კუმისის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კუმისის ტბა
კუმისის ტბის ერთ-ერთი მონაკვეთი
კუმისის ტბის ერთ-ერთი მონაკვეთი
კოორდინატები: 41°35′07″ ჩ. გ. 44°50′29″ ა. გ. / 41.58528° ჩ. გ. 44.84139° ა. გ. / 41.58528; 44.84139
მდებარეობა ქვემო ქართლის მხარე
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე ზღვის დონიდან 475 
სიგრძე 3,2 კმ
სიგანე კმ
ფართობი 5,4 კმ²
მოცულობა 11 კმ³
მაქსიმალური სიღრმე
საშუალო სიღრმე
აუზის ფართობი 97 კმ²
კუმისის ტბა — საქართველო
კუმისის ტბა

კუმისის ტბა — ხელოვნური ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლის მხარეში, სოფელ კუმისის სამხრეთ-აღმოსავლეთით. წარსულში ტბას წარმოადგენდა, ამჟამად წყალსაცავია.[1]

კუმისის ტბა მოქცეულია იაღლუჯის მაღლობსა და წალასყურის ვაკეს შორის არსებულ ამავე სახელწოდების ტაფობში, ზღვის დონიდან 475 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 5,4 კმ², აუზის ფართობი 97 კმ², დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 3,2 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 2 კმ-ზე. მაქსიმალური სიღრმე 4 მ.[2]

კუმისის ტაფობი ამოვსებულია მეოთხეული ტბიურ-მდინარეული და დელუვიურ-პროლუვიური ნაფენებით. ჯერ კიდევ 1960-იან წლებში ტბის ფართობი სულ რაღაც 0,48 კმ² იყო, სიღრმით კი 50 სმ-ს აღწევდა.[3] სანამ ტბას გააფართოვებდნენ მისი წყალი მწარე-მლაშე იყო. აქ, 1967 წლამდე ქანებიდან გამონაჟონი მარილიანი წყალი იდგა. 1967 წელს მასშტაბური პროექტი განხორციელდა, — ტბიდან მლაშე წყალი ამორეცხეს და შიგ ორი არხის წყალი ჩაუშვეს. ერთით წყალი მტკვრიდან ამოდიოდა — უზარმაზარი ტურბინებით ქაჩავდნენ, მეორით კი მდინარე ალგეთიდან თვითდინებით ეშვებოდა. გარდა იმისა, რომ თევზის წარმოება იყო აყვავებული, ტბიდან სარწყავი არხი გადიოდა, რომელიც კუმისის სამხრეთით კრწანისის ველებს რწყავდა. წყლის დონის აწევასა და სიღრმის მომატებას მოჰყვა თევზის გამრავლება.[4]

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, გეოლოგის, ალექსანდრე ჯანელიძის მიხედვით, კუმისის ტბა ფსევდოკარსტული წარმოშობისაა.[3] ტბა საზრდოობს წვიმის წყლითა და მცირე ნაკადულებით. ამჟამად მას, ხელოვნური არხითა და წყალსატუმბებით მიეწოდება მდინარე მტკვრის წყალი. წყალსაცავი სარწყავად გამოიყენება.[1] ტბის ფსკერი ლამის სულფიდური სამკურნალო თვისების მქონე ტალახითაა მოფენილი. შუა ნაწილში ტალახის სისქე რამდენიმე სმ-ია.[5] კუმისის ტალახს აქტიურად იყენებენ თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე.[6]

კუმისის ტბის წყალმარილოვანი და ორგანული ფაზების შემადგენლობა, სხვადასხვა მიკრო- და მაკროელემენტების და ორგანული ნივთიერებების შემცველობა მათი პარფიუმერულ-კოსმეტიკურ პროდუქციაში გამოყენების და პერსპექტიულობის პროგნოზირების საშუალებას იძლევა.[7] კუმისის ტბის შემოგარენი წარმოდგენილია მრავალფეროვანი ველის ბალახოვანი მცენარეულობით.[8] სანაპირო თითქმის მთლიანად არის გარშემორტყმული მცენარეულობით. გვხვდება ისლი და ლელქაში, რომელსაც წყლის ფრინველები აფარებენ თავს.[6]

მდიდარია თევზით. მრავლად მოიპოვება კეფალი, სქელშუბლა, კობრი, ლოქო, სარკისებრი კობრი, ხრამული, წვერა და სხვა; აკლიმატიზებულია თეთრი ამური.[9] ტბაზე ხშირად ეწყობა სამოყვარულო შეჯიბრებები სპორტულ თევზჭერაში.[6]

აღსანიშნავია, რომ 2002 წლის 16 სექტემბერს კუმისის ტბაში ჩავარდა სასაზღვრო ძალების საავიაციო რაზმის VB-2 ტიპის შვეულმფრენი, რომელიც ასევე სასწავლო ფრენას ასრულებდა. დაიღუპა ორივე პილოტი — კაპიტნები: ნუგზარ ცხოვრებოვი და ზურაბ ბუქვაიძე. მომხდარი კატასტროფიდან ორიოდე დღის შემდეგ, ტბაში კინაღამ ჩამოვარდა სასაზღვრო ძალების კიდევ ერთი, ამჯერად Vბ-8VN ტიპის შვეულმფრენი.[10]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]