დიმიტრი ყიფიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიმიტრი ყიფიანი
დიმიტრი ყიფიანი
Coat of Arms of Kutais Governorate.png
Coat of Arms of Kutais Governorate.png
ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 მაისი, 1885 – 1886
მონარქი  ალექსანდრე III
წინამორბედიალმასხან ნიჟარაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 მაისი, 1879 – 1882
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეივანე ბაგრატიონ-მუხრანელი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1875 – 1879
მონარქი  ალექსანდრე II
წინამორბედიიასონ თუმანოვი
მემკვიდრეალექსანდრე მატინოვი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1864 – 1870
მონარქი  ალექსანდრე II
წინამორბედიალექსანდრე ორბელიანი
მემკვიდრერევაზ ანდრონიკაშვილი

დაბადებული26 აპრილი, 1811
მერეთი
გარდაცვლილი5 ნოემბერი, 1887 (73 წლის)
სტავროპოლი
ეროვნებაქართველი
მამაქოჩო (ივანე) ყიფიანი
დედაბარბარე ფურცელაძე
მეუღლენინო ჭილაშვილი
შვილებინიკოლოზ ყიფიანი
კონსტანტინე ყიფიანი
ელენე ყიფიანი
პროფესიასახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ლიტერატორი, მთარგმნელი
რელიგიაქრისტიანი
ხელმოწერაDimitri Kipiani signature.svg

დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი (დ. 26 აპრილი [ძვ. სტ. 14 აპრილი], 1811/1814[1][2] სოფ. მერეთი, გორის მაზრა — გ. 5 ნოემბერი [ძვ. სტ. 24 ოქტომბერი], 1887, სტავროპოლი) — ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი. ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი 1864-1870 წლებში, ტფილისის ქალაქის თავი 1875-1879 წლებში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე 1879-1882 წლებში, ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი 1885-1886 წლებში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად (2007).

სექციების სია

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი ყიფიანი დაიბადა 1811 წლის (ზოგიერთ ჩანაწერში 1814 წელს) 26 აპრილს, გორის მაზრის სოფელ მერეთში, ქოჩო (ივანე) ყიფიანისა და ბარბარე ფურცელაძის ოჯახში. დიმიტრის მამა ქოჩო ყიფიანი სააბაშიოდან წამოსული აზნაური იყო. ოჯახს დიმიტრის გარდა სამი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავდა. უფროსი ძმა ქაიხოსრო ყიფიანი დიმიტრიზე 20 წლით უფროსი იყო. გარდაიცვალა 1867 წელს, სოფელ ქვიშხეთში. მისი მეორე ძმა გიორგი ყიფიანი (1800-1874) სიკვდილამდე სოფელ ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანთან ცხოვრობდა, მესამე ძმა იოსებ ყიფიანი (1805-1841/1851) იყო. დიმიტრი ყიფიანის დები იყვნენ თინათინ ყიფიანი-მუსხელიშვილისა და ანასტასია ყიფიანი-კვალიაშვილისა.[3] ნიკოლოზ ყიფიანის ჩანაწერების მიხედვით დიმიტრის მამა ადრეულ ასაკში გარდაცვლილა, ხოლო დედაც რამდენიმე წელში, დიმიტრის 7-8 წლის ასაკში ყოფნისას გარდაცვლილა,[4] მაგრამ მკვლევარი გურამ ყორანაშვილი შენიშნავს, რომ 1833 წლის დაკითხვისას ჩანს, რომ იმ დროს ბარბარე ფურცელაძე ცოცხალი უნდა ყოფილიყო.[5]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი ყიფიანმა წერა-კითხვა, ანგარიში და საღვთო სჯული ჯერ კიდევ მერეთში, ბავშვობის ასაკში შეისწავლა. ობოლ ძმებზე კი უფროსი ძმა — ქაიხოსრო ყიფიანი ზრუნავდა. ქაიხოსროს დიმიტრი სამსახურში, სურამში დაჰყავდა ხოლმე და აქვე გაიცნო მან თბილისში მცხოვრები პრაპორშჩიკი ნიკიფორე ფედოროვი.[6] ნიკიფორე ფედოროვის მეუღლეც ყიფიანი იყო და მან ერთხანს ქაიხოსროსთან დაჰყო, სადაც დიმიტრის ნიჭიერება, რუსული ენის სწრაფი ათვისების უნარი აღმოაჩინა. მან გადაწყვიტა დიმიტრი ეშვილა და ამგვარად იგი ერთხანს რუსულ-ქართულ ოჯახში იზრდებოდა.

თბილისში, ერთი წლის განმავლობაში დიმიტრი სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, შემდგომ ტფილისის კეთილშობილთა სასწავლებელში.[7]

ვიკიციტატა
„როგორც სასულიერო სემინარიაში, აგრეთვე კეთილშობილთა სასწავლებელშიაც ერთს ადგენენ: ანიდან ჰოემდე უაზროთ გაზეპირებას და რაიმე დანაშაულისათვის კი ხელის გულზე სახაზავით ცემას. ეს იყო და ეს მაშინდელი პედაგოგიური სიბრძნე. მე ჯერ სემინარიაში მიმაბარეს. შემდეგ კი საჭირო დოკუმენტები შემიკრიბეს და კეთილშობილთა სასწავლებელში გადამიყვანეს.[8]

- აღნიშნავს დიმიტრი ყიფიანი მემუარებში.

17 წლის დიმიტრიმ 1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი. 1830 წლის 1 ნოემბერს, უკვე გიმნაზიად გადაკეთებულ სასწავლებელში პედაგოგიურმა საბჭომ, შესაბამისი გამოცდების შემდეგ უმცროსი მასწავლებლის თანამდებობაზე მიიღო. იგი პირველ კლასში ასწავლიდა გეოგრაფიას, არითმეტიკას, ქართულ და რუსულ ენებს, ხოლო მეორე კლასში სუფთა წერას.[9]

1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართლ-კახეთის სამეფოსა და დანარჩენი სამეფო-სამთავროების რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ არ წყდებოდა ეროვნულ-განმათვისუფლებელი მოძრაობა უკვე გუბერნიებად დაყოფილ საქართველოში. ამის ერთ-ერთი მაგალითია 1832 წლის შეთქმულება, რომელიც საქართველოს რუსეთის იმპერიისაგან გათავისუფლების იდეისკენ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული წინააღმდეგობრივი მოძრაობა იყო. შეთქმულების ორგანიზატორთა შორის იყვნენ დიმიტრი ბატონიშვილი, ოქროპირ ბატონიშვილი, დავით ორბელიანი, სოლომონ დოდაშვილი, გიორგი ერისთავი. ორგანიზაციას მალე შეუერთდნენ ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, დიმიტრი ყიფიანი და სხვები. შეთქმულების მარცხი იასე ფალავანდიშვილის მიერ ხელისუფლებასთან დასმენამ განაპირობა. 1832 წლის 11 დეკემბრიდან შეთქმულთა დაპატიმრებები დაიწყო.[10] ნიკოლოზ ყიფიანის ჩანაწერებში ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„სანამ გამოძიება გათავდა გავიდა, გავიდა თითქმის ერთი წელიწადი, როცა მეტეხის ციხეში დაამწყვდიეს, მოითხოვა ფრანგული წიგნები და შეუდგა გულ-მხურვალედ ფრანგული ენის სწავლასა. მანამ მეტეხის ციხეში იჯდა, ისწავლა ფრანგული საფუძვლიანად, ასე რომ თავისუფლად კითხულობდა ფრანგულ წიგნებსა.[11]

