ჭყონდიდის ეპარქია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჭყონდიდის ეპარქია
Martvili monastery.jpg
მარტვილის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
ქვეყანა : საქართველოს დროშა საქართველო
ეპარქიალური ცენტრი : ქალაქი მარტვილი
მმართ. ეპისკოპოსის ტიტული : მიტროპოლიტი ჭყონდიდისა, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეუფე
მმართ. ეპისკოპოსი : პეტრე (ცაავა)

ჭყონდიდის ეპარქია – მდებარეობს სამეგრელოს ცენტრალურ ნაწილში და მოიცავს მუნიციპალიტეტებს: მარტვილს, აბაშასა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ეპარქიის საკათედრო ტაძარი მარტვილში მდებარეობს.

ჭყონდიდის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ხონისა და სამტრედიის, დასავლეთიდან ზუგდიდ-ცაიშის, ჩრდილოეთიდან მესტიისა და ზემო სვანეთის, სამხრეთიდან ფოთი-ხობის და შემოქმედის ეპარქიები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საეკლესიო ტრადიცია ქრისტიანობის ქადაგებას ამ მხარეში წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს მიაწერს.

მთის თხემზე აგებული მარტვილის მონასტერი
გიორგი ათათიას ფოტო

პირველი ეკლესია წმინდა მოციქულს მთელს ეგრისში ცნობილი კერპის - მუხის ხის, მეგრულად „ჭყონი დიდი“ მოკვეთილი მასალისგან აუგია. გადმოცემით, მისი სახელწოდებაც „ჭყონდიდი“ სწორედ აღნიშნულ ფაქტს უკავშირდება. IV საუკუნიდან ქვეყნის მოქცევასთან ერთად ეს კუთხეც გაქრისტიანდა, მაგრამ VI ს. II ნახევრიდან ამ მხარეში დაარსებულ ბერძნულენოვან ეპარქიებს შორის გადანაწილდა. აფხაზთა მეფეების მიერ IX-X საუკუნეებში ამ მხარეში დაარსებულ ქართულენოვან ეპარქიათა შორის (მოქვი, ბედია, ცაიში...) ჭყონდიდი ოდიშის უპირველეს სამღვდელმთავრო ეპარქიად ითვლებოდა. ჭყონდიდის სამღვდელმთავრო კათედრა დაარსებიდან (X ს.), მთელი მისი არსებობის მანძილზე უმნიშვნელოვანესი და დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უპირველესი ეპარქია იყო. ჭყონდიდელი მღვდელმთავრის დიდი გავლენისა და ავტორიტეტის გამო წმინდა მეფე დავით აღმაშენებელმა უმაღლესი საერო თანამდებობა - მწიგნობართუხუცესობა მიანდო და მეფის შემდეგ სამეფოს პირველ პირად აქცია. შემდეგში მეფე დავითმა ჭყონდიდელს კიდევ ორი ეპარქია - ბედია და ალავერდი დაუქვემდებარა, რაც მისი მზარდი გავლენის მიმანიშნებელია. ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ზოგჯერ საქართველოს უპირველესი საეკლესიო იერარქი - კათოლიკოსიც ხდებოდა.

ჭყონდიდის ეპარქიის წინამძღვარი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე.

საქართველოს პოლიტიკური დაშლილობის ხანაში, XV-XVIII სს. ჭყონდიდელი ეპისკოპოსი აფხაზეთის კათოლიკოსს ექვემდებარებოდა და სამეგრელოს სამთავროსა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. XVII ს-ის 80-იან წლებამდე ოდიშის სამთავროში არსებულ ექვს სამღვდელმთავრო კათედრიდან ჭყონდიდი უპირველესად ითვლებოდა და გარკვეულ დროს ბედიისა და ცაგერ-სვანეთის ეპარქიების სამწყსო ტერიტორიასაც მართავდა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, დაიწყო რა ეპარქიათა შემცირება-გაუქმება, 1820-იან წლებში რუსულმა საიმპერიო ხელისუფლებამ გააუქმა ცაიშის და ცაგერის საეპისკოპოსოები და მათი ტერიტორიები შეუერთა ჭყონდიდის საეპისკოპოსოს, რომელსაც უწოდეს სამეგრელოს ეპარქია, რომლც 1882 წლიდან გურიის ეპარქიასთან გაერთიანდა და გურია-ოდიშის ეპარქია ეწოდა. იმ პერიოდში ეპარქიას მართავდა ცნობილი მღვდელმთავარი და საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი ალექსანდრე ოქროპირიძე. გაერთიანებული ეპარქიის კათედრა ფოთში იყო, ხოლო რეზიდენცია - მარტვილში. 1917 წ. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ განახლდა ჭყონდიდის ეპარქიაც.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟურნალი „ორნატი“ №1, 2003 წ