შინაარსზე გადასვლა

გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეუფე გრიგოლი.
მაღალყოვლადუსამღვდელოესი, მიტროპოლიტი
გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)
დროშა
დროშა
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
 
განათლება: თბილისის სასულიერო სემინარია, თბილისის სასულიერო აკადემია
დაბადების სახელი: გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილი
დაბადება: 18 ივლისი, 1956 (1956-07-18) (70 წლის)
თბილისი
ბერად აღკვეცა: 1996 წლის 21 მარტი
დიაკვნად კურთხევა: 1989 წლის 14 ოქტომბერი
მღვდლად კურთხევა: 1990 წლის 27 მარტი
ეპისკოპოსად კურთხევა: 1996 წლის 24 მარტი
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 2003 წლის 7 სექტემბერი
მიტროპოლიტობა ებოძა: 2007 წლის 3 ივნისი

მიტროპოლიტი გრიგოლი (ერისკაცობაში — გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილი; დ. 18 ივლისი, 1956, თბილისი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი, წმინდა სინოდის წევრი, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, ფილოსოფიის დოქტორი და პროფესორი. ანგელოზის დღე — 7 თებერვალი [ძვ. სტ. 25 იანვარი] (წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენება); კათედრა ფოთში, რეზიდენცია ფოთსა და ხობში.

მიტროპოლიტი გრიგოლი, ერისკაცობაში გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილი დაიბადა 1956 წლის 18 ივლისს თბილისში. 1973 წელს დაამთავრა თბილისის 134-ე საშუალო სკოლა. 1974-1976 წლებში სწავლობდა უკრაინაში, სამოქალაქო ავიაციის კრივი-რიჰის საავიაციო სასწავლებელში. 1988 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ 1990-1994 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში, ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე. 2017 წლის მაისში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში, თემაზე: „იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია“ და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

1985-1988 წლებში იყო თბილისის წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ეკლესიის მნათე. 1989 წლის 14 ოქტომბერს ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე) აკურთხა დიაკვნად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, ხოლო, 1990 წლის 27 მარტს მღვდლად ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში. 1990 წლის აპრილში გამწესებულ იქნა ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში ღვთისმშობლის შობის ეკლესიის წინამძღვრად. 1990 წლის ნოემბრიდან დამატებით ეძლევა მორჩილება და ინიშნება აჭის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.

მიტროპოლიტი გრიგოლი და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი. 2022 წელი, ფანარი.

1991-1995 წლებში ხელმძღვანელობდა ოზურგეთის საღვთო სჯულის პედაგოგების მოსამზადებელ საღვთისმეტყველო კურსებს. 1991-1996 წლებში გამოსცემდა მართლმადიდებელ ქრისტიანთა ჟურნალ „წყაროს“. 1994 წლის 2 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ მიენიჭა დეკანოზის წოდება და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით. 1995 წლის 30 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებით ინიშნება ოზურგეთის ახლად დაარსებული წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის რექტორად.

1996 წლის 14 მარტს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის კრების მიერ გამორჩეულ იქნა ფოთის ეპისკოპოსად. 1996 წლის 21 მარტს აღკვეცილ იქნა ბერად; 23 მარტს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრითა და მიტრით. 1996 წლის 24 მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ წმიდა სინოდის წევრთა თანამსახურებით აღესრულა არქიმანდრიტ გრიგოლის ხელდასხმა ფოთის ეპისკოპოსად. 1996-2003 წლებში იყო საქართველოს საპატრიარქოს შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე. 1997 წელს დააფუძნა ფოთის წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის საღვთისმეტყველო-კატეხიზატორული სკოლა. 2002 წელს დააფუძნა ზემო თეკლათის დედათა მონასტერთან არსებული წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზია. 2003 წლის 7 სექტემბერს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება. 2003 წლიდან-დღემდე არის საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2005-2008 წლებში ხელმძღვანელობდა სახელმწიფოსთან განათლების საკითხებში ურთიერთობის საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლობით კომისიას. 2007 წლის 3 ივნისს ებოძა მიტროპოლიტის წოდება. 2010 წლის 9 ნოემბრიდან არის საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალ „უფლის ციხის“ მთავარი რედაქტორი. 2012 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი.

კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. იმავე წლის 28 აპრილს პატრიარქობის ოფიციალური კანდიდატების შესარჩევად გაიმართა წმინდა სინოდის სხდომა, რომელზეც დასახელდა 6 კანდიდატურა. კენჭისყრის შედეგად მიღებული ხმათა უპირატესობის მიხედვით წმინდა სინოდმა მიტროპოლიტი გრიგოლი პატრიარქობის 3 ოფიციალურ კანდიდატს შორის დაასახელა. [1]

2026 წლის მაისს, მიტროპოლიტმა გრიგოლმა გამოაქვეყნა მისი პროგრამული ხედვის ძირითადი პრინციპები, რომლებიც მოიცავდა საეკლესიო მართვა-გამგეობის დებულების განახლებას, კრებსითი მმართველობის გაძლიერებას, მღვდელმსახურთა სოციალურ მხარდაჭერას, სოციალური მსახურების გაძლიერებას, სოციალური დოქტრინის განვითარებას, საღვთისმეტყველო განათლების ხარისხის ამაღლებას, მისიონერობას, საეკლესიო ტრადიციის დაცვას და სხვა საკითხებს.[2]

2026 წლის 11 მაისს გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელსაც 1200-მდე დელეგატი ესწრებოდა, მათ შორის ხმის უფლების მქონე წმინდა სინოდის წევრი 39 მღვდელმთავარი. გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე წარმოთქმულ სიტყვაში მიტროპოლიტმა გრიგოლმა აღნიშნა:

ბულგარეთის პატრიარქი დანიილი და მიტროპოლიტი გრიგოლი

„[...] ეკლესია არის ჩვენი სულიერი ცხოვრების საფუძველი და ჩვენი ეროვნული ცნობიერების ისტორიული ღერძი. საუკუნეთა განმავლობაში, როდესაც ჩვენი სამშობლო მრავალგზის იტანჯებოდა და ჩვენთა წინაპართა მოწამეობრივი სისხლით ირწყვებოდა, სწორედ ეკლესია იყო ის სალი კლდე, რომელზეც იდგა ქართველი ერი. წმიდა მამები, მოწამენი და აღმსარებელნი გვასწავლიან, რომ ჩვენი ძალა არის ქრისტესთან ერთობაში. დღესაც, ჩვენი დროების მრავალგვარი გამოწვევის წინაშე მდგომნი, ვხედავთ, რომ ეკლესია მოწოდებულია უპასუხოს ახალ ეპოქას უცვალებელი ჭეშმარიტებით. ჩვენმა ეკლესიამ შორეულ წარსულში, წარმართობაში მყოფ ქართველ ერს დაანახა გზა ხსნისა და საუკუნეთა მანძილზე იგი იცავდა და ინახავდა მას ვითარცა საზეპურო ერს. გასული საუკუნის მიწურულს, კი კათოლოკოს-პატრიარქ ილია მეორის წინამძღოლობით, მანვე მიირქვა ეს ერი და იხსნა უღმერთობის წყვდიადისგან. დღეს, უკვე აწმყოში, ჩვენ გვმართებს განვუმტკიცოთ ადამიანს სულიერი სისავსე, შევუნარჩუნოთ მას სიყვარულისა და თავისუფლების უნარები, რათა მომავლის ადამიანი იყოს განათლებული, რწმენაში მტკიცე და სიყვარულში შეუორგულებელი. ჩვენი პასუხისმეგებლობაა, ვიმოქმედოთ სიბრძნით და სიყვარულით, რომ ეკლესიის გუმბათს ქვეშ, მადლისმიერ წიაღში გამთლიანდეს და განახლდეს ჩვენი ერი, იზეიმოს ქრისტესმიერი ერთობის სულმა [...]“

ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, უნეტარესი ტიხონი მიტროპოლიტ გრიგოლს გადასცემს წმ. ვლადიმირის სემინარიის საპატიო დოქტორის წოდების დიპლომს, ნიუ-იორკი 2022 წ.

ფარული კენჭისყრის შედეგად ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო - 22 ხმა; მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი - 9 ხმა; ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი - 7 ხმა; 1 ხმა გაბათილდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა შიო III.

საგანმანათლებლო საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი

2012-2015 წლებში მიტროპოლიტ გრიგოლის ძალისხმევით ქ. ფოთში დაფუძნდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი. 2015 ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესი. ამის შედეგად მას მიენიჭა უნივერსიტეტის სტატუსი. ახალი საქართველოს უნივერსიტეტი ახორციელებს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის მიმართულებით.

ფოთის წმ. ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა

ფოთის წმ. ნიკოლოზის სახეობის სკოლა, მიტროპოლიტ გრიგოლის ინიციატივით, 2003 წელს დაარსდა. სკოლა ხელმძღვანელობს  ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით  და ეროვნული სასწავლო გეგმით, მან რამდენჯერმე წარმატებით გაიარა ავტორიზაციის პროცესი. ამჟამად სკოლაში ასწავლის 40-ზე მეტი პედაგოგი და სწავლობს 300-მდე მოსწავლე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აჯილდოებს მიტროპოლიტ გრიგოლს წმ. გიორგის ოქროს ორდენით, 2007 წ.
  • წმინდა გიორგის ოქროს ორდენი (სრულიად საქ. კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანება - 25.12.2007.)
  • ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი (საქ. პრეზიდენტის ბრძნება № 611, 16.09.2008.)
  • ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (საქ. პრეზიდენტის განკარგულება № 13/09/01, 13.09.2012.)
  • წმინდა ნიკოლოზის ორდენი (საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება № 04/11/04, 04.11.2013.)
  • ხობის საპატიო მოქალაქე (ქ. ხობის საკრებულოს გადაწყვეტილებით - 17.07.2011.)
  • ფოთის საპატიო მოქალაქე (ქ. ფოთის საკრებულოს გადაწყვეტილებით - 10.08.2016.)
  • ნიუ-იორკის წმინდა ვლადიმირის სახელობის მართლმადიდებელი სემინარიის საპატიო დოქტორი (სემინარიის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით - 14.05.2022.)
მიტროპოლიტი გრიგოლი და მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი, 1999 წ.
  • წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფალი. საღვთსიმეტყველო ნარკვევები მისი ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ (თანაავტორები: არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე, ნიკოლოზ კოპალეიშვილი), „ნეკერი“, თბილისი, 2024.
  • იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2017.
  • ადამიანის უფლებათა ფილოსოფიის რამდენიმე აქტუალური პრობლემის შესახებ, თბილისი, 2013.
  • კეთილ არს სჯული უკეთუ ვინმე წესიერად იპყრას იგი“ (1 ტიმ.1,8), [ავტ. დეკანოზი გურამ ბერბიჭაშვილი, ლიხაურისა და აჭის ეკლესიების წინამძღვარი], ოზურგეთი, 1995.
  • მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის მოკლე კატეხიზმო კათაკმეველთათვის, შემდგ. მამა გურამი, [მე-2 გამოცემა], ოზურგეთი, 1992.

აკადემიური სტატიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • About Some Unknown Aspects of Iona Khelashvili’s (1778-1837) Life and Work, in: European Scientific Journal, special edition, vol. 2 (November, 2014), pp. 146-152.
  • ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული რამდენიმე აქტუალური პრობლემის შესახებ, ჟურნალში: „გული გონიერი“, № 7, თბილისი, 2014, გვ. 7-22.
  • იონა ხელაშვილის ბიოგრაფიის რეკონსტრუირებისთვის, წიგნში: ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები (XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე), თბილისი, 2014, გვ. 101-116.
  • ქრისტიანობა და ადამიანის უფლებები, ჟურნალში: „უფლის ციხე“. საქართველოს საპატრიარქო, # 3 (თბილისი, 2014), გვ. 18-26.
  • თავისუფლების მეტაფიზიკა იონა ხელაშვილის მიხედვით, კრებულში: თავისუფლების იდეა ფილოსოფიაში, თეოლოგიასა და სოციალურ მეცნიერებებში, კრებულის შემდგენელი და სამეცნიერო რედაქტორი თ. ირემაძე, თბილისი, 2016, გვ. 76-90.
  • Iona Khelashvili`s Metaphysics, in: T. Iremadze/U. R. Jeck, Veritas et subtilitas. Truth and subtlety in the History of Philosophy. Essays in memory of Burkhard Mojsisch (1944-2015), Amsterdam/Philadelphia: John Benjamins Publishing Company, 2017, pp. 431-439. https://benjamins.com/catalog/bsp.59
  • თეიმურაზ ბაგრატიონი და იონა ხელაშვილი, ჟურნალში: „უფლის ციხე“. საქართველოს საპატრიარქო, # 5 (თბილისი, 2019), გვ. 65-71.
  • ანტონ ჭყონდიდელი, ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.
  • იონა ხელაშვილი, ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]