ვახტანგ VI-ის სტამბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვახტანგ VI-ის სტამბა — პირველი ქართული სტამბა. დაარსდა 1708-1709 წლებში თბილისში, მტკვრის მარცხენა ნაპირას სპეციალურად აგებულ შენობაში.

სტამბის გამმართველად ვახტანგ VI-მ რუმინეთიდან მოიწვია ანთიმოზ ივერიელის ნამოწაფარი, უნგრო-ვლახელი ოსტატი მიხაი იშტვანოვიჩი. პირველი წიგნი, რომელიც დაისტამბა იყო „სახარება“. 1709-1712 წლებში დაიბეჭდა 11 დასახელების წიგნი, რომელთა შორისაც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს „სწავლულ კაცთა“ მიერ „ვეფხისტყაოსნის“ მეცნიერულად დადგენილი ტექსტი, ვახტანგ VI-ის რედაქციითა და კომენტარებით (1712). 1713 წლიდან 1720 წლის მიწურულამდე სტამბაში დაიბეჭდა მხოლოდ 5 წიგნი. ამ პერიოდში წიგნების გამოცემა შემცირდა ვახტანგ VI-ის ქირმანში გადასახლების გამო.

1721-1722 წლებიდან კვლავ დაიწყო სტამბაში წიგნების ბეჭდვა-გამოცემის აღორძინება: დაისტამბა ვახტანგ VI-ის მიერ თარგმნილი „ქმნულების ცოდნის წიგნი“ ანუ „აიათი“, ხოლო 1722 „ჟამნი“, რის შემდეგაც სტამბამ არსებობა შეწყვიტა. სულ სტამბაში დაიბეჭდა 19 დასახელების წიგნი, რომელთა ბეჭდვისა და გამოცემის ხარისხი ისეთივეა, როგორც ევროპის სტამბებში გამოცემული წიგნებისა. სტამბას ჰქონდა რამდენიმე ფორმის შრიფტი: ქართული ხუცური (ასომთავრული, ნუსხური), მხედრული, ბერძნული და ლათინური; ერთსა და იმავე დროს იყენებდნენ როგორც შავს, ისე წითელ საღებავს. წიგნებში ჩართულია სურათები (გრავიურით). ტექნიკური შესრულების ყოველი მხარე — კარგი ქაღალდი, ჩინებული აკინძვა და შეკაზმვა იმდროინდელი ხელოვნების შედევრია. სტამბაში მოღვაწეობდნენ ცნობილი ოსტატები: ნ. ორბელიანი, იგივე ნ. თბილელი (ს. ორბელიანის ძმა), გერმანე მღვდელმონაზონი, კვიპრიანე სამთავნელი და სხვანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გუგუშვილი პ., ქართული წიგნი. 1629-1929, თბ. 1929;
  • კარიჭაშვილი დ., ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორია (XVII-XVIII სს.), თბ., 1929;
  • კვასხვაძე შ., ქართული წიგნის გრაფიკული ხელოვნება. ვახტანგ VI სტამბის წიგნი, თბ., 1952;
  • კურდღელაშვილი შ., ქართული სტამბის ისტორიიდან, თბ., 1959;
  • ლორთქიფანიძე ე., ვახტანგ მეექსვე და ქართული სტამბის მოღვაწენი, თბ., 1962;
  • შარაშიძე ქ., პირველი სტამბა საქართველოში (1709-1722), თბ., 1955

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]