რომის კათოლიკური ეკლესია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Pope Francis in March 2013.jpg

ეკლესია, რომლის მოძღვრება კათოლიციზმია, არის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქრისტიანული დენომინაცია, რომელიც სხვა დენომინაციებისგან გამოირჩევა ინსტიტუციური ერთიანობით. 2005 წლის 31 დეკემბრისთვის კათოლიკეთა რიცხვი მსოფლიოში შეადგენდა 1.114.966.000-ს, რაც ქრისტიანობის 54,7%, ხოლო მსოფლიო მოსახლეობის 17,25%-ია.[1] კათოლიკე მორწმუნეები ოფიციალურად მსოფლიოს 238 ქვეყანაში არიან წარმოდგენილი. კათოლიკური ეკლესიის იერარქიას სათავეში უდგას რომის პაპი (ამჟამად ბენედიქტე XVI), რომელიც ირჩევა კარდინალთა კოლეგიუმის მიერ (2007 წლის 5 აპრილისთვის კოლეგიუმში იმყოფებოდა 184 კარდინალი, აქედან 108 საარჩევნო უფლებით ანუ 80 წელზე ახალგაზრდა). კარდინლების შემდეგ პასუხისმგებლობა აკისრიათ სხვადასხვა რანგის ეპისკოპოსებს, რომელთა მთლიანი რაოდენობა 4.967-ია. ეპისკოპოსთა შორის გამორჩეულნია არიან პატრიარქები, რომელთა რაოდენობაც 13-ია (რომის გარდა), აქედან 3 ლათინური საპატრიარქოებს (ვენეცია, იერუსალიმი, ლისაბონი), ხოლო დანარჩენი 10 აღმოსავლური საპატრიარქოები. ზოგიერთი პატრიარქი ერთდროულად კარდინალიც შეიძლება იყოს. მღვდელთა რაოდენობა 2001 წლის მონაცემებით შეადგენს 405,067. მთელი კათოლიკური საეკლესიო ცხოვრების წესი დარეგულირებულია ეკლესიის კანონიკური კოდექსით, რომელიც ბოლოს 1983 ორ წიგნად გამოიცა: ერთი კოდექსი არეგულირებს ლათინური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესიის წესებს, ხოლო მეორე აღმოსავლური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესიის წესებს. ამის მიზეზია ის, რომ კათოლიკური ეკლესია აერთიანებს სხვადასხვა ლიტურგიულ წესს. 4 ლიტურგიული წესი დასავლური ტრადიციიდან მოდის: ძველი რომაული, ახალი რომაული, ამბროსიანული და მოზარაბული, და 4-იც აღმოსავლურიდან: სირიული რაც იგივეა რაც ძველი ასურული, სომხური, ბიზანტიური და ალექსანდრიული.

კათოლიკური ეკლესიის ცენტრალური აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოების ერთობლიობას ჰქვია კურია და სრულად იმყოფება ვატიკანის ტერიტორიაზე. კურია შედგება სახელმწიფო სამდივნოს, კონგრეგაციების, სასამართლოების, პაპისეული აკადემიებისა, საბჭოების და სხვა სამსახურებისგან. აქედან სახელმწიფო სამდივნო მაგალითად არის ვატიკანის საგარეო ურთიერთობებისთვის პასუხისმგებელი, ხოლო კონგრეგაციები, რომელთაც ვატიკანში მუდმივად მყოფი კარდინლები მეურვეობენ, უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოებად ითვლებიან.

საქართველოში კათოლიკეთა რიცხვი 2002 წლის აღწერით შეადგენს დაახლ. 35 000-ს ანუ მოსახლეობის 0,8%-ს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ციფრში იგულისხმებიან მხოლოდ რომის კათოლიკენი და არ იგულისხმება სომხურ-კათოლიკური მოსახლეობა, რომელიც მოსახლეობის ეთნიკურ აღწერაში გამოტოვებული არ არის (ასე 5,7%-ეთნიკურად სომხური მოსახლეობიდან მხოლოდ 3,9%-ია გრეგორიანული სარწმუნოების). ამგვარად, სომეხ კათოლიკეთა რიცხვი საქართველოში უნდა შეადგენდეს დაახლ. 60 000-ს. შესაბამისად კათოლიკეთა მთლიანი რიცხვი საქართველოში შეადგენს დაახლ. 95 000-ს (ანუ მოსახლეობის 2%-ს).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. [1].