შინაარსზე გადასვლა

საქართველოს ფლორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს ფლორა — მცენარეთა სახეობების ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთობლიობა, რომელიც ამჟამად გვხვდება მის ტერიტორიაზე და საზღვაო წყლებში. საქართველო, ზომიერი კლიმატის ქვეყნებს შორის, ფლორისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. საქართველოს ფლორის შემადგენლობაში ჭურჭლოვან მცენარეთა 4 100-ზე მეტი სახეობაა (მთელს კავკასიაში 6 350-მდე სახეობაა აღწერილი). ფლორის დაახლოებით 21%, ანუ 900-მდე სახეობა ენდემურია (აქედან 600 — კავკასიის, ხოლო 300 — საქართველოს ენდემია). მაღალია საქართველოს ფლორის გვარობრივი ენდემიზმიც, სადაც 16 ენდემური და სუბენდემური გვარია წარმოდგენილი. საქართველო კულტურულ მცენარეთა წარმოშობისა და მრავალფეროვნების ერთ-ერთი ცენტრია, საიდანაც — ვაზის, მარცვლოვნების, ხეხილისა და სხვა მრავალი შესანიშნავი ჯიშის ჩამოყალიბებასა და განვითარებას დაედო სათავე.[კომ. 1]

საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესოა საქართველოს ფლორის განვითარების ისტორია. მესამეულ პერიოდში საქართველოს ფლორა ტროპიკული მცენარეულობის სახის და ძირითადად მარადმწვანე იყო. თანდათან, კლიმატის აცივებასთან ერთად, ტროპიკული მცენარეულობა ჯერ სუბტროპიკულით, ხოლო შემდგომ ზომიერი კლიმატური სარტყლისათვის დამახასიათებელი ფლორით იცვლებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე მეოთხეულ გამყინვარებას ცივი ქვეყნების ფლორის ცალკეულ წარმომადგენელთა შემოჭრა მოჰყვა.

კავკასიაში უძველესი ფლორის არსებობისათვის ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები შენარჩუნებული იქნა მხოლოდ კოლხეთსა და თალიშში (აზერბაიჯანი). სწორედ აქ, მიუხედავად მეოთხეულის გამყინვარებისა, შენარჩუნებულია შედარებით თბილი და ნოტიო ჰავა, შესაბამისი — სითბოსა და ტენის მოყვარული მცენარეებით.

ადგილობრივი — ენდემურია მცენარეული სამყაროს 380 სახეობა, რომელთაგანაც ზოგი რელიქტურ მცენარეებსაც მიეკუთვნება. საქართველოს ენდემური მცენარეებიდან ცნობილია ბიჭვინთისა და ელდარის ფიჭვი, მეგრული არყი, ქართული ნუში და სხვ.

რელიქტური მცენარეები ფართოდაა გავრცელებული კოლხეთში (პონტოური მუხა, შქერი, წყავი და სხვ.). რელიქტები გვხვდება საქართველოს სხვა რაიონებშიც.

ტერიტორიის მდებარეობა, რთული რელიეფი, ჰავის მრავალგვარობა განაპირობებს საქართველოს ბუნებრივი მცენარეული საფარის სტრუქტურულ მრავალფეროვნებას. წამყვან მცენარეულ ტიპს წარმოადგენს ტყე (ტყეები), რომლითაც დაფარულია ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 32–35%. საკმაოდ ვრცელი ტერიტორია უჭირავს ბუჩქნარებსა და მდელოებს. გვხვდება სტეპები, ნახევრად უდაბნოები და ჭაობის მცენარეულობა. მცენარეული საფარის თითოეულ წარმომადგენელს (მცენარეულ ტიპს) გააჩნია არა მარტო სპეციფიკური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტრუქტურა (შედგენილობა, აგებულება), არამედ თავისი განვითარების ისტორია, რომელიც მილიონობით წლებს ითვლის.[1]

სახეობრივი მრავალფეროვნება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველო, როგორც კავკასიის ეკორეგიონის ნაწილი,[კომ. 2] წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთ „ცხელ წერტილს“. (ამჟამად Conservation International- ის მიერ გამოყოფილია 34 „ცხელი წერტილი“, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით, რომელიც ამასთანავე არის მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე).[კომ. 3][კომ. 4][კომ. 5]

კავკასიის ეკორეგიონი, აგრეთვე, არის ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი გლობალური მნიშვნელობის ეკორეგიონი, რომელიც ხასიათდება სახეობრივი მრავალფეროვნებით, ენდემიზმის მაღალი დონით, ევოლუციური პროცესებისა და ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებებით, მცენარეულობის ტიპების მრავალფეროვნებითა და ბიომებით, რომლებიც იშვიათია გლობალურ დონეზე.

რელიეფის სირთულე და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში არსებითად განსხვავებული კლიმატური პირობების არსებობა განაპირობებენ საქართველოს ლანდშაფტებისა და ეკოსისტემების მრავალფეროვნებას. საქართველოს ძირითადი ბიომებია: ტყეები, მტკნარი წყლები და ჭაობები, ზღვა და სანაპირო, მაღალი მთები, ნახევრადუდაბნოები და სტეპები. სახეობების მრავალფეროვნებითა და ენდემიზმის მაღალი დონით განსაკუთრებით გამორჩეულია კოლხეთის რეფუგიუმი, დასავლეთ კავკასიონის კირქვიანებისა და მაღალმთის მცენარეული კომპლექსები. ტყით დაფარულია საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 39,9%. ენდემური და რელიქტური სახეობებით მდიდარი ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეები ქვეყნის ნამდვილი სიმდიდრეა. საქართველოს ტყეების 97% ბუნებრივია. მათი დიდი ნაწილი (98%) მთის ტყეებს წარმოადგენს და გააჩნია წყალმარეგულირებელი, ნიადაგის დამცველი, კლიმატის მასტაბილიზებელი ფუნქციები, ამასთანავე წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილსამყოფელს მცენარეთა და ცხოველთა მრავალი რელიქტური, ენდემური და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობისათვის. საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია თითქმის ხელუხლებელი ტყის კორომები, რომლებსაც გააჩნიათ უდიდესი კონსერვაციული ღირებულება.

საქართველოს ფლორა ერთ-ერთი უმდიდრესია ზომიერი კლიმატის ქვეყნებს შორის. საქართველოს ფლორის შემადგენლობაში აღრიცხულ ჭურჭლოვან მცენარეთა შორის 900-მდე სახეობა (დაახლოებით 21%) კავკასიისა და საქართველოს ენდემია. საქართველოსა და კავკასიის ფლორის შემადგენლობაში 16 ენდემური გვარია. საქართველოს ფლორის 2000-მდე სახეობას გააჩნია პირდაპირი ეკონომიკური ღირებულება, გამოიყენება რა მერქნად, სათბობად, საკვებად (ხილი, თხილი), საფურაჟედ და ცხოველთა საკვებად, სამკურნალოდ, საღებრებად და ეთერ-ზეთების მისაღებად. საქართველოში გავრცელებულია კულტურული ჯიშების (განსაკუთრებით ხორბლებისა და პარკოსნების) მრავალი ადგილობრივი ვარიაცია და ველური ნათესავი. ძალიან მდიდარია, აგრეთვე, საქართველოს კულტურული ფლორა.[2]

საქართველოს ფლორის შემადგენლობაში აღრიცხულია 4130 ჭურჭლოვანი მცენარე. მათ შორის გვიმრანაირები — 79, შიშველთესლოვანნი — 17, ფარულთესლოვანნი — 4034 (ორლებნიანნი — 3278; ერთლებნიანნი — 756) საქართველოს ფლორის სიმდიდრის მაჩვენელია ენდემიზმის მაღალი დონე. საქართველოს ფლორის დაახლოებით 21% — 900-მდე სახეობა ენდემურია. მათ შორის 600-მდე სახეობა (მთელი სახეობების 14,2%) კავკასიის ენდემია; 300 სახეობამდე (მთელი სახეობების 9,0%) უშუალოდ საქართველოს ენდემია. მაღალია საქართველოს ფლორის გვარობრივი ენდემიზმიც. საქართველოსა და კავკასიის ფლორის შემადგენლობაში 16 ენდემური გვარია: Alboviodoxa, Woronowia, Chymsydia, Trigonocaryum, Symphyoloma, Pseudobetckea, Charesia, Mandenovai, Sredinskaya, Grossheimia, Cladocheta, Pseudovesicaria, Gadellia, Agasyllis, Paederotella და Kemulariella.

საქართველოს ფლორაში სახეობათა მრავალრიცხოვნობით შემდეგი 10 ოჯახი გამოირჩევა: Compositae (538 სახეობა), Gramineae (332 სახეობა), Leguminosae (317 სახეობა), Rosacea (238), Cruciferae (183), Scrophulariacea (179), Umbeliferae (177), Labiatae (149), Caryophyllacea (135) და Liliacea (129).

საქართველოში აღრიცხულია ხავსების 812 სახეობა.

საქართველოს შიდა წლებში აღწერილია წყალმცენარეთა 2605 ტაქსონი, მათგან Chloropyta — 1039, Bacillariophyta — 830, Cyanophyta — 431, Euglenophyta — 161, Xanthophyta — 60, Pyrrophyta — 35, Chrysophyta — 26, Rhodophyta — 10, Charophyta — 13.

საქართველოში აღიცხულია ლიქენების 800-ზე მეტი და სოკოების 7000-მდე სახეობა. თუმცა ეს მონაცემი სრულად არ ასახავს საქართველოს წყალმცენარეების, ლიქენებისა და სოკოების მრავალფეროვნებას.

საქართველო მდიდარია ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე მცენარეებით. საქართველოს ფლორის 2000-მდე სახეობას გააჩნია პირდაპირი ეკონომიკური ღირებულება, გამოიყენება რა მერქნად, სათბობად, საკვებად (ხილი, თხილი), საფურაჟედ და ცხოველთა საკვებად, სამკურნალოდ, საღებრებად და ეთერ-ზეთების მისაღებად. საქართველოში გავრცელებულია კულტურული ჯიშების (განსაკუთრებით ხორბლებისა და პარკოსნების) მრავალი ადგილობრივი ვარიაცია და ველური ნათესავი. ძალიან მდიდარია, აგრეთვე, საქართველოს კულტურული ფლორა. ვავილოვის მიხედვით, საქართველო არის კულტურულ მცენარეთა წარმოშობის დასავლეთ აზიის ცენტრის ნაწილი, რომელიც მიჩნეულია ქერის, ხორბლის, პარკოსნების, ვაზისა და ხილის მრავალი ჯიშის წარმოშობის ცენტრად. საქართველოში უძველესი დროიდან მოყავთ მარცვლოვნების (ხორბალი, ქერი, შვრია), პარკოსნების, ვაზის, ბოსტნეულისა და ხილის (ვაშლი, მსხალი, კომში, ქლიავი, ნუში, ატამი და სხვა) მრავალი ჯიში.[3]

კულტურული მცენარეების აღიარებული სპეციალისტი, პროფესორი ევგენია სინსკაია თავის ნაშრომში მიუთითებს, რომ წინა აზია არის ხორბლის 12 სახეობის სამშობლო, ხოლო ამათგან 8 სახეობის სამშობლო სამხრეთ კავკასიაა.[4] ქართველი გენეტიკოს-სელექციონერი, კულტურული ფლორის მკვლევარი, აკადემიკოსი ვლადიმერ მენაბდე აღნიშნავდა: „საქართველოს ხორბლების ენდემური სახეობები წარმოიშვა ისტორიულ წარსულში, ქართველურ ხალხთა თავდაპირველი სამშობლოს მინდვრებზე; ისინი დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდანაა მოსული ქართველურ ტომთან ერთად, რომლებმაც შეინარჩუნეს ეს რელიქტი ჩვენ დრომდე“.

