ქრისტეფორე III (კათოლიკოს-პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ქრისტეფორე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ქრისტეფორე.
ქრისტეფორე III
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი
Каталикос Патриарх Христофор III.jpg
პროვინცია საქართველოს სსრ
ეპარქია მცხეთა-თბილისის ეპარქია
ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ინთრონიზაცია 1927
თანამდებობიდან წასვლა 1932
წინამორბედი ამბროსი
მემკვიდრე კალისტრატე
პირადი მონაცემები
საერო სახელი ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი
დაბადების თარიღი 27 მარტი, 1873
დაბადების ადგილი ვერტყვიჭალა
გარდაცვალების თარიღი 23 იანვარი, 1932
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავების ადგილი სიონის საკათედრო ტაძარი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
საცხოვრებელი ადგილი თბილისი
პროფესია პედაგოგი
ალმა-მატერი თბილისის სასულიერო სემინარია

მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ქრისტეფორე III (ერისკაცობაში ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი; დ. 27 მარტი, 1873, ვერტყვიჭალა, ხარაგაულის რაიონი — გ. 23 იანვარი [ ძვ. სტ. 10 იანვარი], 1932, თბილისი) — ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1927–1932 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციცქიშვილთა შტო სასულიერო გვარს მიეკუთნებოდა, ამიტომაც მათ შორის მრავლად იყვნენ სასულიერო პირები. მღვდელი იყო მომავალი პატრიარქის ერთ-ერთი ძმაც. ამიტომაც გასაკვირი არ ყოფილა, რომ მან სასულიერო გზა აირჩია. 1895 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის უმაღლესი პედაგოგიური კურსები, 1895–1922 მღვდლად იყო ჯერ იმიერკასპიის ოლქში, შემდეგ საქართველოს სოფლებში —ხიდისთავში, იტრიაში, ნაბახტევში, თბილისის ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში. იყო სოფ. იტრიის ორკლასიანი სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელი (1898–1905), გორის მაზრის სამრევლო სკოლების მეთვალყურე (1904–1905), თბილისის მეხუთე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი (1905–1918), იქვე ქართული ენის მასწავლებელი (1918–1921). 1905 თბილისში თავმჯდომარეობდა არალეგალურ კრებას, რომელმაც შეიმუშავა მოთხოვნა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ. მისი მეუღლე იყო ანა ჩუბინიძე, რომელიც მეტად სათნო, მორწმუნე და კეთილშობილი ადამიანი ყოფილა, იგი საკმაოდ ადრე გარდაიცვალა, ხუთი შვილის აღზრდა კი პატრიარქმა იტვირთა. 1922 წლის 18 მარტს დეკანოზი ქრისტეფორე, საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის ამბროსი ხელაიას მიერ ხელდასხმულ იქნა ჯერ მანგლისის, ხოლო შემდეგ ურბნისის ეპისკოპოსად. 1922 წლის 28 მაისს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ეპისკოპოსად, 1923 წლის 12 იანვრიდან 1925 წლის 8 მარტამდე კი ასრულებდა პატრიარქის მოსაყდრის მოვალეობას. აქედან იწყება მისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი. კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას გარდაცვალების შემდეგ 1927 წლის 26 ივნისს IV საეკლესიო კრებაზე იმ დროს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე ციცქიშვილი კათოლიკოსად აირჩიეს. მეტად მძიმე, ეკლესიისთვის სავალალო სიტუაციაში მოუწია მას ეკლესიის საჭეთმპყრობლის კვერთხის მიღება. კომუნისტები ძალიან ავიწროვებდნენ სასულიერო პირებს, დევნიდნენ მრევლს. კათოლიკოს ქრისტეფორეს დროს 1927 წლის ნოემბრიდან მოხდა ეკლესიის გადასვლა კალენდრის ძველი სტილიდან ახალზე. ამ ნაბიჯით ის ცამეტდღიანი განსხვავება, რომელიც მაშინ იყო და დღესაც არსებობს საერო და საეკლესიო კალენდრებს შორის, მოისპო, ანუ ყოველ დღესასწაულს, მაგ. ახალი წლის აღნიშვნა ჩვენს შემთხვევაში, რომ სხვადასხვა დროს ხდება, მაშინ ერთ დღეს დაემთხვა. 1923 წელს კათოლიკოს ამბროსის ნებართვითაც იქნა ეკლესიაში ახალი სტილის კალენდარი შემოღებული. თვითონ პატრიარქი ამბროსიც, როგორც ერთ-ერთ თავის მოხსენებაში კათოლიკოსი ქრისტეფორე აღნიშნავდა, 1923–1924 წლებში ამ სტილის მიხედვით მარხულობდა და იხსნილებდა, თუმცა შემდგომში, 1925 წლის მარტიდან, კათოლიკოსის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ეკლესია ისევ კალენდრის ძველ სტილს დაუბრუნდა 1927 წლამდე.

ქრისტეფორე III ეწეოდა მეცნიერულ მუშაობასაც. მას ეკუთვნის ბევრი ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის წერილი და გამოკვლევა. მათგან გამოსაყოფია ნაშრომები ძველი ქართული მწერლობის ძეგლის „ვისრამიანის“ ეროვნების შესახებ.

პატრიარქი ჯერ კიდევ ახალგაზრდა აღესრულა 1932 წლის ძვ. სტ. 10 იანვარს, 57 წლისა. წესისამებრ, ისევე, როგორც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომი ყველა პატრიარქი, დაკრძალულ იქნა თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში. გაზეთში მხოლოდ ერთი პატარა განცხადება იყო, ისეთი, როგორითაც ჩვეულებრივ ერისკაცს აცხადებენ ხოლმე: „გარდაიცვალა ქრისტეფორე ციცქიშვილი“. ბევრმა არც კი იცოდა რომ ეს სახელი და გვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნოდა.

მოგონება დეკანოზ ნიკიტა თალაქვაძის დღიურიდან:

ქრისტეფორე-კათალიკოსის დასაფლავება 14 იანვარს — 1932 წ. ხუთშაბათს.

დღეს — ძველებურად ახალ-წელიწად დღეს — დაასაფლავეს სიონის ტაძარში, კათოლიკოს კირიონის საფლავის თითქმის გვერდით — კათალიკოსი ქრისტეფორეც. მარჯვნივ — ეს ორი კათალიკოსია დასაფლავებულნი, მარცხნივ კიდევ ლეონიდი და ამბროსი. მწირველი იყო „მოსაყდრე“ კალისტრატე მიტროპოლიტი.

2013 წლის 20 ივნისს მისი სახელი მიენიჭა იტრიის საშუალო სკოლას და ეწოდა ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლა[1].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ციცქიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 554, თბ., 1986 წელი.
  • საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, "ნეკერი", თბ., 2000
  • თვალთათვის დაფარული მოწამე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1927-1932 წწ. ქრისტეფორე III /ავტ.: დავით ციცქიშვილი. - თბ., 1999 წ

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ამბროსი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
1927-1932
შემდეგი:
კალისტრატე