შეთქმულების მონაწილეებს სასამართლომ სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა, თუმცა იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა შეიწყალა. სიკვდილით დასჯა გადასახლებით შეცვალეს. დიმიტრი ყიფიანი 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ვოლოგდაში გადაასახლეს.[12]

გადასახლება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1834 წელს დიმიტრი ყიფიანის ვოლოგდაში გადასახლების შემდეგ მას ნება დართეს ვოლოგდის გუბერნატორის კანცელარიაში დაეწყო მუშაობა. თავდაპირველად რიგითი მწერლის ფუნქცია ჰქონდა, ექვსი თვის შემდეგ მდივნად დააწინაურეს, ხოლო 1835 წლისათვის ვოლოგდის გუბერნატორის კანცელარიის მმართველი გახდა. დიმიტრი ყიფიანის თავდაუზოგავმა მუშაობამ, სხარტმა აზროვნებამ და პროგრესულმა შეხედულებებმა იქაური ინტელიგენციის ყურადღება მიიქცია. განათლებულ საზოგადოებაში მალე განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. ვოლოგდის გუბერნატორის სიმპატია იქამდე მივიდა, რომ დიმიტრისთვის მისი ქალიშვილის ცოლად შერთვა მოისურვა. შემოთავაზება მან არ მიიღო და გუბერნატორს უმაღლეს ხელისუფლებასთან საქართველოში დაბრუნებაში შუამდგომლობა სთხოვა.[13]

დიმიტრი ყიფიანი 1837 წლისათვის საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ თბილისში ცხოვრების ნება არ მისცეს და ქუთაისში ჩავიდა, სადაც „იმერეთისა და გურიის გუბერნატორის“ კანცელარიაში გაამწესეს. იგი იმერეთის მმართველის, გენერალ-მაიორ იაკიმ მიხეილ) მიხეილის ძე ესპეხოს მდივნად დანიშნეს და ამ თანამდებობაზე 1839 წლის 16 იანვრამდე იმსახურა.[14] 1839 წლის იანვარში დიმიტრი ყიფიანი გადაიყვანეს თბილისში, მთავარმართებლის კანცელარიაში, 8 თებერვალს დანიშნეს კანცელარიის სამეურნეო განყოფილებაში მაგიდის უფროსად. 1840 წლის 16 ოქტომრიდან პარალელურად იყო ამიერკავკასიის სასტატისტიკო კომიტეტის საქმისმწარმოებელი. 1840 წლის 15 დეკემბრიდან 1845 წლის 28 აგვისტომდე მსახურობდა მთავარმართებლის კანცელარიის განყოფილების გამგედ, 1845 წლის 28 აგვისტოს დანიშნეს კანცელარიის საქმისმწარმოებლად, იმავე წლის 28 სექტემბერს კანცელარიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად; 1846 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული კანცელარია გაუქმდა, ხოლო მის ნაცვლად მთავარმმართველობის საბჭო შეიქმნა და დიმიტრი ყიფიანი საბჭოს საქმეთა მმართველად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე იგი 1857 წლის 9 აპრილამდე მსახურობდა. აქ მსახურების პერიოდში მეფისნაცვალმა მურავიოვმა დიმიტრი ყიფიანი დააწინაურა და მეფისნაცვლის კანცელარიის დირექტორად დანიშნა, მაგრამ ეს თანამდებობა მას პეტერბურგში არ დაუმტკიცეს და მთავარმმართველობის საბჭოს საქმეთა მმართველად დაბრუნდა. მეფისნაცვალმა ალექსანდრ ბარიატინსკიმ დიმიტრი ყიფიანი ამიერკავკასიის მხარის მთავარმმართველობის საბჭოში წევრად შიყვანა, ამ თანამდებობაზე იმპერატორმა ალექსანდრე II-მ იგი 1857 წლის 8 მაისს დაამტკიცა.[15] [16]

1862 წლამდე იყო მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, 1859-1867 წლებში სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვე. 1864-1870 თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885-1886 ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. მონაწილეობდა საგლეხო რეფორმის პროექტის შედგენაში; სათავეში ედგა ქართველი თავადაზნაურობის ლიბერალურ ფრთას. 1876-1879 იყო თბილისის ქალაქისთავი.

1845 წელს, თბილისში ცოლად შეირთო დუშელი მემამულის, გენერალ გიორგი ჭილაშვილის ასული ნინო.[17]

1840-იანი წლებიდან არ ყოფილა საქმე, რომლის ინიციატორთა, დამწყებთა ან იდეის ავტორთა შორის დიმიტრი ყიფიანი არ ყოფილიყო.

დიმიტრი ყიფიანის მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი ყიფიანის საფლავი მთაწმინდაზე

1887 წლის 24 ოქტომბერს, ღამით სტავროპოლში მოკლეს დიმიტრი ყიფიანი. ქართულმა საზოგადოებამ ეს ამბავი პრესის ფურცლებიდან 29 ოქტომბრიდან შეიტყო. 30 ოქტომბერს გაზეთი „ივერია“ აქვეყნებს დეპეშას, სადაც დიმიტრი ყიფიანის მკვლელობაზეა საუბარი. პირველადი ვერსიით წერენ, რომ იგი მძინარეა მოკლული, გვამს თავში მძიმე ნივთი, კერძოდ სასწორის ქვა ჰქონდა ჩარტყმული და ხელ-ფეხი შეკრული. მისი საქართველოში ჩამოსვენების ნებართვა 29 ოქტომბრის საღამოს იქნა გაცემული.[18] განსვენებულის ნეშტი სტავროპოლიდან 31 ოქტომბრის დილას, 08:00 საათზე გამოასვენეს, რომელსაც თან მოჰყვებოდნენ მიხეილ ზაალის ძე ყიფიანი და კოტე დიმიტრის ძე ყიფიანი.[19] გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე ამავე დღეებში დაანონსდა პანაშვიდები თბილისის ქაშუეთის, თბილისის ანჩისხატის, მცხეთის, დუშეთის, გორის, სტავროპოლის ეკლესიებში.[20]

დაკრძალვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ რაც დიმიტრი ყიფიანის ცხედრის სამშობლოში ჩამოსვენების ამბავი გადაწყდა, შეიქმნა მისი დამკრძალავი კომისია, რომელშიც მონაწილეობასაც იღებდნენ ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვა იმდროინდელი ქართველი საზოგადო მოღვაწეები.[21] ექვთიმე თაყაიშვილი წერს:

ვიკიციტატა
„კომისიაში ამირჩიეს მეც. ვინ დამასახელა, აღარ მახსოვს. მაგრამ საერთოდ მაშინ უკვე ყველა ასეთ კომისიებში მასახლებდნენ ხოლმე, იმიტომ, რომ ცოტა იყო ასარჩევი ადამიანები. კომისიაში სულ თხუთმეტი კაცი იქნებოდა, მაგრამ ამასთანავე დამხმარეც აუარებელი გვყავდა. შევიმუშავეთ დაკრძავლის გეგმა. ჭირისუფლობა იკისრა განსვენებულის ნათესავმა დავით ყიფიანმა – ცნობილმა მოღვაწემ და კარგმა კაცმა; თბილისში დიდად მიღებულმა ნოტარიუსმა, ილია ჭავჭავაძის, ივ. პოლტარაცკის, ალ. ჯაბადარისა და სხვათა მეგობარმა. ოფიციალური მიმოწერა, ნებართვის მიღება და სხვა ასეთი რამეები სულ მას დაეკისრა.[22]

თედო სახოკიას მოგონებით, დაკრძალვის ხელმძღვანელად არჩეული იყო ვალერიან გუნია.[23] დაკრძალვის პროცესიას უამრავი მოქალაქე დაესწრო. სამგლოვიარო ლენტებით იყვნენ წარმოდგენილნი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, დაწესებულებებიდან. ცხედარს თბილისში, ვერაზე აღმართულ ჯვართან დახვდნენ. პროცესიაც აქედან უნდა დაწყებულიყო. ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებებით ვიგებთ, რომ კომისიის გეგმით, ცხედარი უნდა გაეტარებინათ მაშინდელ გოლოვინის (ახლანდელი რუსთაველის გამზირით) პროსპექტით ერევნის მოედნამდე (ახლანდელ თავისუფლების მოედნამდე). შემდგომ უნდა აეხვიათ სოლოლაკის ქუჩაზე და პეტრე დიდის ქუჩით უნდა ასულიყვნენ მთაწმინდაზე, სადაც დიმიტრი ყიფიანი უნდა დაეკრძალათ. პროცესიას წინ მიუძღოდა ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე). პროცესიას განსაკუთრებულად მეთვალყურეობდა პოლიცია.[24] იმდროინდელ ხელისუფლებას არ სურდა ცხედრის ცენტრალურ ქუჩაზე გატარება, ამიტომაც გაიცა ბრძანება ალექსანდრე ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩით წაეყვანათ მთაწმინდისაკენ, თუმცა ამან საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. პოლიციას შეეწინააღმდეგნენ თავადი ნიკო დიასამიძე, დავით ყიფიანი და ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე). პოლიციის წინააღმდეგობა გაარღვიეს და მეფისნაცვლის სასახლის წინ დემონსტრაციულად მიცვალებულის სახელზე ლოცვა გადაიხადეს.[25] ცხედარს, განსვენებულის ოჯახთან ერთად მიჰყვებოდნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, დავით ყიფიანი და სხვა მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. პროცესია სოლოლაკის ქუჩით ავიდა მთაწმინდისაკენ, სადაც პირველი სიტყვა აკაკი წერეთელმა წარმოსთქვა. ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებებით ილია ჭავჭავაძეს საჯარო სიტყვა არ უთქვამს, თუმცა როგორც იგი აღნიშნავს რამდენიმე კაცისთვის უთქვამს:

ვიკიციტატა
„რა ამბავსაც დღეს აქ ვუყურებთ, ამას არავითარი სიტყვა არ სჯობიაო![26]

1899 წლის 24 ოქტომბერს, დიდი მონდომებისა და მოლოდინის შემდეგ, მთაწმინდაზე, მამა დავითის ეკლესიის გალავანთან დიმიტრი ყიფიანის საფლავზე განსვენებულის ძეგლი აკურთხეს. როგორც გაზეთი "ივერია" გვამცნობს ბიუსტი თეთრი მარმარილოსაგან დაამზადეს იტალიაში, მხატვარ ფიოდორ ხოდოროვიჩის მოდელით. ამავე დღეს საღმრთო ლიტურღია და პანაშვიდი გადაიხადა გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ და ალავერდის ეპოსკოპოსმა კირიონმა (შემდეგში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები). პანაშვიდს დაესწრო დიმიტრი ყიფიანის ქვრივი ნინო ჭილაშვილი და ოჯახის სხვა წევრები, აგრეთვე იმდროინდელი ქართული ინტელიგენცია. ძეგლის გახსნის შემდეგ სიტყვა წარმოსთქვა მამა დავითის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ნესტორ მაჭარაშვილმა. გაიხსენეს დიმიტრი ყიფიანის წვლილი ქართველი ერის წინაშე.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყიფიანი იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. აქტიურად მონაწილეობდა ბატონყმობის გაუქმების მომზადებაში. ყიფიანი იყო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა“ და „ქართული დრამატული საზოგადოების“ ერთ-ერთი დამაარსებელი. იღვწოდა საბიბლიოთეკო საქმის განვითარებისათვის.

ყიფიანის ნააზრევში ქვეყნის საზოგადოების განვითარების თაობაზე პროგრესული იდეები ჭარბობს. ყიფიანი ემხრობოდა სათავადოების საკუთრებაში მყოფი ვრცელი მამულების დანაწილების დაჩქარებას და ცალკეული მემამულეების სრულ კომლობრივ საკუთრებაში მათ გადაცემას. ყიფიანი საზოგადოებრივი ურთიერთობების ევროპულ ყაიდაზე რადიკალური გარდაქმნის მომხრე იყო.

ეროვნულ საკითხში ყიფიანისთვის ამოსავალი იყო დებულება, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ის ერი შეიძლება დაადგეს პროგრესის გზას, რომელიც აზროვნებს და მეტყველებს მშობლიურ ენაზე. იგი ხაზგასმით აღნიშნავდა ისტორიულ უფლებას, რომელსაც ქართველ ხალხს ანიჭებდა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი. დიდი იყო ყიფიანის მოღვაწეობის მნიშვნელობა ქართველი ხალხის ეროვნული შეგნების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში, მის ეროვნულ კონსოლიდაციაში. ყიფიანის ნააზრევი და პრაქტიკული საქმიანობა ჩაგრული ერის ყველა ძირითადი სოციალური ფენის ინტერესებს ეხმაურებოდა. მისი სწრაფვა ქართველი ხალხის ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად და საზოგადო-პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლის ფართო გზაზე გასაყვანად სრული გაგებით და მხარდაჭერით სარგებლობდა ხალხის ფართო დემოკრატიულ ფენებში.

