ადიშის ოთხთავი
ადიშის ოთხთავი | |
---|---|
დამკვეთი | სოფრონი |
თარიღი | 897 |
ფურცლის ზომა | 30x25 სმ |
გადამწერი | მიქაელი |
ყდაში ჩამსმელი | მიქაელ მოდრეკილი |
ადიშის ოთხთავი — ძველი ქართული ენისა და მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, თარიღიან ოთხთავთა შორის უძველესი (897) ნუსხა. ხელნაწერი ეტრატზეა შესრულებული (ზომა 30x25 სმ). ნაწერია მრგვლოვანი ხელით, ორ სვეტად. 1-5 ფურცელი შემკულია მინიატურებით. მისი დამკვეთი არის სოფრონი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გადაწერილია კლარჯეთში, შატბერდის ლავრაში. ხელნაწერის დამკვეთი გახლავთ სოფრონი, რასაც ადასტურებს წიგნის ბოლოს მოთავსებული ანდერძი:
ღირს ვიქმენ მე, გლახაკი სოფრონ, აღსრულებად. წმიდასა ამას წიგნსა სახარებასა ოთხთავსა ფრიადითა მოღუაწებითა სულიერთა ძმათა ჩემთაითა, სალოცველად ყოვლისა ამის კრებულისათვს და ყოველთა ნათესავთა ჩუენ ათაკორციელად, და სალოცველად მეფეთა ჩუენთა–ღმრთივ დიდებულისა ადრნერსე კურაპალატისა და ღმრთივ ბოძთა ნაშობთა მათთა დავით ერისთვისა და მეუღლეთა და ნაშობთა მა თთათვს, და სალოცველა(დ) სულისა გარდაცვალებულთათვს: სულისა მამისა გრიგოლისა, სულისა მამისა გაბრიელისისა და ყოველთა ძმათა ჩუენთა გარდაცვალებულთათუს და სულთა მეფეთა ჩუენთათვს: არსენისა, დავითისა, აშოტისა და ყოველთა თვსთა გარდაცვალებულთათუს.
ამ ანდერძში მოხსენიებულ ისტორიულ პირთა მიხედვითაც აშკარაა, რომ წიგნი დაწერილია მეცხრე საუკუნის ბოლოს, მაგრამ მის თარიღს უფრო ზუსტად გვაუწყებს მეორე ანდერძი, რომელიც გადამწერს ეკუთვნის. აქ ვკითხულობთ:
დაიწერა წმიდაი ესე ოთხთავი დასაბამითგან წელთა ხფა, ქრონი - კონსა რიზ, შობითგან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითწელთა ჩა... მწერალი ამისი მიქაელ ლოცვასა მომიჯსენეთ და შემინდვეთ სიუცბე ჩემი და მმოსელიცა მიქაელ დიაკონი მომიკსენეთ წმიდასა ლოცვასა თქუენსა. უფალი მფარველ გუექმენინ ყოველთა ერთობით. ამენ.
წიგნის გადაწერის თარიღი ამ ანდერძში სამნაირად არის დასახელებული. ამ თარიღთაგან ერთ-ერთმა დიდი კამათი და აზრთა სხვადასხვაო ბა გამოიწვია სამეცნიერო წრეებში, მაგრამ საბოლოოდ კორნელი კეკელიძემ დაადგინა, რომ სამივე თარიღი ზუსტია და ჩვენი წელთაღრიცხვით 897 წელს უდრის.[1][2]
წიგნის გადამწერია მიქაელი, ყდაში ჩამსმელი – მიქაელ დიაკონი.[2] მხატვარზე კი ანდერძებში არაფერია ნათქვამი. მიქაელი დახელოვნებული გადამწერი ყოფილა და მას ლამაზი მრგლოვანი ასოებით გადაუწერია მთელი წიგნი დედნიდან, მაგრამ იმ დროისათვის ტრადიციად შემოღებული ჰ პრეფიქსი ხმოვნების წინ აღარ უხმარია, თუმცა მექანიკური შეცდომების ხაჯზე ზოგგან მაინც დაუწერია იგი. მიქაელს მალე თვითონვე შეუნიშნია შეცდომები და ჰა ამოუფხეკია, თუმცა მისი ნაკვალევი ეტრატს მაინც ატყვია.
