ბოლნისის ეპარქია
ბოლნისის ეპარქია — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესის ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქია. მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია, დასავლეთიდან — დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, ჩრდილოეთიდან — მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიები, ხოლო სამხრეთის საზღვარი საქართველო-სომხეთის საზღვარს ემთხვევა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოლნისის ეპარქია ისტორიული ქვემო ქართლის ერთ-ერთი უძველესი ეპარქია და ის V საუკუნეში ჩამოყალიბდა. „მოქცევაი ქართლისაის“ თანახმად, ბოლნისის სიონის ტაძარი IV საუკუნის ბოლო წლებში აუგია ელია მთავარეპისკოპოსს, ხოლო ბოლნისის საეპისკოპოსოს კათედრის დამაარსებლად ჯუანშერი ასახელებს ვახტანგ გორგასალს. პირველ ბოლნელ ეპისკოპოსად მიჩნეულია დავითი, რომელიც ბოლნისის სიონის აღმოსავლეთის ფასადის წარწერაშია მოხსენიებული კრებულითურთ. დავით ბოლნელი ყოფილა სწორედ ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს. იგივე დავითია დასახელებული „ეპისტოლეთა წიგნში“ 506 წლის დვინის საეკლესიო კრებაზე დამსწრე ქართველ მამამთავრებს შორის. იქ ჩამოთვლილ 24 ეპისკოპოსს შორის დავით ბოლნელი მეხუთე ადგილზეა.
ბოლნისის ეპისკოპოსთაგან X საუკუნეში ჩანს ელია ბოლნელი, სიონის ერთ-ერთ წარწერაში მოხსენიებული, რომელსაც საყდარში ღამისთევა დაუწესებია. X-XI საუკუნეებში აქვე მოღვაწეობდა იოანე ბოლნელი, ცნობილი მქადაგებელი და მჭერმეტყველი, ვისი ქადაგებანიც ჩვენამდე შემორჩა. XIII საუკუნეში დარბაზობის წესის მიხედვით, ბოლნელ მამამთავარს 26-ე ადგილი ეჭირა ვალაშკერტელის შემდეგ. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ბოლნელის სამწყსო იყო ქართლის სომხითი.
XVIII საუკუნის დასაწყისიდან ბოლნისის საეპისკოპოსო თბილელის კათედრას შეუერთდა და ამის შემდეგ იხსენიებიან თბილელ-ბოლნელი ეპისკოპოსები. 1747 წელს კათედრა ისევ აღდგენილი ჩანს, ხოლო 1749 წელს ანტონ კათალიკოსმა ბოლნისის საეპისკოპოსო ქართლის მთავარეპისკპოსს უბოძა.
XVIII საუკუნის II ნახევრაში ბოლნისის საეპისკოპოსო დმანისისა და წალკის საეპისკოპოსოებთან ერთად მოშლილი იყო. ამავე საუკუნის 80-იანი წლების საბუთებიდან ჩანს, რომ ბოლნელის მამულებს იქაური ერისკაცები დაეპატრონენ და მათგან ღალას უკვე მანგლელი ეპისკოპოსი ითხოვს. საბოლოოდ 1805 წლის ერთ საბუთში იხსენიება თბილელ-მანგლელ-ბოლნელი მიტროპოლიტი.
1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენის მიუხედავად, ეპარქიაში ქრისტიანული ცხოვრების გამოცოცხლება მხოლოდ 1980-იან წლებში დაიწყო. ძველი ბოლნისის ეპარქია, აგარაკ-წალკის ეპარქიაში იყო გაერთიანებული. ბოლნისისა და დმანისის ეპარქია ცალკე ეპარქიად გამოიყო 1995 წელს წმიდა სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე. ეპარქიის მწყემსმთავრად მანამდე აგარაკ-წალკის მთავარეპისკოპოსი თადეოზი იქნა განწესებული.
2003 წლის 18 აგვისტოს, წმიდა სინოდის კრებაზე ბოლნისისა და დმანისის ეპარქია გაიყო და მის საფუძველზე ორი სამღვდელმთავრო ჩამოყალიბდა — ბოლნისის ეპარქია და დმანისის ეპარქია. კრებამ ბოლნელ მღვდელმთავრად მთავარეპისკოპოსი თადეოზი დაადგინა. 2006 წლის 31 დეკემბრიდან ბოლნისის სამწყსოს განაგებს მთავარეპისკოპოსი ეფრემი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 458.