შინაარსზე გადასვლა

დიმიტრი (ლაზარიშვილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეპისკოპოსი დიმიტრი (ერისკაცობაში — დიმიტრი ივანეს ძე ლაზარიშვილი; დ. 16 სექტემბერი, 1870, სოფელ ჯიმითი, სიღნაღის მაზრა — გ. 8 ნოემბერი, 1947, თბილისი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი.

1889 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ საქართველოს ეგზარქოსის პალადის წინადადებით გამოვიდა სემინარიიდან და 1890 წლის 21 იანვარს იგი აკურთხეს დიაკვნად და სიონის ეკლესიის წიგნის მკითხველად, 1897 წლის 28 მაისიდან ქაშვეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკვანია. 1904 წლის 29 თებერვალს ხელდასხმულ იქნა მღვდლად დიაკვნის ადგილზე ქაშვეთში. 1907 წლიდან იმავე ეკლესიის შტატის მღვდელია. 1906-1907 წლებში მუშაობდა თბილისის საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის წევრად და ხაზინადარად. 1908-1912 წლებში პარალელურად მუშაობდა ქართლ-კახეთის ეპარქიის ეკლესიების შემოსავალ-გასავლის წიგნების შემმოწმებელი კომისიის წევრად. 1914 წლის 24 ივლისს დაინიშნა მღვდელმსახურად საველე მოძრავ ჰოსპიტალში N481 - ბრძოლის ველზე (დასავლეთის ფრონტზე). საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1918-1920 წლებში, თბილისის საოლქო კრების არჩევით ასრულებდა თბილისის საეპარქიო საბჭოს წევრის მოვალეობას. 1919 წელს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. 1919-1923 წლებში მუშაობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს სამეურნეო ნაწილის გამგედ. 1923 წლის 13 იანვარს დეკანოზი დიმიტრი ლაზარიშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისა და საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს წევრებთან ერთად დაპატიმრებულ იქნა. 1924 წლის მარტში გამართულ სასამართლო პროცესზე ცნეს უდანაშაულოდ.[1]

ციხიდან განთავისუფლების შემდეგ დაუბრუნდა ქაშვეთის ეკლესიას. 1925 წლის 17 ივნისს დაინიშნა თბილისის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ, 1926 წლის 17 თებერვალს - საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს სამეურნეო ნაწილის გამგედ. 1927 წლის 26 ივნისიდან დეკანოზი დიმიტრი ლაზარიშვილი საკათოლიკოსო სინოდის წევრია. 1930 წელს დაინიშნა ქაშვეთის ეკლესიის წინამძღვრად. ამ თანამდებობაზე იყო 1943 წლის მაისამდე.

1943 წლის იანვარში უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) შეუძლოდ გახდა, ავადმყოფობა კიდევ უფრო გაუძლიერდა. "თბილისის ეკლესიები ხუთი თვის მანძილზე მღვდელმთავრის წირვა-ლოცვის გარეშე დატოვა. გამოჯანმრთელებისთანავე მიიღო გადაწყვეტილება ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვრის დიმიტრის ეპისკოპოსად კურთხევის შესახებ. 1943 წლის 23 მაისს დიმიტრი ლაზარიშვილი ხელდასხმულ იქნა ნინოწმინდელ ეპისკოპოსად. ის იწოდებოდა ნინოწმინდელად, მაგრამ ეპარქიაში არ იყო არც ერთი მოქმედი ეკლესია, ამიტომ წირავდა ქაშუეთის ეკლესიაში. ეპისკოპოსი დიმიტრი დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. მეუფე დიმიტრი 1947 წლის 8 ნოემბერს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის ქაშვეთის ეკლესიაში.

  • ვარდოსანიძე ს. „პატრიარქები“, თბ., 2013, გვ. 191-195

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წინამორბედი:
-
ნინოწმინდის ეპარქია
23 მაისი, 19438 ნოემბერი, 1947
შემდეგი:
-