გიორგი V ბრწყინვალე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი V.
გიორგი V ბრწყინვალე

გიორგი ბრწყინვალის გელათის მონასტრის ფრესკა.
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1299
მმართ. დასასრული: 1302
წინამორბედი: დავით VIII
მემკვიდრე: ვახტანგ III
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1318
მმართ. დასასრული: 1346
წინამორბედი: გიორგი VI მცირე
მემკვიდრე: დავით IX
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1286
გარდ. თარიღი: 1346
შვილები: დავით IX
სოლდანა
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დემეტრე II თავდადებული
დედა: ნათელა ჯაყელი
რელიგია: მართლმადიდებლობა
ხელმოწერა:
გიორგი ბრწყინვალე, მხატვარი — გიორგი გეგეჭკორი

გიორგი V ბრწყინვალე (დ. 1286 — გ. 1346) — საქართველოს მეფე 1299-1302 და 1318-1346 წლებში,[კ 1] დემეტრე II თავდადებულისა და მისი მესამე ცოლის, ნათელა ჯაყელის ძე.

აღიზარდა სამცხეში, მისი პაპის (დედის მამის) ბექა I ჯაყელის (მანდატურთუხუცესი) კარზე. 1299 წელს ყაზან-ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი საკუთარი ძმის დავით VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა — მეფედ დანიშნა, მაგრამ მისი უფლებები თბილისს არ სცილდებოდა და ამიტომ „თბილისის მეფეს“ უწოდებდნენ. ამავე მიზნით გამოიყენა ყაენმა დავით VIII-ის მეორე ძმა ვახტანგ III (მეფობდა 1302-1308 წლებში). 1318 წელს, დავით VIII-ისა და ვახტანგ III-ის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი V-მ მიიღო მეფობა. მას სამემკვიდროდ ეკონომიკურად დასუსტებული და პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ერგო.

იგი ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო და თავდაპირველად მონღოლებთან ბრძოლას ფრთხილი და მშვიდობიანი ურთიერთობა ამჯობინა. მიუხედავად ამისა, მან ბექას კარზე ყოფნისას მოიპოვა მონღოლების ნდობა. იგი მეგობრობდა ილხანის მთავარ ვაზირთან — ჩობან ნოინთან. ამან საშუალება მისცა საშინაო მდგომარეობა გამოესწორებინა. იგი ენერგიულად შეუდგა ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებას: შიდა ქართლიდან განდევნა მონღოლთა ხელშეწყობით დამკვიდრებული ოსები, რომელთა მეკობრული თავდასხმები დიდ ზიანს აყენებდა მოსახლეობას; ალაგმა სამეფო ხელისუფლების ურჩი ფეოდალები, რისთვისაც არც უკიდურეს ღონისძიებებს მოერიდა; მოახერხა რეალურად სამ ნაწილად დაყოფილი საქართველოს გაერთიანება და მონღოლთა ბატონობისას შერყეული სახელმწიფოს მართვა-გამგეობისა და სამართლებრივ-საკანონმდებლო სისტემების მოწესრიგება.

ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერების შემდეგ, გიორგი ბრწყინვალემ მონღოლები საქართველოდან განდევნა და მათი თითქმის ასწლოვანი მმართველობა დაასრულა. კვლავ გაიზარდა საქართველოსა და მისი მეფის პოლიტიკური წონა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. გიორგი V აწარმოებდა აქტიურ პოლიტიკურ ურთიერთობებს როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ასევე დასავლეთ ევროპასა და ეგვიპტის სასულთნოსთან; ეკონომიკური კავშირები დაამყარა იტალიურ ქალაქ-სახელმწიფოებთან; გარკვეულ წარმატებებს მიაღწია ტრაპიზონის იმპერიაში საქართველოს გავლენის დამყარებისათვის ბრძოლაში.

გიორგი V 1346 წელს გარდაიცვალა. მეფეს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. მის პიროვნებასა და მმართველობას მაღალ შეფასებას აძლევენ ყველა ეპოქის ქართველი და არაქართველი ისტორიკოსები. იმ უდიდესი დამსახურებებისათვის, რომლებიც მას საქართველოს წინაშე მიუძღვის, ქართველმა ხალხმა მას მეტსახელად „ბრწყინვალე“ უწოდა.

ტიტული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი V-ის ჩვენამდე მოღწეულ ერთადერთ თავნაკლულ საბუთში მეფის სრული ტიტულატურა არ წერია. საბუთში დაცულია მხოლოდ ტიტულის ბოლო ნაწილი - „ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თუით ფლობით ხელმწიფედ მპყრობელი“. მიხეილ ბახტაძის თანახმად, გიორგი V-ის ტიტულატურის დასაწყისი უნდა ყოფილიყო „ნებითა ღმრთისაითა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე, შარვანშა და შაჰანშა“.[1] ბახტაძისავე ვარაუდით, რომ გიორგი V-ის მეფობისას მეფის ტიტულში შევიდა ცვლილება და დაემატა ფორმულირეა „ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერის მფლობელი“. მეფის სრული ტიტული, ბახტაძის ჰიპოთეზით, იყო „ნებითა ღმრთისაითა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე, შარვანშა და შაჰანშა, განმაერთებელი ლიხთ იმერისა და ლიხთ ამერისა, ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თუით ფლობით ხელმწიფედ მპყრობელი“.[1]

პირველი გამეფება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახტანგ III-მ, რომელიც ძმასთან, დავით VIII-სთან დასაპირისპირებლად გაამეფეს მონღოლებმა, ამ უკანასკნელთა იმედები ვერ გაამართლა. იგი ძმასთან ბრძოლას მხოლოდ მონღოლთა ძალდატანებითა და ისიც, პერიოდულად აწარმოებდა. ამის საპასუხოდ, მონღოლებმა 1299 წელს[2][3][4] აღმოსავლეთ საქართველოს მეფედ დემეტრე II თავდადებულის უმცროსი ვაჟი — გიორგი V დაამტკიცეს. გიორგი პაპის (დედის, ნათელა ჯაყელის, მამის), სამცხის მთავრის, მანდატურთუხუცეს ბექა ჯაყელის კარზე იზრდებოდა. მართალია, ამ ეტაპზე გიორგის ძალაუფლება ფორმალურ ხასიათს ატარებდა და მხოლოდ დედაქალაქზე, თბილისზე, ვრცელდებოდა, მაგრამ ამ ღონისძიებით მონღოლებმა სახელმწიფოს ერთიანობას კიდევ ერთხელ შეურყიეს საფუძველი.

