შინაარსზე გადასვლა

პავლე (ჯაფარიძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეპისკოპოსი პავლე (ერისკაცობაში — პახუმ პლატონის ძე ჯაფარიძე; დ. 1 მაისი, 1888, შორაპნის მაზრა, ხრეითი — გ. 3 ნოემბერი, 1929, ტფილისი) — ქართველი მღვდელმთავარი.

დაიბადა 1888 წლის 1 მაისს შორაპნის მაზრის სოფელ ხრეითში. ქუთაისის ოთხკლასიანი საქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1906 წელს, გაემგზავრა ათონზე, სადაც 1907 წლის 18 აგვისტოს აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად პავლე. 1910 წელს დაბრუნდა საქართველოში, სადაც გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდემ ხელი დაასხა მღვდელმონაზვნად შიომღვიმის მონასტერში. 1918 წლის 26 იანვარს წმიდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს თბილისში გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი. ახალგაზრდა მღვდელმონაზონმა პავლემ საბუთები შეიტანა უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე.

1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ნოე ჟორდანიასა და ექვთიმე თაყაიშვილის მოწოდებების მიუხედავად, პატრიარქმა ლეონიდემ უარი განაცხადა სიონის ტაძრისა და მცხეთის სცეტიცხოვლის საგანძურის ემიგრაციაში წაღებაზე. საგანძურის დასავლეთ საქართველოში დამარხვა მიტროპოლიტ ნაზარს დაევალა. განძეულობის დამალვაში ასევე მონაწილეობდნენ ეპისკოპოსი დავითი, არქიმანდრიტი პავლე და მღვდელი პლატონ ცქიტიშვილი. განძეულობა დამარხეს ბაგრატის ტაძრის ძირში მდებარე სამიტროპოლიტო რეზიდენციის ეზოში. 1923 წელს ბოლშევიკებმა განძს მიაგნეს და მონაწილე სასულიერო პირები დააპატიმრეს, მათ შორის პავლე ჯაფარიძეც, რომელიც პირობით გაათავისუფლეს 1924 წლის მარტში.

1924 წლის 18 აპრილს შეიკრიბა დაპატიმრებს გადარჩენილი საკათალიკოსო საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველი, ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე. ესწრებოდნენ ეპისკოპოსები: დავითი (კაჭახიძე), ნესტორი (ყუბანეიშვილი), სიმეონი (ჭელიძე), მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა). მსჯელობის შემდეგ ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება არქიმანდრიტი პავლეს ეპისკოპოსად გამორჩევის შესახებ. მას ჩაბარდა წილკნის ეპარქია. ეპისკოპოსი პავლე დაასახელეს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის მოვალეობის შემსრულებლად, მაგრამ მან ვერ შეძლო ამ მოვალეობის შესრულება.

1928 წლის 26 მარტს საკათოლიკოსო სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ეპისკოპოსის პავლეს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად გამწესების შესახებ. სოხუმის ნოტიო ჰავამ უარყოფითად იმოქმედა მასზე. მართალია, ეპისკოპოსი პავლე დაბრუნდა სვეტიცხოველში, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. 1929 წლის თებერვალში იგი სამკურნალოდ ალექსანდრეს საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც 1929 წლის 3 ნოემბერს გარდაიცვალა. 1929 წლის 10 ნოემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორე III-მ წესი აუგო განსვენებულ ეპისკოპოს პავლეს, რომელიც დაიკრძალა სვეტიცხოვლის ეზოში.

  • ვარდოსანიძე ს.. ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). გამომცემლობა ,,ნათლისმცემელი", თბილისი, 2010, გვ. 147-149.
  • თალაკვაძე ნ., „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, თბილისი: ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, 2013. — გვ. 533, ISBN 978-99940-28-77-1.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]