იონა (ვასილევსკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იონა (მრავალმნიშვნელოვანი).
მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი
იონა (ვასილევსკი)Iona (Vasilevsky).jpg
ქართლ-კახეთის მიტროპოლიტი
საქართველოს ეგზარქოსი
1 ოქტომბერი, 1821 — 12 მარტი, 1832
ეკლესია: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
წინამორბედი: თეოფილაქტე (რუსანოვი)
მემკვიდრე: მოსე (ბოგდანოვ-პლატონოვ-ანტიპოვი)
ასტრახანისა და ენოტაევის მთავარეპისკოპოსი
26 აპრილი — 1 ოქტომბერი, 1821
წინამორბედი: გაი (ტოკაოვი)
მემკვიდრე: აბრაამ (შუმილინი)
ტამბოვისა და შაცკის ეპისკოპოსი
24 მარტი, 1812 — 26 აპრილი, 1821
წინამორბედი: თეოფილე (რაევი)
მემკვიდრე: თეოფილაქტე (შირიაევი)
 
დაბადების სახელი: ივანე სემიონის ძე ვასილევსკი
დაბადება: 1 მარტი, 1763
კალუგა
გარდაცვალება: 22 ივნისი, 1849(1849-06-22)
დაკრძალულია: სანკტ-პეტერბურგი, ალექსანდრე ნეველის ლავრა

მიტროპოლიტი იონა (ერისკაცობაში — ივანე სემიონის ძე ვასილევსკი; დ. 1 მარტი, 1763, კალუგა — გ. 22 ივნისი, 1849, სანკტ-პეტერბურგი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. საქართველოს ეგზარქოსი 1821-1832 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიტროპოლიტი იონა, ერისკაცობაში ივანე სიმონის ძე ვასილევსკი, დაიბადა 1763 წლის 1 მარტს კალუგაში, მედავითნის ოჯახში. 8 წლის დაობლდა და პატარა დასთან ერთად ზრდიდა მოხუცი ბებია, რომელიც მალე დაბრმავდა. 15 წლის ასაკში კალუგის ოლქის კეთილმოწესის წყალობით წმინდა ლავრენტის მონასტერთან არსებულ სასულიერო სასწავლებელში მიიღეს. ოთხწლიანი სწავლის შემდეგ მოსკოვის ეპარქიის პერერვინსკის სემინარიაში გადადის, იქიდან კი სამების ლავრის სემინარიაში. დაქორწინდა ღარიბი მედავითნის ქალიშვილზე. 1792 წლის 30 იანვარს მღვდლად აკურთხეს კალუგის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში. 1797 წელს კეთილმოწესედ დაადგინეს. 1799 წელს შეიქმნა კალუგის დამოუკიდებელი კათედრა, რომლის პირველი ეპისკოპოსი თეოფილაქტე რუსანოვი (შემდგომში საქართველოს ეგზარქოსი) იყო. მან დაიახლოვა მამა იოანე. 1802 წელს მას გარდაეცვალა ჯერ მეუღლე, შემდეგ კი თითქმის ერთდროულად ორი ქალიშვილი და ვაჟი. 1803 წელს იგი დეკანოზის ხარისხში აიყვანეს.

1807 წელს დეკანოზი ივანე გადადის პეტერბურგში და მაშინვე ეპისკოპოსმა თეოფილაქტემ ბერად აღკვეცა იონას სახელით, იმავე წელს არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს. 1809 წლიდან არქიმანდრიტი იონა კალუგის სასულიერო სემინარიის რექტორია. 1811 წლიდან ვოლოკოლიმსკის მონასტრის წინამძღვარი და პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ინსპექტორია.

1812 წლის 24 მარტს იგი ტამბოვის ეპისკოპოსად აკურთხეს. მან თავი გამოიჩინა როგორც მკაცრმა, მაგრამ სამართლიანმა მღვდელმთავარმა. დიდ ყურადღებას უთმობდა სასულიერო განათლების ამაღლებას. 1821 წლის 26 აპრილს ასტრახანში გადაიყვანეს და მთავარეპისკოპოსობა უბოძეს. ამ ეპარქიაში მან რამდენიმე თვე იმსახურა.

1821 წლის 1 ოქტომბერს კი საქართველოს ეგზარქოსად დაინიშნა. ეგზარქოს იონას დროს განსაკუთრებით გააქტიურდა „ოსეთის სასულიერო კომისიის“ მოღვაწეობა. მისი უშუალო ხელშეწყობით დაიწყო ღვთისმსახურების ოსურ ენაზე შესრულება. მისი ხელშეწყობით სასულიერო მისიები აქტიურად მოქმედებდნენ თუშეთში, ფშავში, ხევსურეთში, აფხაზეთში, საინგილოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში.

თეოფილაქტეს მსგავსად, მან აც რუსეთიდან ჩამოიყვანა თავისი ერთგული სამღვდელოება და ისინი შემოსავლიან ადგილებზე დანიშნა. თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად 1821 წელს, მისი წარდგინებით, დაინიშნა არქიმანდრიტი ირინეოსი, რომელსაც ასევე დაევალა ქვათახევის, შიომღვიმისა და თბილისის ფერიცვალების მონასტრების წინამძღვრობაც.

1824 წლის 24 სექტემბერს, დავით გარეჯში ყოფნის დროს, ეგზარქოს იონას მოეწონა და თბილისში ჩამოიტანა ძვირფასი თვლებითა და ოქროქსოვილი ფარჩით მორთული ომფორი და ბისონი. სინოდის მოთხოვნის საფუძველზე, 1830 წელს ეგზარქოს იონას განკარგულებით, საქართველოს ეკლესია-მონასტრებიდან გამოიტანეს უძველესი დროიდან შეწირული ძველი დროშები, თოფ-იარაღი, ხანჯლები, ჩაფხუტები და ისინი სამხედრო გუბერნატორს ჩააბარეს. თუ რა ბედი ეწია ეკლესია-მონასტრების კუთვნილ უძველეს ქართულ საჭურველს, დღემდე უცნობია. იონა ეგზარქოსის დროს გურიის გაუქმებული თუ მოქმედი ეკლესია-მონასტრებიდან უამრავი საეკლესიო ძვირფასეულობა ჩამოიტანეს თბილისში.

ეს ჯერ კიდევ 1804 წელს მოხდა პავლე ციციანოვის განკარგულებით. მიუხედავად ამისა, 1814 წელს ეგზარქოსმა ვარლამმა რამდენიმე თავადს უბოძა საეკლესიო მოურავობა. ეგზარქოსმა თეოფილაქტემ კი 1818 წელს მათ ჩამოართვა ეს უფლება, რადგანაც იგი წინააღმდეგობაში მოდიოდა მთავარმმართებლის განკარგულებასთან, ამასთან, საეკლესიო გადასახადების აკრეფა ევალებოდა დიკასტერიას, ამდენად, მოურავი უფუნქციოდ რჩებოდა.

როგორც ცნობილია, ქართულ ტაძრებთან ჩვეულებრივი მოვლენა იყო შეწირული პირუტყვის დაკვლა. ეგზარქოს იონას განკარგულებით აიკრძალა დღესასწაულებზე ტაძრებთან პირუტყვის დაკვლა. ეპარქიებში მოღვაწე კეთილმოწესენი - „ბლაღოჩინები“ მოხსენებითი ბარათებით უდასტურებდნენ ეგზარქოსს, რომ გაფრთხილებული ჰყავთ სამღვდელოება ამ აკრძალვის შესახებ[1].

როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლება ასევე უკმაყოფილო იყო იმით, რომ ზოგიერთ ტაძარში ჯვრისწერა ტარდებოდა გვიან ღამით. 1827 წლის 3 ივლისს გენერალი ივანე პასკევიჩი წერს ეგზარქოს მიტროპოლიტ იონას, რომ თბილისში, ხშირად, ჯვრისწერები ტარდება გვიან ღამით, რაც მას უწესობად მიაჩნია. ამიტომ სთხოვს მიტროპოლიტ იონას, რომ გასცეს განკარგულება, რათა საღამოს 9 საათის შემდეგ აღარ ხდებოდეს ჯვრისწერა. თუ იქნებოდა გამონაკლისი, მხოლოდ მიტროპოლიტის ნებართვით და ეს უნდა ეცნობებინათ პოლიციისათვის[2].

ეგზარქოს იონას მოღვაწეობის ერთ-ერთ დადებით წამოწყებად უნდა მივიჩნიოთ ის გარემოება, რომ მან 1830 წლის 29 სექტემბერს სინოდალურ კანტორას წინადადებით მიმართა, რომ გახსნილიყო დედათა მონასტერი, რადგან საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ დედათა სამონასტრო ცხოვრება საერთოდ მოიშალა და ისინი ამ დროისთვის გაფანტულნი ყოფილან საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტაძრებში. მას მიაჩნდა, რომ თბილისში ან მის მახლობლად გახსნილი მონასტერი ერთად შეკრებდა გაფანტულ მონაზონ დედებს. 1830 წლის 2 დეკემბერს სინოდალურმა კანტორამ ეგზარქოსის ამ მოთხოვნას უსახსრობის გამო უარით უპასუხა. 1832 წლის 12 მარტს, რუსეთის სინოდის გადაწყვეტილებით, იონა პეტერბურგში გაიწვიეს.

მისი საქართველოში მოღვაწეობით არც ხელისუფლება იყო აღფრთოვანებული. ამის დასტურია ის, რომ იგი ეგზარქოსად ყოფნის დროს იმით დააჯილდოვეს, რომ 1828 წელს მიტროპოლიტობა უბოძეს, სხვა ჯილდო მას ხელისუფლებისგან არ მიუღია. საქართველოდან გაწვევის შემდეგ ცხოვრობდა პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1849 წლის 22 ივნისს. დაკრძალულია იქვე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 488, საქმე 2743
  2. Акты собранные Кавказскою археографическою коммиссиею, Т.VII. Стр. 245