გიორგი V და გიორგი VI „მცირე“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1304 წელს გარდაიცვალა მეფე ვახტანგ III. ბექა ჯაყელმა ხელსაყრელი მომენტით ისარგებლა და გიორგი V საილხანოს კარზე დიდი გავლენის მქონე ჩობან ნოინთან გაგზავნა, რომელთანაც მეგობრობა აკავშირებდა.[5]

ჩობანმა ტახტის პრეტენდენტი ახალ ყაენს, ოლჯაითუს, წარუდგინა, რათა მას გარდაცვლილი მეფის ადგილი დაეკავებინა. ყაენმა გიორგი პატივით მიიღო, თუმცა მეფედ გიორგის უფროსი ძმის, დავით VIII-ის, მცირეწლოვანი ვაჟი, გიორგი VI დაამტკიცა, რომელზე ზედამხედველობა და ზრუნვაც გიორგი V-ს დაავალა.[5]

1311 წლის დასაწყისში გარდაიცვალა დავით VIII. აღმოსავლეთ საქართველოს ტახტზე, ერთდროულად, ორი მეფე დარჩა — გიორგი V და გიორგი VI. ოლჯაითუ ყაენმა, ამჯერადაც, არჩევანი გიორგი VI-ის სასარგებლოდ გააკეთა.[5] ყაენს კარგად ესმოდა, რომ საქართველოს ტახტის პრეტენდენტთა შორის ყველაზე ძლიერი გიორგი V იყო. მის მხარდამჭერთა შორის იყვნენ როგორც სამცხის მთავრები (რომლებიც დედის მხრიდან მისი ახლო ნათესავები იყვნენ), ასევე ჩობან ნოინიც, რომელთანაც ბექა ჯაყელმა გიორგი ჯერ კიდევ წლების წინ გაგზავნა. მემატიანის გადმოცემით, „ოლჯათ სულტანმან წარმოავლინა მცირე გიორგი (გიორგი VI) მეფედ, და ზაალ მელიქი, ვინმე სპარსი ხუარასნელი, და ახრუჩი, მამისძმა ჩოფანისა, თანა წარამოიტანა, რათა ყოველი საქართველო ერთად შეკრიბონ მეფობასა შინა გიორგისსა“.[6] ყაენმა გიორგი VI-ს დამხმარეებად ამირსპასალარი შანშე II და ზაქარია მხარგრძელები მიუჩინა. ამავე პერიოდში ყაენს რუმის მმართველი აუჯანყდა, რომლის დასამორჩილებლადაც ოლჯაითუმ ჩობან ნოინი გაგზავნა. ამ უკანასკნელს თან გააყოლეს გიორგი V, რომელიც სამცხიდან გაგზავნილ ჯარს სარდლობდა. ამ ლაშქრობაში გიორგიმ ჩობანის დიდი ნდობა მოიპოვა.[5]

მეორე გამეფება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანამ ჩობან ნიონი და გიორგი V აჯანყებას ახშობდნენ, გიორგი VI-მ თავის მომხრეებთან ერთად თბილისი დაიკავა. რუმში აჯანყების ჩაქრობას მთელი წელი დასჭირდა. ჩობანის ლაშქრობიდან დაბრუნებიდან ერთ თვეში ოლჯაითუ-ყაენი გარდაიცვალა. ილხანთა ტახტზე მისი მცირეწლოვანი ძე, აბუ საიდ ყაენი ავიდა. ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი ჩობან ნოინი გახდა, რომლის ძალაუფლება, ფაქტობრივად, შეუზღუდავი იყო. როდესაც გიორგი V-მ ოლჯაითუს გარდაცვალებისა და აბუ საიდის გაყაენების შესახებ შეიტყო, ილხანთა კარზე გაემგზავრა. ჩობანმა გიორგი სიხარულით მიიღო და ყაენის თანხმობით, 1318 წელს საქართველოს მეფედ დაამტკიცა. მემატიანის სიტყვებით, ჩობანმა გიორგი „შეიტკბო ვითარცა შვილი, და მოსცა ყოველი საქართველო და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი, და შვილნი დავით მეფისანი, და მესხნი, შვილნი ბექასანი“.[7][5] საქართველოში დაბრუნებული გიორგი V ყველა წესის დაცვით მეფედ ეკურთხა.

გიორგი მეფემ მეტად მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. მისი გამეფების პერიოდში ერთიანი საქართველო აღარ არსებობდა, იგი სამ ნაწილად იყო დაყოფილი; ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა სუფევდა; მეფის ხელისუფლება კი დასუსტებული იყო. ასეთ პირობებში გიორგი V-მ მონღოლებთან ურთიერთობის წინამორბედთაგან განსხვავებული გზა აირჩია: მან საყაენოსთან შეიარაღებულ დაპირისპირებას მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარება არჩია.[8]

საშინაო პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი V წინდახედული პოლიტიკოსი იყო. სამეფო ხელისუფლების მიღების შემდეგ მან ჯერ საშინაო საქმეების მოგვარება დაიწყო. უპირველეს ყოვლისა, მეფემ ჩობან ნოინისაგან მიიღო უფლება, რომ ხარკი თავად აეკრიფა. ეს დიდი მნიშვნელობის მოვლენა იყო, რადგანაც ქვეყანამ გადასახადების ამკრეფი საგანგებო მოხელეების, ბასკაკების თვითნებობისაგან დაისვენა.[8]

ოსთა განდევნა შიდა ქართლიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც გიორგი V-მ საქართველოში გაატარა, ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსული ოსების წინააღმდეგ გალაშქრება იყო.

