შინაარსზე გადასვლა

გიორგი მთაწმიდელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი მთაწმიდელი, ივერთა მონასტრის ფრესკა.

გიორგი მთაწმიდელი, გიორგი ათონელი (დ. სავ. 22–დან 29 მარტის ჩათვლით, 1009, თრიალეთი — გ. 29 ივნისი, 1065, კონსტანტინოპოლი, დაკრძალულია ათონის ივერთა მონასტერში) — ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი; ქართული ეროვნული კულტურის მოამაგე; ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი; საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველთა სამეცნიერო-ლიტერატურული საქმიანობის სულისჩამდგმელი; საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი (ხს. დღ. 10 ივლისი [ძვ. სტ. 27 ივნისი])[1].

ცხოვრება და მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი ბიოგრაფის გიორგი მცირის გადმოცემით, გიორგი მთაწმიდელი დაიბადა თრიალეთში, ადგილობრივი დიდებულის იაკობის ოჯახში. სწავლობდა ტაძრისის, შემდეგ კი ხახულის მონასტერში, სადაც მოღვაწეობდნენ მისი ბიძები — გიორგი მწერალი და საბა. ერთხანს ცხოვრობდა გიორგი მწერალთან ერთად ტაოელი დიდებულის ფერის ჯოჯიკის ძის ოჯახში — ტვარწატაფში; ეხმარებოდა ბიძას ქრისტიანული სამღვდელმსახურო წესების აღსრულებაში. 1022 წელს ფერის ჯოჯიკის ძეს იმპერატორ ბასილი II-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის თავი მოჰკვეთეს. ბიძამ გიორგი კონსტანტინოპოლს წაიყვანა. იქ მან საფუძვლიანად შეისწავლა ბერძნული ენა და ეზიარა ბიზანტიურ კულტურას. 1034 წელს გიორგი მთაწმიდელი სამშობლოში დაბრუნდა და ბერად აღიკვეცა ხახულის მონასტერში. 1036 წელს სირიაში, შავ მთაზე გიორგი შეყენებულს დაემოწაფა. 1039 წელს იერუსალიმს გაემგზავრა. წმინდა ადგილების მოლოცვის შემდეგ დაბრუნდა შავ მთაზე თავის მოძღვართან და 1040 წელს მისივე რჩევით ათონს გაემგზავრა. 1044 წელს გიორგი მთაწმიდელი ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. მის იშვიათ შემოქმედებით და ორგანიზატორულ ნიჭს სათანადო ასპარეზი მიეცა. მან კიდევ უფრო გააძლიერა მონასტერი და იგი ქართული სულიერი კულტურის მძლავრ კერად აქცია.

ბაგრატ IV-მ არაერთგზის შესთავაზა მას საქართველოს მღვდელმთავრობა. მისივე თხოვნით გიორგი მთაწმიდელმა ხუთი წელი დაყო საქართველოში და საეკლესიო საქმეები მოაგვარა. მან უარყო წოდებრივი უპირატესობა საეკლესიო საქმეებში და ადამიანის პირადი ღირსება წამოსწია წინ. გიორგი მთაწმიდელი იცავდა ქართულ ეკლესიას და კულტურას. ანტიოქიის პატრიარქთან გამართულ დებატებში 1057 წელს მან ბრწყინვალედ დაიცვა ქართული ეკლესიის ავტოკეფალობა. გიორგი მთაწმიდელი ნაყოფიერად იღვწოდა ქართული საეკლესიო ლიტერატურის გამდიდრებისათვის. ცნობილია ბიბლიის ახალი, ე. წ. „გიორგისეული რედაქცია“. მან ხელახლა თარგმნა ბიბლიის ზოგიერთი წიგნი (სახარება-ოთხთავი, სამოციქულო, დავითნი), სხვა წიგნები კი გაჩალხა და ბერძნულ დედანს შეაჯერა.

გიორგი მთაწმიდელმა მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ქართულ ჰაგიოგრაფიასა და აპოკრიფულ მწერლობას, ეგზეგეტიკას, ჰიმნოგრაფიასა და საეკლესიო სამართალს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გიორგი მთაწმიდლის ჰაგიოგრაფიულ თხზულებას „ცხოვრება ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანესი და ეფთჳმესი და უწყებაჲ ღირსისა მის მოქალაქობისა მათისაჲ“, რომელიც ათონის ივერთა მონასტრის მხატვრული მატიანეა. ნაყოფიერად იღვაწა გიორგი მთაწმიდელმა ლიტურგიკის სფეროშიც და ქართულ მწერლობას შესძინა როგორც თარგმნილი, ისე, ორიგინალური თხზულებანი („დიდი სჳნაქსარი“, „სახარებაჲ გამოკრებული საწელიქდო“, „პავლე გამოკრებული საწელიწდო“, „თთუენი ათორმეტნივე“ და სხვა). გიორგი მთაწმიდლის ორიგინალური იამბიკოები და ნათარგმნი მდიდარი ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა მისი პოეტური კულტურის დადასტურებაა. გიორგი მთაწმიდელმა ბერძნულიდან თარგმნა, ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელის, ათანასე ალექსანდრიელის, იოანე დამასკელის, ნექტარი კონსტანტინოპოლელის, დოროთეოს ტვირელისა და სხვათა თხზულებანი. მისი ბიოგრაფის სამართლიანი თქმით, „ესევითარი თარგმანი, თჳინიერ წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესსა, სხუაჲ არა გამოჩენილა ენასა ჩუენსა“. გიორგი მთაწმიდლის მრავალფეროვანმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო ქართული კულტურის აღმავლობას მომდევნო საუკუნეებში.

ზოგიერთი მოსაზრებით, გიორგის ერთ-ერთი ჰიმნი მოგვიანებით თომას მურს ცნობილი ლექსის „Evening Bell“ შექმნაში დაეხმარა. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ქებით დიდებაჲ
თავნი და ბოლონი იტყვიან: „ქრისტე შეიწყალე ცოდვილი გიორგი, ა[მინ“]

ებით დიდებაჲ შენი თანა გვა -
ომელი მხსნელმან ქრისტემან ჩინებულ გყ!
სრად ელვისად, ენად ცეცხლისა,
ამებისა დიდებაჲ ღმრთისმეტყველ ჰყა;
ომთა და ნათესავთა შთააცუ ნათელ;
კლესიაჲ ჰყავი შენ ამაღლებუ;
აბათნი დაჰხსენ, დააცხრვე შჯულ,
რთ-არსებისა ბრწყინვალე ქადა!
ოტე ბნელი, მტერნი დასთრგუნ,
ესთა ზესკნელთა წარჰხედ, წმიდა!
ოველთა ღმრთისა პირისპირ მდგომ ხა,
ღქუმული იგი გვირგვინი დაგვად.
მობიერ ყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნ,
რთბამად მკვიდრ მყვენ სასუფეველს.

  • ბარამიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 164.
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგნ. 1 - ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, თბ., 1945;
  • მაჭარაშვილი გ., წმიდა ექვთიმე ათონელი და კათოლიციზმი, თბ., 2009 [1];
  • მაჭარაშვილი გ., წმიდა გიორგი ათონელი და კათოლიციზმი, თბ., 2007 [2].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]