ლიტერატურული მოღვაწეობა ყიფიანმა თარგმნით დაიწყო. 1841 წელს მან თარგმნა შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ (გამოქვეყნდა „ცისკარში“ 1896). 1851 წელს დაიბეჭდა მის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი გ. ერისთავის „გაყრა“. 1857-დან თანამშრომლობდა „ცისკარში“. აქვე დაიბეჭდა ჟანლისის, ოქტავ ფელიეს, მოლიერის, შექსპირის, ბომარშესა და სხვების თხზულებათა თარგმანები, 1882 წელს სანქტ-პეტერბურგში გამოაქვეყნა „ახალი ქართული გრამატიკა“, რომლის გამოცემას ქართული ენისა და ქართული სკოლების დევნის პერიოდში არა მარტო პრაქტიკულ-პედაგოგიური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა.

ყიფიანს ეკუთვნის ლექსი — პასუხი ვახტანგ ორბელიანის მიძღვნის ლექსზე — „ძველი მეგობრობის პასუხი“ (გაზეთი „დროება“, 1883, ფსევდონიმით „ბაქარ ქართლელი“), აგრეთვე მემუარები რუსულ ენაზე (1884-1885).

ყიფიანის დაკრძალვისას ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის მეთაურობით მოწყობილი ხალხმრავალი თავყრილობა მთავრობის საწინააღმდეგო მძლავრ დემონსტრაციად გადაიქცა. მის ხსოვნას უძღვნა ა. წერეთელმა „განთიადი“.

დაკრძალულია მთაწმინდაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ეროვნული ხსნის პროგრამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1840-იან წლებში დიმიტრი ყიფიანი სამოღვაწეო ასპარეზზე აქტიურად გამოვიდა. არჩილ ჯორჯაძე ამ პერიოდის საქართველოში მიმდინარე პროცესებს აფასებს, როგორც „დეზორგანიზებულ ეროვნულ ცხოვრებას“. შესაბამისად, დიმიტრი ყიფიანის საქმიანობა, მსგავსი ეპოქის ფონზე აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი იყო. დიმიტრი ყიფიანი აყალიბებს „ეროვნული ხსნის პროგრამას“, რომელსაც საფუძვლად უდებს თავადაზნაურულ-ლიბერალური განმანათლებლობის იდეოლოგიას.[27] დიმიტრი ყოფიანის ბიოგრაფი პროფესორი თამაზ ჯოლოგუა აღნიშნავს:

ვიკიციტატა
„დიმიტრი ყიფიანის შეხედულებით, შექმნილ ვითარებაში საჭირო, - და სასიცოცხლოდ აუცილებელიც, - იყო არსებული პოლიტიკური სისტემის ფარგლებშივე ეროვნული მიზანდასახულობის ინტენსიური კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის გაშლა და ამ გზით, ერთი მხრივ, საერთო-ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბება, ხოლო მეორე მხრივ, ქართველთა კულტურულ-ინტელექტუალური დაწინაურება. "განათლებაღა არის ჩვენი ფეხზედ დამაყენებელი იმედი" - ამ სიტყვებით "გაფორმდა" მოგვიანებით (1860-იან წლებში) ის უნივერსალური მოდელი, რომელსაც ეყრდნობა დიმიტრი ყიფიანისეული პროგრამა და რომელშიც ზედმიწევნით იყო გათვალისწინებული იმდროინდელი პოლიტიკური რეალობები და კულტურულ-იდეოლოგიური საჭიროებანი.[28]

ტფილისის კერძო ბიბლიოთეკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1842 წელს დიმიტრი ყიფიანმა „ტფილისის კერძო საამხანაგო ბიბლიოთეკა“ დააარსა. ეს კი, ცხადია, ეროვნული ხსნის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ეს ორგანიზაცია იყო იმ დროისათვის მნიშვნელოვანი მწიგნობრულ-სალიტერატურო კერა. ამ ორგანიზაციაში თავი მოიყარეს ისეთმა შემოქმედებმა, როგორებიც იყვნენ: ალექსანდრე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გრიგოლ ორბელიანი, მიხეილ თუმანიშვილი, ზაქარია ფალავანდიშვილი და სხვები.[29]

„ბიბლიოთეკას“ გამიზნული ჰქონდა ძველი ქართული ხელნაწერების მოძიება, დაცვა, შესწავლა, გამოქვეყნება, მთარგმნელობითი და საკვლევაძიებო საქმიანობანი. თუმცა ყოველივე ამის მიუხედავად იმხანად „ბიბლიოთეკამ“ დიდხანს ვერ შეძლო არსებობა და 1842 წლისათვის მისი მუშაობა შეწყდა.[30]

„ეროვნული ხსნის პროგრამის“ განხორციელება მას შემდეგ უფრო აქტიურად გახდა შესაძლებელი, რაც 1844 წლის დეკემბერში კავკასიის მეფისნაცვლად მიხეილ ვორონცოვი დაინიშნა. მან თავის უახლოეს თანამშრომლად დიმიტრი ყიფიანი შეარჩია.[31] აკაკი წერეთელი მიხეილ ვორონცოვის პოლიტიკას შემდეგნაირად აფასებდა — ვორონცოვი მომავლის საქართველოს განიხილავდა როგორც „პოლიტიკურად გარუსებულს, მაგრამ თავის სარწმუნოებით, ენით და ეროვნული ელფერით“.[32] ამრიგად ვორონცოვის პერიოდში საქართველოში კულტურული წინსვლა ამით შეიძლება ყოფილიყო განპირობებული.