XIII საუკუნის 30-იან წლებში, მონღოლთა ხელშეწყობით, შიდა ქართლში ოსთა თარეში გახშირდა.

ვიკიციტატა
„იწყეს ოვსთა ოჴრებად, ჴოცად, და რბევად, და ტყუევნად ქართლისა, და ქალაქი გორი წარტყუენეს და თავისად დაიჭირეს ოვსთა... და დაწვეს გორი სრულიად.“

მიუხედავად იმისა, რომ ქართველები მანამდეც იბრძოდნენ ოსთა თარეშის ასალაგმად, მონღოლთა ხელშეწყობისა და განსაკუთრებით კი ქვეყნის შიდა აშლილობის წყალობით, მათი მეკობრული თავდასხმები მაინც გრძელდებოდა.[9][10] ჟამთააღმწერლის ცნობით, მათი განდევნა მხოლოდ გიორგი მეფემ შეძლო. ქართველებმა სამი წელი მოანდომეს გორის აღებას, რის შემდეგაც ოსებისაგან მთელი შიდა ქართლი გაწმინდეს. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, გიორგი ბრწყინვალემ ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმომავალი გზებიც დაიკავა და გაამაგრა და ასე „დაამშვიდა ქართლი ოსთაგან“.[9]

ბრძოლა ურჩი ფეოდალების წინააღმდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების მიზნით, გიორგი V იძულებული გახდა უკიდურესი ზომებისათვის მიემართა. ილხანთა ყაენები ხელს უწყობდნენ და აქეზებდნენ ქართველ მეფეთა ურჩ ერისთავებსა და მთავრებს. ახლა კი, რადგანაც გიორგის ჩობან ნოინის კეთილგანწყობა უკვე მოპოვებული ჰქონდა და ჰულაგუიანთა სახელმწიფოშიც შინააშლილობა სუფევდა, მეფემ ხელსაყრელი დროით ისარგებლა და ის ერისთავები, რომლებიც მას არ დაემორჩილნენ, კერძოდ კი კახეთ-ჰერეთისა და სომხითის ერისთავები, კახეთში, ცივის მთაზე დარბაზობაზე მიიწვია და ერთიანად გაჟლიტა.[11][12][13] ამ რადიკალური ქმედებით გიორგი V-მ მეფის ხელისუფლება მნიშვნელოვნად გააძლიერა.

საქართველო გიორგი ბრწყინვალეს დროს.

საქართველოს გაერთიანება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამეფებიდანვე, მეფის ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი საქართველოს ერთიანობის აღდგენა იყო. დასავლეთ საქართველოში დავით ნარინის სიკვდილის შემდეგ გამეფებულ კონსტანტინე I-ს მისივე ძმა, მიქელი აუჯანყდა. ძმათა შორის ბრძოლა ხან წყდებოდა ხანმოკლე დაზავებით, ხან კი ისევ გრძელდებოდა. 1327 წელს კონსტანტინე გარდაიცვალა და ტახტი მიქელმა დაიკავა, თუმცა ორი წლის შემდეგ ისიც გარდაიცვალა. მიქელს მცირეწლოვანი ვაჟი — ბაგრატი დარჩა, რომელსაც მთავრებმა მხარი არ დაუჭირეს. ამით ისარგებლა გიორგი ბრწყინვალემ, დაუკავშირდა იმერეთის დიდებულებს, მათთან შეთანხმებით გადავიდა დასავლეთ საქართველოში და ყველა ციხე და ქალაქი დაიკავა. ბაგრატი მცირერიცხოვან მომხრეებთან ერთად ქუთაისის ციხეში გამაგრდა, მაგრამ როდესაც გიორგის ჯარი ქალაქს მიუახლოვდა, ბაგრატი მეფეს ჩაბარდა, რის სანაცვლოდაც ხელშეუხებლობის პირობა და შორაპნის ერისთავობა მიიღო.[11][14] ქუთაისში გიორგი მეფეს დადიანი, გურიელი, აფხაზთა და სვანთა ერისთავები ეახლნენ დიდი საჩუქრებით და მორჩილება გამოუცხადეს. შემდეგ მეფემ თავად იმოგზაურა ოდიშში, აფხაზეთსა და გურიაში და იქაური საქმეები მოაწესრიგა.[11]

გიორგი ბრწყინვალემ სამცხის შემოერთებაც მშვიდობიანად მოახერხა. 1334 წელს, როდესაც ბიძამისი, სამცხის მთავარი სარგისი გარდაიცვალა, მეფე სამცხეში ჩავიდა და სარგისის ძე, ყვარყვარე მთავრად თავად დაამტკიცა. ეს ფაქტი სამცხეზე მეფის უზენაესობის აღდგენასა და მის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას ნიშნავდა. ამ აქტით გიორგი V-მ, არსებითად, საქართველოს გაერთიანების პროცესი დაასრულა.[14][11]

საქართველოს გათავისუფლება მონღოლთა ბატონობისაგან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1327 წელს აბუსაიდ ყაენმა მოაკვლევინა თავისი მეურვე და საყაენოს ფაქტობრივი გამგებელი ჩობან ნოინი თავისი ორი შვილითა და მომხრეებით. ჭკვიანი და ძლიერი ხელისუფლის დაღუპვამ დააჩქარა ილხანთა სახელმწიფოს კიდევ უფრო დაქვეითება და დაშლა. ახალგაზრდა და სუსტმა პოლიტიკოსმა აბუსაიდმა საყაენოს უკუსვლის შეჩერება ვეღარ შეძლო. 1335 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში სრული ქაოსი დაიწყო და ფაქტობრივად, საილხანო ერთმანეთის მოქიშპე რამდენიმე სახელმწიფოდ დაიშალა.

