შინაარსზე გადასვლა

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტიოქიისა და მთელი აღმოსავლეთის რომაული მართლმადიდებლური პატრიარქატი
არაბ. بطريركية أنطاكية وسائر المشرق للروم الأرثوذكس
ბერძ. Πατριαρχείο Αντιοχείας


ეკლესიის გერბი

ინფორმაცია
დამაარსებელი

პეტრე და პავლე მოციქულები

ავტოკეფალია

37 წ.

ადგილი დიპტიქში

მე-3

წინამძღვარი

იოანე X

რეზიდენცია

დამასკო

არეალი

სირიის დროშა სირია
ლიბანის დროშა ლიბანი
ერაყის დროშა ერაყი
თურქეთის დროშა თურქეთი
ქუვეითის დროშა ქუვეითი

საეკლესიო ენა

ბერძნული, არაბული

მრევლი

4.3 მილიონი[1]

ოფიციალური საიტი

https://www.antiochpatriarchate.org/

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია (ოფიციალური სახელწოდება ანტიოქიისა და მთელი აღმოსავლეთის რომაული მართლმადიდებლური საპატრიარქო) — უძველესი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, უკავია მე–3 ადგილი მართლმადიდებელ ეკლესიათა დიფტიქში. დაარსებულია დაახლოებით 37 წელს ანტიოქიაში პეტრე და პავლე მოციქულების მიერ.

ანტიოქიის ეკლესიის ფუძემდებლებად ითვლებიან პეტრე და პავლე მოციქულები, რაზეც მიუთითებს არაერთი საეკლესიო მწერალი (ევსები კესარიელი, ნეტარი იერონიმე, წმინდა ლეონ I დიდი და სხვ.). მალევე ეკლესია შევიდა ქრისტიანთა დევნის ეპოქაში, რომელიც გრძელდებოდა 324 წლამდე, სანამ იმპერატორი კონსტანტინე დიდი ღიად არ შეუდგა ქრისტიანების მფარველობას.

V–VI საუკუნეების მიჯნაზე ანტიოქიის ეკლესია დასუსტებული იყო ნესტორიანული (სპარსეთში) და მონოფიზიტური (სომხეთში) არეულობებით.

637 წელს სირია არაბების მმართველობის ქვეშ მოექცა. მართლმადიდებელთა მდგომარეობა ძალიან გართულდა. გარდა იმისა, რომ არაბები მათ „ურწმუნოებს“ უწოდებდნენ, მათში ხედავდნენ ბიზანტიის მოკავშირეებს. ანტიოქიის პატრიარქები იძულებულნი იყვნენ, ეცხოვრათ დევნილობაში (კონსტანტინოპოლში). მხოლოდ 742 წელს ხალიფა ჰიშამმა ნება დართო, ანტიოქიის პატრიარქად აერჩიათ სირიელი ბერი სტეფანე, მისი ლოიალურობის გამო. პატრიარქების თანამშრომლობა მუსლიმურ ხელისუფლებასთან ზოგჯერ ყოველგვარ საზღვრებს სცილდებოდა. მაგალითად, პატრიარქი იობი თან ახლდა არაბებს ბიზანტიაში ლაშქრობისას (838 წელი) და ურჩევდა ბიზანტიელებს, ჩაებარებინათ ციხესიმაგრეები არაბებისთვის. ბიზანტიის იმპერატორმა ნიკიფორე II-მ (963–969 წწ.) მრავალ წარმატებას მიაღწია არაბებთან ბრძოლაში, მაგრამ ყოველ მის გამარჯვებას მოჰყვებოდა ქრისტიანთა დევნა პალესტინასა და სირიაში. ამ დევნის მთავარი მსხვერპლი იყო ანტიოქიის პატრიარქი ქრისტეფორე, რომელიც მოკლეს 967 წელს.

