შინაარსზე გადასვლა

ისიდორე (ნიკოლსკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი
ისიდორე (ნიკოლსკი)
ნოვგოროდისა და სანკტ-პეტერბურგის მიტროპოლიტი
1 ივლისი, 1860 — 7 სექტემბერი, 1892
ეკლესია: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
წინამორბედი: გრიგორი (პოსტნიკოვი)
მემკვიდრე: ანტონ (ვადკოვსკი) (დ/მ)

პალადი (რაევი)

კიევისა და გალიციის მიტროპოლიტი
1 მარტი, 1858 — 1 ივლისი, 1860
წინამორბედი: ფილარეტი (ამფიტეატროვ)
მემკვიდრე: არსენ (მოსკვინი)
ქართლ-კახეთის მთავარეპისკოპოსი
საქართველოს ეგზარქოსი
12 ნოემბერი, 1844 — 1 მარტი, 1858
წინამორბედი: ევგენი (ბაჟენოვი)
მემკვიდრე: ევსევი (ილინსკი)
მოგილევისა და მსტისლავის მთავარეპისკოპოსი
6 აპრილი, 1840 — 12 ნოემბერი, 1844
წინამორბედი: სმარაგდი (კრიჟანოვსკი)
მემკვიდრე: ანატოლი (მარტინოვსკი)
პოლოცკისა და ვილნის ეპისკოპოსი
5 ივნისი, 1837 — [[[6 აპრილი]], 1840
წინამორბედი: სმარაგდი (კრიჟანოვსკი)
მემკვიდრე: ვასილი (ლუჟინსკი)
დმიტროვსკის ეპისკოპოსი, მოსკოვის ეპარქიის ვიკარიუსი
11 ნოემბერი, 1834 — 5 ივნისი, 1837
წინამორბედი: ნიკოლაი (სოკოლოვი)
მემკვიდრე: ვიტალი (შჩეპეტევი)
 
დაბადების სახელი: იაკობ სერგეის ძე ნიკოლსკი
დაბადება: 1 ოქტომბერი, 1799
სოფელი ნიკოლსკოე, ტულის გუბერნია
გარდაცვალება: 7 სექტემბერი, 1892(1892-09-07)
დაკრძალულია: ალექსანდრე ნეველის ლავრა, სანკტ-პეტერბურგი
ბერად აღკვეცა: 22 აგვისტო, 1825
ეპისკოპოსად კურთხევა: 1 ნოემბერი, 1834
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 6 აპრილი, 1840
მიტროპოლიტობა ებოძა: 1856

მიტროპოლიტი ისიდორე (ერისკაცობაში — იაკობ სერგეის ძე ნიკოლსკი; დ. 1 (12) ოქტომბერი1799, სოფ. ნიკოლსკოე, კაშირის მაზრა, ტულის გუბერნია — გ. 6 (19) აგვისტო1892[1]) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი, მწერალი, ბიბლიის რუსულად სინოდალური თარგმნის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. საქართველოს ეგზარქოსი, ქართლ-კახეთის მთავარეპისკოპოსი 1844-1858 წლებში.

ერისკაცობაში იაკობ სერგის ძე ნიკოლსკი დაიბადა 1799 წელს ტულის გუბერნიის სოფელ ნიკოლსკოეში, დიაკვნის ოჯახში. ერთი წლის ასაკში მამა გარდაეცვალა. სწავლობდა ჯერ ტულის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო შემდეგ სემინარიაში, რომელიც 1821 წელს დაამთავრა. 1825 წელს პეტერბურგის სასულიერო აკადემია დაამთავრა ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხით. ამავე წელს ბერად აღიკვეცა. 1829 წელს ორლოვსკის სემინარიის რექტორად დანიშნეს და აიყვანეს არქიმანდრიტის ხარისხში. 1833 წლიდან მოსკოვის სასულიერო სემინარიის რექტორია. 1834 წელს ეპისკოპოსად აკურთხეს. მსახურობდა ჯერ მოსკოვის ეპარქიაში, შემდეგ კი პოლოცკში, 1840 წლიდან მოგილევის ეპისკოპოსია.

1844 წლის 12 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსად. დიდ ყურადღებას უთმობდა „ოსეთის სასულიერო კომისიის“ საქმიანობას. 1856 წელს მონაწილეობდა იმპერატორ ალექსანდრე II-ის კურთხევაში, რომლის ბრძანებითაც აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. რუსული წყაროების დახასიათებით იგი გამოირჩეოდა მშვიდი ხასიათით და იშვიათი შრომისმოყვარეობით. შემთხვევით არ იყო, რომ ხელისუფლებამ XIX საუკუნის 40-იანი წლების შუა ხანებში საქართველოში ეგზარქოსად გამოგზავნა მშვიდი, გაწონასწორებული მღვდელმთავარი. მის დანიშვნას დაემთხვა რუსეთის ხელისუფლების მიერ იმ დროისათვის საქართველოში დაწყებული ლიბერალური პოლიტიკის გატარება. სწორედ ისიდორეს ეგზარქოსად დანიშვნის დროს, 1844 წელს საქართველოში მთავარმართებლის ნაცვლად დაწესდა მეფისნაცვლის ინსტიტუტი და თანამდებობაზე დაინიშნა იმპერიის მასშტაბით ლიბერალურ მოღვაწედ ცნობილი მიხეილ ვორონცოვი. ბუნებრივია, რომ საქართველოს მიმართ ხელისუფლების ასეთმა ლიბერალიზაციამ გარკვეული გავლენა მოახდინა სასულიერო მმართველობაზე, რადგან რუსეთის საშინაო პოლიტიკის ცვლილებების შესატყვისად იცვლებოდა საქართველოს საეგზარქოსოს საქმიანობაც.