შექმნილი ვითარებით კარგად ისარგებლა გიორგი V-მ. მან მონღოლებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა და მათი ჯარი ქვეყნიდან განდევნა. ეს ხანგრძლივი პროცესი იყო, რომლის დროსაც გამოიყენებოდა როგორც მშვიდობიანი და დიპლომატიური, ისე ძალისმიერი საშუალებები (ეს პროცესი 1327-1335 წლებში გრძელდებოდა).[15] მართალია, XIV საუკუნის 30-40-იან წლებში მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველოში მათი ბატონობის აღდგენის მიზნით რამდენიმე ლაშქრობა მოაწყვეს, მაგრამ ამას წარმატება არ მოჰყოლია.[15]

ეკონომიკური ღონისძიებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეფე გიორგის სიგელი 1339 წ.

საქართველოს ერთიანობის აღდგენამ, მონღოლთა ბატონობისაგან გათავისუფლებამ და ქვეყანაში წესრიგის დამყარებამ ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებას. საქართველოს ქალაქებში მნიშვნელოვნად განვითარდა ვაჭრობა და ხელოსნური წარმოება; სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღდგა არა მარტო ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ქალაქებთან, არამედ ევროპის, კერძოდ კი ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ-სახელმწიფოებთანაც. აქტიური სავაჭრო ურთიერთობების დამადასტურებლად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ თბილისის გარდა, ზარაფხანები ქუთაისში, დმანისში, ყარაღაჯსა და ანისშიც არსებობდა. აღმოსავლეთ საქართველოსა და საქართველოს გავლენის ქვეშ მყოფ ჩრდილოეთ კავკასიაში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც, უმთავრესად, იჭრებოდა მონღოლური ან უფრო ზუსტად, ქართულ-ჰულაგუიდური მონეტები, რომელთა მიზანსაც აღმოსავლეთის ქალაქებთან სავაჭრო კავშირების აღდგენა და განმტკიცება წარმოადგენდა.[16]

მონღოლური ფულის პარალელურად, გიორგი V-მ მოაჭრევინა ვერცხლის მონეტა, რომლის მთავარი დანიშნულება საშინაო ბაზრის მომსახურება უნდა ყოფილიყო. ეს ფული, შემდგომში, ფართოდ გავრცელდა. მაგალითად, სამცხეში, XIV საუკუნის დასაწყისში, ბექა მანდატურთუხუცესის მიერ შედგენილ სამართლის წიგნში, ქონებრივი საზღაურის გადახდა „ყაზანური თეთრით“ იყო დაწესებული. XIV საუკუნის 80-იან წლებში კი აღბუღა ათაბაგ-ამირსპასალარის მიერ შემოღებულ სამართლის წიგნში საზღაურად უკვე „დიდისა, წარჩინებულისა მეფისა გიორგის ჟამის თეთრი“ დაუდგენიათ. ქართულ წყაროებში ეს ფული „გიორგაული თეთრის“ სახელით იხსენიება.[კ 2]

ამავე პერიოდში, დასავლეთ საქართველოში იჭრებოდა ე. წ. „კირმანეული თეთრი“, რომელიც ტრაპიზონის ვერცხლის ასპრების მინაბაძს წარმოადგენდა.[16]

ხელმწიფის კარის გარიგების შემორჩენილი ნაწილიდან ჩანს, რომ გიორგი ბრწყინვალის მეფობის პერიოდში, საქართველოში მნიშვნელოვანი წარმატებებისათვის მიუღწევია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგს, კერძოდ, მევენახეობა-მეღვინეობასა და მებაღეობა-მეხილეობას. ამ დარგების განვითარებისათვის აუცილებელი იყო გაუქმებული სარწყავი სისტემის აღდგენა და ახლების მშენებლობა, რადგან აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში მორწყვის გარეშე აღნიშნულ დარგებს დიდი წარმატება ვერ ექნებოდათ.[17]

ჩრდილოეთ სომხეთი საქართველოს შემადგენლობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის ხანაში დაიწყო ისტორიული სომხეთის ჩრდილოეთი ნაწილის გათავისუფლება. თამარის ეპოქაში ამ პროცესმა ფართო ხასიათი მიიღო, თუმცა მონღოლთა შემოსევების შემდეგ ძველი სომხური მიწების გათავისუფლების პროცესი შეჩერდა. მეფე გიორგის, როგორც ჩანს, მეტისმეტი ყურადღება გამოუჩენია სომხეთისადმი და მისი შემომტკიცების საქმეს ჯერ კიდევ მაშინ შესდგომია, როცა მონღოლთა უზენაესობას ჯერ ისევ ცნობდა. ქალაქ ანისის მეჩეთზე ამოკვეთილი სპარსულენოვანი წარწერა, რომელიც ყაენ აბუ-საიდის ბრძანებით გაუკეთებიათ, გვაუწყებს, რომ ეს ქალაქი ისევ საქართველოს შემადგენლობაშია.[18] ისტორიული სომხეთის ჩრდილოეთი ნაწილის საქართველოს სამეფოში ყოფნა დასტურდება თავად სომხური წყაროებითაც. 1321 წელს გლაძორის მონასტერში გადაწერილ სახარებას აქვს ერთი მინაწერი, სადაც ვკითხულობთ, რომ წიგნი დაიწერა „სომხური წელთაღრიცხვის ჩჰ (1321), სასტიკ და უკეთურ დროში,როდესაც სომეხთა და ქართველთა ქვეყანა მძლავრობით ეპყრა მოისართა ნათესავს, ქართველებზე გორგედ სახედლებულს“.[19]

