რომანოზი (პეტრიაშვილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიტროპოლიტი რომანოზი (ერიკაცობაში — რომან გრიგოლის ძე პეტრიაშვილი; დ. 1 ოქტომბერი, 1887 — გ. 25 მარტი, 1979, თბილისი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი, მიტროპოლიტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მღვდლის ოჯახში. მისი წინაპრები სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურნი იყვნენ. ოჯახი განათლებული და ინტელექტუალური იყო. ბიძა — ვასილ პეტრიაშვილი ცნობილი ბუნებისმეტყველი, ქიმიკოსი, ოდესის უნივერსიტეტის პროფესორი და რექტორი (უმაღლესი სასწავლებლის პირველი ქართველი რექტორი)იყო. რომან პეტრიაშვილი 1895-1908 წლებში სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1909-1910 წლებში სამხედრო სამსახურშია. 1910 წელს ჩაირიცხა ქ. დორპტის უნივერსიტეტის ვეტერინარულ ფაკულტეტზე, მაგრამ ოჯახური პირობების გამო იძულებული გახდა, სწავლისათვის თავი დაენებებინა. 1914-1918 წლებში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1918-1921 წლებში — ლტოლვილთა კომიტეტის განყოფილებაში. 1921-1924 წლებში — პატიმართა დამხმარე კომიტეტში. 1924-1944 წლებში — კოოპერაციულ განყოფილებაში. 1949 წელს თავი დაანება სამოქალაქო სამსახურს და განცხადებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს კალისტრატეს, რომ სურვილი ჰქონდა, ემსახურა საქართველოს ეკლესიაში. იმავე წლის 6 მარტს უწმიდესმა კალისტრატემ აკურთხა დიაკვნად, 13 მარტს — მღვდლად. დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძარში, ასევე დაევალა საპატრიარქოს კანცელარიის მდივნის თანაშემწეობა.

1952 წლის 12 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მელქისედეკ III-მ აიყვანა დეკანოზის ხარისხში. 1954 წლის 17 მაისს სიონის ეკლესიიდან გადაყვანილ იქნა კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიაში. 1955-1959 წლებში იყო თბილისის სამების ეკლესიის წინამძღვარი. 1960-1967 წლებში თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის დეკანოზი. 1962 წელს მოსკოვში ახლდა უწმიდესსა და უნეტარეს ეფრემ II-ს, დააჯილდოვეს მიტრით. 1965 წელს აკურთხეს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად. 1967 წლის 28 აგვისტოდან 1971 წლამდე განაგებდა ალავერდისა და ბოდბის ეპარქიებს. 1971 წლის 7 ოქტომბერს დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად.

1972 წლის 8 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის მიტროპოლიტ დავითის (დევდარიანი) მიერ მიენიჭა მიტროპოლიტობა, 1973 წლის 12 ოქტომბერს დაჯილდოვდა მეორე პანაღიით.

1977 წლის 9 ნოემბერს, როდესაც გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V, მიტროპოლიტმა რომანოზმა, როგორც უხუცესმა (90 წლის) და უპირატესმა მღვდელთმთავარმა, მოითხოვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობა. სინოდის წევრთა უმრავლესობამ მოსაყდრედ აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი).

გარდაიცვალა 92 წლის ასაკში 1979 წლის მარტს. 25 მარტს განსვენებულს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. მისივე გადაწყვეტილებით მიტროპოლიტი რომანოზი დაიკრძალა სიონის საპატრიარქო ტაძრის გალავანში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ს. ვარდოსანიძე, „პატრიარქები“, თბ., 2013