ხორბლის სახეობათა ენდემიზმისა და პოლიმორფიზმის მაღალმა დონემ საფუძველი მისცა ლეონარდ დეკაპრელევიჩს, ჯერ კიდევ 1938 წელს წამოეყენებინა დებულება იმის შესახებ, რომ საქართველო ხორბლის სახეობათა წარმოშობის ერთ-ერთი კერათაგანია.[5]

სადღეისოდ ხორბლის Triticum ბოტანიკურ გვარში შემავალი სახეობებიდან საქართველოში აღნიშნულია 15 სახეობა: Triticum boeoticum, T. monococcum, T. timopheevii, T. zhukovskyi, T. dicoccum, T. palaeocolchicum, T. carthlicum, T. turgidum, T. durum, T. polonicum, T. turanicum, T. spelta, T. macha, T. aestivum, T. compactum.[6][7][8]

წინააზიური გენცენტრის ამიერკავკასიის ნაწილში განსაკუთრებული ადგილი უკავია დასავლეთ საქართველოს, სადაც კულტურაში დადგენილ იქნა ხორბლის ენდემური სახეობები: T. macha, T. timopheevii, T. zhukovskyi, T. palaeocolchicum, T. carthlicum.[9][10] აქედან 4 სახეობა საქართველოს კულტურული ფლორის უძველეს ნაშთს წარმოადგენს, ხოლო T. carthlicum საქართველოს ფარგლებს გარეთაც გვხვდება (სომხეთი, აზერბაიჯანი, დაღესტანი, თურქეთი, თუმცა სახესხვაობების სიმრავლით საქართველო გამოირჩევა.[11]

როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, ქართულ სამიწათმოქმედო ტერმინოლოგიაში ხორბლის კულტურა მოხსენიებულია წერილობით ძეგლებში, რომელიც განეკუთვნება ძვ. წ. V საუკუნეს. უძველეს ქართულ ლექსიკაში კარგადაა ასახული ხორბლის სახეობრივი და ჯიშობრივი დიფერენციაცია, ხორბლის ქართული სახელწოდებები: ზანდური, მახა, ასლი, იფქლი, ხულუგო და სხვ.[12]

მცენარეული საფარის ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ცნობები საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე მოზარდი ხმელეთის მცენარეების შესახებ განეკუთვნება პალეოზოური ერის კარბონულ (ქვანახშირის) პერიოდს (360–290 მლნ წლის წინ). საქართველოს პალეოზოური ასაკის დანალექებში მკვლევართა მიერ აღმოჩენილია დედამიწის უძველეს მცენარეთა მრავალი წარმომადგენელი, კერძოდ ლეპიდოდენდრონები, სიგილარიები, კალამიტისებრნი, თესლოვანი გვიმრები, კორდაიტები და სხვ. ამ მცენარეთაგან ზოგიერთი (ლეპიდოდენდრონები, სიგილარიები, კალამიტები) 50 მ-მდე სიმაღლეს აღწევდა. აღნიშნული უძველესი მცენარეების უმეტესობა, როგორც ცნობილია, დედამიწის ზურგზე პალეოზოურ ერაშივე ამოწყდა (მათგან ნაწილმა დასაბამი მისცა შემდეგდროინდელ მცენარეებს).[13]

პალეოზოურ ერაშიც და მეზოზოური ერის იურულ პერიოდში (200–137 მლნ წლის წინ), როგორც პალეოგეოგრაფიული წყაროებიდანაა ცნობილი, საქართველოს დღევანდელი ტერიტორია ზღვით იყო დაფარული. წყლიდან ამოწეული იყო მხოლოდ უძველესი მასივები (ძირულის, ხრამის, ლოქის) და სხვა ცალკეული კუნძულები. აღნიშნული კუნძულები იურულ პერიოდში დაფარული იყო ტროპიკული ტიპის მცენარეული საფარით, რომლის შემადგენლობაში, პალეობოტანიკოსთა გამოკვლევების თანახმად, მონაწილეობდა დედამიწის უძველესი მცენარეები — კალამიტისებრნი, შვიტასნაირები, გვიმრანაირები, ბენეტიტისნაირნი, თესლოვანი გვიმრები, კეიტონიასებრნი, საგოვანასებრნი, გინკგოსებრნი, არაუკარიასებრნი და სხვ. იმდროინდელმა უხვმა ტროპიკულმა მცენარეულობამ, როგორც მეცნიერები ასკვნიან, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქვანახშირის იურულ საბადოებს — ტყიბულის, შაორის, ტყვარჩელის.[13]

პალეოზოურ და ადრეულ მეზოზოურ ერაში (ტრიასული და იურული პერიოდები), როგორც პალეობოტანიკური მასალები ადასტურებს, დედამიწის მთელ ხმელეთზე მცენარეულობა (ფლორა, მცენარეული საფარი) საკმაოდ ერთგვაროვანი იყო, ზემოაღნიშნული უძველესი მცენარეები ფაქტობრივად დედამიწის ყველა ნაწილში ვრცელდებოდა. მცენარეულობის რეგიონული დიფერენცირება დაიწყო შედარებით გვიან და იგი დედამიწის ხმელეთის ტერიტორიის ფორმირებასთან იყო დაკავშირებული.[14]

მეზოზოურ ერაში (ასევე კაინოზოური ერის დიდ მანძილზე) ჩვენს პლანეტაზე, მექსიკიდან მოკიდებული ჩრდილო ჩინეთამდე, გადაჭიმული იყო ხმელთაშუა ზღვა — ტეთისი, რომელიც ჰყოფდა ჩრდილოეთის ხმელეთს სამხრეთის მატერიკებისაგან. ამასთან დაკავშირებით მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჩრდილოეთის და სამხრეთის ხმელეთზე უძველესი ფლორების განვითარება პრაქტიკულად დამოუკიდებელი, ერთმანეთისაგან განსხვავებული გზით წარიმართა (არის გამონაკლისიც, როგორიცაა, მაგალითად, აღმოსავლეთ აზიის ფლორა და ზოგიერთი სხვ.).[15]

პალეობოტანიკური მასალების თანახმად, მეზოზოური ერის ტრიასულ და იურულ პერიოდებში (145–137 მლნ წლის წინ) ჩრდილოეთის ხმელეთზე (ტეთისის ოკეანის ჩრდილოეთით) გავრცელებული იყო საკმაოდ ერთგვაროვანი ტროპიკული ფლორა. მოგვიანებით, როცა ამ ფლორის დიფერენცირება განხორციელდა (კაინოზოური ერის მესამეულ პერიოდში), მისგან წარმოიშვა ჰოლარქტიკული (ჰოლარქტიკის ფიტოგეოგრაფიული ოლქის — დღევანდელი ფიტოგეოგრაფიული დარაიონების მიხედვით) სუბტროპიკული მარადმწვანე, ფოთოლცვენია და წიწვიანთა ფლორები.[15]

ცარცული პერიოდის ბოლომდე (70–67 მლნ წლის წინ) ტეთისის ზღვაში, საქართველოს დღევანდელი ტერიტორიის ადგილზე არსებული მომცრო ზომის კუნძულები (მათ შორის კავკასიონის და ანტიკავკასიონის წინამორბედები) კვლავ ტროპიკული ტიპის მდიდარი მცენარეულობით იყო დაფარული, რაც სათანადო პალეობოტანიკური მასალებით მტკიცდება. ცარცული პერიოდის დასასრულს ევრაზიაში (ევროპის და აზიის ნაწილი, ცენტრალური ჩინეთი) ფორმირებული იქნა არიდული ზონა, რომლის გავლენით ტეთისის ზღვის კუნძულების მცენარეული საფარი საგრძნობლად შეიცვალა. დათმო პოზიციები ხემაგვარმა გვიმრებმა, ბენეტიტისნაირებმა და სხვა უძველესმა მცენარეებმა (ბევრი მათგანი საერთოდ ამოწყდა). სამაგიეროდ თანდათანობით განიმტკიცა პოზიციები ტაქსოდიუმისებრთა (ოჯახი — Taxodiaceae) და წიწვოვანთა (რიგი — Coniferales) წარმომადგენლებმა. ცარცული პერიოდის ბოლოს დიდი ცვლილებები მოხდა საერთოდ დედამიწის მცენარეულ სამყაროში, რაც დაკავშირებულია ფარულთესლოვან მცენარეთა — მაგნოლიების, ევკალიპტების, დაფნისებრთა წარმომადგენლების, ჭადრის, მუხის და სხვათა ფართო განსახლებასთან.[16]

კაინოზოური ერის მესამეული პერიოდის დასაწყის და შუა ხანაში (პალეოცენის და ეოცენის ეპოქები; 67–40 მლნ წლის წინ) საქართველოს დღევანდელი ტერიტორიის ადგილზე კვლავ ზღვა იდგა (ტეთისის ზღვის ნაწილი, ე.წ. „მაიკოპური ზღვა“), რომელშიც უკვე ფორმირებული იყო კავკასიონის მოგრძო კუნძული. ოლიგოცენის (40–25 მლნ წლის წინ) დასაწყისში მაიკოპურ ზღვაში გაჩნდა ანტიკავკასიონის მოზრდილი კუნძულიც, რომელთა შორის ზღვა, ე.წ. „ამიერკავკასიის სრუტე“ ჩადგა (მარუაშვილი, 1981). პალეოგეოგრაფები თვლიან, რომ ოლიგოცენში კავკასიონისა და ანტიკავკასიონის კუნძულებზე უკვე ფორმირებული იყო საკმაოდ დანაწევრებული საშუალომთიანი რელიეფი (ბორცვები, ზეგნები და სხვ., რომელთა სიმაღლე ზ.დ. 1000–1500 მ აღწევდა).[17]

პალეოცენში კავკასია ხმელთაშუა ზღვის ფართო ბიოგეოგრაფიული ოლქის ნაწილს წარმოადგენდა. ზღვის თბილი წყალი და მისი გავლენით — თბილი და ტენიანი ჰავა უზრუნველყოფდა ძირითადად მარადმწვანე სუბტროპიკული ტიპის მცენარეულობის არსებობას. შემადგენლობაში კვლავ დომინირებდა თესლოვანი გვიმრები, წიწვოვნები (მეტწილად ფიჭვისებრთა — Pinaceae წარმომადგენლები), პალმები, მაგნოლიები და სხვ.[17]

ეოცენი, როგორც ცნობილია, მესამეული პერიოდის ყველაზე თბილი ჰავით ხასიათდებოდა. პალეობოტანიკური მონაცემების (უზნაძე, 1967, და სხვ.) მიხედვით, ამ ეპოქაში კავკასიის კუნძულებზე განვითარებული იყო მარადმწვანე თერმომეზოფილური სუბტროპიკული (ზოგიერთი მეცნიერის აზრით — ტროპიკული) ტყეები, რომელთა შემადგენლობაში ძირითადად მონაწილეობდა — პალმები (ოჯახი — Palmaceae), ევკალიპტები (ოჯახი — Myrtaceae), დაფნისებრნი (ოჯახი — Lauraceae), მაგნოლიასებრნი (ოჯახი — Magnoliaceae), ტაქსოდიუმისებრნი (ოჯახი — Taxodiaceae) და სხვ.[17]

მცენარეულობის კლასიფიკაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ფლორა და მცენარეული საფარი მეტად მრავალფეროვანია. საფარის ცვალებადობა ხშირად იმდენად მკვეთრად და დროის მოკლე მონაკვეთში ხდება, რომ რთულდება მათი რაიმე ცხრილში მოქცევა. სუბალპების ფართოფოთლიანი ბალახეულობა ძალიან ხშირად ესაზღვრება კლდეთა ქსეროფიტებს (თეთრობის ხეობა, თრიალეთი, მთათუშეთი) Acantholimon lepturoides (Jaub. & Spach) Boiss.,[18] და ფრინტა (Anemone fasciculata L.)[19] ხშირად ერთმანეთისაგან ორი-სამი მეტრით არის დაცილებული, პირველს სამხრეთის ფერდობზე ვხვდებით, ხოლო მეორეს დასავლეთისაზე, ან ძალიან ხშირად ერთმანეთში არიან გადახლართულ-გადაჯაჭვული.[20]

მიუხედავად ამისა, მცენარეული საფარი მაინც შესაძლებელია თავისუფლად მოთავსდეს ისეთ ფორმაციათა ჯგუფებში, როგორიცაა: უდაბნოებისა და ტრამალების მცენარეულობა, ველის მცენარეულობა, დაბლობთა და ვაკეთა ტყეების მცენარეულობა, მთების შუა სარტყლის ტყეების მცენარეულობა, სუბალპებისა და ალპების მცენარეულობა, ხოლო აზონალური ტიპები ცალკე გამოიყოფა. ამ ცალკეულ ჯგუფებში უკვე ადვილად ნაწილდება ტიპები და ქვეტიპები. საქართველოსა და კავკასიის მცენარულობის კლასიფიკაციაზე მრავალი შრომაა გამოქვეყნებული.[20]

I. ნახევარუდაბნოს მცენარეულობა. 1. აბზინდიან-უროიანის მცენარეულობა; 2. აბზინდიანები; 3. აბზინდიან-კაპუტიანის; 4. ხურხუმოიანები; 5. ყარღანიანები; 6. შავჯაგიანის ნახევარუდაბნო.