იმავე მონასტრის 1323 წლის მინაწერში კი წერია, რომ ხელნაწერი შეიქმნა „იაფეტური წელთაღრიცხვის ჩჰბ (1323), დიდი თვითმპყრობლის, [ა]ბუსაიდ სახელდებული ხანის მიერ ქვეყნის ფლობისას, სომხებზე კილიკიის ტახტზე მჯდომი ლევონის, საქართველოსა და დიდი სომხეთში მეფე გიორგის მეფობისას..[20]

1336 წელს, ყირიმის ქალაქ სურხათში გადამწერი ტერტერი ვარდან აიგეკცის ქადაგებანის მინაწერში უთითებს : „მე, ტირაცუ, კაცი უღირსი, საბრალობელი, უდები მღვდელი... ჩამოველ საქართველოდან, ხორ-ვირაპის მეზობელი, შესანიშნავ ქალაქ ერევნიდან“.[21]

საქართველოს, ამავე ხანაში, ეკუთვნოდა სივნიეთის (სიუნიქის) მხარეც. 1337 წლის ერთ-ერთ გადაწერილ დოკუმენტს, აქვს მინაწერი, რომლის მიხედვითაც ხელნაწერი შეიქმნა „სომეხთა და ქართველთა დიდი მხერდართმთავრის, მეფური წარმომავლობის მთავრის ბურთელის მბრძანებლობისას“.[22]

დოკუმენტში მოხენიებული ბურთელი, არის ბურთელ ორბელიანი, რომელთა საგვარეულო საქართველოს მეფის მიერ მათი წინაპრების სომხეთში გაძევების შემდგომ იქ დამკვიდრდა და ცალკეულ მხარეებს მართავდა, თუმცა მშობლიურ ქვეყანასთან კავშირი არ შეუწყვეტიდათ საუკუნეების განმავლობაში. ბურთელ ორბელიანს, მეფე გიორგი ბრწყინვალემ, როგორც ჩანს, მხედართმთავრობაც უბოძა.

საგარეო პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ურთიერთობა წმინდა მიწასა და ეგვიპტის სასულთნოსთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იერუსალიმის ქართველთა ეკლესია-მონასტრები XIII საუკუნეში მუსლიმებმა მიიტაცეს. 1305 თუ 1310 მეფე დავით VIII-ის მცდლობით ქართველებმა ჯვრის მონასტრის დაბრუნება შეძლეს, თუმცა სხვები კვლავ მაჰმადიანთა ხელში რჩებოდა.[23]

გიორგი V-მ თავისი მოღვაწეობის პირველ ხანებშივე მიაქცია ყურადღება იერუსალიმის ქართულ სავანეებს. პირველი ელჩობა მან ჯერ კიდევ 1316 წელს გაგზავნა (როცა ის ჯერ კიდევ გიორგი VI-ის მეურვედ ითვლებოდა), მეორედ კი — 1320 წელს. გიორგიმ ეგვიპტის სულთანს ძვირფასი საჩუქრები და წერილი გაუგზავნა. როგორც ჩანს, იგი ქართული სავანეების დაბრუნებასა და ყველა ქრისტიანის შეურაცხმყოფელი წესების, მათ შორის მომლოცველთათვის ცხენზე ნორმალურად ჯდომის აკრძალვის (მათ ორივე ფეხი ერთ მხარეს უნდა ჰქონოდათ) გაუქმებას ითხოვდა. სანაცვლოდ, გიორგი სულთანს, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო დახმარებას ჰპირდებოდა.[23]

ელჩებად გაგზავნილები იყვნენ პიპა ქსნის ერისთავის შვილი და დეკანოზი იოანე ბანდაისძე. სულთანმა გიორგის თხოვნა შეასრულა: ქართველებს ქრისტეს საფლავის კლიტენი დაუბრუნა და ცხენზე ამხედრების ქრისტიანთათვის შეურაცხმყოფელი წესიც გააუქმა. გარდა ამისა, ქართველი მომლოცველები ხარკის გადახდისაგან გაათავისუფლა და ნება დართო ქალაქში გაშლილი დროშებით შესულიყვნენ.[23]

გიორგი V-ს ეგვიპტის სასულთნოში დიდად აფასებდნენ. ჩვენამდე მოღწეული არაბული წყაროები მისი და მისი პერიოდის საქართველოს შესახებ მრავალ საინტერესო ცნობას იძლევიან. ეგვიპტის სახელმწიფო მდივნის, ალ-უმარის (1301-1349 წწ.) ნაშრომში „მაღალი ტერმინოლოგიის განმარტება“ დაცულია ეგვიპტის სულთნების საქართველოს მეფეებთან მიმოწერის წესი. სულთნები თავიანთ ოფიციალურ ეპისტოლეებში საქართველოს მეფეს შემდეგნაირად მიმართავდნენ:

ვიკიციტატა
„მაღალი ალლაჰი ხანგრძლივს ყოფს ბრწყინვალებას მისი მეფური უდიდებულესობისას, დიდებულისა, გულადისა, მამაცის, ლომისა, მეთაურისა, მრავალგზის თავდამსხმელისა, ლომგულისა, ტახტის მპყრობელისა, გვირგვინოსნისა, თავის სარწმუნოებაში განსწავლულისა, თავის სამწყსოს მიმართ სამართლიანისა, საბერძნეთის მეფეთა შორის რჩეულისა, ქართველთა სულტნისა, ზღვებისა და სრუტეების სამეფოს განძისა, რაინდთა სამეფოს დამცველისა, ტახტ-გვირგვინოსანთა შთამომავლისა, რუმისა და ირანის ქვეყნების ზღუდისა, ქრისტიანობის განმამტკიცებლისა, ქრისტიანობის შემწისა, საქრისტიანოს გმირთ მესიისა, თავისი განზრახვით იერუსალიმის განმადიდებლისა, ნათლისღებულთა ბურჯისა, რომის პაპის შემწისა, მუსლიმთა ერთგული მეგობრისა, ახლობელ-მეგობართაგან ყველაზე გულწრფელისა, მეფეთა და სულთანთა მეგობრისა.[24]

ამ რამდენადმე ზეაწეული ტონით დახასიათებაში კარგად ჩანს გიორგი V, როგორც ნიჭიერი პოლიტიკოსი და დიპლომატი, კეთილად განწყობილი სხვა ხალხებისა და რელიგიებისადმი. ივანე ჯავახიშვილის სიტყვებით, ელ-უმარის ეს ცნობები გიორგი მეფეს „ფართო და თავისუფალი აზროვნების მქონებელ პოლიტიკოსად გვაგულისხმებინებს“.[25][17]

ურთიერთობა დასავლეთ ევროპასთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპ VI

საქართველოს სამეფო XIV საუკუნეშიც არაერთხელ გახდა დასავლეთევროპელთა ყურადღების ობიექტი. აღსანიშნავია რომის პაპების ცხოველი ინტერესი საქართველოსა და მისი მეფისადმი. შემორჩენილია როგორც კათოლიკე მისიონერთა მიმოწერა, ისე თავად პაპ იოანე XXII-ის 1322 წლით დათარიღებული წერილი მეფე გიორგისადმი, რომლებიც მრავალ საყურადღებო ცნობას შეიცავენ. საინტერესოა, რომ გიორგი ბრწყინვალის მეფობისას სმირნის საეპისკოპოსო კათედრა თბილისში გადაიტანეს,[26] ასევე, დასტურდება საქართველოში თბილისის საეპისკოპოსოს გარდა მეორე, სებასტოპოლისის, იგივე ცხუმის საეპისკოპოსოს არსებობაც, რომელიც 1318 წელს დაარსდა.[27]

აღსანიშნავია, გიორგი მეფის ცხოველი პოლიტიკური ურთიერთობა საფრანგეთის მეფე ფილიპ VI-სთან, რასაც მათ შორის არსებული მიმოწერაც ადასტურებს. გიორგი V საფრანგეთის მეფეს სწერდა:[28]

ვიკიციტატა
„საფრანგეთის ღვთაებრივი ხელმწიფენი ხშირად აღძრავენ აღმოსავლეთის მეფეებს სარკინოზთა წინააღმდეგ (საბრძოლველად), მაგრამ (საქმე იმაშია, რომ) შემდეგ ისინი აღარ მოდიან, სტოვებენ რა ითრევენ რა, მათ (ე.ი. აღმოსავლეთის მეფეებს) ამ მტანჯველ ომში (მარტოდ). ამგვარად, (გთხოვთ) თქვენ დაადგინოთ (გადაწყვიტოთ),როგორ და როდის გადმოლახავთ ზღვას და მყისვე მეც (იქ) მიხილავთ,თქვენი კეთილი ნების შესაბამისად, 30 ათასი ჯარისკაცით.“

1332-1333 წლებში მეფეს პატივით მიუღია ფილიპე VI-ის ელჩები, რიკარდო მერჩერი (რიშარ მერსიე) და ალექსანდრე ინგლისელი.[23][29]

ურთიერთობა ტრაპიზონის იმპერიასთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრაპიზონის იმპერიის მოსახლეობის დიდი ნაწილი ადგილობრივი, ქართული ტომებით — ლაზებითა და ჭანებით იყო დასახლებული. იმპერიის მოხელეთა შორისაც ბევრი სწორედ მათი წრიდან გამოსული პირი იყო. ტრაპიზონში მუდმივად მიმდინარეობდა ბრძოლა ბიზანტიის მომხრე დიდებულებსა და ადგილობრივი, ქართული ორიენტაციის ჯგუფებს შორის.

გიორგი V-მ სცადა საქართველოს გავლენის აღდგენა ტრაპიზონის იმპერიაში. მონღოლთა საქართველოში გაბატონების შემდეგ, ამ უკანასკნელის გავლენა ტრაპიზონში მნიშვნელოვნად შესუსტდა, თუმცა მთლიანად არ მოსპობილა. 1332 წელს ტრაპიზონში, ბიზანტიის დახმარებით, გამეფდა ბასილი, რომელსაც ცოლად შერთეს ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე III-ის ასული ირინა. ბასილმა გააძევა თავისი ძმისშვილი მანუილი და დახოცა მთავრობის დიდი მოხელეები — დიდი დუქსი ლეკის ჭიჭანჭეოსი, მისი მეუღლე სარიკენა და შვილი — დიდი დომესტიკოსი ჯაბა. ისინი საქართველოს მომხრე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ.[30] 1340 წელს ბასილი გარდაიცვალა და ტახტზე მისი მეუღლე ირინა პალეოლოგოსი ავიდა. ამან იმპერიის მმართველ წრეებში განხეთქილება გამოიწვია. როგორც ჩანს, უკმაყოფილო დარჩა ქართული ორიენტაციის პოლიტიკოსთა დასი. ამას დაემატა თურქების შემოსევაც, რის შედეგადაც „დაიწვა მთელი ტრაპიზონი“. იმპერატორ ბასილის აუჯანყდა მისი უფროსი და, მონაზონი ანა (ანახუტლუ), რომელმაც „სამონაზნო სამოსი გაიძრო, წავიდა ლაზიკაში (ე. ი. საქართველოში) და იქ გამაგრდა“. ორ კვირაში იგი უკან დაბრუნდა ქართული ჯარით, 1341 წლის 17 ივლისს ირინე დედოფალი განდევნა და თავად გამეფდა. ქართველთა ჯარის ერთი ნაწილი იქვე დარჩა. მათი დახმარებით ანამ მოიგერია ბიზანტიელთა შემოტევა, რომელთა მიზანი მისი ჩამოგდება და მიხეილ კომნენოსის გამეფება იყო.[30]