ჟურნალ „ცისკრის“ დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1852-1953 წლებში გამომავალი ყოველთვიური სალიტერატურო ჟურნალი „ცისკარი“ ქართველ მოღვაწეთა ინიციატივით დაარსდა. მისი რედაქტორ-გამომცემელი გიორგი ერისთავი იყო. ზეპირგადმოცემებზე დაფუძნებული ტრადიცია ჟურნალის დაარსებაში მნიშვნელივან როლს დიმიტრი ყიფიანს აკისრებს. ამაზე წერს აკაკი წერეთელი, ნიკოლოზ ყიფიანი, ნ. მაჭარაშვილი, თედო სახოკია და სხვები.[33]

მკვლევარი თამაზ ჯოლოგუა ამ გადმოცემათა მართებულობას შემდეგი არგუმენტებით ამყარებს: დიმიტრი ყიფიანი 1840-იან წლებში თავადაც ცდილობდა პერიოდული გამოცემის დაარსებას; ის მეფისნაცვალ ვორონცოვთან დაახლოებული პირი იყო და შეეძლო ჟურნალის დაარსების საქმეში შუამდგომლობა გაეწია; დიმიტრი ყიფიანი იყო მანანა ორბელიანის ლიტერატურული სალონის ერთ-ერთი წევრი. მას გიორგი ერისთავთან ძველი მეგობრობა აკავშირებდა.[34]

შექსპირის პირველი ქართული თარგმანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი ყიფიანი ლიტერატურული საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. მას ეკუთვნის უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტას“ პირველი ქართული თარგმანი. მთარგმნელმა იგი მანანა ორბელიანს, ლიტერატურული სალონის დამაარსებელს უძღვნა, რომლის წევრი თავადაც იყო. დიმიტრი ყიფიანმა თარგმნა შექსპირის „ორი ვერონელი აზნაურიც“.[35]

ქართული თეატრის დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი ყიფიანის უშუალო ძალისხმევით საძირკველი ჩაუყარა ქართულ თეატრს.[36]

კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1850 წელს მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის ინიციატივით „კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოება“ დაარსდა. დაარსების დღიდან ამ საზოგადოების მმართველი საბჭოს წევრი იყო დიმიტრი ყიფიანი, 1866 წლიდან ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 1868-1869 წლებში პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.[37]

მეფისნაცვლის საბჭოს წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1857 წლის 9 აპრილს ალექსანდრე ბარიატინს მეფისნაცვლობის დროს დიმიტრი ყიფიანი დაინიშნა ამიერკავკასიის მხარის მთავარმართებლობის საბჭოს წევრად. ამ თანამდებობაზე იგი იმპერატორმა ალექსანდრე II-მ იმავე წლის 8 მაისს დაამტკიცა. 1859 წლიდან, როცა მთავარმართებლის საბჭო მეფისნაცვლის საბჭოდ გადაკეთდა იგი მეფისნაცვლის საბჭოს წევრია. ამ თანამდებობაზე იგი 1862 წლის 21 ივნისამდე მუშაობდა, ვიდრე სამეგრელოს სამთავროს მამულების დაცვისთვის არ დაითხოვეს სამსახურიდან.[38][39][40]

სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1859-1867 წლებში დიმიტრი ყიფიანი იყო სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულების მეურვე.[41] ამ დროს სამეგრელოს მთავარი ნიკოლოზ (ნიკო) დადიანი არასრულწლოვანი იყო და ოფიციალურად სამეგრელოს სამთავროს მისი დედა სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე განაგებდა. მალე მას რუსეთის ხელისუფლებამ აიძულა სამეგრელოდან გასულიყო და სამთავროს საქმეები ნიკო დადიანის ბიძებს ჩააბარა. მათ დროს სამეგრელოში საზოგადოებრივი მღელვარება დაიწყო და ხელისუფლებამ სამთავროში დროებითი მმართველობა შემოიღო.[42] 1859 წლიდან, როგორც ნიკო ნიკოლაძე აღნიშნავს ეკატერინე ჭავჭავაძის „დაბეჯითებითი თხოვნით“[43] მეურვეობის საკითხები დიმიტრი ყიფიანმა გადაიბარა და იგი ზრუნავდა დადიანებს სრულად შეენარჩუნებინათ მამულები და ისინი არ შესულიყვნენ საკოლონიზაციო ფონდში. ამის გამო მას კონფლიქტი ჰქონდა მეფისნაცვალ ალექსანდრე ბარიატინსკისთან, რის შემდეგაც იგი სამსახურიდან დაითხოვეს.[44]

ფსევდონიმები - ბაქარ ქართლელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი ყიფიანი პუბლიცისტურ, თუ სხვა კრიტიკულ-ლიტერატურულ ნაწერებში ფსევდონიმად „ბაქარ ქართლელს“ იყენებდა. ამასთანავე ზოგჯერ იყენებდა სხვა ფსევდონიმებსაც: „თეიმურაზი“, „თეიმურაზ ვაკელი“. თითო-თითო თხზულება გამოქვეყნებული აქვს სხვა ფსევდონიმებითაც: „მყვირალა (ქართლელი)“, „ბ. ქ.“, „ერთი 126 შემდგენთაგანი“, „დიმიტრი“.[45]

ტფილისის გუბერნიის თავადაზნურობის მარშალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1864 წლის 16 თებერვალს დიმიტრი ყიფიანი ტფილისის გუბერნიის (ქართლ-კახეთის) თავადაზნაურობამ წინამძღოლად (მარშლად) აირჩია. იმპერატორმა ალექსანდრე IIმ ამ თანამდებობაზე იმავე წლის 15 მარტს დაამტკიცა.[46] ნიკო ნიკოლაძე წერს:

ვიკიციტატა
„თავადაზნაურობის მასამ, მიკროსკოპული ნაწილის გამოკლებით, ხელი აიღო თავის ცრურწმენაზე აუცილებლად მყვირალა გვარის მქონე ადამიანის მეთაურად დაყენების შესახებ, და ზეიმით აირჩია დ. ი. ყიფიანი.[47]

გლეხების განთავისუფლების რეფორმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეგზარქოს პავლე ლებედევთან დაპირისპირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი ყიფიანი - ისტორიკოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი ყიფიანის მრავალმხრივი მოღვაწეობიდან აღსანიშნავია მისი წვლილი საქართველოს ისტორიის კვლევის საქმეში. იგი ზუსტად აცნობიერებდა საკითხის ირგვლივ არსებულ პრობლემატიკას და აღნიშნავდა:

ვიკიციტატა
„საეჭვოა, შთამომავლობამ საყვედურით არ მოგვიხსენიონ, თუ ჩვენ ხელიდან გავუშვებთ შესაძლებლობას და არ შევიტანთ საკუთარ წვლილს საქართველოს ისტორიის მეცნიერულ შესწავლაში; იმ ქვეყნის შესწავლაში, რომლის ბედი თუნდაც იმითაა საინტერესო, რომ იგი ისტორიაში ცნობილი პირველი სამეფოების თანადროულად წარმოიშვა და 22 საუკუნის განმავლობაში გაუძლო სახელმწიფოთა წარმომშობ თუ დამამხობელ დროსა და მოვლენებს. იმ უძველესი მონარქიებიდან, რომელთა არსებობასაც მოესწრო - დაწყებული ნინევიიდან, ასურეთიდან, ფრიგიიდან, ბაქტრიიდან - მხოლოდ საქართველომ შეინარჩუნა XIX საუკუნემდე დამოუკიდებლობა და, წარმართთა, ცეცხლთაყვანისმცემელთა და მაჰმადიანთა გარემოცვაში მოქცეულმა, გადაარჩინა თხუთმეტსაუკუნოვანი მართლმადიდებლობა... მე ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, შეძლებისდაგვარად შეეწიოს საქართველოს ისტორიის წარმოჩენის საქმეს, შეავსოს არსებული მასალები, გამოთქვას საკუთარი შეხედულებები, რათა გააადვილოს სამომავლო შრომა - ადრე თუ გვიან საქართველოს ისტორია სისტემური სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი.[48]