II. ველების მცენარეულობა. აღმოსავლეთ საქართველოს ვაკე და ბარი — 7. უროიანი ველი; 8. ციწვერიანი ველი; 9. წივანიანი ველი; 10. წიწვიან-უროიანი ველი; 11. ნაირბალახოვანი ველი; 12. ნაირმარცვლოვანი ველი; 13. ჯაგ-ეკლიანი ველი სხვა ბუჩქებთან ერთად. სამხრეთ მთიანეთის ზეგნების ველები — 14. ვაციწვერიანი მთის ელემენტები; 15. მარცვლოვან-ნაირბალახოვანი; 16. წივანიანი; 17. ნაირბალახოვანი და სხვ.[21]

III. დაბლობებისა და ვაკის ტყეები. ჭალის ტყეები — 18. ვერხვნარები; 19. ტირიფნარები; 20. მუხნარები; 21. თელნარი; 22. ლაფნარი. ნათელი ტყეები — 23. საკმლის ხიანი; 24. აკაკიანები; 25. ბერყენიანები; 26. ბროწეულიანი; 27. ნეკერჩხლიანები; 28. თელიანი, ჭალის თელისაგან; 29. ფიჭვნარები ელდარის ფიჭვისგან; 30. ღვიანი (ხემაგვარი ღვიები). აღმოსავლეთ საქართველოს ვაკის ტყეები — 31. მუხნარები ჭალის მუხისგან; 32. მუხნარები ქართული მუხისგან; 33. მუხნარ-თელნარი; 34. მუხნარ-რცხილნარები; 35. მუხნარ-ძელქვნარები და სხვ.[22]

IV. დასავლეთ საქართველოს დაბლობისა და ვაკის მცენარეულობა. 36. ზღვისპირა ქვიშიანების მცენარეულობა; 37. ჭაობები; 38. ჭაობიანი თხმელნარები; 39. ლაფნარები; 40. მუხნარები იმერული მუხისაგან; 41. რცხილნარები დაბლობისა; 42. ძელქვნარები; 43. მუხნარები; 44. წაბლნარები; 45. ჯაგრცხილნარები; 46. დაფნარები; 47. წიფლნარები; 48. ფიჭვნარი ბიჭვინთის ფიჭვისაგან და სხვ.[22]

V. მთების შუა სარტლის ტყეები. ფოთლოვანი ტყეები — 49. წიფლნარები მარადმწვანე ქვეტყით; 50. წიფლნარები მარადმწვანე ქვეტყის გარეშე; 51. ფოთლოვანი ტყე მუხის სიჭარბით; 52. ფოთლოვანი ტყე რცხილის სიჭარბით. წიწვიანი ტყეები — 53. ნაძვნარები; 54. სოჭნარები; 55. ფიჭვნარები კავკასიის ფიჭვისაგან.

VI. სუბალპების მცენარეულობა. სუბალპების ტყეები — 56. მუხნარები აღმოსავლეთ მუხისაგან; 57. მუხნარები პონტოური მუხისაგან; 58. არყნარები; 59. ნეკერჩხლიანები; 60. სოჭნარ-ნაძვნარები; 61. წიფლნარები. სუბალპების ბუჩქნარები — 62. დეკიანები; 63. ღვიიანები; 64. კეწერიანები; 65. მოცვნარები. სუბალპების მდელოები — 66. სუბალპების მაღალი ბალახეულობა; 67. წივანიანები; 68. ჭრელწივანიანები; 69. ძიგვიანები; 70. ნაირმარცვლოვანები. 71. ნაირბალახოვანი ფართოფოთლოვანები; 72. ნაირბალახოვანი წვრილფოთლოვანები; 73. ნაირბალახოვან-პარკოსნები და სხვ.[23]

VII. ალპური მდელოები. 74. ისლიანები; 75. წივანიანები; 76. ძიგვიანები; 77. ჭრელწივანიანები; 78. ნაირმარცვლოვანები; 79. ნაირბალახოვანი მდელოები; 80. ალპური ხალები; 81. ნაშალთა და ღორღიანთა მცენარეულობა და სხვ.

VIII. ქსეროფიტები. 82. ნარეკლიანები (უმთავრესად ეკლიანი Astragalus-ები.); 83. ძეძვიანები; 84. შავჯაგიანები; 85. კლდეთა ბალახეული ქსეროფიტები.

IX. მდელოები. 86. ნესტიანი მდელოები; 87. მეზოფილური მდელოები; 88. ნატყევარი მდელოები და სხვ.

X. ჭაობები. 89. ლელიანები; 90. ლაქაშიანები; 91. ისლიანები (Carex-ის სხვადასხვა სახეობები); 92. ჭილიანები (Juncus-ების სხვადასხვა სახეობები); 93. ნაირბალახოვანები; 94. მარცვლოვანები.

XI. წყლის მცენარეულობა 95. წყლის პირისა და ფსკერზე მიმაგრებული მცენარეები; 96. წყალში მცურავი მცენარეები.[23]

საქართველოს მცენარეულობის ძირითადი ტიპები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს მცენარეული საფარის შემადგენლობაში მონაწილეობს მცენარეულობის მრავალი ტიპი, რომელთა შორის შედარებით ფართოდაა გავრცელებული ტყეები, ბუჩქნარები, მდელოები, სტეპები, ნახევრად უდაბნოები და ჭაობის მცენარეულობა.[24]

საქართველო მთიანი ქვეყანაა და ვერტიკალური ზონალობა მკვეთრად არის გამოსახული. გარდა ამისა დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სიახლოვე განსაკუთრებულ თერმულ პირობებს ქმნის აღმოსავლეთ საქართველოს ვაკეებთან შედარებით, რომელიც კავკასიის ცხელი ველებისა და ტრამალების გაგრძელებას წარმოადგენს, შესაბამისად ჰორიზონტალური ზონალობაც საკმაოდ მკვეთრია. ამის გათვალისწინებით ეს ზონები საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგნაირად გამოისახება.

I. დასავლეთ საქართველოს ვაკე და დაბლობი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1. ჰიდროფიტული ბალახეული მცენარეულობა და ტენიანი ტყეები (9–250 მ ზღვის დონიდან).

ამ სარტყელს ქმნიან შავი ზღვის სანაპიროს ქვიშნარის მცენარეულობა, ბალახიანი ჭაობები, ტყიანი ჭაობები, ჭაობიანი ტყეები, ვაკეთა და დაბლობთა ლეშაბნიანი და მარადმწვანე ქვეტყიანი ტყეები. ამ ტყეების ძირითადი შემქმნელებია მურყანი, ხვალო, ოფი, ტირიფი, ლაფანი, იმერული მუხა, ზოგან რცხილა და დღემდე ამ ადგილებში გადარჩენილი წიფელი და სხვ.

2. კოლხეთის მარადმწვანე ქვეტყიანი და ლეშამბიანი ტყეების სარტყელი (ქვედა ზოლი მერყეობს 150–250 მ შორის, ზემო საზღვარი კი 450–500 მ შორის ზღვის დონიდან).

ამ ტყეების ძირითადი შემქმნელი სახეობებია: რცხილა, ჰართვისის მუხა, ქართული მუხა, იფანი, წაბლი, წიფელი. ქვეტყეში კი ჩვეულებრივია: წყავი, შქერი, ბაძგი, თაგვისარა, ძმერხლი, აგრეთვე მოცვი, იელი და სხვა მისთანანი. ამ სარტყელში ტიპიურია ლეშამბოც, ეკალ-ღიქი, სურო, კოლხური სურო, კრიკინა, ღვედკეცი და მისთანანი.[25]

II. აღმოსავლეთ საქართველოს ვაკე და დაბლობი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

3. კახეთის ლეშაბნიანი ტყე მდინარე ალაზნის ნაპირზე და ჭალის ტყეები (200-დან 600 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან, მდინარის ტერასით ვიწრო ზოლად).

მთავარი შემქმნელი სახეობანია: ხვალო, ოფი, ლაფანი, ჭალის მუხა, ჭალის თელა, მურყანი, ტირიფი, კახეთში ზოგან ძელქვა. ლეშამბონი: ჩვეულებრივი სურო, პასტუხოვის სურო, ღვედკეცი, კრიკინა, ეკალ-ღიკი, კატაბარდა, სვია, მაყვალი და სხვ.

4. ნათელი ტყეები (200-დან – 500 მ-დე გავაკებისაკენ).

ამ ტყის ძირითადი შემქმნელია: საკმლის ხე, აკაკი, ქართული ნეკერჩხალი, ბერყენები, ღვიები, ელდარის ფიჭვი. ნათელი ტყის ელემენტები ზოგი მდინარის კანიონით (მდ. ქცია) 1000–1100 მ სიმაღლემდეც აღწევს.

5. ვაკეთა მუხნარი ტყეები (დასავლეთ ნაწილში უშუალოდ ჭალის ტყის პირიდან 800 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან).

მთავარი სახეობანია: ჭალის მუხა,[კომ. 6] თელა, ქართული მუხა, ნეკერჩხალი, იფანი, პანტა, მაჟალო.

6. ველები და ნახევარუდაბნოები (ზონალურად ენაცვლება ნათელი ტყეებისა და ვაკეთა მუხნარების სარტყელს, ბევრგან მათ ნაალაგევზეა გავრცელებული).

ველებში მთავარია შემდეგი ცენოზები: ჯაგ-ეკლიანები, უროიანები, ვაციწვერიანები, წივანიანები, ნაირბალახოვანები, ნაირმარცვლოვანები, ნარეკლიანები, ქსეროფიტული ბუჩქნარები; წმინდა ძეძვიანები, ხურხუმოიანები, ყარღანიანები, აბზინდიანები და სხვ.

7. მთებისწინა კალთების რცხილნარ-მუხნარები (გვხვდება ვაკეთა მუხნარებიდან 800 მ-დან დაწყებული 1000 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან).

ამ სარტყელში ჩვეულებრივია ქართული მუხა, რცხილა, უხრავი, თამელი, იფანი, კუნელი, ნეკერჩხალი, პანტა, ბალამწარა, მაჟალო, ზღმარტლი და სხვ.[26]

III. სამხრეთ საქართველო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

8. მაღალმთის ველების სარტყელი (1400 მ-დან 2000 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან).

ზონალურად ეს ველები მდებარეობს მთის ტყეების სარტყელში. მეორადი ტიპია და ტყეების მოსპობის შემდეგაა ფეხმოკიდებული.

IV. მთების შუა სარტყელი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

9. დასავლეთ საქართველოს წიფლნარები (500 მ-დან 2000 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან).

აღმოსავლეთ საქართველოს წიფლნარები — 800–2100 მ-დე ზღვის დონიდან.

10. წიწვიანი ტყეები (800 მ-დან 2000 მ სიმაღლემდე).

ეს ორი ფორმაცია ხეობათა მიხედვით ხშირად ურთიერთს ენაცვლება.[27]

11. სუბალპური ფორმაციები:

ა. სუბალპების ტყეები, 2000–2500 მ შორის მდებარე სარტყელია. სიმაღლე მერყეობს გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით. დასავლეთ კავკასიონზე უფრო დაბლა მდებარეობს, ვიდრე აღმოსავლეთში. მთავარი სახეობებია; არყები (მეჭეჭიანი არყი, ლიტვინოვის არყი, რადეს არყი, მედვედევის არყი, მეგრული არყი), მთის ბოყვი, მაღალმთის მუხა, პონტოური მუხა, ჭნავი, ვერხვი.

ბ. მთამაღალის ბუჩქნარები, ძალიან ხშირად ემთხვევა სუბალპების ტყის სარტყელსაც, 2600 მ სიმაღლემდე ტიპურია. ამ სარტყელში მთავარი სახეობანია: დეკა, კენკრა, მთის მოცვი, ღვია (სამხრეთ ფერდობებზე).

გ. სუბალპების მაღალი ბალახეულობა. სუბალპების ტყის სიმაღლეებშია ტიპური.

დ. ალპური მაღალბალახიანი მდელოები — დამახასიათებელია ფართოფოთლოვანი მარცვლოვანების (სამხრეთისა და აღმოსავლეთის ფერდობი) და ფართოფოთლოვანი ორლებნიანების (ჩრდილოეთისა და დასავლეთის ფერდობები) ფორმაციები. ხშირად სცილდება 2500 მ სიმაღლეს ზღვის დონიდან.

12. ალპური მდელოები და ხალები (2600 მ-დან თოვლის ქვემო ხაზამდე, საშუალოდ 3500 მ).

13. ნაშალებისა და ქვიანების მცენარეულობა (გავრცელებულია უშუალოდ თოვლის ხაზისა და ალპურ ზემო საზღვარს შორის).

ბუნებრივ ტყეებს საქართველოში 2767300 ჰა ფართობი უკავია, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 39%-ს შეადგენს. ეს ტერიტორიის საერთო ტყიანობის დონის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, რომლის მიხედვითაც საქართველოს ევროპის ტყით მდიდარი ქვეყნების რიცხვს აკუთვნებენ.[კომ. 7]

არსებითად განსხვავებული კლიმატის გამო, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ტყეების ვერტიკალური სარტყლიანობა ერთმანეთს არ ემთხვევა. დასავლეთ საქართველოში არიდული მცენარეულობის სარტყელი არ არსებობს. შავი ზღვის ნაპირიდანვე ვაკეები და მთების წინა კალთები დაფარულია სუბტროპიკული ტყეებით, მაშინ, როცა აღმოსავლეთ საქართველოში ნახევარუდაბნოს ზონის შემდეგ, ზღვის დონიდან 300–500 მ სიმაღლემდე არიდული მეჩხერების, ანუ ნათელი ტყეების სარტყელია წარმოდგენილი. საერთოდ, აღმოსავლეთ საქართველოს ვერტიკალური სარტყლიანობა უფრო რთულია: ვასილ გულისაშვილის მიერ (1964), გამოყოფილია არიდული ტყეების (ზღვის დონიდან 500 მ-მდე) ქართული მუხის (500–1000 მ). წიფლის (1000–1500 მ), მუქწიწვიანი ტყეების (ნაძვისა და სოჭის) (1500–1900 მ), სუბალპური (1900–2500 მ), ალპური (2500–3000 მ), სუბნივალური (2000–3700 მ) და ნივალური (3700 მ-ს ზევით) სარტყლები. ამრიგად, ტყეების გავრცელება ვერტიკალური სარტყლების მიხედვით, ანუ ვერტიკალური ზონალობა აპირობებს მათ ბიომრავალფეროვნებას.[28]

ტყეების ბიომრავალფეროვნებას განსაზღვრავს აგრეთვე მთის ფერდობთა დაქანება და დახრილობის მიმართულება (ექსპოზიცია). ცნობილია, რომ დამრეც (10°-მდე) დაქანების ფერდობებზე განლაგებულია საქართველოს ტყეების 5,5%. დაფერდებულ (11–20°) ფერდობებზე — 16,5%; ციცაბო (21–35°) ფერდობებზე — 54,4%; ძლიერ ციცაბო ფერდობებზე (35° და მეტი) — 23,6%. ამრიგად, საქართველოს ტყეების დიდი ნაწილი (78%) ციცაბო და ძლიერ ციცაბო ფერდობებზეა განლაგებული. ტყეების ასეთი არათანაბარი განაწილება ფერდობის დაქანების სიმკვეთრის მიხედვით განსაზღვრავს მათ ბიომრავალფეროვნებას. ტყეების ბომრავალფეროვნებას აგრეთვე განსაზღვრავს მათი გავრცელების ხასიათი ფერდობთა ექსპოზიციების მიხედვით, რომლებიც განლაგებულნი არიან, როგორც ჩრდილოეთის, ისე სამხრეთის რუმბის ექსპოზიციებზე.

