შინაარსზე გადასვლა

ზოროასტრიზმი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზოროასტრული ტაძარი
ფარავაჰარი - ადამიანის სულის გამოსახულება დაბადებამდე და გარდაცვალების შემდეგ

ზოროასტრიზმი, ატროშანი, მაზდეანობა (სპარს. زرتشتی‌گری) — ძელი სპარსული რელიგიური დუალისტური დოქტრინა. 211-640 წლებში სასანელთა დინასტიის დროს ზოროასტრიზმი ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად იქცა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სპარსეთის აქემენიანთა და პართთა იმპერიებში. იგი ამჟამად ინდოეთში ფარსების რელიგიაა, ირანში — ღებრების. ზოროასტრიზმის ელემენტებს შეიცავს ეზიდების რელიგიური პრაქტიკაც.

ზოროასტრიზმის საღვთო წიგნს ავესტა ეწოდება. ამ რელიგიის დამაარსებელი იყო ზარათუშტრა, რომელსაც დასავლეთში იცნობენ მისი სახელის ბერძნული ვერსიით — ზოროასტრით. მისი სახელის ეტიმოლოგია საკამათოა და რამდენიმე განსხვავებული ახსნა არსებობს. თანამედროვე სპარსული ფორმით წინასწარმეტყველის სახელი არის ზართოშთი (زرتشت). ზარათუშტრა ცხოვრობდა ძვ. წ. VII-VI სასუუკუნეებში. თუმცა პლატონი მას ძვ. წ. 64-ე საუკუნეს მიაკუთვნებს. ზარათუშტრამდე მაზდეანობა გავრცელებული იყო სპარსელების წინაპარ არიელებში. ზარათუშტრამ მისცა საბოლოო სახე მოძღვრებასა და ღვთისმსახურების წესებს. მას მიაწერენ გათას პოემების კრებულს, რომელიც მის მიმდევართა მიერ ზეპირსიტყვიერებით შემონახულ იქნა საუკუნეების განმავლობაში, ხოლო პართიელთა და სასანიდთა პერიოდში ავესტა (რომლის მთავარი ნაწილი გათასი იყო) ხელნაწერებში იქნა გადატანილი.

ზოროასტრიზმის უზენაესი ღვთაება აჰურა მაზდაა, რის გამოც მას ხშირად მაზდეანობასაც უწოდებენ. იგი დუალისტური რელიგიაა, მასში ერთმანეთს უპირისპირდება ორი საწყისი — სიკეთე და ბოროტება, სინათლე და წყვიადი. ზარათუშტრა ასწავლიდა, რომ ქვეყნიერება შექმნილია უზენაესი ღვთაების, აჰურა მზადას (ჰორმუზდის) მიერ წმინდა სულის — სპენტა მანიუსა და 6 ამეშასპენტის დახმარებით. ეს კეთილი სულები გამუდმებით ებრძვიან ბოროტ სულებს ანგრა-მანიუს (აჰრიმანს), რომელსაც 6 დემონი ეხმარება. ამ ძალების განუწყვეტელი ჭიდილი განსაზღვრავს მსოფლიოს განვითარების პროცესის შინაარსს. ქალწულის მიერ შობილი სიაოშის ქვეყნიური ცხოვრების შემდეგ აჰურა მაზდა საბოლოოდ გაიმარჯვებს და ყოველი ადამიანი (მისი სული) გაივლის ბეწვის ხიდზე; ცოდვილნი ცეცხლის ალში ჩაინთქმებიან, ხოლო მართალნი უვნებლად გაივლიან და სამუდამო სასუფეველს ჰპოვებენ. ზოროასტრიზმის წმინდა გამოვლინებაა ცეცხლი — ღვთაებრივი სამართლიანობის განსახიერება. ამ რელიგიის თანახმად ადამიანის დანიშნულებაა არჩევანის გაკეთება ამ ორ საწყისს შორის.

ზოროასტრიზმი საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოროასტრიზმმა საქართველოში ფართო გავრცელება ჰპოვა. მისი გავრცელების ისტორია 3 ძირითად პერიოდს მოიცავს:

  • აქამენიდური პერიოდი (ძვ. წ. VI - ახ. წ. III საუკუნეები). ზოროასტრიზმი ამ პერიოდში საქართველოში მშვიდობიანი გზით ვრცელდებოდა. მისი მძლავრი გავლენის კვალი ქართულ ენაში დღემდეა შემორჩცენილი (ტერმინები: ტაძარი, კერპი, ზვარაკი, ეშმა, ბაგინი, დროშა, ანდერძი, დასტური და სხვა). ზოროასტრიზმი განსაკუთრებით ფეხმოკიდებული ჩანს ქართლის სამეფოს მმართველ ზედა ფენაში. ამას მოწმობს ამ ხანის ონომასტიკონი და ირანულ-ზოროასტრული თეოფორიული სახელები (ფარნავაზ, ფარნაჯომ, არტავაზი, არშაკი, ბაგრატი, ბარტომი, ბაკურ, მიჰრდათ, მიჰრ, მირანდუხტ, აზირკი და სხვა). ქართლში ცეცხლთაყვანისმცემლობის არსებობას მოწმობს „დედოფლის მინდორზე“ აღმოჩენილი სატაძრო კომპლექსი (ძვ. წ. II საუკუნე).
  • სასანიდური პერიოდი (III-VII საუკუნეები). ეს ის ხანაა, როცა სპარსეთმა გადაუხვია რელიგიური ტოლერანტობის პოზიციებს და უკვე ძალით ცდილობდა ზოროასტრიზმის გავრცელებას აღმოსავლეთ საქართველოში და მის სახელმწიფო რელიგიად ქცევას. ზოროასტრიზმს საქართველოში ამ დროს დაუპირისპირდა ქრისტიანობა, რომელიც განუწყვეტლივ იბრძოდა მის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის კვალი კარგად ჩანს იმდროინდელ ქართულ წერილობით წყაროებში და მხატვრულ ლიტერატურაში (შუშანიკის წამება, ევსტათი მცხეთელის მარტვილობა, ლეონტი მროველისა და ჯუანშერის ისტორია და სხვა). მიუხედავად ამ ბრძოლისა, ჯუანშერის ცნობით, საქართველოში ყოფილა „საგზებელი ცეცხლისაჲ“ ლოპოტის ხევსა და ნიქოზში.
  • სასანიდთა იმპერიის დაცემის შემდგომი პერიოდი (VIII-IX საუკუნეები). აღნიშნულ პერიოდში ზოროასტრიზმი სპარსეთში დევნილ რელიგიად იქცა. საქართველოში ამ დროს ზოროასტრული კულტების გამოცოცხლება იწყება. ეს შეიმჩნევა ნივთიერი კულტურის ძეგლებში. შემდეგ საუკუნეებში ზოროასტრული კულტები მხოლოდ გადმონაშთების სახით განაგრძობენ არსებობას საქართველოში (თბილისში ფეთხაინზე დღემდეა შემორჩენილი ცეცხლის ტაძრის ათეშგას ნაშთები).
  • გაბიძაშვილი ე., საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბილისი, 2007.  გვ. 348-349, ISBN 978-99940-69-47-7.
  • რელიგიები საქართველოში, თბ.: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008.  გვ. 31, ISBN 978-9941-0-0902-0.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]