ანამ მხოლოდ წელიწადი და ორი თვე იმეფა. 1342 წლის სექტემბერში ბიზანტიის მომხრეთა დასმა გაიმარჯვა. იმპერატორის ტახტი იოანე მიხეილის ძე კომნენოსმა დაიკავა. ანა და მისი მომხრეები სიკვდილით დასაჯეს. მიუხედავად ამ მარცხისა, ქართული ორიენტაციის პოლიტიკოსთა წრე შემდეგაც აგრძელებდა ხელისუფლებისათვის ბრძოლას.[30]

ურთიერობა კილიკიის სომხურ სამეფოსთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კილიკიაში, სომხური მოსახლეობის მიგრაციის შედეგად, 1080 წელს, სომხური სამთავრო ჩამოყალიბდა, რომელიც 1198 წელს სამეფოდ გარდაიქმნა. საქართველოს სამეფოს მეზობელ სახელმწიფოებთან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობის გარდა ნათესაურ-დინასტიური ქორწინებებიც აკავშირებდა. გიორგი V-ის ქალიშვილი — სოლდანა, ცოლად გაჰყვა კილიკიის სომეხთა სამეფოს რეგენტ ჟან დე ლუზინიანს.[31][32] მათ შეეძინათ ვაჟი ლევონ VI, რომელიც იყო კილიკიის სომეხთა სამეფოს უკანასკნელი მეფე.

გიორგი V ბრწყინვალე ისტორიოგრაფიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ბრწყინვალის ძეგლი ახალციხეში.

გიორგი V 1346 წელს გარდაიცვალა. მან შეძლო დაშლილი ქვეყნის კვლავ გაერთიანება, მისი მონღოლთა თითქმის საუკუნოვანი ბატონობისაგან გათავისუფლება და საქართველოს მთისა და ბარის ხელახლა გაერთიანება. მან დატოვა ისეთი სახელმწიფო, რომელსაც ანგარიშს უწევდნენ როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები. ყველა ამ დამსახურებისათვის გიორგი V-ს ქართველმა ხალხმა გიორგი ბრწყინვალე უწოდა.

ანონიმი ქართველი მემატიანე — ჟამთააღმწერელი გიორგი ბრწყინვალის შესახებ წერდა:

ვიკიციტატა
„ესმა გიორგი მეფესა სიკვდილი ყაენისა და მის წილ დადგინება აბუსაიდისა, და წარვიდა ურდოსა. შეიწყნარეს, და განიხარა ჩოფან და შეიტკბო ვითარცა შვილი, და მოსცა ყოველი საქართველო და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი, და შვილნი დავით მეფისანი, და მესხნი, შვილნი ბექასანი, და იწყო მთმან აღმოჭვირვებად, ხოლო მე ენა ვერ მიძრავს საკვირველისა და საშინელისა თქუმად.“

ვახუშტი ბატონიშვილი გიორგი მეფის მოღვაწეობაზე აღნიშნავს:

ვიკიციტატა
„ხოლო ამისათვის ეწოდა მეფესა ამას გიორგი ბრწყინვალე, რამეთუ იყო ჰაეროვნებითა, შუენიერებითა და ახოვნებითა უებრო, მოწყალე უხვი, ობოლთა და ქურივთა და დავრდომილთა შემწყნარებელი. მეორედ, ვინაითგან იყო ივერია დაფანტული, სამთავროდ და სამეფოდ დაყოფილი, ამან სიბრძნე გონიერებითა და ძლიერებითა თვისითა კუალად შემოიკრიბნა და იგონა, ვითარცა აღმაშენებელმან, განავსნა და აღაშენნა ქუეყანანი... სძლო ყოველთა, სადა ჯერ იყო ბრძოლითა და ძლიერებითა და სადა ხამდა — სიბრძნე-გონიერებითა და მეცნიერებითა...“

ასე ახასიათებს მეფე გიორგის მოღვაწეობას ივანე ჯავახიშვილი:

ვიკიციტატა
„საქართველოს სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში, ბაგარატ III-ის, დავით აღმაშენებლისა და არც ერთ მეფეს თანამედროვეთა შორის და შთამომავლობაში, ისეთი სახელი არ მოუხვეჭია, როგორიც გიორგი V ბრწყინვალემ დაიმსახურა. მისი ქება თანასწორად გვხვდება, როგორც ქართულს, ისევე მეზობლების წყროებშიც. მისი უარყოფა ვერ შესძლებიათ ისეთ პირებსაც, რომელთა პოლიტიკა მისას მთლიანად ეწინააღმდეგებოდა.“

ასეთ შეფასებას აძლევს გიორგი ბრწყინვალის მეფობას ისიდორე დოლიძე:

ვიკიციტატა
„მეფე გიორგი V საქართველოს ფეოდალური მონარქიის გამოჩენილი მოღვაწე და სახელმწიფო ხელმძღვანელი იყო. თამარ მეფის შემდეგ ფეოდალურ საქართველოს არ ჰყოლია სახელმწიფოს ასეთი დიდი საჭეთმპყრობელი. მისი სახელი და მოღვაწეობა ქება-დიდებითაა მოხსენიებული ქართულ მატიანეებსა და საისტორიო წყაროებში.“
გიორგი ბრწყინვალე ქართულ საფოსტო მარკაზე.