ტყის ბიომრავალფეროვნებას აგრეთვე განსაზღვრავს კორომთა განაწილება შემადგენლობის, სიხშირის, ხნოვანებისა და პროდუქტიულობის მიხედვით. მეტად მრავალფეროვანია საქართველოს ტყის სახეობრივი შემადგენლობა. ტყეში ველურად იზრდება დაახლოებით 400-მდე სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი, გაერთიანებული 123 ბოტანიკურ გვარსა და 56 ოჯახში. ბოტანიკოსების მიერ აგრეთვე აღწერილია ამ სახეობათა 182 ფორმა და 91 ვარიაცია. ტ. ჩიქოვანის გამოთვლით მათ შორის: ხეებია — 153 სახეობა; ბუჩქებია — 202 სახეობა; ნახევარბუჩქებია — 29 სახეობა; ლიანები — 11 სახეობა.[29]

სიმაღლის მიხედვით, ველურად მოზარდი 153 სახეობიდან მაღალტანიანია (25 მეტრზე მეტი) 51 სახეობის ხე. მათ შორის აღსანიშნავია კავკასიური სოჭი (იზრდება 70 მ-მდე), აღმოსავლეთის ნაძვი (იზრდება 40–50 მ-მდე), აღმოსავლეთის წიფელი (იზრდეა 40–50 მ-მდე), სოსნოვსკისა და ბიჭვინთის ფიჭვები, ქართული მუხა, მაღალმთის მუხა, იმერული მუხა, ჰართვისის მუხა, გრძელყუნწა მუხა, ჩვეულებრივი წაბლი, თელები, ჩვეულებრივი იფანი, კავკასიური რცხილა, კავკასიური და წვრილფოთლა ცაცხვები, ხვალო, ოფი, ძელქვა, მთის ბოყვი, ქართული თხილი, მურყანი და სხვ.

საშუალო სიმაღლისაა (8-დან 24 მ-მდე) 56 სახეობის ხე. მათ შორის აღსანიშნავია: მაღალმთის ნეკერჩხალი, კავკასიური აკაკი, ღვიები, მეგრული არყი, მედვედევის არყი, რადეს არყი, ლიტვინოვის არყი, მეჭეჭიანი არყი, მაჟალო, პანტა, ჩვეულებრივი ხურმა, კოლხური ბზა, ქორაფი, საღსაღაჯი და სხვ.

დაბალტანიანია (7 მ და ნაკლები სიმაღლის) 46 სახეობის ხე, მათ შორის: ღვია, წიფელი, ჭანჭყატები, პონტოური მუხა, ხეჭრელი, ქაცვი, ძახველი, შინდი, ბროწეული, ფშატი, დიდგულა, ზღმარტლი, კუნელი, კოწახური და სხვ.[30]

დენდროფლორის დიდი მრავალფეროვნების მაჩვენებელია ენდემურ მერქნიან მცენარეთა სიმრავლე, მათ შორის 2000 წლისთვის არსებული მონაცემებით საქართველოს ენდემს წარმოადგენდა — 61 სახეობა, ხოლო კავკასიის — 43 სახეობა. ასევე, 2000 წლისთვის არსებული მონაცემებით ინტროდუცირებული იყო 6 ათასზე მეტი მერქნიანი სახეობა, რომელთაგან ბოტანიკურ ბაღებსა და დასახლებული ადგილების გამწვანებაში წარმოადგენლი იყო 3 600-ზე მეტი. ზემოთ მოტანილი მონაცემები საქართველოს მერქნიან მცენარეთა მრავალფეროვნებას ადასტურებს. ტყეების ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე, ტყის ეკოსისტემათა ნაირგვარობასა და რთულ სტრუქტურაზე მიუთითებს როგორც წმინდა, ისე შერეული კორომების არსებობა.[30]

საქართველოს ტყეების ბიოლოგიური მრავალფეროვნების თავისებურებებზე აგრეთვე მეტყველებს მათი ტიპოლოგიური ნაირგვარობის ფართო სპექტრი. ტყის ტიპოლოგიური მაჩვენებლები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ამა თუ იმ ტყის ეკოსისტემის ბიომრავალფეროვნებისა, როგორც ბიოგეოცენოზში მრავალი ერთგვაროვანი ტიპის ერთობლიობა.[31]

საქართველოს ტყეებში ყველაზე მეტად გავრცელებულია წიფლით გაბატონებული კორომები, მათ უკავიათ ტყით დაფარული ფართობების 48,5%; მუხნარებს — 10,5%, სოჭნარებს 8,5%, რცხილნარებს — 6,6%, ნაძვნარებს — 5,7%, ფიჭვნარებს — 4,7%, არყნარებს — 3,1%, მურყნარებს — 3,2%, წაბლნარებს — 2,5% და სხვა სახეობების ტყეებს — 6,6%.[32]

შესაბამისად, საქართველოს ძირეული ტყეების მთავარი ფორმაციებია (საერთო ფართობის მიხედვით) — წიფლნარი (Fagus orientalis), ქართული მუხის (Quercus iberica) მუხნარი, წაბლნარი (Castanea sativa), სოჭნარი (Abies nordmanniana), ნაძვნარი (Picea orientalis). მათ წილად მოდის ქვეყნის ბუნებრივი ტყეების ორ მესამედზე მეტი. ძირეულ ტყეებს მიეკუთვნება შედარებით შეზღუდული გავრცელების ფორმაციებიც — ჭალის მუხის (Quercus longipes), მაღალმთის მუხის (Quercus macranthera), იმერული მუხის (Quercus imeretina) და მუხის სხვა სახეობებისაგან შექმნილი ტყეების ფორმაციები (მუხნარები); არიდული ტყეები — საკმლისხიანი (Pistacia mutica) და ღვიიანი (Juniperus foetidissima, J. polycarpos); მურყნარი (Alnus barbata); ლიტვინოვის არყის (Betula litwinowii) არყნარი; კავკასიური ფიჭვის (Pinus sosnowskyi) ფიჭვნარი; ბიჭვინთის ფიჭვის (Pinus pithyusa) ფიჭვნარი; ძელქვნარი (Zelkova carpinifolia) და სხვ.[33]

აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის მიხედვით საქართველოს ტყეები განლაგებულია შვიდ განსხვავებულ ბუნებრივ-ისტორიულ ტერიტორიაზე (ტყემცენარეულობის ოლქები). წარმოდგენილია როგორც ნახევრად უდაბნოების არიდული (ნათელი), ასევე კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიანი ტყეები. ტყემცენარეულობის ოლქები განსხვავებულია აგრეთვე ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით, რის გამოც თითოეულ ტყემცენარეულობის ოლქში გამოიყოფა ვერტიკალური სარტყლები. ვერტიკალური სარტყლიანობის მიხედვით ტყეები იწყება უშუალოდ შავი ზღვის პირიდან და ვრცელდება ზღვის დონიდან 2600 მ სიმაღლემდე (სუბტროპიკული ზონიდან ალპურ მდელოებამდე).[34]

ქვეყნის ტყეების დაახლოებით 98% გავრცელებულია კავკასიონის და მცირე კავკასიონის მთათა კალთებზე. დიდი ნაწილი ტყეებისა (დაახლოებით 45%) გავრცელებულია დიდი (30%-ზე მეტი) დაქანების ფერდობებზე. ამ ტყეებს უაღრესად მნიშვნელოვანი რესურსწარმოებითი (მდინარეთა წყლის, მინერალური წყაროების, ჰავის ფორმირების და სხვ.) და გარემოსდაცვითი (ეროზიასაწინააღმდეგო, ზვავსაწინააღმდეგო და სხვ.) ფუნქციები გააჩნია. უშუალო ეკონომიკური მიზნით ამ ტყეების რესურსების (მერქნის და ტყის ე.წ. არამერქნიანი რესურსების) გამოყენება ასეთ რთულ რელიეფურ პირობებში ძალზე შეზღუდულია, განსაკუთრებით მგრძნობიარე ბუნებრივ ეკოსისტემებში კი საერთოდ გამორიცხულია.[35]

საქართველოს ტერიტორიაზე ტყეების (ტყის ფორმაციების) ჰორიზონტალური და ვერტიკალურ-ზონალური განაწილება ლიმიტირებულია ჰავით, კერძოდ, მისი მთავარი მახასიათებლების სითბური და ტენიანობის რეჟიმის კანონზომიერი ცვალებადობით ტერიტორიის შავი ზღვიდან დაშორებასთან და ზღვის დონიდან ამაღლებასთნ დაკავშირებით. საერთო ბუნებრივ კანონზომიერებებში მნიშვნელოვანი ცვლილებები (რამაც ბოლო ათწლეულების მანძილზე ქვეყნის ლანდშაფტური ცვლილებების ხასიათიც კი შეიძინა), როგორიცაა – ტყეების გავრცელების ქვედა და ზედა საზღვრების ხელოვნური გადაადგილება ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში და ხეობებში, ტყიან ტერიტორიებზე (ე.წ. სატყეო მიწებზე) ტყისშემდგომი ბუჩქნარი და ბალახოვანი (მდელოს, სტეპის) მცენარეულობის არეალის მკვეთრი გაფართოება, — პრაქტიკულად მთლიანად უკავშირდება ადამიანის არაგონივრულ საქმიანობას (ტყის რესურსების გამოყენება დადგენილი წესების იგნორირებით).[36]

საქართველოს ტყეების დიდი უმეტესობა, ფიტოცენოლოგიური შინაარსით, წარმოადგენს ევროპული ტყეების ორგანულ ნაწილს (განიხილებოდა კიდეც ევროპის ტყეებთან ერთად; სსრკ ევროპული ნაწილის მცენარეულობა, 1980, და სხვ.). ტყის ედიფიკატორების (ტყის შემქმნელი სახეობების) და ასოციაციათა დამახასიათებელი სახეობების უმეტესობა გენეზისურად და სისტემატიკურად ახლოსაა ევროპულ (ხმელთაშუაზღვეთურ, შუაევროპულ და სხვ.) სახეობებთან.

საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულია ფოთოლმცვენი (83,6%) და წიწვიანი (16,4%) ტყეები, მომცრო ფართობებზე შემორჩენილია მარადმწვანე ფოთლოვანი ტყეებიც.[37]

ტყის ეკოსისტემები. ტყის ეკოსისტემებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ საქართველოში ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის. ტყით დაფარულია ქვეყნის ტერიტორიის 39,9%. საქართველოს ტყეების 97% ბუნებრივია. მათი დიდი ნაწილი (98%) მთის ტყეებს წარმოადგენს და გააჩნია წყალმარეგულირებელი, ნიადაგის დამცველი, კლიმატის მასტაბილიზებელი ფუნქციები, ამასთანავე წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილსამყოფელს მცენარეთა და ცხოველთა მრავალი რელიქტური, ენდემური და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობისათვის. საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია თითქმის ხელუხლებელი ტყის კორომები, რომლებსაც გააჩნიათ უდიდესი კონსერვაციული ღირებულება. ტყის ეკოსისტემები გვხვდება ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ჯავახეთის პლატო, ხოლო ხევისა და თუშეთის რეგიონებში ტყეს ძალიან მცირე ფართობი უკავია.[38]

დასავლეთ საქართველოში ტყე ზღვის დონიდანვეა გავრცელებული, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ტყის სარტყელი 600–700 მეტრის სიმაღლიდან იწყება. საქართველოს ტყეებში დაახლოებით 400 სახეობის მერქნიანი მცენარე იზრდება. საქართველოს დენდროფლორის 26% (104 სახეობა) საქართველოსა და კავკასიის ენდემია. ნიადაგობრივ და კლიმატურ პირობებზე დამოკიდებულებით ტყის ძირითადად გავრცელებული ტიპებია ფოთლოვანი, წიწვოვანი, სუბალპური მეჩხერი და ტანბრეცილი, არიდული მეჩხერი და ჭალის ტყეები. ფოთლოვან ტყეებს უკავია ტყით დაფარული ფართობების 81%, ხოლო წიწვოვან ტყეებს შესაბამისად, — 19%. სახეობების მიხედვით ტყის ფონდი შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: წიფლნარები (46,6%). მუხნარები (10,6%), რცხილნარები (8,8%), სოჭნარები (7%), მურყნარები (5,5%), ნაძვნარები (4,5%), ფიჭვნარები (4%), წაბლნარები (3,2)%).

