შინაარსზე გადასვლა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია
რუმ. Biserica Ortodoxă Română


რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გერბი

ინფორმაცია
ავტოკეფალია

1885[1]

ადგილი დიპტიქში

მე-7

წინამძღვარი

დანიელი

რეზიდენცია

ბუქარესტი, რუმინეთი

არეალი

რუმინეთის დროშა რუმინეთი
მოლდოვის დროშა მოლდოვა

საეკლესიო ენა

რუმინული

მრევლი

18,806,428 რუმინეთში
720,000 მოლდოვაში

ოფიციალური საიტი

patriarhia.ro

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია (რუმ. Biserica Ortodoxă Română) — ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიათა დიფტიქში მე-7 ადგილს იკავებს.

პირველი საეკლესიო ორგანიზაცია რუმინეთის ტერიტორიაზე IV საუკუნეში დაარსდა, ხოლო საპატრიარქოს სტატუსით ეკლესია არსებობს 1925 წლის 4 თებერვლიდან.

ეკლესია იყოფა ხუთ სამიტროპოლიტო ოლქად, რომლებიც თავის მხრივ იყოფა საეპისკოპოსო ეპარქიებად. მასში შედის 296 მონასტერი და 97 მამათა და დედათა სავანე. მრევლის რაოდენობა დაახლოებით 20 მილიონ ადამიანს შეადგენს.

უმაღლესი მმართველი ორგანოა წმინდა სინოდი, რომლის შემადგენლობაში შედიან პატრიარქი და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები.

ადრეული ეკლესიის მამების, მათ შორის იპოლიტე რომაელისა და ევსები კესარიელის ცნობებით, ქრისტიანობა თანამედროვე რუმინეთის ტერიტორიაზე წმინდა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა.[2]

რუმინეთში ეკლესიის ორგანიზაციის არსებობა IV საუკუნიდან არის ცნობილი. აქ არსებული რომის პროვინცია დაკია ილირიკის რეგიონის ნაწილი იყო და, შესაბამისად, დაკიელი ეპისკოპოსები სირმიუმის მთავარეპისკოპოსის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდნენ, რომელიც რომის ეპისკოპოსის იურისდიქციას ექვემდებარებოდა. V საუკუნეში ჰუნების მიერ სირმიუმის განადგურების შემდეგ დაკია გადავიდა სოლუნის არქიეპისკოპოსის გამგებლობაში, რომელიც ხან რომს, ხანაც კონსტანტინოპოლს ემორჩილებოდა. VIII საუკუნეში იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა საბოლოოდ დაუმორჩილა დაკია კონსტანტინოპოლის პატრიარქის კანონიკურ ხელისუფლებას.[3]

წმინდა პეტრეს რუმინული ხატი

VIII საუკუნის ბოლოს ვლახეთი ახლად შექმნილი ბულგარეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. მისი ეკლესია დაემორჩილა ბულგარეთის ეკლესიის კანონიკურ ხელისუფლებას. ამის შემდეგ რუმინელთა წინაპრებმა ღვთისმსახურების აღსრულება საეკლესიო სლავურ ენაზე დაიწყეს, რომელიც აქ XVIII საუკუნემდე გამოიყენებოდა, ვიდრე ანთიმოზ ივერიელი ვლახებისთვის მშობლიური ენის გამოყენებას დაუჭერდა მხარს.[4]

1330 წელს ვლახეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. 1359 წელს ვლახეთის მთავარმა ნიკოლაი-ალექსანდრე I-მა მიაღწია კონსტანტინოპოლის პატრიარქის თანხმობას, რომ ვლახეთის სამიტროპოლიტო ავტონომიის რანგში აემაღლებინა.[5]

XV საუკუნეში ვლახმა და მოლდოველმა მთავრებმა აღიარეს ოსმალეთის სულთნისადმი ვასალური დამოკიდებულება. მიუხედავად ამისა, ვლახეთსა და მოლდოვაში ადგილობრივი მმართველების მფარველობის ქვეშ დაცული იყო აღმსარებლობის სრული თავისუფლება, შენდებოდა ახალი ეკლესიები, დაარსდა მონასტრები და იმართებოდა საეკლესიო კრებები.[6]

1859 წელს ვლახეთი და მოლდოვა გაერთიანდა რუმინეთის ერთიან სახელმწიფოში მთავარ ალექსანდრეს მეთაურობით. ნაციონალიზმის აღზევებასთან ერთად მომწიფდა ავტოკეფალიის იდეაც. 1865 წელს, კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან შეუთანხმებლად, გამოცხადდა რუმინეთის ეკლესიის ავტოკეფალია, რაც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა არ ცნო. 1885 წელს ორი ეკლესია საბოლოოდ შერიგდა. იმავე წლის 23 აპრილს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იოაკიმემ გამოსცა ტომოსი, რომლითაც რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სრული ავტოკეფალია აღიარა.[1]

1925 წლის 4 თებერვალს რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო საპატრიარქოს სტატუსი, რაც კანონიკურად დადასტურდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის ტომოსით.[7]

  • Mircea Păcurariu, Istoria Bisericii Ortodoxe Române, Sibiu: Editura Andreiana, 2007.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 „Istoria Bisericii“, 2007, გვ. 200
  2. „Istoria Bisericii“, 2007, გვ. 187
  3. Auzépy, Marie-France (2008). „State of emergency (700–850)“, The Cambridge History of the Byzantine Empire (c. 500–1492). Cambridge University Press, გვ. 285. 
  4. Fine, John V. A. Jr. (1991). The Early Medieval Balkans: A Critical Survey from the Sixth to the Late Twelfth Century. Ann Arbor: University of Michigan Press, გვ. 117. 
  5. Treptow, Kurt W.; Popa, Marcel (1996). Historical Dictionary of Romania. Lanham: Scarecrow Press, გვ. 152. 
  6. „Istoria Bisericii“, 2007, გვ. 195
  7. „Istoria Bisericii“, 2007, გვ. 201