ქუთაის-გაენათის ეპარქია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გელათის საკათედრო ტაძარი

ქუთაის-გაენათის ეპარქია — ეპარქია დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. მდებარეობს ისტორიული ეგრის-აფხაზეთის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში. მოიცავს მდინარე რიონის ქვემო დინებასა დაწყალწითელას ხეობას, ანუ ქალაქ ქუთაისსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტს. ქუთაის-გაენათის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მარგვეთის და უბისის, ჭიათურისა და საჩხერის, დასავლეთიდან - ხონისა და სამტრედიის, ჩრდილოეთიდან ნიკორწმინდის, ცაგერისა და ქვემო სვანეთის, სამხრეთიდან - ვანისა და ბაღდათის ეპარქია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუთაისის სამღვდელმთავრო კათედრის დაწინაურება, განსაკუთრებით VIII საუკუნის ბოლო მეოთხედიდან, ლეონ II აფხაზთა მთავრის მიერ ეგრის-აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს შექმნით დაიწყო. ახალშექმნილი სამეფოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ქუთაისი გახდა, რომლის ძალაუფლება მთელ დასავლეთ საქართველოზე, მათ შორის ზღვისპირეთზეც ვრცელდებოდა.

VI-VII საუკუნიდან დაწყებული დასავლეთ საქართველოს - ეგრის-აფხაზეთის საკათალიკოსოსს ჩამოყალიბება X საუკუნის დამდეგს დასრულდა და იგი მცხეთის საკათალიკოსოს გავლენას დაექვემდებარა. გაერთიანებული ქვეყნის დაწინაურებულ კათედრად ქუთაისის საეპისკოპოსო ითვლებოდა, რომელიც გურიისა და აჭარის მნიშვნელოვან ნაწილსაც აერთიანებდა.

X საუკუნის ბოლო მეოთხედიდან, 978 წელს ქუთაისში გაერთიანებულ საქართველოს მომავალი მეფის ბაგრატ III-ის კურთხევის შემდეგ იგი ოფიციალურად საქართველოს დედაქალაქი, ხოლო „ქუთათელი - საქართველოს მეფეთა მაკურთხებელიცა და მესაფლავეც გახდა“. საქართველოს იმჟამინდელი დედაქალაქისთვის ახალი სამღვდელმთავრო კათედრალი 1003 წელს ააშენა მეფე ბაგრატმა. ქუთაისი 1122 წლამდე, დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის აღებამდე, საქართველოს დედაქალაქად ითვლებოდა და ამის შემდეგაც რუსუდანის, დავით ნარინისა და სხვათა მეფობისას იგი საქართველოს სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა.

დაწინაურებული საქუთათელო სამწყსოს მთლიანობამ XV საუკუნემდე გასტანა. XV საუკუნიდან კი, გურიის დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოყალიბების შემდეგ, გურიელმა ერისთავმა ქუთათელს ეპარქიულად განაშორა ძველი სამწყსო და აქ მისგან დამოუკიდებელი სამი სამღვდელმთავრო კათედრა - შემოქმედი, ჯუმათი, ხინოწმინდა - შექმნა. XVI საუკუნის 30-იან წლებში კი იმერთა მეფემ ბაგრატ III - (1510-1565 წწ.) უშუალოდ იმერეთის (ვაკე, ოკრიბა,ზემო იმერეთი) ტერიტორიაზე, ქუთათელის სამწყსოში ორი ახალი ეპარქია - ხონი და გაენათი (გელათი) ჩამოაყალიბა.

XVII-XVIII სს. იმერეთის საერთო დაკნინების პერიოდი, ქუთათელის სამღვდელმთავროს დამცრობის ხანად ითვლება. კათედრა 1691 წელს, ბაგრატის კათედრალის ოსმალთა მიერ აფეთქების შემდეგ, დროებით გაუქმდა კიდეც. ქუთაისის გაპარტახებული ეპარქიის აღდგენა XVIII საუკუნის შუა წლებიდან იწყება. 1740 წელს სრულიად ახალგაზრდა - 20 წლის მიტროპოლიტი ანტონ ბაგრატიონი, მომავალში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I, ქუთაისის ეპარქიის მწყემსმთავრად დაადგინეს. იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ძალისხმევას უკავშირდება დამცრობილ-დაკნინებული ქუთაისისა და გელათის სამღვდელმთავროთა ტერიტორიის და ძველი მამულების მოძიება და განახლება.

1540-იან წლებში აფხაზეთის საკათოლიკოსო კათედრისა და რეზიდენციის გელათში გადმოტანის შემდეგ, კათოლიკოსად ხშირად ქუთათელს ან გაენათელს ნიშნავდნენ. კათოლიკოსი ზოგჯერ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის - იმერეთის, გურიის, სამეგრელოს... ტერიტორიაზე არსებულ სამღვდელმთავრო კათედრების ეპისკოპოსადაც იწოდებოდა.

მე-18 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან თითქმის ოთხი ათეული წლის მანძილზე, 1820 წლამდე, აღნიშნულ კათედრებს განაგებდნენ მიტროპოლიტები დოსითეოს წერეთელი და ექვთიმე შერვაშიძე. დასავლეთ საქართველოში, აღნიშნულ მღვდელმთავართა ძალისხმევით, გურიისა და სამეგრელოს მთავართა და იმერეთის სამეფოს ხალხისა და დიდებულების თანხმობის მოპოვების შემდეგ, მთელი საქართველოს ერთ სამეფოდ გაერთიანების საფუძველი მომზადდა. გაერთიანების მოსურნე უმრავლესობის სურვილის მიუხედავად, იმჟამად საქართველო ვერ გაერთიანდა. სამაგიეროდ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის „ივერიელთა ერთობის ტრაქტატი“ დაიდო.

1819-1920 წწ. იმერეთის ცნობილი აჯანყებისას, დოსითეოს ქუთათელი და ექვთიმე გენათელი, აჯანყების შუაგულში აღმოჩნდნენ. იმერეთის აჯანყების სასტიკად ჩახშობის შემდეგ, 1821 წლის რუსეთის სინოდის 19 ნოემბრის ბრძანებით, იმერეთში არსებულ ეპარქიებიდან შეიქმნა მხოლოდ ერთი - იმერეთის ეპარქია, რომლის კათედრა ქუთაისში იყო. ეპარქიის მმართველობა, იმპერატორის ნება-სურვილით, მანამდე ნიკორწმინდელ მთავარეპისკოპოს სოფრომ წულუკიძეს მიანდეს. მას რუსეთის სინოდმა არქიეპისკოპოსის წოდება დაუტოვა. სოფრომის შემდეგ იმერეთის ეპარქიას განაგებდნენ:

ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის სექტემბერში, საქართველოს ეკლესიის პირველ კრებაზე განახლებულ 13 ეპარქიას შორის ქუთაისისა და გაენათის ეპარქიებიც აღდგა. კრებაზე ქუთათელ მღვდელმთავრად არჩეულ იქნა მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე. მალე ქუთაისისა და გაენათის კათედრები ერთ სამწყსოდ გაერთიანდა და ქუთაის-გაენათის ეპარქია ეწოდა. 1917 წლიდან ქუთაის-გაენათის ეპარქიას მწყსიდნენ:

ქუთაის-გაენათის ეპარქიას 1983 წლიდან მართავს მიტროპოლიტი კალისტრატე მარგალიტაშვილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]