დასავლეთ საქართველოს ტყეებისათვის დამახასიათებელია მარადმწვანე ფართოფოთლოვანი მერქნიანი სახეობების ქვეტყე, რომელიც შექმნილია რელიქტური გვარების Rhododendron, Epigaea, Ruscus, Ilex, Daphne, Hedera, Laurocerasus-ის სახეობებით: შქერი (Rhododendron ponticum), უნგერნის შქერი (Rhododendron ungernii), სმირნოვის შქერი (Rhododendron smirnowii), წყავი (Laurocerasus officinalis), კოლხური ბაძგი (Ilex colchica), ძმერხლი (Ruscus colchicus), ეპიგეა (Epigaea gaultherioides), კოლხური სურო (Hedera colchica) Daphne alboviana, D. pontica. აღნიშნული სახეობები კოლხეთის ბიოგეოგრაფიული პროვინციის ტყეებში ქვეტყეს ქმნიან, როგორც დამოუკიდებლად, ისე ერთმანეთში შერეული ნაირგვარი კომბინაციების სახით, რაც ამ ტყეების განუმეორებლობასა და მაღალ საკონსერვაციო ღირებულებას განაპირობებს. კოლხური ქვეტყე განსაკუთრებით კარგად არის განვითარებული სამხრეთ-დასავლეთ კოლხეთში. აქ ის ზღვის დონიდან 2300–2400 მ-მდე ვრცელდება.

აღსანიშნავია უთხოვრისა და ძელქვის რელიქტური ტყეები, რომლებიც შემორჩენილია აღმოსავლეთ საქართველოში ბაწარისა და ბაბანეურის ნაკრძალებში.

1800–1900 მეტრის სიმაღლიდან იწყება სუბალპური მეჩხერი ანუ „პარკისებური“ ტყეები, რომლებსაც ძირითადად წარმოქნიან მაღალი მთის ბოყვი და მაღალმთის მუხა.

კავკასიის სუბალპურ ტანბრეცილ ტყეებს ქმნიან წიფელი (Fagis orientalis), არყი (Betula litwinowii), მაღალმთის ბოყვი, იმერული ხეჭრელი. ეს ტყეები მდიდარია ენდემური და რელიქტური სახეობებით: მეგრული არყი (Betula megrelica), მედვედევის არყი (Betula medwediewii), პონტოური მუხა (Quercus pontica).

აღმოსავლეთ საქართველოს ძირეული ტყეების ფორმაციებს შორის დომინირებს ქართული მუხის (Quercus iberica) ტყე (მუხნარი) და აღმოსავლური წიფლის (Fagus orientalis) ტყე (წიფლნარი). საქართველოს ძირეული ტყეების უძველესი ფორმაციები — აღმოსავლური ნაძვის (Picea orientalis) და კავკასიური სოჭის (Abies nordmanniana) ტყეები (ნაძვნარი, სოჭნარი, ნაძვნარ-სოჭნარი, წიფლნარ-სოჭნარი და სხვ.) აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულია, ძირითადად, დასავლურ (კოლხეთის მოსაზღვრე) ნაწილში (ბორჯომ-ბაკურიანის რეგიონი, მდ. დიდი ლიახვის ხეობა). ნაძვნარები და ნაძვის სიჭარბით ტყეები (წიფლნარ-ნაძვნარი, სოჭნარ-ნაძვნარი) საკმაოდ ფართო გავრცელებას აღწევს ცენტრალურ თრიალეთზეც, გვხვდება აღმოსავლეთ თრიალეთზეც (მდ. ალგეთის ზემო წელის აუზი).[39]

ჭალის ტყეები აღმოსავლეთ საქართველოში განვითარებულია დაბლობებსა და მთისწინეთში მდინარეების მტკვრის, ივრის, ალაზნის და ქციის ქვემო წელის გასწვრივ. მათში ჭარბობს მუხა (Quercus pedunculiflora), აგრეთვე, ვერხვი (Populus canescens, Populus hybrida), ეს ტყეები მდიდარია ლიანებით. დასავლეთ საქართველოს ჭალის ტყეებში კი წამყვანი პოზიცია უჭირავს მურყნარებს.[40]

უროიანი ველი. უროიანი ველები საქართველოს ფარგლებში ტიპურად გავრცელებულია თბილისის ქვემოთ — მტკვრის ხეობის ორივე ნაპირას. მისი გავრცელება ჩვეულებრივ აღწევს 750 მ-მდე და გვხვდება, როგორც დაბლობებში (250 მ), ისე ზეგნებზე (770 მ). გარდა მლაშობი ადგილებისა, იგი ყოველგვარ ნიადაგზე საკმაოდ კარგად ვითარდება. უროიან ველს ვხვდებით შავმიწა ნიადაგებზე, წაბლა ნიადაგების სხვახვა ტიპებზე, ნათელ, პრიმიტიულ ნიადაგებზე, შავმიწაღორღიან ნიადაგებზე და სხვ.[41]

მტკვრის მარჯვენა ნაპირას იგი გავრცელებულია თბილისიდან კუმისის ტბამდე, აქ წყდება და იაღლუჯს მტკვრის მხრიდან ვიწრო ზოლად გაუვლის იაღლუჯსა და სარვანის დაბლობს შორის, აქ გადაკვეთს ხრამს და მარჯვენა ნაპირით გადადის სომხეთ-აზერბაიჯანში, სადაც მთის ფერდობისკენ მისი საზღვარია ჯაგეკლიანი ველი და დაბლობისაკენ — მლაშობის ტიპის დაჯგუფებანი და სხვა მისი მსგავსნი. მთავარი გავრცელება მისი გამოსახულია მარჯვენა ნაპირზე, სადაც მტკვრის ნაპირიდან, კერძოდ კი, მტკვრის პირას გავრცელებულ ტუგაის ტიპის ტყის პირიდან მოყოლებული ვრცელდება მთელ ზეგანზე, დაახლოებით 750 მ სიმაღლემდე. აქედან გადაკვეთს გომბორის ქედის დაბლობ ადგილებს სიღნაღის მიდამოებში. იმავე სიმაღლეზე ვრცელდება შირაქში. შიგნით კახეთში, გომბორისკენ მიქცეულ მხარეზე, გვხვდება გურჯაანამდე. ეს გავრცელების არე ყოველთვის მთლიანი არ არის, მრავალ ადგილას იგი გადაკვეთილია სხვა ფორმაციებით და უმთავრესად კი ჯაგეკლიანი ველით.[42]

საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით, უროიანი ველები, ძირითადად, წარმოდგენილია: წმინდა უროიანი (Andropogon ischaemum L.), უროიან-წივანიანი (Andropogoneta-Festueta), უროიან-ვაციწვერიანი (Andropogoneta-Stipeeta), უროიან-ჭანგიანი (Andropogoneta-Agropyrumeta), უროიან-ნაირბალახოვანი (Andropogoneta-mixtoherbosa), უროიან-ძეძვიანი (Andropogoneta-Paliureta), უროიან-გრაკლიან-ძეძვიანი (Andropogoneta-Paliureta), უროიან-გრაკლიან-ღვიიანი (Andropogoneta-Spiraeta-Junipereta) და სხვა ბალახოვნების სახით, სადაც ფართოდაა, ასევე, წარმოდგენილი ეფემერებიც.

უროიან-წივანიანი ველი. უროიან-წივანიანი ველი უმთავრესად გვხვდება გორაკებზე და გორაკთა ზურგებზე: დაბლობებზე, მტკვრის პირებზე.[42]

სუბალპური მდელოები. სუბალპური მდელოები — საქართველოს მაღალმთიან ნაწილში ზღვის დონიდან 2000–2600 მ სიმაღლეზე გვხდება, სადაც ბალახეულობის სიმაღლე უმეტესად დაახლ. 35–55 სმ ფარგლებში მერყეობს. დამახასიათებელია ხშირი, მრავალიარუსიანი დაჯგუფებები. ჭარბობს — ნაირბალახოვანი, პარკოსანი და მარცვლოვანი მცენარეები.

ალპური მდელოები. ალპური მდელოები — გავრცელებულია ზღვის დონიდან 3000–3200 მ სიმაღლეზე, სადაც ბალახეულობის სიმაღლე უმეტესად დაახლ. 25–35 სმ ფარგლებში მერყეობს. აქ გვხდება მარცვლოვანი მცენარეულობა. ალპური მდელოებისთვის ტიპურია ცალკეული დაბალბალახოვანი დაჯგუფებები, რომელთაც „ალპურ ხალიჩებსაც“ უწოდებენ.

ძეძვიანები ფართოდ არის გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში, მთისწინებზე და მთის ქვედა სარტყელში, ზ. დ. 1000–1200 მ-მდე. უფრო მშრალ რეგიონებში (ცენტრალური და აღმოსავლეთი თრიალეთი, გომბორის ქედის სამხრული კალთა) ძეძვიანებში აღინიშნება ყველა ექსპოზიციის ფერდობებზე. შედარებით ნაკლებად მშრალ რეგიონებში კი (აღმოსავლეთ საქართველოს დასავლური ნაწილი, კახეთის კავკასიონი) ძეძვიანები მეტწილად განვითარებულია სამხრეთის, აღმოსავლეთის და დასავლეთის ექსპოზიციის ფერდობებზე. ძეძვიანების ქვეშ განვითარებული ნიადაგები (ყოფილი ტყის ნიადაგები) დეგრადირებულია, მათ პრაქტიკულად დაკარგული აქვთ ტყის ნიადაგების მთავარი ნიშნები (მდგრადი მკვდარი საფარი, ჰუმუსიანი ჰორიზონტი და სხვ.).[43]

ძეძვიანები მრავალი ვარიანტითაა წარმოდგენილი. მათგან უმეტესად გვხვდება წმინდა ძეძვიანი (მონოდომინანტური ცენოზები), ნაირბუჩქნარ-ძეძვიანი, გრაკლიანძეძვიანი და შავჯაგიან-ძეძვიანი. ბალახეული საფარის მიხედვით გამოიყოფა ორი მთავარი ვარიანტი (ასოციაცია): ძეძვიანი უროს საფარით (Paliuretum botriochloosum), ძეძვიანი მარცვლოვან-ნაირბალახოვანი საფარით (Paliuretum graminoso-mixtoherbosum).[43]

ძეძვიან ცენოზებში კარგად არის ფორმირებული ორი იარუსი — ბუჩქების (I იარუსი) და ბალახების (II იარუსი). I იარუსში მეტწილ შემთხვევებში დომინირებს ძეძვი. უფრო იშვიათად თანადომინანტის როლში მონაწილეობს გრაკლა (Spiraea hypericifolia), შავჯაგა (Rhamnus pallasii) ან ნაირბუჩქები — ჯაგრცხილა (Carpinus orientalis), წითელი კუნელი (Crataegus kyrtostyla), ჟასმინი (Jasminum fruticans). გარდა აღნიშნული ბუჩქებისა, I იარუსში მონაწილეობს (დამახასიათებელი სახეობები) — კვიდო (Ligustrum vulgare), ასკილი (Rosa canina, R. spinosissima, R. corymbifera), ჩიტაკომშა (Cotoneaster racemiflora). დაბალი კონსტანტობით აღინიშნება — ღვიები (Iuniperus oblonga, J. rufescens), გარეული ბალი (Cerasus incana), ხორციფერა (Atraplaxis spinosa), გლერძა (Astragalus caucasicus, A. microcephalus), თრიმლი (Cotinus coggygria), თუთუბო (Rhus coriaria) და სხვ. I იარუსის საშუალო სიმაღლე 1,0–2,0 მ შეადგენს, საშუალო პროექციული დაფარულობა 35–50%-ია (ცვალებადობს 20–70% ფარგლებში).[44]

ძეძვიანებში ბალახეული საფარი (II იარუსი) მეტწილად კარგად განვითარებულია მხოლოდ ბუჩქთშორისებში, სადაც მისი პროექციული დაფარულობა საშუალოდ 40–60% შეადგენს. განაწილება აქაც არათანაბარია, ცვალებადობს 30–70% ფარგლებში. უშუალოდ ბუჩქებქვეშ ბალახეული საფარი თხელია, ან პრაქტიკულად არ არის განვითარებული. ბალახეული საფარის დომინანტებს შორის უწინარესად უნდა აღინიშნოს ურო (Botriochloa ischaemum); უფრო იშვიათად აღინიშნება დომინირება სხვა სახეობებისაც. უროს გარდა დამახასიათებელ სახეობებს წარმოადგენს — Achillea milefolium, Eringium campestre, Euphorbia sequeriana, Festuca sulcata, Galium verum, Lolium rigidum, Melica transilvanica, Koeleria gracilis, Phleum phleoides, Poterium Polygamum, Teucrium chamaedrys, T. polium, Tragopogon graminifolius, Trisetum rigidum, Xeranthemum squarrosum და სხვ. საერთოდ, ძეძვიანები ფლორისტულად მდიდარია (კონკრეტული ნაკვეთების აღწერებში გვხვდება 50–60 სახეობა).[45]

