აფხაზეთის საკათალიკოსო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აფხაზეთის საკათალიკოსო — დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო. მის დაარსებას ზოგი მკვლევარი VIII- IX საუკუნეებს, ზოგი X საუკუნის II ნახევარს, ზოგი კი XIII საუკუნეს მიაკუთვნებს. აფხაზეთის საკათალიკოსო განასახიერებდა ქართულ ეროვნულ და ცენტრალიზებულ ეკლესიას, რომლის პოლიტიკურ საფუძველს ქართული სახელმწიფო „აფხაზეთის სამეფო“ (დასავლეთ საქართველო) წარმოადგენდა. აფხაზეთის საკათალიკოსომ შეცვალა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ლაზიკის სამიტროპოლიტო და აბაზგიის საარქიეპისკოპოსო ეპარქიები. აფხაზეთის კათალიკოსის საკათედრო ტაძარი, რომელიც ანდრია მოციქულის საყდრად იწოდებოდა, ბიჭვინთაში იყო. აფხაზეთის კათალიკოსს „ბიჭვინთის კათალიკოსსაც“ უწოდებდნენ. იერარქიულად იგი საქართველოს კათოლიკოსის გავლენის ქვეშ იყო. XV საუკუნიდან, საქართველოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ, აფხაზეთის საკათალიკოსო დამოუკიდებელი გახდა და მისი მეთაური „აფხაზეთის კათალიკოს-პატრიარქად“ იწოდებოდა. მისი იურისდიქცია ვრცელდებოდა იმერეთის სამეფოზე, გურიის, ოდიშის, აფხაზეთის სამთავროებზე, დასავლეთით და ჩრდილოეთით კი ბევრად სცილდებოდა ქართულ პოლიტიკის საზღვრებს. XVI საუკუნის II ნახევარში, კათოლიკოს ევდემონ ჩხეტიძის (1558—1578 წწ.) დროს, აფხაზეთის საკათალიკოსოს რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადაიტანეს, რაც გამოწვეული იყო ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის გართულებით (სამეფო-სამთავროებს შორის შინაომები და ოსმალეთის აგრესიის გაძლიერება აფხაზეთში), ბიჭვინთას ამის შემდეგაც არ დაუკარგავს საკათალიკოსო საყდრის სახელი დამნიშვნელობა. 1814 წლის 14 ოქტომბრის ბრძანებულებით დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო უშუალოდ შეუერთდა რუსეთის ეკლესიას, ხოლო ადგილობრივ მმართველად დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსი, რომელსაც „საქართველოსა და იმერეთის ეგზარქოსი“ ეწოდა. 1917 წელს, როდესაც აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, აფხაზეთის ეკლესია შევიდა საქართველოს კათოლიკოსის გამგებლობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლომინაძე ბ., ქსე, ტ. 2, გვ. 31, თბ., 1977
  • ლომინაძე ბ., ქე „საქართველო“, ტ. 1, გვ. 252-253, თბ., 1997