მკვლევარ თამაზ ჯოლოგუას შეფასებით დიმიტრი ყიფიანის საისტორიო შეხედულებები მიმოფანტულია ბელეტრისტულ, პუბლიცისტურ, მემუარულ ტრქსტებში, მის მიერ შედგენილ ოფიციალურ დოკუმენტებში, ჩანაწერებში. საკუთრივ იმ მემკვიდრეობას, რომელშიც დიმიტრი ყიფიანი მთელ ყურადღებას საისტორიო საკითხებს უთმობს, შეგვიძლია დავასახელით შემდეგი თხზულებები: „ამ მთისა, იმ მთისა და სხვათა შორის წოდებრიობისათვის ამიერკავკასიაში“ — თხზულება ბელეტრისტული მანერითაა დაწერილი და განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის. მეორე თხზულება „რამდენიმე მოსაზრება საქართველოს ისტორიის მასალებზე“ — განხილულია საქართველოს ისტორიის საკვანძო საკითხები.[49]

აღნიშნული თხზულებების გარდა დიმიტრი ყიფიანის მიერაა დაწერილი პოლემიკური ხასიათის ისეთი წერილი, როგორიცაა „თამარ მეფის საუკუნე“ (1846).[50]

დიმიტრი ყიფიანმა მოამზადა და კომენტარები დაურთო თხზულებას „ნინო — საქართველოს განმანათლებელი“. აქ წარმოდგენილია წმიდა ნინოს მიერ ქართლის მოქცევის ვახტანგ მეექვსისეული რედაქციის თარგმანი, სადაც ყიფიანის მიერაა მომზადებული წინათქმა და კომენტარები. იგი აღნიშნავს, რომ „პოეტიზებული ისტორია კი უმეტესწილად კარგავს თავის ნამდვილობას“.[51] დიმიტრი ყიფიანი მთელ რიგ საკითხებს კრიტიკულად განიხილავს და ამით შემდგომი კვლევის აუცილებლობის საფუძველს იძლევა.

დიმიტრი ყიფიანი კრიტიკულად განიხილავდა „ქართლის ცხოვრებას“ და წერდა:

ვიკიციტატა
„"ქართლის ცხოვრება" სინამდვილეში თავისი ხასიათით მეფობათა უბრალო ჩამოთვლაა, უმეტესწილად იმის აღნიშვნაა, რომ ესა და ეს აღესრულა ამა და ამ დროს, მანამდე სვებედნიერად ან შფოთიანად იმეფა ამდენსა და ამდენ ხანს და მემკვიდრე მისი იყო ესა და ეს. გამონაკლისის სახით მხოლოდ ზოგიერთი მეფის მოღვაწეობაა შედარებითი სისრულით აღწერილი,მაგრამ აქაც უმეტესად ზღაპრული გმირობის სულისკვეთება ჭარბობს, როგორც, მაგალითად, ვახტანგ გორგასლის ეპიზოდში. ხოლო უკანა პლანის მოღვაწეები - პიროვნებები, რომლებმაც ტახტისა და მამულის სასარგებლო რაიმე საგმირო საქმით აღბეჭდეს თავიანთი სახელი ხალხის ხსოვნაში - იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ ჩანან ჩვენს საისტორიო წყაროებში.[52]

1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ ჩუდეცკის მკვლელობის გამო, საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ ქართველი ერი დასწყევლა. ყიფიანმა მას საპროტესტო წერილი გაუგზავნა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც ღამით მძინარე მოკლეს. ქართულ საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა რუსეთის პოლიციის აგენტებმა ჩაიდინეს. აკაკი წერეთელი წერდა: „ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს... იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“.

დიმიტრი ყიფიანი და მართლმადიდებელი ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი ყიფიანის მიერ აგებული აღდგომის სახელობის ეკლესია ქვიშხეთში

2007 წლის 26 აპრილს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომელმაც იმსჯელა დიმიტრი ყიფიანის ქართველი ერის წინაშე დამსახურების შესახებ. წმიდა სინოდის დადგენილებით დიმიტრი ყიფიანი წმიდანად შერაცხეს და უწოდეს: წმიდა დიმიტრი (ყიფიანი) სამშობლოსათვის წამებული.[53] წმიდანის ხსენების დღედ დადგინდა 26 აპრილი (ახ. სტ.) / 13 აპირილი (ძვ. სტ.).[54]

2010 წლის 5 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დიმიტრი ყიფიანის ალბომის წარდგენაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ განაცხადა:

ვიკიციტატა
„ქართველი ადამიანი განსაკუთრებული გრძნობით ხვდებოდა და ხვდება სიკვდილს. თითქოს ასრულებს ვახტანგ გორგასალის ანდერძს: „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა“. აი, დიმიტრი ყიფიანი სწორედ ის იყო, რომელიც ქრისტესთვის და სამშობლოსათვის ეძიებდა სიკვდილს.[55]

2010 წელს ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, ქალაქ ხაშურში საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი დაარსდა. 2014 წლიდან სკოლას უძღვება ყოვლადუსამღველოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი).[56]

2010 წლის 15 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დეკანოზ მალხაზ ყიფიანის თაოსნობით წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. 2016 წლის 26 აპრილს ტაძარი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა, მეუფე სვიმეონმა აკურთხა.[57]

შთამომავლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი ყიფიანის შთამომავლები წინაპრის მსგავსად სახელმწიფო და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ. ზოგი მათგანი ემიგრაციაში აღმოჩნდა, ზოგმა სამშობლოში განაგრძო მოღვაწეობა. საბჭოთა ეპოქაში ისინი ვერც კი ამხელდნენ, რომ სწორედ დიმიტრი ყიფიანის შთამომავლები იყვნენ.