ძეძვიანი ცენოზებიდან (ასოციაციებიდან) ყველაზე ფართო გავრცელებით ხასიათდება ძეძვიან-უროიანი (Paliuretum botriochloosum) და ძეძვიანი მარცვლოვან-ნაირბალახოვანი საფარით (Paliuretum graminoso-mixtoherbosum); შედარებით იშვიათად აღინიშნება: ძეძვიანი გლერძათი (Paliuretum astragalosum) — გვხვდება მეტწილად ცენტრალურ თრიალეთზე; ძეძვიანი ავშანით (Paliuretum artemisiosum) — გვხვდება შიდა ქართლში.[45]

წყლის და ჭაობის მცენარეულობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყლის და ჭაობის მცენარეულობა საქართველოში განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული კოლხეთის დაბლობზე. არც ისე დიდი ხნის წინ აქ ვრცელი ფართობი ეჭირა დაჭაობებულ მურყნარებს, აგრეთვე ისლიან-თეთრხავსიან (სფაგნუმიან) ჭაობებს. ამჟამად მურყნარები ძირითადად გაჩეხილია, ჭაობები ამოშრობილია. ტბის ნაპირები და თხელი წყლები კოლხეთში დაფარულია ლერწმის, ლაქაშის და სხვა რაყებით. მდგარ და მდოვრე წყლებში, გარდა წყალმცენარეებისა, იზრდება დუმფარა, წყლის პური, წყლის ვაზი, წყლის კაკალი, წყლის ბაია; ჭაობებში — ისლის, ჭილის სახეობები, წყლის ზამბახი და სხვ. აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებში, წყალსატევების დაჭაობებულ ნაპირებზე გავრცელებულია ლერწმისა და ლაქაშის რაყები.

ნახევრადუდაბნოების ზონის ტენიან ადგილებში იზრდება სიმლაშის ამტანი მცენარეები. მთებში წყლისა და ჭაობის მცენარეულობას შედარებით ნაკლები ფართობი უკავია; აქ იგი გავრცელებულია უმთავრესად ტაფობებში და ლავურ პლატოებზე, განსაკუთრებით სამხრეთ საქართველოს ვულკანურ პლატოზე. სიმაღლის მატებასთან ერთად წყლისა და ჭაობის მცენარეულობა თანდათანობით ღარიბდება: ალაგ-ალაგ გვხვდება ისლიანი და თეთრხავსიან-ისლიანი ჭაობის მცირე ფართობები. წყაროსეული ჭაობები გვხვდება მთის კალთებზე — უმთავრესად სუბალპურ სარტყელში და ალპური სარტყლის ქვედა ნაწილში. ამ ჭაობებში, გარდა სხვადასხვანაირი ხავსისა, ისლისა, ჭილისა და ჭაობისათვის დამახასიათებელი სხვა მცენარეებისა, იზრდება მახრჩობელა, დიდბათა, ფურისულა და სხვ.)

თბილისის მიდამოების ფლორა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის მიდამოების ფლორის ზოგადი დახასიათება. ფიტოგეოგრაფიულად თბილისი და თბილისის მიდამოები გაერთიანებულია (დიდიდან მცირესკენ) უძველესი ხმელთაშუაზღვისპირეთის სამყაროს, სუბხმელთაშუაზღვისპირეთის ოლქის, ივერიის ან აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პროვინციის, თრიალეთის ფლორისტულ რაიონში. თბილისის მიდამოები ფლორისტულად მრავალფეროვანი შემადგენლობით ხასიათდება. თბილისის მიდამოების ფლორის მრავალფეროვნებას მისი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების მრავალგვარობა და განსხვავებული კლიმატური ზონების თავმოყრა განაპირობებს. თბილისი წარმოადგენს ერთგვარ ფლორისტულ კვანძს, სადაც სახეზეა როგორც ეკოსისტემური ასევე ფლორისტული მრავალფეროვნება. თბილისის მიდამოებისათვის აღწერილია 1640-ზე მეტი სახეობა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ასეთი პატარა ტერიტორიისთვის.

თბილისის მიდამოებისათვის დამახასიათებელია შემდეგი მცენარეული ტიპის თანასაზოგადოებები: 1. ტყის მცენარეულობა (მთისწინების, მთის ქვედა და შუა სარტყლის ფოთლოვანი ტყეები (Quercus petraea subsp. iberica, Carpinus caucasica), ჭალის ტყეები (Populus nigra, Salix excelsae), ასევე ე.წ. „მეორეული ტყეები“ (Carpinus orientalis), რომლებიც ტყის სხვადასხვა ფორმაციების გაჩეხვის შედეგადაა წარმოქმნილი და გარდამავალია ტიპურ ტყეებსა და ბუჩქნარებს შორის; 2. ქსეროფიტული ტყეები (არიდული მეჩხერი ტყეები) (Juniperus spp. Pistacia mutica, Celtis caucasica); 3. ქსერომეზოფილური ბუჩქნარები (Carpinus orientalis); 4. შიბლიაკის ტიპის ჰემიქსეროფილური ბუჩქნარები (Paliurus spina-christi, Spirea hypericifoliae); 5. მდელო-სტეპი (Poa spp.); 6. სტეპი (Bothriochloa ischaemum, Festuca valesiaci, Stipa pennatae); 7. ტრაგაკანთული ბუჩქნარები (Astragalus microcephalus, A. caucasici, A. tanaea); 8. უდაბნოს (ნახევარუდაბნოს) მცენარეულობა (Artemisia lerchianae, Salsola dendroides); 9. მლაშობი მდელოები (Elytrigia repens); 10. ჰიგროფილური ანუ წყლის მოყვარული მცენარეულობის ფრაგმენტები (Phragmites australis, Typhetum); 11. სპონტანური მცენარეულობა (Elytrigia repens, Artemisia lerchianae); 12. კლდოვან და ნაშალ-ღორღიან ეკოტოპების ფლოროცენოკომპლექსები; 13. ხელოვნური ნარგაობა (Pinus nigra, P. brutia subsp. eldarica, Amygdalus communis).

თბილისის მიდამოებისთვის დამახასიათებელი ტყის მცენარეულობა განსხვავებული ვარიანტებითაა წარმოდგენილი. ძირითადი ფორმაციებია: მუხნარი, შექმნილი ქართული მუხით (Quercus petraea subsp. iberica), რცხილნარი (Carpineta caucasica), წიფლნარი (Fageta orientalis), რცხილნარ-მუხნარი (Carpineto-Quercetum), რცხილნარ-წიფლნარი (Carpineto-Fagetum) და სხვა თანასაზოგადოებანი, ხოლო ჭალის ტყეები წარმოდგენილია ვერხვნარისა (Populeta nigrae) და ტირიფნარის (Saliceta excelsae) კორომებით.

თბილისის მიდამოებისთვის (ლისის პლატო, დიდგორის მისადგომები, ქორქის ტბა, თელეთის ქედი, შიომღვიმე) — დამახასითებელია შემდეგი მცენარეული ტიპები: ქსეროფიტული ტყეები (არიდული მეჩხერი ტყეები Celtis caucasica, Pistacia mutica და სხვა), ფრაგმენტები გვხვდება როგორც წაბლა და კარბონატულ-შავმიწა ნიადაგებზე ისე, ვეძიანებზე, ბიცობებზე, ხირხატიანებზე და სხვა. ნათელი ტყეებისათვის დამახასითებელია ხეების ერთმანეთისაგან საკმაოდ დიდი მანძილით დაშორება.

ნათელი ტყე თავისებური ფლორისტული შემადგენლობით ხასიათდება, ძირითადი შემქმნელი სახეობებია: საკმლის ხე (Pistacia mutica), აკაკი (Celtis caucasica), ქართული ნეკერჩხალი (Acer ibericum), ბერყენები (Pyrus spp.), თელა (Ulmus foliaceae), ღვიები (Juniperus spp.) და სხვ. ნათელ ტყეებში განარჩევენ ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ ტიპს: 1) ფოთლოვანი ნათელი ტყე, რომელიც შექმნილია საკმლის ხის (Pistacia mutika) კავკასიური აკაკისა (Celtis caucasica) და სხვა სახეობებით. 2) წიწვოვანი ნათელი ტყე, რომელიც შექმნილია ღვიას სახეობებით (Junipesus spp.). თბილისის მიდამოებში წიწვოვანი ნათელი ტყე წარმოდგენილია სხალტბის სერზე და ნაწილობრივ არმაზის ქედზე. ძირითადი შემქმნელია ღვიიანები (Junipereta).

ნათელი ტყის ფრაგენტებთან ერთად გვხვდება ასევე ჯაგეკლიანი დაჯგუფებანი. ნათელი ტყეების დეგრადაციის შედეგად ჯაგეკლიანების წარმოშობა მეორადი ტიპის ველების განვითარების პირველი სტადიაა და ის განსაკუთრებით კარგად თბილისის მიდამოებშია გამოხატული. მათი ზედა საზღვრის სიმაღლე პირობითად 750 მ უნდა იქნას მიჩნეული, თუმცა ზოგან, სადაც მთის შუა სარტყლის ტყეების განადგურება ინტენსიურად მიმდინარეობდა და ფერდობები შიშვლდებოდა ჯაგეკლიანების გავრცელების სიმაღლემ 900 მ-მდეც მიაღწია.

ამ ტიპის ფონის შემქმნელია ძეძვი (Paliurus spina-christi), რომელიც ხშირად გაუვალ რაყას ქმნის, ხოლო იქ სადაც ბუჩქები ერთმანეთისგან საკმაო მანძილითაა დაცილებული — ტერიტორია კორდის შემქმნელ მცენარეულობას უჭირავს, უმთავრესად უროს (Bothriochloa ischaemum), წივანას (Festuca valesiaci) და სხვებს.

ბუჩქებიდან მთავარი მონაწილენი არიან: ძეძვი (Paliurus spina-christi), შავჯაგა (Rhamnus pallasii), გრაკლა (Spiraea hypericifoliae), ქართული ნუში (Amygdalus georgica), მენახირის ბალი (Prunus incana), კვრინჩხი (Prunus spinosa). შედარებით ახალ ჯაგეკლიანებში ხშირია კუნელი (Crataegus spp.), ასკილი (Rosa canina), ჯაგრცხილა (Carpinus orientalis). შემადგენლობა სხვადასხვა ადგილას რაოდენობის მიხედვით იცვლება. ქსერომეზოფილურ ბუჩქნარების ძირითადი ფორმაციაა ჯაგრცხილნარი (Carpineta orientalis), შიბლიაკის ტიპის ბუჩქნარების შემქმნელია გრაკლიანი (Spiraeta hypericifoliae) და ძეძვიანი (Paliureta spina-christi) ფორმაციები. რაც შეეხება ტრაგაკანთულ ბუჩქნარებს მათ შექმნაში დომინირებს Astragalus microcephalus Willd.,[46] Astragalus caucasicus Pall.,[47] Astragalus tanae Sosn. (Astragalus sosnowskyi Grossh.)[48] ეს უკანასკნელი ფორმაციები მრავლად გვხვდება თაბორის, თელეთის, ლისის, იალნოს და სხვა ქედების მთისწინებზე.

მდელო სტეპები შექმნილია მარცვლოვან-ნაირბალახოვანი თანასაზოგადოებით. სტეპები წარმოდგენილია რამდენიმე ფორმაციის მცენარეული თანასაზოგადოებით: უროიანი (Bothriochloeta ischaemum), წივანიანი (Festuca valesiaca) და შედარებით იშვიათად ვაციწვერიანი (Stipa pennata) ფორმაციებით. უდაბნოს (ნახევარუდაბნოს) მცენარეულობის თანასაზოგადოებებია: ავშნიანი (Artemisia lercheana), ყარღანიან-ავშნიანი (Salsola dendroides-Artemisia lercheana) და სხვ.

რაც შეეხება მლაშობ მდელოებს ისინი ჭაგნიანი თანასაზოგადოებით ფრაგმენტულადაა გავრცელებული მტკვარ-არაქსის დაბლობზე. ჰიგროფილური მცენარეულობის შემთხვევაშიც ფრაგმენტებია გავრცელებული ლისისა და კუს ტბის პერიფერულ ნაწილში და ძირითადად ლელიანი (Phragmites australis) და ლაქაშიანი თანასაზოგადოებებია. ხოლო ხელოვნური ნარგაობებიდან პირველ რიგში აღსანიშნავია შავი ფიჭვის, ელდარის ფიჭვის და ყირიმული ფიჭვის ხელოვნური კორომები, რომლებსაც ასევე მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ თბილისის მიდამოების მცენარეული საფარის ჩამოყალიბებაში.

