევრი წარწერაა. სამრეკლო ადრინდელი ქართული სამრეკლოების ტიპისაა. ქვემო კუბურ ნაწილში ჯაყელთა მსახურთუხუცესის ლასურისძის საგვარეულო სამარხი იყო, ზემოთ - საკუთრივ სამრეკლო.

ლასური, ნიკოლოზი და სუმბატი ლასურისძენი

სამრეკლო XVIII საუკუნის მიწურულში ან XIV საუკუნის დასაწყისშია აგებული. ისევე როგორც მონასტრის სხვა შენობები სამრეკლოც თლილი ქვითაა ნაშენი. მას არავითარი მორთულობა არ გააჩნია. სამრეკლო ორსართულიანია. მეორე სართული ღია თაღებიანი ფანჩატური - საკუთრივ სამრეკლოა, ხოლო პირველ სართულზე კი ლასურისძეთა საგვარეულო სამარხია. ლასურისძენი ჯაყელთა ქვეშევრდომნი იყვნენ. როცა ბექა მთელი კარით დაემკვიდრა საფარაში, ლასურისძეებსაც მანვე უბოძა სამრეკლოს პირველი სართული საგვარეულო საკუთრებად. აქ კედლებზე შემორჩენილ ფრესკებზე ასახულია ლასურისძეთა ოჯახის წევრთა პორტრეტები. გარდა ლასურისა შეგვიძლია ვნახოთ სუმბათი და სასულიერო პირი ნიკოლოზი. ფრესკის თავზე კი იკითხება წარწერა:

ვიკიციტატა
„...მეუფეო ქრისტე ღმერთო... ადიდე ორთავე სუფევათა შინა პატრონი ჩვენი მანდატურთა უხუცესი ბექაი და ძენი მისნი, რომელმან... გუიბოძა საფლავნი ლასურისძესა ლასურს და ძმათა მისთა საუკუნოდ.“

საფარის სასახლე, რომელიც მთის კალთაზეა აგებული ბექასდროინდელად ითვლება. დარჩენილია სასახლის მხოლოდ ერთი სართული: ორი დიდი სწორკუთხა სადგომი ერთმანეთის მიყოლებით. კედლები ნაშენია თლილი ქვით. გადახურვა არაა შემორჩენილი. სავარაუდოდ სასახლეს მეორე სართულიც ჰქონდა საზეიმო დარბაზებითა და ფართო სარკმლებით. შესასვლელებსა და სარკმლებში ყურადღებას იპყრობს ქვაში საგანგებოდ გამოკვეთილი ბუდეები კარისა და სარკმლის ალათების ჩასასმელად. სასახლის ამჟამინდელი მდგომარეობით მისი თავდაპირველი სახის დადგენა შეუძლებელია.

წმ. გიორგის ეკლესიას შესასვლელის თავზე შერჩენილი აქვს საინტერესო წარწერა. იგი მოგვითხრობს, რომ ეს "მცირედი ეგუტერი" აუშენებია საფარის მოძღვარს გრიგოლ ნაფშვუენის ძეს საფარაში დამკვიდრებულ "წმინდა მამათათვის".

ცნობილი მოღვაწეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფარის მონასტერის მოღვაწეთა მთავარი წარმომადგენელია კათოლიკოსი არსენ I (IX ს.). X-XI საუკუნეებში აქ იღვწოდნენ ივანე და გაბრიელ საფარლები, XII საუკუნეში - იოანე მტბევარ-საფარელი, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე - მწიგნობარი ეფრემი, XVI საუკუნეში - ცნობილი კალიგრაფი სვიმეონ კარგარეთელი, XVIII-XIX საუკუნეებში - გადამწერები მიტროფანე საფარელი, ქრისტესია სამადაშვილი და სხვა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]