დიმიტრი ყიფიანს ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდა:

დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი ყიფიანის სახლი ქვიშხეთში

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, სადაც დიმიტრი ყიფიანმა ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაატარა დღესდღეობით მისი სახელობის სახლ-მუზეუმი ფუნქციონირებს. მუზეუმში 600-ზე მეტი ექსპონატია წარმოდგენილი, როგორც მემორიალური, ისე ეთნოგრაფიული ხასიათის ნივთები. ფოტო მასალა და დოკუმენტები.[58] დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი­სა და მისი მე­უღ­ლის, ნინო ყი­ფი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ამ სახ­ლში ვაჟი — კოტე ყი­ფი­ა­ნი და რძა­ლი — ნინო ტა­ტიშ­ვი­ლი-ყი­ფი­ა­ნი ცხოვ­რობ­დნენ. კოტე ყი­ფი­ა­ნი 1921 წელს გარ­დაიც­ვლი­ლა და ამ სახ­ლში მისი მე­უღ­ლე დარჩა. შენობაში იყო სკო­ლა, შემ­დეგ ბა­ღი. სა­ბო­ლო­ოდ ნინო ყი­ფი­ან­მა სახ­ლი მა­შინ­დელ კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ებს გა­დას­ცა და მწე­რალ­თა, მხატ­ვარ­თა და ხე­ლო­ვან­თა სახ­ლად იწო­დე­ბო­და.[59]

1927 წელს ნინო ყი­ფი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. სახ­ლი კი 1980-იანი წლე­ბის ბო­ლომ­დე მწე­რალ­თა კავ­ში­რის სა­კუთ­რე­ბა იყო. ამ სახ­ლში ზა­ფხუ­ლო­ბით ცხოვ­რობ­დნენ გალაკტიონ ტაბიძე, პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია, გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძე, მიკოლო ბაჟანი და სხვები. 1990-იან წლებ­ში კი აქ ად­გი­ლობ­რივ­თა მონდომებით უკვე სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ შე­ნო­ბა­ში მუ­ზე­უ­მი გა­იხ­სნა.[60]

2014 წელს დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის დაბადებიდან 200 წელი შეს­რულ­და. ად­გი­ლობ­რივ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა წამოიწყეს სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნია „დიმიტრი ყიფიანის-სახლ-მუზეუმი ინგრევა“.[61] 2014 წლის სექ­ტემ­ბერ­ში პრე­მი­ერ-მი­ნისტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ოფიციალურ ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე და­ი­დო ფოტო, სა­დაც ეწე­რა: „პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვით სო­ფელ ქვიშ­ხეთ­ში დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის სახლ-მუ­ზე­უ­მის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტი იწყე­ბა“.[62] 2015 წელს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტი შედ­გა. მისი წარ­დგე­ნა 2015 წლის 26 აპ­რილს, ყი­ფი­ა­ნო­ბა­ზე, სო­ფელ ქვიშ­ხეთ­ში შედ­გა. პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლია კახა ტრა­პა­ი­ძე, პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი არ­ქი­ტექ­ტო­რი ნო­დარ ამა­შუ­კე­ლი.[63] მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2018 წლის ზაფხულისთვის დაიგეგმა.[64] სამუშაოები 2018 წლის ზაფხულის მდგომარეობით შეჩერებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თამარ მიქაძე, სოფიო ისაკაძე. დიმიტრი ყიფიანი და მისი შთამომავალნი. გამომცემლობა ,,სპეკალი", თბილისი, 2016 წელი;
  • თამაზ ჯოლოგუა. დიმიტრი ყიფიანის ორი საისტორიო თხზულება. თსუ-ს გამომცემლობა, თბილისი, 2016.
  • გურამ ყორანაშვილი. დიმიტრი ყიფიანი ახალი დიმიტრი თავდადებული. თბილისი, 2009 წელი.
  • ვ. გუნია. დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი. ტფილისი, 1887 წელი;
  • შალვა ჩხეტია. მასალები დიმიტრი ყიფიანის მკვლელობაზე. საისტორიო მოამბე, ტ. 3, 1947 წელი;
  • შალვა ჩხეტია. საგლეხო რეფორმის ისტორიისათვის საქართველოში. თბილისი, 1950 წელი;
  • ზაქარია ჭიჭინაძე. დიმიტრი ყიფიანი. ტფილისი, 1936 წელი;
  • სიმონ ხუნდაძე. დიმიტრი ყიფიანი. ტფილისი, 1936 წელი;
  • Мегрелишвили Г. И., Грузинская общественно-экономическая мысль второй половины XIX в. - начала ХХ в., т. 1 , Тб., 1960;
  • უთურაშვილი ი., ქსე, ტ. 10, გვ. 654, თბ., 1986