თბილისის ეროვნული პარკი. თბილისის ეროვნული პარკის მრავალფეროვანი ფლორა წარმოდგენილია 675 სახეობის ბალახოვანი და მერქნიანი მცენარეული საფარით. ეროვნული პარკის ტყის საფარში ძირითადად გვხვდება — ქართული მუხის, წიფლის, რცხილის, ჩვეულებრივი იფნის, ჯაგრცხილისა და პანტის ტყის ეკოსისტემები. ქვეტყეში გვხვდება: კუნელის, შინდის, ზღმარტლის, ჭანჭყატის, თრიმლის და სხვა დასახელების ბუჩქები. თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორებზე ნაირფეროვან ბალახოვან საფარს, წივანას სხვადასხვა სახეობები ქმნის. წივანასთან ერთად გვხვდება: ტყის თაგვისარა, კრაზანა, ბრძამი, ჩვეულებრივი თავშავა და სხვა მცენარეები. ბალახოვან მცენარეულობაში დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი სამკურნალო მცენარეებიც. პარკში ხელოვნურად არის გაშენებული ფიჭვნარები და უნიკალური უთხოვრის კორომები. თბილისის ეროვნულ პარკში ტყეებს ვერტიკალური ზონალობა ახასიათებთ.[49]

საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები. იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობებიდან, თბილისის ეროვნულ პარკში გავრცელებულია: კოლხური ბზა (Buxus colchica), უთხოვარი (Taxus baccata), თელადუმა (Ulmus glabra), პატარა თელა (Ulmus minor), კაკალი (Juglans regia), პონტოური მუხა (Quercus pontica) და სხვ.

ენდემური და რელიქტური სახეობები. თბილისის ეროვნული პარკის დენდროფლორა იმითაც არის საინტერესო, რომ აქ გავრცელებულია მესამეული პერიოდის კოლხეთის ფლორის წარმომადგენელები: კოლხური ჭყორი, კოლხური სურო, პასტუხოვის სურო, აღმოსავლეთის ძახველი, თაგვისარა, უთხოვარი, კავკასიური დეკა, წყავი და სხვა.[50]

სამცხე-ჯავახეთის ფლორა და მცენარეულობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამცხე-ჯავახეთის რეგიონი განცალკევებული გეომორფოლოგიური წარმონაქმნია. მისი მცენარეულობა თავისებურია და გარკვეული ხარისხით კონტრასტული. ის წარმოადგენს ხმელთაშუაზღვეთის, ირან-თურქეთისა და ჩრდ. ნახევარსფეროს უძველესი ფლორებისათვის დამახასიათებელი გეოგრაფიულ-გენეტიკური ელემენტების გზაჯვარედინს. ეს ლანდშაფტურ-გეობოტანიკური ზონა მოიცავს ჭარბტენიან ტერიტორიებს, უნიკალურ ტბებსა და ჭაობებს, მთის სტეპების მრავალ მოდიფიკაციას, მთის ქსეროფიტულ ბუჩქნარებს, მშრალ და მეზოფილურ მდელოებსა და ტყის რელიქტურ ნაშთებს, რომლებიც ერთ დროს ჩვეულებრივ არსებობდა ჯავახეთის ზეგანზე. სამხრეთ მთიანეთის რეგიონის ზეგანზე (პლატოზე) წარმოდგენილია ორი რელიეფური ფორმა, წარმოქმნილი ლავური ნაკადებისა და ვულკანური კონუსებისაგან (პიკები). ვულკანოგენური და ოროგენული პროცესები ემთხვეოდა გლაციალურს (პლიოცენ-პლეისტოცენი), რის შემდეგაც მოხდა მესამეული პერიოდის მცენარეულობის ტოტალური დესტრუქცია.[51]

თანამედროვე ფლორა განვითარდა, აგრეთვე, კომპლექსური პროცესების შედეგად. გამყინვარებას მოსდევდა ქსეროთერმული პერიოდები, რომელთაც განაპირობეს მეზოფილური, ქსერომეზოფილური და ქსეროფიტული მდელოების წარმოქმნა. პარალელურად ვითარდებოდა ჭარბტენიანი ტერიტორიების მცენარეულობა. ისტორიული წყაროების თანახმად,ჯავახეთის ზეგანზე ტყეებს ეკავა დიდი ტერიტორია. ეს ტყეები თითქმის მთლიანად განადგურდა ადამიანის მიერ; ამჟამად შემორჩენილია მცირე ფრაგმენტების სახით.[51]

სამცხე-ჯავახეთის ფართობი 6 413 კმ²-ია. აქ თვალშისაცემია ეკოსისტემათა კონტრასტული ხასიათი, რაც გამომდინარეობს კლიმატური, ლითოლოგიური, რელიეფური, პალეოგეოგრაფიული ფაქტორებიდან და ადამიანის საქმიანობიდან. რეგიონი ჰიფსომეტრიულად ვრცელდება 745–3301 მ დიაპაზონში, შესაბამისად მკვეთრადაა გამოხატული ვერტიკალური სარტყლურობა.

ეკოსისტემათა მრავალფეროვნებას განაპირობებს: 1. შავი ზღვის გავლენა და დასავლეთ საქართველოს ნოტიო ოლქებთან სიახლოვე; 2. კლიმატის კონტინენტურობის ზრდა აღმოსავლეთისაკენ და სამხრეთისაკენ; 3. მთის ქვაბულის ფარგლებში ნალექების მკვეთრი შემცირება და ზაფხულის მაღალი ტემპერატურები; 4. მაღალი ვულკანური ზეგნები; 5. სიახლოვე ანატოლიის რეგიონთან; 6. პალეოგლაციალური ფაქტორი.[52]

მცენარეულობის ვერტიკალური ზონალობა და ფლორისტული ოლქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სამხრეთ მთიანეთის რეგიონში წარმოდგენილია მცენარეულობის შემდეგი სარტყლები:

1. მთის შუა სარტყელი (800–1500 მ) — უმეტესად გამოყენებულია სახნავ მიწებად. ბუნებრივი მცენარეულობა შემორჩენილია ჭალის ტყეების, მუხნარ-რცხილნარების, მთის ქსეროფიტული ბუჩქნარებისა და მთის სტეპების სახით;

2. მთის ზედა სარტყელი მოიცავს წიფლნარ-წიწვოვან შერეულ ტყეებს (1200–2050 მ);

3. სუბალპური სარტყელი (1900–2500 მ) — წარმოდგენილია ტყის ზედა საზღვრის ეკოტონით, მაღალბალახეული მცენარეულობით, ბუჩქნარებითა და სუბალპური პოლიდომინანტური მარცვლოვან-ნაირბალახოვანი მდელოებით. ეს ზონა ტიპოლოგიურად მრავალფეროვანია;

4. ალპური სარტყელი (2500–2900 მ) — ალპური მდელოები და ალპური ხალების თანასაზოგადოებები ძირითადად საძოვრებადაა გამოყენებული. მცენარეულობა აქ სუბალპურთან შედარებით, როგორც ბიომასის, ისე ტიპოლოგიური მრავალფეროვნებით საკმაოდ ღარიბია;

5. სუბნივალური სარტყელი (2900–3300 მ) — წარმოდგენილია მხოლოდ აბულ-სამსრის ქედზე;

6. აზონალური მცენარეულობა წარმოდგენილია ბორეალური ფლორის სახეობებით მდიდარი ვეტლენდების, უდაბნოს ჰალოფილური და კლდოვანი ადგილების თანასაზოგადოების ფრაგმენტებით. უნდა აღინიშნოს, რომ კლდოვანი ადგილების ქსეროფიტები შეიცავენ მრავალ ენდემურ სახეობას.

რეგიონი განეკუთვნება 3 ფლორისტულ ოლქს: ევქსინურს, არმენო-ირანულს და კავკასიურს. ევქსინური აღწევს არსიანის ქედამდე, რომელიც რეგიონის უკიდურეს დასავლეთ ნაწილს წარმოადგენს და ნაწილობრივ ვრცელდება აჭარა-იმერეთის ქედზე. არმენო-ირანული ოლქი ვრცელდება მესხეთის სამხრეთ ნაწილსა და ჯავახეთის პლატოზე, წარმოდგენიილია მთის სტეპებით. კავკასიის ოლქი მოიცავს თითქმის ყველა დანარჩენ მთათა სისტემას.

სამცხე-ჯავახეთში ა. დოლუხანოვი (Долуханов, 1989) განასხვავებს 2 რეგიონს — ადიგენ-ბორჯომის რეგიონსა და ჯავახეთის ზეგანს. პირველი მოიცავს თრიალეთის ქედის ჩრდილო დასავლეთ კალთებს, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთებს, ახალციხის დეპრესიას და მდ. ქვაბლიანის ხეობას. ხაშურის ზემოთ, მდ. მტკვარი აჭარა-თრიალეთის მთათა სისტემას ყოფს თრიალეთისა და მესხეთის ქედებად. ამ ნაწილში სიმაღლე მერყეობს 750–800 მ-დან 2 700–2 900 მ-მდე, ახალციხის დეპრესიის სიმაღლე ზღვის დონიდან ყველაზე დაბალია ახალციხის მახლობლად 950–1 000 მ-ია. სიმაღლე მნიშვნელოვნად მატულობს თურქეთის საზღვრისაკენ, სამხრეთის მიმართულებით.

ტყეები მეტად არათანაბრადაა განაწილებული სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე. ტყით დაფარული ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 12 881 ჰა-ს (1997–98 წლებში ჩატარებული ტყეთმოწყობის მასალების მიხედვით). აქედან ყველაზე მეტი ტყიანობით გამოირჩევა ბაკურიანის სატყეო უბანი, რომლის ტერიტორიის 28 896 ჰა ტყითაა დაფარული. ტყიანობით მეორე ადგილზეა ადიგენის სატყეო უბანი, რომლის ტერიტორიის 27 909 ჰა ტყეა. ტყიანობით გამოირჩევა ახალციხის სატყეო უბანი 27 048 ჰა. თუმცა ახალციხის სატყეო უბნის სახელმწიფო ტყის ფონდის საერთო ფართობი შედარებით მეტია ვიდრე ადიგენის სატყეო უბნის. შესაბამისად, ახალციხის სატყეო უბნის სახელმწიფო ტყის ფონდის საერთო ფართობი შეადგენს 32 168 ჰა-ს, ადიგენის კი 31 156 ჰაა. ტყიანობით გამოირჩევა ბორჯომის სატყეო უბანიც 21 875 ჰა. ყველაზე ნაკლებდაა ტყით დაფარული ნინოწმინდის სატყეო უბანი 2 209 ჰა. ტყით დაფარული ფართობით საშუალედო ადგილი უჭირავს ასპინძის 12 197 ჰა და ახალქალაქის 4 747 ჰა სატყეო უბნებს.

სამცხე-ჯავახეთის ტყით დაფარული ტერიტორიის ფართობიდან 83 473 ჰა წიწვოვნებს უჭირავს. წიწვოვნები სოჭით, ნაძვით და ფიჭვით არის წარმოდგენილი. ყველაზე დიდი ფართობები რეგიონში 38 019 ჰა ფიჭვით არის დაკავებული, აქედან 35 056 ჰა ნაძვია, 10,398 ჰა სოჭის ტყითაა დაფარული. ფიჭვის ყველაზე დიდი ფართობით ახალციხის სატყეო გამოირჩევა 9 842 ჰა, შემდეგ მოდის ადიგენის სატყეო 8 374 ჰა, ყველაზე მცირე ფართობზე ფიჭვი წარმოდგენილია ნინოწმინდის სატყეოში 2 209 ჰა.[53]

საქართველოს დაცული ტერიტორიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2023 წლის მდგომარეობით, დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი შეადგენს 912 908 ჰექტარს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 13%-ია. აქედან დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულია 100 დაცული ტერიტორია, ხოლო 5 დაცულ ლანდშაფტს მართავს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.

საქართველოში (ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირიის (IUCN) კრიტერიუმების მიხედვით) 6 სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორიაა, კერძოდ — 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 14 ეროვნული პარკი, 40 ბუნების ძეგლი, 26 აღკვეთილი და 5 დაცული ლანდშაფტი.[54]

საფრთხის ქვეშ მყოფი ეკოსისტემები და ჰაბიტატები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეგრადაციისა და ფრაგმენტაციის საფრთხის ქვეშ მყოფი ეკოსისტემები და ჰაბიტატები. საქართველოს ტყეები საფრთხის ქვეშაა არამდგრადი ჭრის, ძოვებისა და სუსტი მართვის სისტემის გამო. ქვეყნის სატყეო ფონდის დიდი ნაწილი მნიშვნელოვნად დეგრადირებულია, ზოგ ადგილას კი, ტყის საფარი სრულიად გამქრალია. შედეგად, შემცირებულია ტყეზე დამოკიდებული ფლორისა და ფაუნის სახეობების რიცხოვნობაც. ამას გარდა, დაკნინებულია ტყის ეკოსისტემების მიერ მიწოდებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკოსისტემური სერვისები.

