ანტონი (გიორგაძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტონი (გიორგაძე) (დ. 17 მარტი, 1866, ქუთაისი — გ. 18 სექტემბერი, 1918, ქუთაისი) — ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსი გიორგაძე 1866 წელს დაიბადა ქუთაისში, მედავითნის ოჯახში. 1878 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ამის შემდეგ 1882 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1888 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. ალექსის ორივე სასწავლებელში იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე პატრონობდა და სწავლის ქირასაც უხდიდა.

სასწავლებლის დასრულების შემდეგ ალექსი ქუთაისში დაბრუნდა და დაოჯახდა. 1889 წელს ეპისკოპოსმა გაბრიელმა დიაკვნად, ხოლო ერთი წლის შემდეგ მღვდლად დაასხა ხელი და ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის სასაფლაოს ეკლესიის მღვდელმსახურად დანიშნა. ამავე წელს ქუთაისის ქალთა სასწავლებულში არსებული ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს და საღვთო სჯულის მასწავლებლობაც ჩააბარეს. იგი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სლავურ საეკლესიო გალობასაც ასწავლიდა. 1892 წლის იანვარში მამა ალექსი გაბრიელ ეპისკოპოსმა საგვერდულით დააჯილდოვა და ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის სასაფლაოს ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. ამავე წლის ოქტომბერში იგი ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიაში არსებული ეკლესიის წინამძღვრად და საღვთო სჯულის პედაგოგად განამწესეს.

1893 წელს გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში გალობის მასწავლებლად დაინიშნა. გარდა ამისა, მამა ალექსი სასულიერო გამომძიებლადაც მუშაობდა, იყო იმერეთის საეპარქიო საბჭოს წევრი და ამავე საბჭოს განყოფილების თავმჯდომარე. 1896 წელს სკუფიით დააჯილდოვეს, ხოლო 1900 წელს კამილავკა უბოძეს.

გარდა საეკლესიო საქმეებისა, ეპისკოპოსი ანტონი, აქტიურად იყო ჩაბმული ქვეყანაში მიმდინარე ეროვნულ პროცესებში. მას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა იმჟამინდელი ინტელიგენციის წარმომადგენლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. ეპისკოპოსი ანტონი 1899 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი.

1903 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მამა ალექსიმ კიევის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა, 1904 წლიდან სწავლა გააგრძელა სანკტ–პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში და პარალელურად საიმპერატორო არქეოლოგიის ინსტიტუტშიც ჩააბარა. 1906 წელს, სწავლის პერიოდში, მამა ალექსი ბერად აღიკვეცა და ანტონი უწოდეს. 1907 წელს სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაამთავრა და საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ეგზარქოს ნიკონის კურთხევით ქალაქ ვიატკაში გააგზავნეს, სადაც სასულიერო სემინარიის ინსპექტორად დანიშნეს. ამ დროს ვიატკაში ბევრი გადასახლებული ქართველი ცხოვრობდა, რომელთაც მამა ანტონი ყველანაირად ეხმარებოდა და ამხნევებდა.

1907 წლიდან მამა ანტონი სმოლენსკის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად გადაიყვანეს და დროდადრო რექტორის მოვალეობასაც ასრულებდა. 1909 წელს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. ერთი წლის შემდეგ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით მამა ანტონი დავით გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.

1910 წელს მამა ანტონს სმოლენსკის ეპისკოპოსმა თეოდოსიმ არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა და როგორც კი იქაური საქმეები მოაწესრიგა სამშობლოში დაბრუნდა. მას ქართლ–კახეთის მონასტრების მთავარხუცესობა დაევალა და დროებით რუსული მონასტრების მთავარხუცესობა და ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძღვრობაც შეუთავსეს.

1911 წელს არქიმანდრიტი ანტონი თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს და წმინდა სინოდმა გორის ეპარქიის მღვდელმთავრად გამოარჩია.

1912 წელს სანკტ–პეტერბურგის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ლავრაში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და საქართველოს ეგზარქოსის მესამე ქორეპისკოპოსად დანიშნეს. იმავე წელს საქართველო–იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად აირჩიეს და წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1914 წელს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის რესტავრაციის კომიტეტისა და საეკლესიო მუზეუმის წევრად აირჩიეს. 1916 წელს საქართველოს ეგზარქოსის მეორე ქორეპისკოპოსად დაინიშნა და წმინდა ანას I ხარისხის ორდენი ეწყალობა.

ეპისკოპოსი ანტონი აქტიურად იყო ჩაბმული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. 1917 წელს საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობამ იგი დეკანოზ კალისტრატე ცინცაძესთან ერთად სანკტ–პეტერბურგში მოლაპარაკებებზე გააგზავნა.

1917 წელს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე მეუფე ანტონი ქუთათელ ეპისკოპოსად გამოარჩიეს და სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მიტროპოლიტის წოდება მიანიჭეს.

1917 წლის 17 ოქტომბერს მიტროპოლიტი ანტონი ქუთაისში ჩავიდა. მას დიდძალი სამღვდელოება და საზოგადოების წარმომადგენლები დახვდნენ.

ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი 1918 წლის 18 სექტემბერს უეცრად გარდაიცვალა და დაკრძალულია ქუთაისის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში, რომელის 1924 წელს ბოლშევიკებმა დაანგრიეს და სამწუხაროდ, მისი საფლავი დღემდე დაკარგულად ითვლება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სერგო ვარდოსანიძე. ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). გამომცემლობა ,,ნათლისმცემელი", თბილისი, 2010, გვ. 94-97.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]