XIV საუკუნის საქართველოს ისტორია მონოგრაფიულად შეისწავლა ისტორიკოსმა ვაჟა კიკნაძემ. მისი ნაშრომი — საქართველო XIV საუკუნეში, ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა პრობლემასთან ერთად, უშუალოდ გიორგი ბრწყინვალის მოღვაწეობასაც მოიცავს. მონოგრაფია 1989 წელს გამოქვეყნდა.

1955 წელს, ლონდონში, გამოქვეყნდა ინგლისელი მეცნიერის, დევიდ მარშალ ლენგის ნაშრომი — საქართველო გიორგი ბრწყინვალის მეფობის დროს, რომელშიც XIV საუკუნის საქართველოს ისტორიის მრავალი საინტერესო მომენტია გაშუქებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სამეცნიერო ლიტერატურაში მიუთითებენ გიორგი ბრწყინვალის გამეფების ორ თარიღზე — 1314 და 1318 წწ. ივანე ჯავახიშვილი თვლის, რომ გიორგის მეფობა 1318 წელზე გაცილებით ადრე უნდა დაეწყო. ამ თარიღის დაზუსტებაზე მსჯელობენ: ჯ. ოდიშელი წერილში — აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის XIV-XVII სს. და ვ. კიკნაძე — გიორგი V-ის გამეფების თარიღის საკითხისათვის.
  2. ზოგიერთი მეცნიერ-ნუმიზმატის აზრით, რადგანაც უკანასკნელ დრომდე გიორგი V-ის მიერ მოჭრილი მონეტა აღმოჩენილი არ არის, აქ არა გიორგი მეფის მიერ მოჭრილი ქართული ფული, არამედ „გიორგის ჟამის“ მონღოლური ფული უნდა იგულისხმებოდეს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მიხეილ ბახტაძე: გიორგი V ბრწყინვალის ქართული ტიტულატურისათვის; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, XIX, თბილისი, 2023, გვ. 59-66
  2. ვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე, 2015, გვ. 12
  3. საქართველოს მეფეები, 2007, გვ. 161
  4. ქსე, ტ. 3, გვ. 160
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 ვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე, 2015, გვ. 16
  6. „ასწლოვანი მატიანე“, 2012, გვ. 311
  7. „ასწლოვანი მატიანე“, 2012, გვ. 312
  8. 8.0 8.1 საქართველოს მეფეები, 2007, გვ. 162
  9. 9.0 9.1 საქართველოს ისტორია, ტ. III, 2012, გვ. 77
  10. ქართველი ერის ისტორია, ტ. III, 2012, გვ. 197
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 საქართველოს ისტორია, ტ. III, 2012, გვ. 78
  12. ქართველი ერის ისტორია, ტ. III, 2012, გვ. 199
  13. ვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე, 2015, გვ. 18
  14. 14.0 14.1 ვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე, 2015, გვ. 24
  15. 15.0 15.1 საქართველოს ისტორია, ტ. III, 2012, გვ. 79
  16. 16.0 16.1 საქართველოს ისტორია, ტ. III, 2012, გვ. 84
  17. 17.0 17.1 საქართველოს ისტორია, ტ. III, 2012, გვ. 85
  18. 3 W. Barthold, ' Die persische Inschrift an der Mauer der Manucehr-Moschee zu Ani ', trans. and edit. W. Hinz, ZDMG, Bd. 101, 1951, 246;
  19. სომხურ ხელნაწერთა ანდერძების ცნობები საქართველოს შესახებ (XIV-XV სს.): სომხურ ხელნაწერთა XIV-XV საუკუნეების ანდერძების (ჰიშატაკარანების) ცნობები საქართველოს შესახებ. მთარგმნელ–კომენტატორი: ალექსანდრე აბდალაძე; გამომცემლობა მეცნიერება. თბილისი გვ. 20
  20. Ibid.
  21. Ibid. 22-23
  22. Ibid. 23
  23. 23.0 23.1 23.2 23.3 საქართველოს ისტორია, ტ. III, 2012, გვ. 86
  24. ვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე, 2015, გვ. 23
  25. ქართველი ერის ისტორია, ტ. III, 2012, გვ. 203
  26. ვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე, 2015, გვ. 27
  27. ვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე, 2015, გვ. 28
  28. კიკნაძე ვ., საქართველოს ისტორიის ევროპული წყაროები, „მნათობი“ № 4, გვ.159. თბ., 1983
  29. ვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე, 2015, გვ. 29
  30. 30.0 30.1 30.2 საქართველოს ისტორია, ტ. III, 2012, გვ. 87
  31. Rüdt-Collenberg, William Henry (1963). The Rupenides, Hethumides and Lusignans; the structure of the Armeno-Cilician dynasties. Paris: Librairie C. Klincksieck. pp. 74-76.
  32. MacEvitt, Christopher (2009). «The King, the Bishop, and the Dog Who Killed Him: Canine Cultural Encounters and Medieval Armenian Identity». En Bailey, Lisa; Diggelmann, Lindsay; Phillips, Kim M., eds. Old worlds, new worlds: European cultural encounters, c.1000-c.1750. Turnhout Brepols Publishers. p. 46.
გიორგი V ბრწყინვალე
დაიბადა: 1286 გარდაიცვალა: 1346
წინამორბედი:
დავით VIII
   საქართველოს მეფე   
1299-1302
შემდეგი:
ვახტანგ III
წინამორბედი:
გიორგი VI მცირე
   საქართველოს მეფე   
1318-1346
შემდეგი:
დავით IX