სურსათისა და სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი საფრთხეში მყოფი გენეტიკური რესურსები. კონსერვაციული თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოში უძველესი დროიდან გაკულტურებული მცენარეები (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები/ლენდრასები) და მათი ველური მონათესავე სახეობები (როგორც ადგილობრივი ჯიშების გაკულტურების შესაძლო წყარო). ესენია: (ა) ყურძენი და მისი ველური მონათესავე სახეობები (Vitis vinifera subsp. sylvestris),[55] აგრეთვე, ხილი და კაკლოვნები (Malus, Pyrus, Prunus Corylus); (ბ) მინდვრის კულტურები — ხორბალი (მათ შორის, ხუთი ენდემური კულტურული სახეობა, მრავალი ადგილობრივი ჯიში და შვიდი ველური მონათესავე სახეობა), ქერი და სხვა მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურები, ასევე, სელი; (გ) კულტურული ბალახოვანი მცენარეები.

კულტურულ მცენარეთა ველური მონათესავე სახეობების ბუნებრივი პოპულაციები საფრთხის ქვეშაა, ძირითადად, ჰაბიტატების განადგურებისა და ფრაგმენტაციის, ასევე, ჭარბი ძოვებისა და გაუდაბნოების გამო. ასევე, არსებობს ამ სახეობების გენეტიკური ეროზიისა[კომ. 8] და დაბინძურების საფრთხე გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისგან.

სამკურნალო მცენარეების ლოკალურ პოპულაციებს სრული გაქრობის საფრთხეს უქმნის სამრეწველო მიზნით ჭარბი შეგროვება, ძირითადად, ფარმაცევტული ინდუსტრიის დაკვეთით. მრავალი სამკურნალო მცენარე ამჟამად საფრთხის ქვეშაა, მაგ.: Origanum vulgare, Helichrysum plicatum,[56] Hypericum spp.[57] და სხვ.[58]

ტყის მავნებლები და დაავადებები. ტყის მავნებლები და დაავადებები, მაგ. წაბლის კიბო (Cryphonectria parasitica, ძველი სახელწოდება Endothia parasitica) სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ტყეებს.[კომ. 9] მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს კოლხური ბზის ხმობა, ფიჭვის ხმობა თუშეთსა და თბილისის შემოგარენში და სხვა.

ხე-მცენარეთა არაადგილობრივი და ინვაზიური სახეობები. ხელოვნურად გაშენებული ტყეების საერთო ფართობი საქართველოში დაახლოებით 110 000 ჰექტარია. ამ ტყეების გაშენების მთავარი მიზანი ტყის საფარის გაფართოება და ამ გზით, დამატებითი სოციო-ეკოლოგიური სარგებლის უზრუნველყოფა იყო. ხელოვნურად გაშენებული ტყეების დიდი ნაწილი ახლა 50–60-წლოვან მონოკულტურებს წარმოადგენს, სადაც ხშირად, ეგზოტიკური და გარემოსთან ნაკლებად ადაპტირებული სახეობებია გამოყენებული (მაგ. შავი ფიჭვი). ბიომრავალფეროვნების მხრივ, ეს მონოკულტურები ბევრად ღარიბია, ვიდრე შერეული ტყის კულტურები, სადაც რამდენიმე ადგილობრივი სახეობა გამოიყენება. საქართველოს ტყეებს, განსაკუთრებით ჭალის ტყეებს, საშიშროებას უქმნის არაკონტროლირებადი ინვაზიური სახეობები, მაგ. პავლოვნია (ლათ. Paulownia tomentosa), ჭალის ტყეების შემთხვევაში — ჩინური ხემყრალი და სხვ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თემატური საიტები
Flora and Vegetation · PlantNet
საქართველოს ფლორა
ტომი I · ტომი II · ტომი III · ტომი IV · ტომი V · ტომი VI · ტომი VII · ტომი VIII · ტომი IX · ტომი X · ტომი XI · ტომი XII · ტომი XIII · ტომი XIV · ტომი XV · ტომი XVI
  1. უძველესი კულტურებისა და მათი ველური ნათესავების ბიომრავალფეროვნება მკვლევარებს საფუძველს აძლევს, საქართველო რიგი კულტურული მცენარეების წარმოშობის კერად მიიჩნიონ. მეცნიერული გამოკვლევებით მტკიცდება, რომ კულტურულ მცენარეთა წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი კერა მდებარეობს წინა აზიის ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და წინააზიურ ადრესამიწათმოქმედო კერის განუყრელ ნაწილად ითვლება. იხ. საქართველოს აგრარული კულტურა, 2021, გვ. 4.
  2. კავკასიის ეკორეგიონი მოიცავს 586,800 კმ²-ს და მის შემადგენლობაში შედის აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის მხარე, ჩრდილოაღმოსავლეთ თურქეთი და ჩრდილო-დასავლეთ ირანი. კავკასიის ეკორეგიონში გავრცელებულია მცენარეთა 2 791 სახეობა და 21 გვარი, რომელიც მსოფლიოში სხვაგან არსად გვხვდება; რეგიონში გავრცელებული მცენარეთა 25%-ზე მეტი ენდემური სახეობაა. იხ. კავკასიის ეკორეგიონი და ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია
  3. მეცნიერების მიერ განისაზღვრა გლობალური მასშტაბით არსებული ეკოსისტემების მნიშვნელობა. სახეობათა სიმრავლე, ენდემური სახეობები, ტაქსონომიური სიმდიდრე, უნიკალური ევოლუციური და ეკოლოგიური მოვლენები, გლობალური მასშტაბით იშვიათი ჰაბიტატების არსებობა. ამ კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეულ იქნა „ცხელი წერტილები“, რომელთა შორის არის კავკასია, თავისი უნიკალური და შეუცვლელი ბიომრავალფეროვნებით.
  4. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კავკასია, ბიოლოგიური მრავალფეროვნების მხრივ, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ რეგიონადაა აღიარებული. WWF-ის 35 „პრიორიტეტული ადგილიდან“ ერთ-ერთი („შავი ზღვის დიდი აუზი“) მოიცავს კავკასიის რეგიონს; Conservation International-ის მიერ განსაზღვრული „ბიომრავალფეროვნების 34 ცხელი წერტილიდან“ (ტერიტორიები, რომლებიც გამოირჩევიან უმდიდრესი, მაგრამ სერიოზული საფრთხის ქვეშ მყოფი ბიომრავალფეროვნებით) საქართველოს ტერიტორია ორი „ცხელი წერტილის“ — კავკასიისა და ირან-ანატოლიის შემადგენლობაში შედის. იხ. 2014–2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა. 2. საქართველოს ბიომრავალფეროვნება. 2.1 საქართველოს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა
  5. საფრთხეში მყოფი სახეობები. საფრთხის წინაშეა მცენარეთა ენდემური სახეობების 60%-მდე, საარსებო გარემოზე ზემოქმედების, ჭარბი მოპოვების, პათოგენების და სხვა ფაქტორების გამო. მერქნიანი მცენარეებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები: წაბლი, იმერული მუხა, კოლხური ბზა და თელადუმა, რომლებსაც გადაშენების საფრთხე ემუქრებათ ინვაზიური სოკოვანი დაავადებების გამო. იხ. 2014–2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა. 2.2 საქართველოს ბიომრავალფეროვნების მდგომარეობა
  6. ჭალის მუხა (გრძელყუნწა) — 30 მ-მდე სიმაღლის ფოთლოვანი ჯიშის ხე. გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს ჭალებში. მისი მერქანი გამოირჩევა შესანიშნავი ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით და პრაქტიკულად სახალხო მეურნეობის ყველა დარგში გამოიყენება.
  7. ტყის ფონდის საერთო ფართობი 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენდა 3007.6 ათას ჰექტარს, ანუ ქვეყნის ტერიტორიის (6949.4 ათასი ჰექტარი) — 43.2%-ს. ტყის ფონდის საერთო ფართობიდან საკუთრივ ტყეს (ტყით დაფარულ მიწებს) ეკავა 2822.4 ათასი ჰექტარი, ანუ ქვეყნის ტერიტორიის 40.6% (ტყიანობის პროცენტი), რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. იმ დროისთვის მსოფლიოსთვის ეს მაჩვენებელი 27%-ს, ხოლო საქართველოს მეზობელი ქვეყნებისათვის 15%-ს არ ღემატებოდა. ტყეებში მერქნის (ხეთა ღეროების) საერთო მარაგი შეადგენდა 454.5 მლნ მ³-ს, ხოლო მერქნის მარაგის საშუალო წლიური ნამატი — 4.5 მლნ მ³-ს
  8. გენეტიკური ეროზია — გენეტიკური ინფორმაციის დაკარგვა პოპულაციის მცირერიცხოვნობის, გარემოსთან უკეთ ადაპტირებული ნაირსახეობის ფართო გავრცელების ან ბიომრავალფეროვნებაზე უარყოფითად მოქმედი სხვადასხვა გარემოებების შედეგად.
  9. XX საუკუნეში ევროპიდან შემოსულმა კრიფონეკროზის ეპიდემიამ სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა საქართველოში გავრცელებული წაბლის (Castanea sativa Mill.) კორომები. იხ. წაბლის კიბოს გამომწვევი ფიტოპათოგენური სოკოს Cryphonectria Parasitica-ის (Murrill) ანტაგონისტი მიკროსკოპული სოკოების შესწავლა საჩხერის რაიონში
  1. ქვაჩაკიძე, რევაზ., 2002, გვ. 5–6.
  2. საქ. IV ეროვნ. მოხსენება // ბმკ-სადმი, 2009, გვ. 3.
  3. საქ. IV ეროვნ. მოხსენება // ბმკ-სადმი, 2009, გვ. 8.
  4. Синская Е.Н., 1969, გვ. 47–57.
  5. საქართველოს აგრარული კულტურა, 2021, გვ. 8.
  6. მაისაია, 2009.
  7. Mosulishvili et al., 2019.
  8. საქართველოს აგრარული კულტურა, 2021, გვ. 8–9.
  9. В. Дорофеев и др., Культурная флора СССР, 1979.
  10. Index Seminum, Gatersleben, 1996.
  11. საქართველოს აგრარული კულტურა, 2021, გვ. 9.
  12. საქართველოს აგრარული კულტურა, 2021, გვ. 10.
  13. 13.0 13.1 ქვაჩაკიძე, რევაზ., 2002, გვ. 7.
  14. ქვაჩაკიძე, რევაზ., 2002, გვ. 7–8.
  15. 15.0 15.1 ქვაჩაკიძე, რევაზ., 2002, გვ. 8.
  16. ქვაჩაკიძე, რევაზ., 2002, გვ. 8–9.
  17. 17.0 17.1 17.2 ქვაჩაკიძე, რევაზ., 2002, გვ. 9.
  18. Acantholimon lepturoides (Jaub. & Spach) Boiss. // GBIF
  19. Anemone fasciculata L. // World Flora Online
  20. 20.0 20.1 კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 38.
  21. კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 39.
  22. 22.0 22.1 კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 40.
  23. 23.0 23.1 კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 41.
  24. ქვაჩაკიძე, რევაზ., 2009, გვ. 41.
  25. კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 36.
  26. კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 36–37.
  27. კეცხოველი, ნიკო., 1959, გვ. 37.
  28. გიგაური, გიორგი., 2000, გვ. 92.
  29. გიგაური, გიორგი., 2000, გვ. 17.
  30. 30.0 30.1 გიგაური, გიორგი., 2000, გვ. 18.
  31. გიგაური, გიორგი., 2000, გვ. 22.
  32. მთის ტყეების ბიომრავალფეროვნების არსი
  33. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 3.
  34. საქართველოს ტყეები // geography.ge
  35. ქვაჩაკიძე, რევაზ., 2009, გვ. 41–42.
  36. ქვაჩაკიძე, რევაზ., 2009, გვ. 42.
  37. ქვაჩაკიძე, რევაზ., 2009, გვ. 43.
  38. საქ. IV ეროვნ. მოხსენება // ბმკ-სადმი, 2009, გვ. 11.
  39. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 5.
  40. საქ. IV ეროვნ. მოხსენება // ბმკ-სადმი, 2009, გვ. 12.
  41. კეცხოველი, ნიკო., 1935, გვ. 22.
  42. 42.0 42.1 კეცხოველი, ნიკო., 1935, გვ. 24.
  43. 43.0 43.1 ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 14.
  44. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 14–15.
  45. 45.0 45.1 ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 15.
  46. Astragalus microcephalus Willd. // GBIF
  47. Astragalus caucasicus Pall. // GBIF
  48. Astragalus sosnowskyi Grossh. // GBIF
  49. თბილისის ეროვნული პარკი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-05-11. ციტირების თარიღი: 2024-05-11.
  50. თბილისის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნება
  51. 51.0 51.1 მ. ახალკაცი, მ. ქიმერიძე და სხვ., 2008, გვ. 13.
  52. სამცხე-ჯავახეთის ეკოსისტემები, რუკათშედგენა და შეფასება
  53. სამცხე-ჯავახეთის მცენარეული საფარი
  54. საქართველოს დაცული ტერიტორიები // apa.gov.ge
  55. Vitis vinifera subsp. sylvestris // gd.eppo.int
  56. Helichrysum plicatum DC. // powo.science.kew.org
  57. Hypericum online // hypericum.myspecies.info
  58. საქართველოს ბიომრავალფეროვნების მდგომარეობა