ალავერდის ეპარქია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალავერდის საკათედრო ტაძარი
ალავერდის ეპარქიის რუკა

ალავერდის ეპარქია — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქია. მოიცავს თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტებს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალავერდის მონასტერი, რომელიც X საუკუნის კახეთის მთავრების ძირითადი სალოცავი იყო, XI საუკუნიდან ეპარქიის ცენტრად და კახეთის მეფეთა საძვალედ იქცა. ალავერდის ეპარქია კახეთის მეფეთა მძლავრი პოლიტიკური დასაყრდენი იყო. 1104 წელს, კახეთის შემოერთების შემდეგ, დავით აღმაშენებელმა ეპარქია სრულიად საქართველოს სამსახურში ჩააყენა. ალავერდის ეპარქიის საზღვრები იყო: ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით - კავკასიონის ქედი და მდინარე სტორი, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდინარე თურდო, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით - კახეთისა და ცივგომბორის ქედები. მთიანეთიდან ალავერდის ეპარქიაში შედიოდა: თუშეთი. საყმო მამულთა უმეტესობა ალავერდის ტაძრის ირგვლივ მდებარეობდა, ნაწილი კი სხვადასხვა სოფლებში იყო გაფანტული. ალავერდის ეპარქიას ეკუთვნოდა: ძველი შუამთის ყოვლადწმინდის საწინამძღვრო ეკლესია. ორმეოცთა საყდარი ოჟიოში, ყოვლადწმინდის საყდარი ხორხელში, მთლიანად ან ნაწილობრივ - მერე, კაკაბეთი, ვარდისუბანი, არბუხი, ღანუხი, ჩიბინიანი, ალავერდული, ახატელი, იყალთო, აქყვერი, თიანეთი, კისისხევი, უტო, კონდოლი, წინანდალი, ველისციხე და სხვა სოფლები.

ალავერდელი ეპისკოპოსები მონასტრის მამადაც (წინამძღვრადაც) ითვლებოდნენ, ამიტომ ატარებდნენ ამბის ზედწოდებას. XVI საუკუნიდან ალავერდელმა ეპისკოპოსებმა მიტროპოლიტის ტიტული მიიღეს. XV საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში კახეთის მეფე ალექსანდრე I-მა განაახლა მტრისაგან დარბეული ალავერდი და უხვად უბოძა ყმა-მამული. მალე ალავერდის ეპარქიამ პირველობა მოიპოვა მთელ კახეთში და მცხეთისაგან გამოყოფაც სცადა, მაგრამ მცხეთის კათალიკოსმა აღკვეთა ეს ცდა. 1616 ალავერდი და მისი მამულები დაარბია აბას I-მა. XVII საუკუნის შუა წლებში თურქმანთა მომთაბარე ტომებმა მისი ადგილ-მამულები საძოვრად გადააქციეს, შენობა კი ციხესიმაგრედ. 1659 აჯანყებულმა კახელებმა თურქმანები განდევნეს, მაგრამ მტრისაგან მიყენებული ზარალი იმდენად დიდი იყო, რომ XVII საუკუნის დასასრულამდე ეპარქია ვეღარ აღდგა. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ალავერდი ლეკებმა დაარბიეს. 1735 წლის 21 ოქტომბერს კი თამაზ-ხანმა ააოხრა. ალავერდისა და მცხეთის კათედრების გაერთიანებამ (XVIII საუკუნის 80-იან წლებში) ხელი შეუწყო ალავერდის ეპარქია სამეურნეო-ეკონომიკურ აღორძინებას. 1811 ალავერდის ეპარქიაში ირიცხებოდა 113 ეკლესია, ხოლო ყმა-გლეხთა რიცხვი 342 კომლს აღწევდა.

ალავერდელი მღვდელთმთავრების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]