ეს ნასწორები ადგილები განსაკუთრებით საინტერესოა და საგულისხმოა სწორედ იმით, რომ აქედან უტყუარად ჩანს, რა სახის დედანი ედო წინ გადამწერს. დედნის მეორე თავისებურება ის ყოფილა რომ მას ლუკას სახარების დიდი ნაწილი ჰკლებია და ეს ნაკლული ადგილი გადამწერს სხვა წიგნის მიხედვით შეუვსია. საქმე ისაა, რომ ადიშის ოთხთავის ეს ორი დედანი — ძირითადი (ჰაემეტი) და დამხმარე (ლუკას სახარების ნაკლული ნაწილის შესავსებად გამოყენებული) — სახარების ქართული თარგმანის ორ სრულიად სხვადასხვა რედაქციას წარმოგვიდგენს.საერთოდ დადგენილია, რომ ქართული ოთხთავის ტექსტს საუკუნეთა განმავლობაში ბევრჯერ განუცდია რევიზია უკანასკნელად ის ბერძნულს შეუდარა და შეასწორა გიორგი მთაწმიდელმა. ანდერძში გიორგი მთაწმიდელი ახსენებს ორ წინამორბედ რედაქციას – ხანმეტსა და საბაწმიდურს. ამათგან პირველი ჩვენთვის ამჟამად ცნობილია ხანმეტ ტექსტებში შემონახული ნაწყვეტების სახით. ამ რედაქციის გადამუშავებით, კერძოდ, ხანმეტი ფორმების შეცვლის გზით მიღებული ჩანს ახალი რედაქცია, რომელიც წარმოდგენილია X საუკუნეში გადაწერილი ქართულის ოთხთავების უმეტესობაში, როგორიცაა ოპიზის (913 წ.), ჯრუჭის (936 წ.), პარხლის (973 წ.), სინის მთის № 8 (978 წ.), ბერთის (988 წლამდე), ტბეთის (995 წ.), X საუკუნეში გადაწერილი სინის მთის № 9, ქსნის, სევის (რაჭის), ცენტრარქივის ოთხთავები (იგივე რედაქცია შეუსწორებია XI საუკუნეში ჯერ ექვთიმე მთაწმიდელს, შემდეგ კი საბოლოოდ გადაუმუშავებია გიორგი მთაწმიდელს).
ამათგან სრულიად განცალკევებით დგას ადიშის ოთხთავი, რომელშიც წარმოდგენილია ოთხთავის სულ სხვა თარგმანი, დიდად განსხვავებული როგორც ლექსიკით, ისე სინტაქსური წყობით და გრამატიკული ფორმებით. ეს გარემოება განსაკუთრებით ზრდის ადიშის ოთხთავის მნიშვნელობას. ეს წიგნი თითქმის შვიდას წელიწადს შატბერდის მონასტერში ყოფილა დადებული, შემდეგ კი ის იქიდან გამოუტანია ჯუმათის ყოფილ მამასახლისს ნიკოლაოსს, რომლის ანდერძიც, ნაწერი XV—XVI საუკუნეთა ნუსხურით, მოთავსებულია გადამწერ მიქაელის ანდერძის ქვემოთ. ნიკოლაოს ჯუმათელი გვაუწყებს: „მე, ნიკოლაოს, ოდესმე ჯუმათი სამამასახლის-ყოფილმან, უღირსმან და სულითა საწყალობელმან, ფრიადითა ხარკებითა (აშენენინ ღმერთმან კლარჯეთი სამონასტერნი!) შევიარენ და შევკრიბენ წმიდანი ესე წიგნნი: პირველად წმიდაი ესე სახარებაი ოთხთავი, და მრავალთავი, და კელთკანონი, მამათა წიგნი, და კითხვა-მიგებაი. უმეტესად აღაშენენ ღმერთმან შატბერდი: ესე ოთხთავი და კელთკანონი და მამათა წიგნი მათსა ეკლესიასა“...
ანდერძის ბოლო აღარ იკითხება და ჩვენ არ ვიცით, თუ სად მიუჩინა ახალი ბინა ნიკოლაოს ჯუმათელმა მის მიერ შეძენილ-შეკრებილ წიგნებს, კერძოდ – სახარებას. საფიქრებელია, რომ ეს წიგნები ნიკოლაოსს უნდა მიეტანა გურიაში, კერძოდ ჯუმათის მონასტერში, რომლის წინამძღვარიც ის ერთ დროს ყოფილა.