შემდეგი ერთი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა ე. წ. ბიზანტიური პერიოდი, რომელიც აღმავლობით აღინიშნებოდა. მაგრამ 1084 წლის ბოლოს მოულოდნელი დარტყმით თურქ-სელჩუკები დაეუფლნენ ანტიოქიას, თუმცა ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანთა მდგომარეობა შესამჩნევად არ გაუარესებულა. 1097 წელს გამოჩნდნენ ჯვაროსნები, ხოლო 1100 წელს მათ ანტიოქიიდან განდევნეს პატრიარქი და მის ადგილზე ვალენსიელი პრელატი დანიშნეს. ანტიოქიის პატრიარქები იძულებულნი იყვნენ კვლავ ემიგრაციაში წასულიყვნენ და კონსტანტინოპოლიდან ემართათ სამწყსო. ისინი ემიგრაციიდან 1269 წელს დაბრუნდნენ. ამ დროისათვის ჯვაროსნების მმართველობა უკვე უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. 1291 წელს ჯვაროსნებმა დაკარგეს თავიანთი უკანასკნელი სამფლობელო ახლო აღმოსავლეთში. თუმცა სირიისა და პალესტინის ქრისტიანობა, ჯვაროსნების 200-წლიანი ბატონობის შედეგად, თითქმის მთლიანად განადგურებული იყო.

1342 წელს საპატრიარქო კათედრა გადაიტანეს დამასკოში, სადაც იგი დღემდე მდებარეობს.

ანტიოქიის ეკლესია XVI–XIX საუკუნეებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წმინდა გიორგის მართლმადიდებლური ტაძარი, ბეირუთი, ლიბანი

1517 წელს დამასკო ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო და ანტიოქიის პატრიარქი აღმოჩნდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის ადმინისტრაციის ზედამხედველობის ქვეშ. თურქები ზოგჯერ აპატიმრებდნენ მიტროპოლიტებსა და პატრიარქებს, მაგრამ მართლმადიდებელთა მიზანმიმართული დევნა არ ხდებოდა. ახლო აღმოსავლეთში მართლმადიდებელთა დევნის ერთადერთი პერიოდი დაკავშირებულია 1820 წლის ბერძნულ აჯანყებასთან, როდესაც ანტიოქიის პატრიარქი სერაფიმე ძლივს გადაურჩა დასჯას. სხვადასხვა შეფასებით, XIX საუკუნის შუა წლებში მართლმადიდებელთა რიცხვი ანტიოქიის საპატრიარქოში 60–110 ათასს აღწევდა (სირიის მთელი მოსახლეობის 8–9%). XIX საუკუნის მეორე ნახევარში განადგურდა დამასკოს ქრისტიანული თემის მნიშვნელოვანი ნაწილი და დაინგრა ყველა ეკლესია. 1899 წლიდან ანტიოქიის პატრიარქებს ირჩევენ არა ბერძნებიდან, როგორც მანამდე, არამედ მართლმადიდებელი არაბებიდან (როგორც ხდებოდა VIII–X სს.-სა და 1269–1517 წლებში).

ანტიოქიის ეკლესია XX საუკუნეში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სირიელი მართლმადიდებლები

1923 წლის ლოზანის ხელშეკრულებით ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიები — კილიკია, ედესა და მარდინი — გადაეცა თურქეთის რესპუბლიკას. მართლმადიდებელი მოსახლეობა საბერძნეთთან შეთანხმების საფუძველზე აღნიშნული ტერიტორიებიდან გადაასახლეს, მიუხედავად მათი პროტესტისა და განცხადებებისა, რომ ისინი არაბები იყვნენ და არა ბერძნები.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე საფრანგეთის ხელისუფლებამ თურქეთს გადასცა ალექსანდრეტის რაიონი (დღევანდელი ჰათაის პროვინცია, სადაც ანტიოქია (დღევანდელი ანთაქია) მდებარეობს). ამ მოვლენამ, რომელსაც დღემდე არ ცნობს სირიის რესპუბლიკა, გააუარესა ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობის მდგომარეობა.

1972 წელს მიღებულ იქნა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წესდება. აქამდე ერთ-ერთ უღარიბეს ეკლესიას დღეს 22 ეპარქია და 400 ტაძარი აქვს, მათ შორის ამერიკაში, ევროპასა და ავსტრალიაში. ღვთისმსახურება მიმდინარეობს ბერძნულ და არაბულ ენებზე.

იურისდიქცია: სირია, ლიბანი, ერაყი, ქუვეითი. ასევე აქვს რიგი ეპარქიები ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიაში.

ეკლესიის წინამძღვარია უნეტარესი იოანე X. ანტიოქიის პატრიარქის სრული ტიტულია: უნეტარესი პატრიარქი, დიდი ანტიოქიისა, სირიისა, კილიკიისა, მესოპოტამიისა და მთელი აღმოსავლეთისა. მისი რეზიდენცია დამასკოში მდებარეობს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]