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დიმიტრი ყიფიანის დაბადების წლად დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა 1814 წელი, თუმცა მკვლევართა მიერ შესაბამისი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ დიმიტრი ყიფიანი 1811 წელს დაიბადა.
  2. გურამ ყორანაშვილი. დიმიტრი ყიფიანი ახალი დიმიტრი თავდადებული. საგამომცემლო სახლი "ინოვაცია", თბილისი, 2009, გვ. 42.
  3. ნიკოლოზ ყიფიანი. ცხოვრება დიმიტრი ყიფიანისა. დიმიტრი ყიფიანი 200. თბილისი, 2014, გვ. 188-189.
  4. ნიკოლოზ ყიფიანი. ცხოვრება დიმიტრი ყიფიანისა. დიმიტრი ყიფიანი 200. თბილისი, 2014, გვ. 189.
  5. გურამ ყორანაშვილი. დიმიტრი ყიფიანი ახალი დიმიტრი თავდადებული. საგამომცემლო სახლი "ინოვაცია", თბილისი, 2009, გვ. 44.
  6. გურამ ყორანაშვილი. დიმიტრი ყიფიანი ახალი დიმიტრი თავდადებული. საგამომცემლო სახლი "ინოვაცია", თბილისი, 2009, გვ. 44.
  7. ნიკოლოზ ყიფიანი. ცხოვრება დიმიტრი ყიფიანისა. დიმიტრი ყიფიანი 200. თბილისი, 2014, გვ. 189.
  8. დიმიტრი ყიფიანი. მემუარები. ქართული მემუარული ლიტერატურა. თბილისი, 1990, გვ. 5-6.
  9. თამაზ ჯოლოგუა. საშვილიშვილო მოკავშირე - დიმიტრი ყიფიანი. გამომცემლობა "ნეკერი", თბილისი, 2011, გვ. 168.
  10. ვახტანგ გურული. საქართველოს ისტორია - XIX საუკუნე. გამომცემლობა "არტანუჯი", თბილისი, 2004, გვ. 93-100.
  11. ნიკოლოზ ყიფიანი. ცხოვრება დიმიტრი ყიფიანისა. დიმიტრი ყიფიანი 200. თბილისი, 2014, გვ. 192.
  12. ვახტანგ გურული. საქართველოს ისტორია - XIX საუკუნე. გამომცემლობა "არტანუჯი", თბილისი, 2004, გვ. 93-100.
  13. გურამ ყორანაშვილი. დიმიტრი ყიფიანი ახალი დიმიტრი თავდადებული. საგამომცემლო სახლი "ინოვაცია", თბილისი, 2009, გვ. 46.
  14. დ. ყიფიანის არქ., საქ. #29, ფ. 88-89
  15. თამაზ ჯოლოგუა. ქართული ჟურნალისტიკის ისტორია. გამომცემლობა "არტანუჯი", თბილისი, 2013, გვ.170-171.
  16. თედო სახოკია. ჩემი საუკუნის ადამიანები - დიმიტრი ყიფიანი. გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1984, გვ.9.
  17. თედო სახოკია. ჩემი საუკუნის ადამიანები - დიმიტრი ყიფიანი. გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1984, გვ.9.
  18. გაზეთი "ივერია". 30 ოქტომბერი, #226, გვ1.
  19. გაზეთი "ივერია". 31 ოქტომბერი, #227, გვ1.
  20. გაზეთი "ივერია". 1 ნოემბერი, #228, გვ1.
  21. დიმიტრი ყიფიანის დასაფლავება
  22. დიმიტრი ყიფიანის დასაფლავება
  23. თედო სახოკია. ჩემი საუკუნის ადამიანები - დიმიტრი ყიფიანი. გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1984, გვ.12.
  24. დიმიტრი ყიფიანის დასაფლავება
  25. დიმიტრი ყიფიანის დასაფლავება
  26. დიმიტრი ყიფიანის დასაფლავება
  27. თამაზ ჯოლოგუა. ქართული ჟურნალისტიკის ისტორია. გამომცემლობა "არტანუჯი", თბილისი, 2013, გვ.89
  28. თამაზ ჯოლოგუა. ქართული ჟურნალისტიკის ისტორია. გამომცემლობა "არტანუჯი", თბილისი, 2013, გვ.89
  29. თამაზ ჯოლოგუა. ქართული ჟურნალისტიკის ისტორია. გამომცემლობა "არტანუჯი", თბილისი, 2013, გვ.90
  30. თამაზ ჯოლოგუა. ქართული ჟურნალისტიკის ისტორია. გამომცემლობა "არტანუჯი", თბილისი, 2013, გვ.90
  31. თამაზ ჯოლოგუა. ქართული ჟურნალისტიკის ისტორია. გამომცემლობა "არტანუჯი", თბილისი, 2013, გვ.107-108.
  32. თამაზ ჯოლოგუა. ქართული ჟურნალისტიკის ისტორია. გამომცემლობა "არტანუჯი", თბილისი, 2013, გვ.110
  33. თამაზ ჯოლოგუა. ქართული ჟურნალისტიკის ისტორია. გამომცემლობა "არტანუჯი", თბილისი, 2013, გვ.110-111.
  34. თამაზ ჯოლოგუა. ქართული ჟურნალისტიკის ისტორია. გამომცემლობა "არტანუჯი", თბილისი, 2013, გვ.111-112.
  35. თამაზ ჯოლოგუა. ქართული ჟურნალისტიკის ისტორია. გამომცემლობა "არტანუჯი", თბილისი, 2013, გვ.112
  36. თედო სახოკია. ჩემი საუკუნის ადამიანები - დიმიტრი ყიფიანი. გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1984, გვ.10.
  37. თამაზ ჯოლოგუა. ქართული ჟურნალისტიკის ისტორია. გამომცემლობა "არტანუჯი", თბილისი, 2013, გვ.191
  38. თამაზ ჯოლოგუა. საშვილიშვილო მოკავშირე - დიმიტრი ყიფიანი. გამომცემლობა "ნეკერი", თბილისი, 2011, გვ. 171.
  39. თედო სახოკია. ჩემი საუკუნის ადამიანები - დიმიტრი ყიფიანი. გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1984, გვ.10.
  40. გურამ ყორანაშვილი. დიმიტრი ყიფიანი ახალი დიმიტრი თავდადებული. საგამომცემლო სახლი "ინოვაცია", თბილისი, 2009, გვ. 47.
  41. გურამ ყორანაშვილი. დიმიტრი ყიფიანი ახალი დიმიტრი თავდადებული. საგამომცემლო სახლი "ინოვაცია", თბილისი, 2009, გვ. 47.
  42. ვახტანგ გურული. საქართველოს ისტორია - XIX საუკუნე. გამომცემლობა "არტანუჯი", თბილისი, 2004, გვ. 125-126.
  43. თამაზ ჯოლოგუა. საშვილიშვილო მოკავშირე - დიმიტრი ყიფიანი. გამომცემლობა "ნეკერი", თბილისი, 2011, გვ. 7.
  44. გურამ ყორანაშვილი. დიმიტრი ყიფიანი ახალი დიმიტრი თავდადებული. საგამომცემლო სახლი "ინოვაცია", თბილისი, 2009, გვ. 48.
  45. თამაზ ჯოლოგუა. საშვილიშვილო მოკავშირე - დიმიტრი ყიფიანი. გამომცემლობა "ნეკერი", თბილისი, 2011, გვ. 177.
  46. თამაზ ჯოლოგუა. საშვილიშვილო მოკავშირე - დიმიტრი ყიფიანი. გამომცემლობა "ნეკერი", თბილისი, 2011, გვ. 173.
  47. თამაზ ჯოლოგუა. საშვილიშვილო მოკავშირე - დიმიტრი ყიფიანი. გამომცემლობა "ნეკერი", თბილისი, 2011, გვ. 8.
  48. თამაზ ჯოლოგუა. დიმიტრი ყიფიანის ორი საისტორიო თხზულება. თსუ-ს გამომცემლობა, თბილისი, 2016, გვ.7.
  49. თამაზ ჯოლოგუა. დიმიტრი ყიფიანის ორი საისტორიო თხზულება. თსუ-ს გამომცემლობა, თბილისი, 2016, გვ.14-16.
  50. თამაზ ჯოლოგუა. დიმიტრი ყიფიანის ორი საისტორიო თხზულება. თსუ-ს გამომცემლობა, თბილისი, 2016, გვ.10.
  51. თამაზ ჯოლოგუა. დიმიტრი ყიფიანის ორი საისტორიო თხზულება. თსუ-ს გამომცემლობა, თბილისი, 2016, გვ.11-12.
  52. თამაზ ჯოლოგუა. დიმიტრი ყიფიანის ორი საისტორიო თხზულება. თსუ-ს გამომცემლობა, თბილისი, 2016, გვ.16-17.
  53. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის ოქმი
  54. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის ოქმი
  55. დიმიტრი ყიფიანი - ცხოვრება და მოღვაწეობა ექსპოზიცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში
  56. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი
  57. 26 ნოემბერს წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძარი იკურთხება
  58. თამაზ ლაცაბიძე. მზია ლობჟანიძე. ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების გზამკვლევი. 2014. გვ.167-175.
  59. დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ინგრევა
  60. დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ინგრევა
  61. ადვოკატირების წარმატებული კამპანია – წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია მალე დაიწყება
  62. დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდება
  63. დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ინგრევა
  64. ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო