იოვაკიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იოვაკიმე — დასავლეთ საქართველოს („აფხაზეთის“) კათოლიკოსი დაახლოებით XV საუკუნის 70-იან წლებში, ცაიშელ-ბედიელი (ცაიშისა და ბედიის მთავარეპისკოპოსი).

დასავლეთ საქართველოს მაშინდელი პოლიტიკური მმართველების — ბაგრატ VI-ის, დადიანისა და გურიელის სურვილით კათოლიკოსად აკურთხა არა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, არამედ დასავლეთ საქართველოში შემთხვევით ჩამოსულმა იერუსალიმისა და ანტიოქიის პატრიარქმა მიქაელმა (1470/1474—1484). ამ აქტით მათ ხელი შეუწყვეს საქართველოში პოლიტიკური განკერძოებულობის გაღრმავებას. იოვაკიმეს კათოლიკოსად დადგენასთან დაკავშირებით პატრიარქ მიქაელის სახელით შედგა კანონიკური ძეგლი „მცნებაჲ სასჯულოჲ“, რომელიც განსაზღვრავდა და აწესრიგებდა სრულიად აფხაზეთის კათოლიკოსის იურისდიქციას, მოქმედ საეკლესიო დისციპლინურ და რელიგიურ-სარწმუნოებრივ ნორმებს, სასჯელს და სხვა.

წყაროებში იოვაკიმე დახასიათებულია როგორც საეკლესიო საქმეების ენერგიული გამგებელი, რომელიც განსაკუთრებით ზრუნავდა საკუთრივ აფხაზეთში ქრისტიანული რელიგიის დანერგვა-განმტკიცებისათვის. იოვაკიმეს ამაგი დაუდვია იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრისათვის, ამის გამო იქ საუკუნო აღაპი დაუწესეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]