1849 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა ბიბლიის ქართული თარგმანის შემსწორებელი პირველი კომიტეტი და მისი ხელმძღვანელობით ცნობილმა საეკლესიო მკვლევარმა პლატონ იოსელიანმა ათონის მთიდან ჩამოიტანა ექვთიმე მთაწმინდელის მიერ X საუკუნეში შესრულებული ბიბლიის ქართული თარგმანი, რომელიც სამ ცალად გადაწერეს და საჩუქრად სამეგრელოს მთავარ დადიანს, იმერეთის მიტროპოლიტ დავით წერეთელს, ხოლო მესამე თბილისის სიონს შესწირეს. ეგზარქოს ისიდორეს ხელმძღვანელობით 1852-1857 წლებში საეკლესიო მამულებიდან შემოსული თანხებით შეკეთდა მცხეთის, ალავერდის, ქვათახევის და მარტყოფის მონასტრები. მისივე ინიციატივით სასულიერო პირებს რუსეთის სინოდმა ხაზინიდან ხელფასი დაუნიშნა. მანვე მცხეთაში, დედათა მონასტერში, 1857 წელს დააარსა ქალთა სასწავლებელი.

მისი ინიციატივით 1851 წელს ხელახლა გაიხსნა საეკლესიო კათედრა აფხაზეთში, ხოლო გურიაში, ჯუმათის მონასტერთან დაარსდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი. ეგზარქოსის დროს აშენდა საეგზარქოსოსა და საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის შენობები. მასვე განზრახული ჰქონდა საქართველოს საეგზარქოსოსთან დაეარსებინა სასულიერო ხასიათის პერიოდული ორგანო. ამ მიზნით იგი სინოდისგან ნებართვასაც ითხოვდა, მაგრამ მისი ეგზარქოსობის დროს ასეთი პერიოდული ჟურნალი ვერ გამოიცა.

ეგზარქოსმა ისიდორემ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია სვანეთსა და სამეგრელოში სამისიონერო მოღვაწეობას. განსაკუთრებული ღვაწლი დასდო მან საინგილოს, სადაც მარტო 1851 წელს 1200 მუსულმანი დაუბრუნდა ქრისტიანობას. ეგზარქოსმა მაშინდელ მეფისნაცვალ ალექსანდრე ბარიატინსკისთან ერთად შეიმუშავა პროექტი „კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების“ შექმნის შესახებ, რომელიც მისი საქართველოდან გაწვევის შემდეგ დაფუძნდა. ეგზარქოსად ყოფნის დროს, 1856 წელს, მას მიტროპოლიტის ხარისხი ებოძა. იგი 1858 წლის 1 მარტს გათავისუფლდა ეგზარქოსობიდან და დაინიშნა კიევის მიტროპოლიტად, ხოლო 1860 წლიდან ნოვგოროდისა და სანკტ-პეტერბურგის მიტროპოლიტია. ამავე წლიდან წმინდა სინოდის პირველი იერარქია. მიღებული ჰქონდა რუსეთის ეკლესიისა და სახელმწიფოს ყველა უმაღლესი ჯილდო. იყო არაერთი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოებისა და სასწავლებლის საპატიო წევრი.

გარდაიცვალა 1892 წლის 7 სექტემბერს. სამი დღის შემდეგ მას 93 წელი უსრულდებოდა. სიცოცხლის ბოლო დღემდე აღავლენდა მსახურებას. დაკრძალულია სანკტ-პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

მიუხედავად თავისი ერთგვარი ლიბერალიზმისა, რომელიც გამოწვეული იყო ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლით და მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის დანიშვნით, რომელიც თავის მხრივ ცნობილი იყო „მათრახისა და ნამცხვრის“ პოლიტიკით, ეგზარქოსი ისიდორე ნიკოლსკიც ებრძოდა ყოველივე ქართულს. „ეკლესიათა სისუფთავის“ მიზნით ათეთრებდა და ანადგურებდა ფრესკებს. მან საღებავით დააფარინა სვეტიცხოვლის, ალავერდის, გრემისა და სხვა ტაძრების დიდებული ფრესკები. მან იმითაც გაითქვა სახელი, რომ ეკლესიებს ართმევდა მამულებს, რითაც საბოლოოდ აღატაკებდა მათ, იტაცებდა საეკლესიო ფასეულობებს. სხვა ეგზარქოსების მსგავსად აუქმებდა მონასტრებსა და ეკლესიებს, ამცირებდა ბერ-მონაზონთა რაოდენობას, რათა უპატონოდ დარჩენილ განძს თავად დაპატრონებოდა.

ჯილდოები და მედლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მან საქართველოში 13 წელი იმსახურა, რისთვისაც 1845 წელს მიიღო წმინდა ვლადიმერის ორდენი, ხოლო 1850 წელს ბრილიანტის ჯვარი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წინამორბედი:
ევგენი
საქართველოს ეგზარქოსი
1844-1858
შემდეგი:
ევსევი