როგორც ჩანს, ეს ოთხთავი გურიაში დიდხანს არ დარჩენილა და უკვე მეთექვსმეტე საუკუნეში აუტანიათ სვანეთში. ვინ წაიღო იგი სვანეთში და რატომ, ეს ცნობილი არაა, მაგრამ აშიებზე გაკეთებული გვიანდელი (დაახლოებით XVI-XVII საუკუნეთა) მინაწერები აშკარად გვიჩვენებს, რომ წიგნი ამ დროს უკვე სვანეთში იყო. მინაწერები სხვადასხვა სახითაა, ზოგი ნუსხური და ზოგიც მხედრული. კერძოდ, წიგნის ქვედა აშიებზე მე-16 – მე-17 საუკუნის ხელით მხედრულად მიწერილია სამი „ქვეყნის სამაგრობელი დაწერილი“, სადაც იხსენიება ჰადიში და სვანეთის რამდენიმე სოფელი. მაგალითად (ტექსტი გამოცემულია პავლე ინგოროყვას მიერ): „ქ. ღმთისა და მაცხოურისა ჰადიშისა და მთაუარ მოწამისა ჩაინაშისა თაუსდებობითა და შუამდგომლობითა დაუწერეთ და დავიდევით დაწერილი ესე ქუვეყნისა სამაგრობელი ამა პირსა ზედა, ჩუვენ ერთობილთა ჰადიშისა მიწაზედა მყოფთ ყოველთა, ერთმანერთისა ნდომითა და მოწმობითა: ვისაც რაი (...) საქმესა ზედა ჰავი რაი დაგუემართოს, პირი თაუად მაცხოვარი და მთაუვარ მოწამე ჩაინაშისა, მესამე ერთობილი ჰადიშისა ქუვეყანაი იყოს“. აქ არეულია უ და ვ ასოები (ან ერთის ნაცვლად ორივე არის ნახმარი), რაც დამახასიათებელია სვანურისათვის. ასეთივე ორთოგრაფიული თავისებურებებით ხასიათდება ნუსხური მინაწერებიც, დაახლოებით მე-17 საუკუნისა, შესრულებული ვინმე ათანასეს მიერ: „უნებისა (=ვნებისა) კურიაკესა“, „ღმერთო, გვედრია სვლი (=სული) ათანასესი, ფრიად ცოდვილისაი, დღესა მას განკითხვისასა...“ და სხვა.
სხვა ხელით გაკეთებულ ერთ ნუსხურ მინაწერში ვკითხულობთ: „ღმერთმან ადიდოს ადიშისა სუფელი (=სოფელი). ღმერთმან შეუნდოს იოვანეს მუბეჩვანსა“. როგორც აკაკი შანიძე შენიშნავს, „მუბეჩვანი“ სვანური გვარი ჩანს. ქართულად თუ ვთარგმნით, იქნება ბეჩოელიძე (ბეჩო – თემია სვანეთში).
1855 წელს ჰადიშის ეკლესიაში ეს ხელნაწერი უნახია რუს მკვლევარს ივანე ბართოლომეის, რომელიც თავის მოგზაურობის აღწერისას გაკვრით ახსენებს ჰადიშში დაცულ ძვირფას სახარებას. ფართო საზოგადოებისათვის კი ადიშის ოთხთავი ცნობილი გახდა მე-20 საუკუნის დამდეგიდან, როცა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში – ჯერ „ივერიაში“ (1903 წ.) და შემდეგ „მოამბეში“ (1904 წ.) — გამოქვეყნდა ბესარიონ ნიჟარაძის წერილები სვანეთის ხელნაწერების შესახებ. ამის შემდეგ ადიშის ოთხთავს მკვლევართა ყურადღება არ მოჰკლებია: სვანეთში მოგზაურობის დროს იგი ნახა და მისი მინიატურები აღწერა რუსმა მკვლევარმა პრასკოვია უვაროვამ, რომლის მოგზაურობის შთაბეჭდილებები გამოქვეყნდა 1904 წელს „კავკასიის არქეოლოგიის მასალების“ X ტომში. იქვე დაიბეჭდა სვანური ხელნაწერი ოთხთავების (მათ შორის ადიშის ოთხთავის) აღწერილობა, შესრულებული ალექსანდრე ხახანაშვილის მიერ.
ამჟამად ხელნაწერი ინახება სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.[3][4]
კვლევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადიშის ოთხთავი რედაქციულად განკერძოებით დგას სხვა ოთხთავებისაგან. ძეგლში დაცულია მდიდარი ლექსიკა და თავისებური გრამატიკული ფორმები. ადიშის ოთხთავს კარგად იცნობენ და ინტენსიურად იკვლევენ როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში (ამერიკაში, ბელგიაში, გერმანიაში და სხვა). 1910 წელს სვანეთში მოეწყო სამეცნიერო ექსპედიცია ექვთიმე თაყაიშვილის მეთაურობით. ამ ექსპედიციის დროს ფოტოგრაფმა დიმიტრი ერმაკოვი გადაიღო ადიშის ოთხთავის ფოტოსურათები მთლიანად (ყველა გვერდი). შემდეგ ამ ფოტოსურათების მიხედვით ძეგლი ფოტოტიპიურად გამოსცა მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოებამ 1916 წელს გამოცემის ხელმძღვანელობა თავდაპირველად მინდობილი ჰქონდა ალექსანდრე ხახანაშვილს, მაგრამ მას ხანგრძლივმა ავადმყოფობამ შეუშალა ხელი, შემდეგ კი ნაადრევმა სიკვდილმაც უსწრო (1912 წ.) და ამის გამო საქმეს ექვთიმე თაყაიშვილი ჩაუდგა სათავეში. მანვე წაუმძღვარა გამოცემას ვრცელი გამოკვლევა.
ამ გამოცემით ადიშის ოთხთავი ხელმისაწვდომი გახდა მკვლევართა ფართო წრეებისათვის. შემდეგ ის ორჯერ სტამბურადაც გამოიცა: ერთი გამოცემა ეკუთვნის ამერიკელ ქართველოლოგს, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორს რობერტ ბლეიკს, მეორე აკაკი შანიძეს. ბლეიკმა ადიშის სახარების ტექსტი დაბეჭდა ოპიზისა და ტბეთის სახარებათა ვარიანტებითაც და დაურთო ლათინური თარგმანიც.
აკაკი შანიძემ ადიშის ოთხთავის ტექსტი დაბეჭდა ჯრუჭისა და პარხლის ოთხთავების პარალელურად (გამოიცა „ძველი ქართული ენის ძეგლების“ მეორე წიგნად 1945 წელს).
ყდა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადიშის ოთხთხთავის გარეკანის პირველი შრე შესრულებულია IX საუკუნის გარეკანის ოსტატის, მიქაელის მიერ. წარმოადგენს ტყავისა და მეტალის კომბინაციას. სქელ, სწორად მოჭრილ ხის დაფბზე ტყავის სამი ფენა შეიმჩნევა. პირველი შრე, რომელიც IX საუკუნისაა, ფრაგმენტულია და ამოუტვიფრავი[5].
მეორე, X საუკუნის შრე შენარჩუნებულია მხოლოდ ზედა ფრთის ცენტრალურ ნაწილში. ტყავი ძლიერ დაზიანებულია, მასზე ამოტვიფრულია წრეში ჩახაზული ჯვრის სტილიზებული ფორმა, რომბისებური წნული ელემენტები ჩახვეული ბოლოებით, რომლებსაც მცირე ზომის დეკორატიული სამსჭვალები აფორმებს. ამოტვიფრულ ტყავის ზედაპირზე დამაგრებულია გრავირებული, საშუალო ზომის ტოლფერდა ჯვარი XIV საუკუნიდან. ვერცხლზე ამოკვეთილია ფოთლოვან-ყვავილოვანი ორნამენტი[5].
მესამე სქელი ტყავის შრე XVI საუკუნით თარიღდება. ეს შრე ამჟამად მოხეულია და მხოლოდ ყუის მხარესაა შემორჩენილი[5].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პ. ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, III, 1965.
- ვ. გვახარია, მიქაელ მოდრეკილის ჰიმნები. 1978.
- Ibid, p. 373. შდრ. აგრეთვე გვ. 375. მათესა და მარკოზის სახარებათა ხანმეტის ნაწყვეტების ადიშის ტექსტთან შედარებაში ბ ლ ე ი კ ს დაჰხმარებია B. A. Streeter-ი (იქვე, გვ. 372, შნშ. 68).
- ე. თაყაიშვილის წინასიტყვაობაში, გვ. 7
- ადიშის ოთხთავი რედაქციულად (იბეჭდება უნივერსიტეტის შრომებში).
- ს. კაკაბიძემ აღნიშნა (ხსენ. თხზ. გვ. 7―19)].
- იმნაიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 96-97.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ადიშის ოთხთავი დაარქივებული 2022-01-21 საიტზე Wayback Machine.
- ადიშის ოთხთავის ტექსტი დაარქივებული 2011-09-02 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ძველი სახარებების რთული და გრძელი ისტორიები. www.radiotavisupleba.ge
- ↑ 2.0 2.1 ადიშის ოთხთავი დაარქივებული 2022-01-21 საიტზე Wayback Machine. . armazi.uni-frankfurt.de
- ↑ მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი.
- ↑ როგორ გადარჩა მაგიურ ძალად შერაცხული ადიშის ოთხთავი. resonancedaily.com
- ↑ 5.0 5.1 5.2 ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 150
|